საქართველოს საგანგაშო დემოგრაფიული პორტრეტი

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნაკლები ბავშვი, მეტი მოხუცი

 

2023 წელს, 5%-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა საქართველოში, ვიდრე 2022 წელს. სხვაგვარად, შარშან 2 ათასზე მეტით შემცირდა ახალშობილების რაოდენობა და წელიწადში 42 214 ბავშვის დაბადებით, შობადობა ისტორიულად დაბალ ნიშნულზე ჩავიდა.

 

ასეთი ხანგრძლივი „დამრეცი ღერძი“ შობადობის გრაფიკზე საქართველოში 1994 წლის შემდეგ არ ყოფილა.

შობადობის მაჩვენებელი ქვეყნის კეთილდღეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომია - როდესაც შობადობა იკლებს, ქვეყნები წუხან, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, მათ შეიძლება შემოაკლდეთ ჯანმრთელი, ახალგაზრდა მოქალაქეები, შემცირდეს ეკონომიკა და შეფერხდეს განვითარება.

მეორე მხრივ, ძალიან მაღალი შობადობის მაჩვენებელიც რესურსების გამოფიტვის საფრთხეს ქმნის და შეიძლება იყოს იმის მანიშნებელი, რომ არსებობს პრობლემები ქალების სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებში ჩართულობის, ოჯახის დაგეგმვისა თუ ადრეული ქორწინების კუთხით. შობადობის ოპტიმალურ მაჩვენებლად ითვლება 2.1, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ერთი ქალი, საშუალოდ, ორ ბავშვს აჩენს, ეს პოპულაციის განახლებასა და სტაბილური დემოგრაფიული სურათის შენარჩუნებას უზრუნველჰყოფს.

საქართველოში შობადობის მაჩვენებელი, ბოლო მონაცემებით, ორზე ნაკლებია, თუმცა ეს არ არის ის მონაცემი, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა - საქართველოში მნიშვნელოვნად არის შემცირებული შობადობის ზოგადი კოეფიციენტი, რომელიც 2014 წლის შემდეგ, 16.3 %-დან 11.4%-მდე ჩამოვიდა. ესაა მონაცემი, რომელიც ითვლის ახალშობილების შეფარდებას მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან.

მცირედით შეცვლილი შობადობის მაჩვენებელი და მკვეთრად შეცვლილი შობადობის ზოგადი კოეფიციენტი, დიდი ალბათობით, იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოში განსაკუთრებით სწრაფად მცირდება რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობა.

„ბავშვობიდან არ მომწონდა დედის როლი და არასდროს არ მდომებია შვილის გაჩენა. თავიდან თუ ეს უფრო ემოციური ამბავი იყო, სადღაც, 30 წლისამ, უკვე მყარად გადავწყვიტე, რომ ნამდვილად არ მინდოდა დედობა.

არ მესმის, რატომ უნდა გააჩინო ბავშვი, რომელსაც ვერ მისცემ ჯანსაღ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას, განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების მიღების გარანტიას. რატომ უნდა გაწირო ადამიანი ამ ყველაფრისთვის. ამ ქვეყნის ყოველდღიურობის ნაწილია გაურკვეველი მომავალი - ისეთ რეგიონში ვართ, არასდროს არ იცი, რა მოხდება. შეიძლება გავგიჟებულიყავი, ახლა რომ პატარა შვილი მყავდეს“, - ეუბნება რადიო „თავისუფლებას“ 37 წლის მარიამი, რომელიც თითქმის 15 წელია, დაქორწინებულია.

მიზეზები, რის გამოც მარიამს შვილი არ უნდა, ბევრია.

პერსონალური: თავისუფლების დაკარგვის შიში, დამატებითი პასუხისმგებლობების აღების სიფრთხილე, სხეულის ავტონომიურობა და ცხოვრების ის სტილი, რომლის შეცვლაც არ უნდა.

გარე ფაქტორები: გლობალური დათბობა, ეკოლოგიური დაბინძურება, არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა.

„როცა ისიც კი არ ვიცით, 30 წელიწადში სასმელი წყალი გვექნება თუ არა და ეს პლანეტა მაინცდამაინც კარგ მდგომარეობაში არ არის, ცოტა უპასუხისმგებლობა მგონია ახალი სიცოცხლის მოყვანა ამქვეყნად, ამ ბუნდოვანი მომავლის გამო. რაც შეეხება ჩვენს სამშობლოს, საქართველოს, იმდენი მიზეზია იმისთვის, რომ ბავშვი არ გააჩინო, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. დაბინძურებული ჰაერი, დაბინძურებული გარემო, საკვები, არაფერი არ კონტროლდება, ყველაფერი გამოტენილია ტოქსინებით და ამ ყველაფრის გამო, ონკოლოგიური დაავადებების ეპიდემიაა. ჯანდაცვის სისტემა არ გვაქვს ამ ქვეყანაში, განათლებაც მნიშვნელოვანია - თუ არ გაქვს ძალიან ბევრი ფული, იმდენი, რამდენი ფულიც ჩვენს მინისტრებსა და პარლამენტარებს აქვთ, ვერ წაიყვან შვილს ნორმალურ სკოლაში და ვერ მისცემ კარგ განათლებას“, - ამბობს მარიამი.

მარიამი და ის ქალები, რომლებიც შეგნებულად არ აჩენენ შვილებს, სტატისტიკაში არ ხვდებიან, თუმცა სხვა ქალების მონაცემები, რომლებიც დედობის გზას ირჩევენ, აჩვენებს, რომ სულ უფრო მეტი და მეტი ქალი უფრთხის, როგორც პირველი, ისე - მეორე შვილის გაჩენას.

2014 წლიდან, მკვეთრად შემცირებულია, როგორც პირველი, ასევე - მეორე შვილის გაჩენის შემთხვევები. 2023 წელს - 11 194-ით ნაკლები პირველი და 9 647-ით ნაკლები მეორე შვილი გაჩნდა საქართველოში. პარალელურად, იზრდება იმ წყვილების რაოდენობა, რომლებიც მეოთხე და მეხუთე შვილის გაჩენის გადაწყვეტილებას იღებენ. შემცირებულია ქორწინებების რიცხვიც.

„რადიო თავისუფლება“