გაუპატიურებების სერია თბილისში და მოძალადის საბედისწერო სუნამო

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყოველთვის არსებობს ვიღაც, ვინც უბრალოდ არ მოგვწონს. არიან ადამიანები, ნაცნობები, მეზობლები, თანამშრომლები, რომლებთანაც საერთო ვერ გამოვნახეთ და დიდად არც მოგვწონს. მართალია, არც არაფერს ვერჩით, მაგრამ რაღაც მაინც არ გვიზიდავს მათში და არც დანახვა გვსიამოვნებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებზე შური უნდა ვიძიოთ, ჩვენც არ ვართ ყველასთვის იდეალური და არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენც არ მოვწონვართ.

თბილისის ერთ-ერთ უბანში, იმ დროისთვის უცნაური რამ მოხდა - სადარბაზოში ქალი გააუპატიურეს. უცნაური იმიტომ, რომ ასეთი მძიმე დანაშაულები მაშინ არ ხდებოდა, გაუპატიურება სამართალდამცავი უწყებისთვისაც ძალიან ცუდი სტატისტიკა იყო და საქმეს დროზე თუ არ გამოიძიებდნენ, კარგი არავის არაფერი ელოდა. სანამ ოპერმუშაკები მოძალადეს ეძებდნენ, განყოფილებაში კიდევ ერთი ქალი მივიდა და ტირილით მოყვა, რომ ისიც გააუპატიურეს. ქალი ამბობდა, ქმარ-შვილი მყავს, იმათმა არ უნდა გაიგონ, მაგრამ არ მინდა, დამნაშავე გარეთ დადიოდეს, სხვებსაც საფრთხე ემუქრებათო. ძალოვნები არც ისე აკლებდნენ ცდას და მეორე ფაქტის შემდეგ, პრაქტიკულად, ყაზარმულზე გადავიდნენ.

ორივე შემთხვევა სადარბაზოში მოხდა და ორივე შემთხვევის დროს, შუქი გათიშული იყო ანუ დამნაშავე ელექტროობაშიც ერკვეოდა და ზუსტად იცოდა, საიდან და როგორ გაეთიშა დენი. სამწუხაროდ, ვერცერთმა მსხვერპლმა სიბნელეში თავდამსხმელის ვერც სახე გაარჩია და ვერც თმის ფერი, ისინი ამბობდნენ, რომ მოძალადე მაღალი და ფიზიკურად ძლიერი იყო. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, სამართალდამცავებმა კარტოთეკას ჩახედეს და აღმოაჩინეს, რომ იმ უბანში მცხოვრები ერთ-ერთი პიროვნება ორი თვის წინ გათავისუფლდა და ის სასჯელს გაუპატიურებაზე იხდიდა. უბნის რწმუნებულმა თქვა, მაღალი და ფიზიკურად ძლიერიაო და ოპერ-მუშაკებსაც ბევრი არ უფიქრიათ, განყოფილებაში ბორკილდადებული მიიყვანეს.

„დავიწყოთ იმით, რომ მე გაუპატიურება შემტენეს. ერთ-ერთი გავლენიანი კაცის შვილს ვხვდებოდი, მერე კი, მეზობლის გოგო შემიყვარდა. იმ ქალმა ვერ აიტანა ეს ყველაფერი, ცოლობას არასდროს დავპირებივარ, მით უმეტეს, ჩემამდე ბევრი საყვარელი ჰყავდა და დარწმუნებული ვიყავი, ჩემს მერეც ბევრს იშოვიდა. თუმცა, მან სხვაგვარად გადაწყვიტა, გამოსამშვიდობებელი საღამო მოვაწყოთო და ჩემთან ცოტა დავლიეთ, მერე დავწექით და რომ გამოვფხიზლდი, უკვე განყოფილებაში ვიყავი. ბრალი გამაცნეს, თურმე, ის ქალი გავაუპატიურე, სინამდვილეში კი, საძილე აბები ჩამიყარა და გამთიშა, სახეც თავად დაიზიანა, ჩალურჯებებიც მისი იყო, მაგრამ მის სხეულში ჩემი სპერმა იპოვეს, ხელებზეც მისი სისხლი მეცხო და ციხეში გამიშვეს. იქ კი შემემთხვა ის, რამაც მთელი ცხოვრება დამინგრია - სახერხზე ვმუშაობდი, ხერხი დანადგარიდან ამოვარდა, პირდაპირ მე მომხვდა და საზარდულის ნაწილი წამაჭრა. გაუპატიურება კი არა, სქესობრივი აქტიც უზარმაზარ ტკივილს მაყენებს და ვერც ვახერხებ ამის გაკეთებას“, - განაცხადა დაკავებულმა და შესაბამისმა ექსპერტიზამ მისი სიტყვები დაადასტურა. გამორიცხული გახლდათ, მოძალადე ის ყოფილიყო.  სამართალდამცავები იძულებული გახდნენ, დაკავებული გაეთავისუფლებინათ, სხვა ეჭვმიტანილი კი... უბრალოდ არ ჰყავდათ.

გვირაბის ბოლოს სინათლე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც იმავე უბანში, ერთ-ერთ ბინაში მცხოვრებმა ქალმა დარეკა, ზუსტად ვიცი, ვინ არის მოძალადე, მაგრამ შიშით გარეთ ვერ გამოვდივარ  და შინ თუ მომაკითხავთ, მის ვინაობას გაგიმხელთო.

„მე ასაკში ვარ და რა თქმა უნდა, არ მაქვს ილუზია, რომ ვინმე ჩემს გაუპატიურებას მოინდომებს, მაგრამ სოფლიდან, დისშვილიშვილი გოგონა იყო ჩამოსული სამკურნალოდ, ათი დღე იცხოვრა ჩემთან და გუშინ დილით წავიდა. ღამით, რაღაც ხმაურმა გამაღვიძა, მერე მივხვდი, ბინაში ვიღაც დადიოდა. შიშით კინაღამ გული გამისკდა, ლოგინის ქვეშ შევძვერი და გავისუსე. ის ვიღაც ჯერ ერთ ოთახში შევიდა, მერე მეორეში, მერე ჩემს საძინებელში, რაღაც ჩაიბურდღუნა და წავიდა. სახე არ დამინახავს, თუმცა არყისა და ნივრის ისეთი სუნი დატოვა, მივხვდი, ჩვენი მეზობელი იყო, ეგ ყარს მუდმივად ასეთი სუნით და რაც მთავარია, „ელექტრიკოსად“ მუშაობს. ხომ ამბობენ, მანიაკმა ელექტროობა იცისო? დარწმუნებული ვარ, ჩემი დისშვილიშვილი ეგულებოდა აქ და რომ ვერ იპოვა, იმიტომ წავიდა“, - განაცხადა ქალმა.

მის მიერ დასახელებული პიროვნება სამსახურში დააკავეს. კაცს თავიდან ძალიან გაუკვირდა, მერე კი თავი ჩაღუნა და ჩუმად თქვა, ვაღიარებ, გუშინ სისულელე ჩავიდინეო.

„ღამით ნასვამი დავბრუნდი, სართულები სწორად ვერ დავთვალე და კარის სახელური მეზობელთან ჩამოვწიე. ჩემს ქვევით ცხოვრობს, მოხუცი ქალია. შეასასვლელი არ მეცნო, ვიფიქრე, სიმთვრალის ბრალია-მეთქი, მერე სამზარეულო არ მეცნო, მერე ოთახები მოვიარე და როცა მივხვდი, რომ სხვაგან ვიყავი, კარი გამოვიხურე და ჩემს სახლში ავედი. ბოდიში, რომ შევაშინე, მაგრამ რა წესია, კარის ღია დატოვება? კარი რომ დაკეტილი ყოფილიყო, ასე არ მოხდებოდა“, - განაცხადა დაკავებულმა და როცა გაიგო, რომ მანიაკად მას თვლიდნენ, გადაირია, ეგ როგორ მაკადრეთო. მიზეზიც ჰქონდა, როცა პირველი გაუპატიურება მოხდა, ის სოფელში ძმასთან იყო, ძმამ ღორი დაკლა და სამი დღე არ გამოფხიზლებულა. ეს უტყუარი ალიბი გახლდათ, რომლის გამოც დაკავებული გაათავისუფლეს, მოხუც ქალს კი ურჩიეს, რომ ღამით კარი ჩაეკეტა. თანაც, ორი დაზარალებული ქალიდან, ორივემ დაადასტურა, რომ თავდამსხმელს არანაირი არყისა და ნივრის სუნი არ ასდიოდა, პირიქით, ძვირადღირებული სუნამოს სასიამოვნო სურნელი ჰქონდაო.

განყოფილებაში კიდევ ერთი ქალი მივიდა და განაცხადა, რომ მასაც თავს დაესხნენ, სწორედ მაშინ, როცა სადარბაზოში შუქი არ იყო, მაგრამ სრულიად შემთხვევით, იმ დროს, სადარბაზოში სხვა ქალიც შემოვიდა და თავდამსხმელი გაიქცა. სამაგიეროდ, დაზარალებულმა ზუსტად დაასახელა ის სუნამო, რომელიც თავდამსხმელს ესხა და ისიც დააყოლა, ჩემი ქმარი ხმარობს და სუნი ამიტომაც მეცნოო. ეს ძალიან კარგი სამხილი იყო, რადგან აღნიშნული სუნამო ყველგან არ იყიდებოდა და მისი სიძვირის გამო, არც ბევრისთვის იყო ხელმისაწვდომი. პირველ რიგში, სწორედ დაზარალებულის ქმარი გადაამოწმეს. იმის მიუხედავად, რომ ერთი შეხედვით, აბსურდული იყო, კაცს ცოლი გაეუპატიურებინა, მაგრამ მეორე მხრივ, ამით  შეიძლებოდა, სურვილი ჰქონოდა, საკუთარი ბრალეულობა გამოერიცხა. მამაკაცს მყარი ალიბი აღმოაჩნდა და ამიტომ, სამართალდამცავებმა ის მაღაზიები დაიარეს, სადაც აღნიშნული სუნამო იყიდებოდა და ცდილობდნენ, გაერკვიათ, ხომ არ იყო ვინმე ისეთ მყიდველი, ვისაც იცნობდნენ და რაც მთავარია, ის აუცილებლად იმ უბნიდან უნდა ყოფილიყო, სადაც დანაშაულები ხდებოდა. გამყიდველები უიმედოდ შლიდნენ ხელებს, მხოლოდ ორმა გაიხსენა მამაკაცი, რომელიც აღნიშნულ სუნამოს ყიდულობდა, მაგრამ მათი აღწერილობა არც მოძალადის აღნაგობას ემთხვეოდა და ისინი არც იმ უბნიდან იყვნენ.

მალე მორიგი დანაშაული მოხდა, თუმცა, ამჯერად, გაუპატიურებასთან ერთად, მსხვერპლი სასტიკად იყო ნაცემი და ექიმები გადარჩენის გარანტიასაც ვერ იძლეოდნენ. გოგონას თავი ბეტონის იატაკზე არტყმევინეს, რის გამოც, თავის ქალის ძვლები ჰქონდა დამტვრეული. ექიმმა ისიც თქვა, რომც გადარჩეს, დიდი შანსია, აზროვნება ვერ შეძლოსო. გამომძიებლებმა ივარაუდეს, რომ გოგონამ თავდამსხმელი დაინახა, იცნო და სასიკვდილოდაც ამიტომ გაიმეტეს. აქედან გამომდინარე, მისი პალატის კართან ერთი ჩანჩურა ოპერ-მუშაკი დააყენეს, უშუალოდ პალატაში - გამოცდილი თანამშრომლები და უბანში „გააბაზრეს“, დაზარალებული აზრზე მოვიდა და ორ-სამ დღეში, ჩვენებას მისცემსო. სამართალდამცავები მოუთმენლად ელოდნენ, რას მოიმოქმედებდა დამნაშავე. თუ ის არ გამოჩნდებოდა, გამოვიდოდა, რომ გოგონამ არაფერი იცოდა, მაგრამ თუ დამნაშავე დაინახა...

მეორე დილით, პალატაში „ახალი ექიმი“ შევიდა. „ჩანჩურა“ ოპერ-მუშაკმა ის მარტივად გაატარა, თუმცა პალატაში, მეორე საწოლის ქვეშ დამალული ოპერები მაშინ გამოვარდნენ საფარიდან, როცა „ექიმმა“ მომაკვდავ პაციენტს სასუნთქი მილი გადაუკეტა. ეჭვმიტანილი მაშინვე დააკავეს და როცა განყოფილებაში გამომძიებელთან მიიყვანეს, მას გაეღიმა - სუნამოს სუნი კარგად იგრძნობოდა და ესეც არ იყოს, დაკავებული ყველაფრის მოყოლას რომ აპირებდა, სახეზე ეტყობოდა.

„ბოლო მსხვერპლი ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ ის მუდმივად გამირბოდა. არადა, სკოლა და უმაღლესი კარგად დავამთავრე, კარგი სამსახური ვიშოვე და ცოლობაც ვთხოვე. იცით, რა მითხრა? მე არ მჭირდება შენნაირი ქმარი, ჩემი ქმარი ძლიერი უნდა იყოს, ირგვლივ ყველას შიშის ზარს უნდა სცემდეს, შენ კიდევ, შენი ჩრდილისაც გეშინიაო. ამან ძალიან გამაცოფა, მაგრამ ფიქრი დავიწყე და უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე. ხომ ნახეთ, მთელი უბანი შიშის ქვეშ იყო, ყველას ეშინოდა და სწორედ ამის სათქმელად მივედი, ვუთხარი, მე ვარ ის მანიაკი და როგორც კი ცოლად გამომყვები, ყველაფერი დასრულდება, სამაგიეროდ, გეცოდინება, რომ შიშის ზარს მთელ უბანს მე ვცემდი-მეთქი. ნათქვამმა ისე გააბრაზა, ხელითაც კი შემეხო, ნაძირალა და არაკაცი მეძახა. ვეღარ მოვითმინე და ისიც გავაუპატიურე, თან თავს ვარტყმევინებდი, რომ ტკივილი ეგრძნო. მეგონა, მოკვდა, მაგრამ გუშინ უბანში თქვეს, ჩვენების მიცემას აპირებსო და ამას ვერ დავუშვებდი. მით უმეტეს, ის ჩემი ბოლო მსხვერპლი იყო, მეტს აღარ ვიზამდი“, - თქვა დაკავებულმა.

სასამართლომ მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, გოგონა კი გადარჩა და ექიმების გასაოცრად, სრული რეაბილიტაცია ორ წელიწადში დაასრულა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე