ნიდერლანდების პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულ თორნიკე მანველიძეს ეძებს, რომელიც ამჟამად მიმალვაშია, იგი მწერალ გოჩა მანველიძის შვილია. 28 წლის მამაკაცს ბრალად ედება თანამემამულის, საქართველოს მოქალაქის, 32 წლის შოთიკო საკანდელიას მკვლელობა.
არსებული ინფორმაციით, მანველიძემ 32 წლის შოთიკო საკანდელიას ქალაქ უტრეხტში, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა 19 სექტემბერს ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მოკლულ ახალგაზრდას ჭრილობა ყელის არეში დანით აქვს მიყენებული. მას დამნაშავემ პირდაპირ საძილე არტერია დაუზიანა.
თორნიკე მანველიძის ფოტოს ნიდერლანდების ცენტრალური საოლქო პროკურატურა აქვეყნებს და წერს: "თუ იცით მისი ადგილსამყოფელი ან ფლობთ სხვა რაიმე ინფორმაციას, გთხოვთ, დარეკოთ საგამოძიებო ხაზზე 0800-6070. თუ შემთხვევით გადააწყდით თორნიკე მანველიძეს, ნუ მიუახლოვდებით მას".
როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, მანველიძეს შენგელიასთან უთანხმოება ჯერ კიდევ საქართველოში ჰქონდა და მოკლულის ახლობლები თვლიან, რომ ეს განზრახ მკვლელობა იყო. რა გახდა ამ შემზარავი მკვლელობის მიზეზი, ამას, ალბათ, სამართალდამცველები დაადგენენ.
მედიაში ვრცელდება ბრალდებული თორნიკეს მამის, მწერალი გოჩა მანველიძის პირველი კომენტარი:
"ბათუმში ვიყავი, იქ დამირეკეს და მაცნობეს ეს ამბავი. ორი დღის წინ თორნიკე თვითონ გავაცილე ჰოლანდიაში, მის მეგობარ გოგონასთან ერთად წავიდა. მას მერე არ დამკავშირებია, ვერც გოგონას ვუკავშირდებით. ახლა ვცდილობ ჰოლანდიაში, ნიდერლანდების საელჩოდან იქნებ რამე გავარკვიო. არ მგონია, ტყუილი იყოს, მგონია, რომ მართლა მოხდა ეს უბედურება. არ ვიცი, ის გარდაცვლილი ვინაა. თქვეს, რომ ეს ამბავი მის საქმიანობას უკავშირდება. თორნიკე ჩაკეტილი ბიჭია, არ მახედებდა მის საქმეებში და არ ვიცი, მასთან რა ურთიერთობა ჰქონდა, არასდროს შევხვედრილვარ. ჩემს შვილს ვიცნობ და ეს ამბავი ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ჯერ-ჯერობით, ყველა ჩუმადაა და მეუბნებიან, არ გვაქვს ინფორმაციაო.
ჩვენი შსს-ც და საგარეო საქმეთა სამინისტროც მეუბნება, არაფერი ვიცითო. თორნიკე 28 წლისაა და "ლიდერბეთში" კომპანიასთან თანამშრომლობდა. არ ვიცი, მაგრამ როგორც ინტერნეტში ამოვიკითხე, ის ბიჭიც პოკერ ტურნირზე ყოფილა წასული. იცით, რა იყო, თანამშრომლები ჰოლანდიაში პოკერტურნირზე ჯგუფურად უნდა წასულიყვნენ. თანამშრომლებს ერთად არ უმგზავრიათ, მაგრამ უტრეხტში ერთად უნდა ჩასულიყვნენ.
არ არის თორნიკე მოძველბიჭო და მოხულიგნო ტიპი, ევროპული აზროვნების და ყაიდის ადამიანია. ვინმესთან კონფლიქტზეც არაფერი მსმენია, ამიტომ ვარ გაოგნებული... როცა მითხრეს, კარგა ხანს აზრზე ვერ მოვდიოდი, ახლაც ვერ ვიჯერებ... კარგი განწყობით და მშვენიერ ხასიათზე წავიდა, არავისთან არავითარი პრობლემა არ ჰქონია. სამსახურიდან კი გზავნიდნენ, მაგრამ ის დასასვენებლად მიდიოდა, მითხრა, ჰოლანდიაში ერთი კვირა, ან 10 დღით დავრჩებითო. ახლა ჩამოვალ, მატარებელში ვზივარ და იქნებ, მეტი გავარკვიო, ამაღამვე დავიწყებ მოქმედებას“. - ამბობს მწერალი.
რას ჰყვება მკვლელობაში ბრალდებული მანველიძის მეგობარი?
"თორნიკეს ახლოს ვიცნობ და ვერ ვხვდები, რა მოხდა, გაოგნებული ვარ... მთელი დღეა კონსულთან დაკავშირებას ვცდილობ, მაგრამ ვერ ვუკავშირდები, ყველას მივწერე და მასთან მამისამართებენ. მეც ის ვიცი, რაც ყველამ. თორნიკესგან მსგავსი რამ არის წარმოუდგენელი, დაუჯერებელია, ვინც იცნობს, ამაში ყველა დამეთანხმება. იქნებ რაღაც შეცდომაა?! ის საოცრად მშვიდი, ზრდილობიანი და გაწონასწორებული ადამიანია... ეს თუ სიმართლეა, თავში არაფერი მომდის აზრად, რამ გამოიწვია მისი ეს საქციელი? არც ის ვიცი, იცნობდა თუ არა, ან რა აკავშირებდა გარდაცვლილთან. თორნიკე პოკერის ტურნირზე მარტო არ წასულა, მისი მეგობარი გოგონა ახლდა. მასზე არაფერი ვიცით, არც ის ჩანს. ბოლოს, გაფრენის წინ ვნახეთ ისინი, გუშინ გარკვეული მიზეზების გამო ვერ შევეხმიანე, დღეს დილით კი ეს ამბავი სრულიად შემთხვევით, ტელევიზიით გავიგე. ის და თორნიკე წელს უკვე მეორედ იყვნენ ჰოლანდიაში ტურნირზე, ყველგან თან დაჰყავდა.. მხოლოდ ის მინდა, რომ გავიგო, სად და როგორაა ჩვენი მეგობარი გოგონა, დანარჩენი გამოძიებამ დაადგინოს“.
რა წერია ნიდერლანდების ცენტრალური საოლქო პროკურატურის მთავარი პროკურორის განცხადებაში?
"ეჭვმიტანილი არც ისე მაღალია, გამხდარია და აქვს ღია ფერის კანი, ყავისფერი თმა და თვალები, ატარებს წვერს. სამშაბათს საღამოს მას მუქი ან შავი ტანსაცმელი ეცვა. თუ იცით მისი ადგილსამყოფელი ან ფლობთ სხვა რაიმე ინფორმაციას, გთხოვთ, დარეკოთ საგამოძიებო ხაზზე 0800-6070. თუ შემთხვევით გადააწყდით თორნიკე მანველიძეს, ნუ მიუახლოვდებით მას.
ინფორმაციის გაზიარება ასევე შესაძლებელია ანონიმურად, ტელეფონზე: 0800-7000 და ასევე ონლაინ ამ ლინკზე მოცემული ფორმის საშუალებით. აქ ასევე შეგიძლიათ ატვირთოთ სურათებიც", - ვკითხულობთ სპეციალურ განცხადებაში.„ამჟამად, თორნიკე მანველიძის ადგილსამყოფელი უცნობია. სწორედ ამიტომ, ვაქვეყნებთ მის ფოტოს. ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში დარეკეთ 112-ში, ინფორმაციის გაზიარება ასევე შესაძლებელია, ანონიმური დანაშაულის შესახებ“, - წერს პოლიცია.
პოლიცია მწერალ გოჩა მანველიძის შვილს მკვლელობისთვის ეძებს
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი