როგორ ქრებოდა თანხები კლიენტების ბარათებიდან და როგორ გავიდა გამოძიება დამნაშავეზე

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

რაც უფრო წინ მიდის ელექტრონული ტექნოლოგიები, მით უფრო იზრდება საფრთხე იმისა, რომ ვიღაცამ, შესაძლოა, მოახერხოს და ჩვენი საბანკო ანგარიშები დააცარიელოს. ზოგადად, ადამიანების მცირე ნაწილს უდევს დიდი თანხა ბარათზე, მაგრამ მცირე ოდენობის თანხები ყველას აქვს და თუ ამ მცირეს ბევრს მოპარავთ, ბოლოს საკმაოდ სოლიდური ოდენობა გამოვა. ბანკები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კლიენტები დაიცვან, მაგრამ ხშირად,ეს არც მათ გამოსდით. რაც ყველაზე საინტერესოა, ბანკები მაქსიმალურად ცდილობენ, დამალონ ისტორიები, რომლებიც მათი კლიენტების ანგარიშებიდან ფულის გაქრობას ეხება. ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და ამიტომ, ბანკის დასახელებას არ ვაპირებთ, თუმცა მისი კლიენტებიი ათი ათასობით საქართველოს მოქალაქეები არიან.

 

ყველაფერი უცნაურად დაიწყო - ერთ-ერთმა კლიენტმა ბანკს მიაკითხა და უთხრა, რომ მისი ანგარიშიდან 600 ლარი გაქრა. ერთი შეხედვით, ეს დიდი თანხა არ არის, მაგრამ ვიღაცისთვის 600 ლარი ერთი თვის სარჩოა. ბანკმა გადაამოწმა და... მომხმარებელს აუხსნა, რომ ბარათით მან ისარგებლა და ოქროს ბეჭედი შეიძინა. კლიენტი გაოცდა, მეტიც, გაოგნდა, მაგრამ ბანკი კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ ბარათით სწორედ მისმა მფლობელმა ისარგებლა. ცოტა ხნის შემდეგ, იმავე ბანკში უკვე სხვა მოქალაქე მივიდა და დაიჩივლა, რომ მისი ანგარიშიდან 2 000 ლარზე მეტი იყო გამქრალი. ბანკმა ისევ გადაამოწმა და ბარათის მფლობელს ამონაწერი უჩვენა, რომლთაც მან... ოქროს სამაჯური შეიძინა. ბარათის მფლობელი პოლიციაში წავიდა.

„მის გარდა, კიდევ რამდენიმე მოქალაქის განცხადება გვედო, ზოგს ბევრი მოპარეს, ზოგს - ცოტა, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ თანხა ერთი კონკრეტული ბანკის ბარათებიდან იკარგებოდა ანუ იყო რაღაც, თუ ვიღაც ბანკში, რაცამ ვინც ასეთ შედეგებს იწვევდა. საინტერესო ის გახლდათ, რომ ბანკი მზად იყო, ბოლომდე ეთანამშრომლა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ იკარგებოდა ფული და ამტკიცებდა, რომ თანხას მომხმარებლები ხარჯავდნენ. ეს ვერსია გამოძიებისთვის არაფრისმომცემი იყო, რადგან ვიღაც რომ 50 ლარის გამო განცხადებას დაგიწერს, იმას ნიშნავს, რომ მას ეს 50 ლარი სასიცოცხლოდ სჭირდება და რომ დაეხარჯა, განცხადებას არ დაწერდა. მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო ისიც, რომ დანახარჯი ძირითადად ორქოულობაზე მოდიოდა ანუ ხომ არ შეიძლებოდა, რომ თითქმის ყველა, ვინც ჩიოდა, წასულიყო და ოქრო-ბრილიანტი ეყიდა“,-გვიყვება ამ საქმის გამომძიებელი.

ბანკის აიტი-სპეციალისტები ამ საქმეში ბოლომდე იყვნენ ჩართულნი, გამართულად მუშაობდნენ აღნიშნული ბანკის ბანკომატებზე დამონტაჟებული კამერებიც, მაგრამ ფული ბანკომატიდან არასოდეს იხსნებოდა. გამოძიება მცირე თანხებს „გაეკიდა“ ანუ მათ, რომლებითაც ოქროულობა არ იყიდეს და დაზარალებულების დაკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანს თანხები მას შემდეგ დაეკარგა, რაც ერთ კონკრეტულ აფთიაქში წამალი იყიდეს. სამართალდამცავებმა ბანკის თანამშრომლების პირადი საქმეები მოიძიეს და აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი ფარმაცევტი, აღნიშნულ ბანკში ექვსი თვის წინ მუშაობდა. მისი დაკავება უხმაუროდ მოხდა და მან პირველივე დაკითხვაზე აღიარა, რომ ფულს იპარავდა, მაგრამ დიდ თანხებზე წარმოდგენაც არ ჰქონდა, მხოლოდ მცირე თანხას ხსნიდა. როგორ? თურმე, ძალიან მარტივად.

„როცა ვინმეს სურდა ბარათით გადაეხადა, ბარათს ვართმევდი, მეორე მხარეს სამ ციფრს ვიმახსოვრებდი, ბარათის მთლიან ნომერს კი მარტივად, პლასტელინზე დადებით ვიბეჭდავდი. შემდეგ, ბარათის ნომრითა და უკანა სამი ციფრით, პროგრამულად ვხსნიდი თანხებს, მაგრამ 100 ლარზე მეტი არასოდეს მომიხსნია. მეგონა, ასი ლარის გამო, პოლიციაში არავინ წავიდოდა. თურმე, ვცდებოდი“,-განაცხადა დაკავებულმა და გამოძიებითაც დადგინდა, რომ ის დიდ თანხებს მართლაც არ ხსნიდა და რაც მთავარია, აბსოლუტურად ყველა დაზარალებული, რომლებმაც მცირე თანხა დაკარგეს, სწორედ ამ აფთიაქით სარგებლობდნენ. გამოდიოდა, მთავარი დამნაშავე თავისუფალი იყო (თუმცა, იმ ფარმაცევტს სასამართლომ  4-წლიანი სასჯელი მისცა) და სამართალდამცავებმა მისი ძებნა განაგრძეს.

„ბანკის ხელმძღვანელობაც აღიარებდა, რომ მათი რომელიმე თანამშორმლის გარეშე, ასე ოსტატურად თანხები ვერ მოიხსნებოდა, მაგრამ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის თანამშრომელი, წარმოდგენაც არავის ჰქონდა. ძიება კი ყველა დეტალს იკვლევდა და იმ დასკვნამდე მივედით, რომ ყველა დაზარალებულმა ბარათი ერთ კონკრეტულ ფილიალში აიღო ანუ დამნაშავე, სწორედ იმ ფილიალის თანამშრომლებს შორის უნდა გვეძებნა. თანამშრომელთა რაოდენობა რვამდე შევამცირეთ, გამოვრიცხეთ დაცვა, დამლაგებლები, პერსონალი, რომლებსაც არანაირი წვდომა არ ჰქონდათ კომპიუტერებთან და შესაბამისად, პროგრამაზე. დავიწყეთ ამ რვა ადამიანის შესწავლა, მაგრამ თითქოს ყველას უმწიკვლო რეპუტაცია ჰქონდა“,-გვეუბნება გამომძიებელი.

ფილიალის მმართველი თავში ხელებს იცემდა, ყველა თანამშრომელი ჩემი შერჩეულია, თითოეულ მათგანზე პასუხისმგებელი მე ვარ, როგორც არ უნდა დამთავრდეს გამოძიება, სამსახურის დაკარგვა არ ამცდებაო. სამართალდამცავებს მისი სამსახური ნაკლებად ადარდებდათ, იმ დამნაშავის გამოაშკარავება სურდათ, რომელმაც უკვე ლამის 70 ათასი მოიპარა და მშვიდად აგრძელებდა მოპარვას. მცდელობის მიუხედავად, გამოძიება წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიდა, ვერც ბანკის აიტი-სპეციალისტები ამბობდნენ რამეს. გამოძიება შეეცადა, ოქროს ბირჟიდან ვიდეოთვალის ჩანაწერები ამოეღო, მაგრამ ხანდაზმულობის ვადის გამო, ისინი წაშლილი იყო. ძალოვნებს იმედი ჰქონდათ, რომ დამნაშავე ცდუნებას ვერ გაუძლებდა და ასეც მოხდა - მორიგი მსხვერპლი განყოფილებაში ლამის კივილით მივიდა, 29 ათასი მედო ბარათზე და გაქრაო. ბანკის მტკიცებით, ამ თანხის ოდენობის ოქროული, სწორედ ოქროს ბირჟაზე იყო შეძენილი. ერთ საათში, გამოძიებას ვიდეოჩანაწერები ჰქონდა.

„ჩანაწერებში ჩანდა ქალი, რომელსაც დიდი ლაბადა ეცვა ანუ სხეულის აღქმა შეუძლებელი იყო, ვერავინ იტყოდა, მსუქანი იყო ქალი, თუ გამხდარი. თავსაფარი ისე ჰქონდა მოხვეული, სახე თითქმის არ უჩანდა, დავრწმუნდით, რომ ოქროულის საყიდლად ტელეფონის გარეშე იყო შესული ანუ მან იცოდა, რომ პოლიციას ტელეფონით მისი ვინაობის გარკვევა შეეძლო. რაც მთავარია, ის მშვიდად ირჩევდა ოქროულს, შემდეგ კი, ბარათით იხდიდა და კოდიც ისე მშვიდად შეჰყავდა, თითქოს მისი ფული იყო. ქალის ამოცნობა ფილიალის მმართველმაც ვერ შეძლო, მხრები აიჩეჩა, თავისთვის ისიც კი ჩაილაპარაკა, მე რომ ჩამაცვა ასე, საკუთარი თავის ამოცნობა გამიჭირდებოდაო“,-ამბობს გამომძიებელი.

სამართალდამცავებმა ყველა ქალი თანამშრომლის ტელეფონი გადაამოწმეს ანუ ხომ შეიძლებოდა, დამნაშავეს ტელეფონი ოქროს ბირჟასთან ახლოს დაეტოვებინა ავტომობილში, მაგრამ შედეგი ვერც ამან მოიტანა. სამუშაო საათები არ იყო და ვიღაცის ტელეფონი სახლში იყო, ვიღაცის - კაფეში, ვიღაცის ქალაქიდან შორს. გამომძიებლებმა დაზარალებულების მიერ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების შესწავლა დაიწყეს. როგორც წესი, ბანკის ხელშეკრულებები იმდენად წვრილი შრიფტით წერია ხოლმე, ნახევარზე მეტმა არ იცის, ხელს რაზე აწერს. სწორედ ხელშეკრულებების დეტალური შესწავლის შემდეგ დაიწყო კვანძის გახსნა და ერთი შეხედვით, მარტივი, მაგრამ გენიალური სქემის გაშიფვრა.

როგორც აღმოჩნდა, ხელშეკრულება ე.წ. საოჯახო ბარათებზე იყო გაფორმებული, რის შესახებაც კლიენტებმა უბრალოდ არაფერი იცოდნენ. ანუ, მზადდებოდა 2 ბარათი ოჯახის წევრებისთვის, ერთით, მაგალითად, ცოლი სარგებლობდა, მეორით - ქმარი და წესით, ანგარიშზე განთავსებული თანხის განკარგვა ორივეს შეეძლო. მზადდებოდა ორი ბარათი, მაგრამ კლიენტს აძლევდნენ ერთს, მეორეს იტოვებდა ბანკის თანამშრომელი თავისი პინ-კოდით და მარტივად იგებდა, რა თანხა იყო ანგარიშზე ისე, რომ მეორე ბარათის მფლობელს წარმოდგენაც არ ჰქონდა. როგორც კი დიდ თანხას ნახავდა, ოქროულს ყიდულობდა. ყველა კონტრაქტზე ბანკის ფილიალის მართველის ხელმოწერა იყო და რაღა თქმა უნდა, სამართალდამცავები მის დასაკავებლად წავიდნენ.

„იდიოტი ვარ, იდიოტი. ბრალს მხოლოდ იმაში თუ დამდებთ, რომ ცუდი მმართველი ვარ. ხელმოწერა ჩემია, მაგრამ კონტრაქტი ჩემთან ოპერატორებს შემოაქვთ, ისინი ადგენენ ხელშეკრულებას და არასდროს ვკითხულობ, ხელს ისე ვაწერ. აი, შედეგიც. უბრალოდ, კონტრაქტებზე ციფრი წერია პირველ ფურცელზე, რითიც ვხვდებით, ვისი შედგენილია ანუ რომელი ოპერატორის. ეს ოპერატორი პირველ მაგიდასთან ზის“,-განუცხადა ფილიალში მისულ გამომძიებლებს მმართველმა.

პირველ მაგიდასთან არავინ იჯდა, როგორც დანარჩენებმა თქვეს, გამომძიებლების შესვლის შემდეგ, გოგონა ადგა და დაიბარა, 2 წუთში შემოვალო. რა თქმა უნდა, მასზე მაშინვე ძებნა გამოცხადდა და საპატრულო ეკიპაჟმა ფილიალიდან ორ კილომეტრში მისი დაკავება მოახერხა.

„არაფერს არ ვნანობ. ბანკში მათხოვრული ხელფასი მაქვს, ისინი კი, თვეში 20 და 30 ათასს ხარჯავდნენ. აბა, მანახეთ, რომელიმე გაჭირვებული, ვისი თანხაც მოვიპარე“,-განაცხადა გოგონამ დაკითხვაზე, მაგრამ რაღა თქმა უნდა, სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა, ბანკმა კი... საოჯახო ბარათები ხმარებიდან ამოიღო.

 

 

 ავტორი-ბათო ჯაფარიძე