რატომ უპირებდა ბავშვებს მოკვლას ფსიქიატრიული საავადმყოფოს ხელმძღვანელი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არაერთხელ დაგვიწერია, რომ ადრე მოქალაქეები უფრო მეტად გულისხმიერები იყვნენ და სამოქალაქო შეგნებაც, თითქოს, უფრო მაღალ დონეზე იყო. გულგრილად არავინ არავის აუვლოდა გვერდს და აბსოლუტურ უმრავლესობას, კრიმინალის დანახვისას, არც მილიცია-პოლიციაში დარეკვა „უტყდებოდა“. როცა საქმე არასრულწლოვანს ეხებოდა, ხშირად, საქმეში მთელი უბანი, ქალაქი, თუ დაბა ერთვებოდა და ადამიანთა სიმრავლე და ერთობა ბევრ პრობლემას აგვარებდა...

 

სწორედ ასეთი სამოქალაქო გულისხმიერების შედეგი იყო ის, რომ უბნიდან ტყეში, სოკოს საკრეფად წასული ქალებიდან ერთ-ერთმა,ხეზე მიბმული, დაახლოებით, 13-14 წლის გოგონა დაინახა.გოგონას ირგვლივ ფიჩხი ეწყო და ვიღაც კაცი ჯიუტად ცდილობდა, ფიჩხისთვის ცეცხლის მოკიდებას. ქალი მიხვდა, რომ მამაკაცს მარტო ვერანაირად ვერ აჯობებდა, ამიტომ ბოლო ხმაზე დაიწყო კივილი და თან კაცს ქვებს ესროდა. მამაკაცი არც კი განძრეულა, ქალს ავი მზერით გახედა და ცეცხლის დანთება განაგრძო. კივილზე სხვა ქალები მოგროვდნენ და მამაკაცმაც გაქცევა ინება. სამწუხაროდ, მოგვიანებით, აბსოლუტურად ყველა ქალმა თქვა, რომ... კაცის სახე არ, თუ ვერ დაიმახსოვრეს. ჯერ ერთი, ტყე საკმაოდ დაბურული იყო და 10 მეტრში სახის გარჩევა გაუჭირდებოდათ და მეორეც - მამაკაცს თვალებზე ქუდი ჰქონდა ჩამოფხატებული, ნიკაპს კი საყელოში მალავდა.

„ეს კაცი სკოლასთან რამდენჯერმე დამხვდა, კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რაღაცებს მეკითხებოდა - ეს ქუჩა სად არის, ის მაღაზია შორსაა, თუ ახლოს... ასე, დაახლოებით,ორი-სამი კვირა გრძელდებოდა, თითქმის ყოველ მეორე-მესამე დღეს მოდიოდა. მერე ჩემი ქუჩა მკითხა და რომ ვუთხარი, იქ ვცხოვრობ-მეთქი, მანქანაში ჩამსვა, სახლამდე მიგიყვან, შენ კიდევ გზას მასწავლიო. მერე სახეზე რაღაც ამაფარა, დამეძინა და რომ გამეღვიძა, ტყეში ხეზე ვიყავი მიბმული, ის კი ჩემს დაწვას აპირებდა“,-ეს არის ამონარიდი დაზარალებულის ნაამბობიდან.

რაღა თქმა უნდა, სამართალდამცავებმა გამოძიება მააშინვე დაიწყეს, მაგრამ დამნაშავის ცხელ კვალზე დაკავება არ გამოვიდა. გოგონამ ფოტო-რობოტი კი შეადგენინა მხატვარს, მაგრამ შემდეგ დახედა და მოწყენით თქვა, საერთოდ არ ჰგავსო. ფსიქოლოგებმა თქვეს, რომ სავარაუდოდ, ეს შოკით იყო გამოწვეული.შესაძლოა, ყოველ ჯერზე, გოგონას სხვა სახე დაენახა საკუთარ წარმოსახვაში და ასეც მოხდა. გამოძიებას პრაქტიკულად არაფერი ჰქონდა, ტყეში, ბალახითა და ნეშომპალით დაფარულ მიწაზე დამნაშავის კვალი არ ჩანდა, მოწმეების სიტყვებით კი, მას ხაკისფერი საწვიმარი, ნაცრისფერი შარვალი და რეზინის ჩექმები, ე.წ. ვალინკები ეცვა. მაშინ კი, ნაცრისფერი შარვალი, ხაკისფერი მოსაცმელი და „ვალინკები“ აბსოლუტურად ყველა ოჯახში ინახებოდა და რაც მთავარია, საბჭოთა კავშირის დროს, თითქმის ყველა საწვიმარი ხაკისფერი იყო, რეზინის ჩექმები კი ორი-სამი მანეთი ღირდა და ყველა ყიდულობდა.

„დაახლოებით, სამი წლის წინ, ანალოგიური შემთხვევა მოხდა. ვიღაც ცდილობდა პატარა ბიჭი სწორედ ასე დაეწვა და ცეცხლიც წაუკიდა.მართალია, ბიჭი შემთხვევითმა გამვლელებმა იხსნეს, თუმცა გვარიანად დაიწვა. შემდეგ კიდევ ერთი შემთხვევა იყო, მესამე შემთხვევა კი მისთვის ცუდად დასრულდა - ტყეში საქეიფოდ წასულმა ბიჭებმა დააკავეს და გადმოგვცეს. ფსიქიკურად ჯანმრთელი არ აღმოჩნდა, სასამართლომ ფსიქიატრიულში გაამწესა და ყველანაირი ლოგიკით, იქ უნდა იყოს. აი, თუ ფსიქიატრიულიდანაც გაუშვეს, მაშინ, ზუსტად ვიცი, ვინ უნდა ვეძებოთ“,-გაიხსენა ერთ-ერთმა გამომძიებელმა და სამი წლის წინ გასამართლებული პირის ფოტოც ამოიღო პირადი საქმიდან. გადასამოწმებლად ორი ოპერმუშაკი წავიდა და...

„ფსიქიატრიულში დაგვიდასტურეს, რომ ჩვენთვის საინტერესო პიროვნება მათთანნახევარი წლის წინ მიიყვანეს, მანამდე ის სასჯელს იმერეთში არსებულ ფსიქიატრიულში იხდიდა. ჩვენ პატიმრის ნახვა მოვითხოვეთ და როცა ოთახში შევედით, დავინახეთ მამაკაცი, რომელიც ორ მედ-ძმას ეჭიდავებოდა და უყვიროდა, ძალით ნუ მაგიჟებთ, ჭკვიანი ვარ, აქ შეცდომით მოვხვდიო. შევადარეთ ფოტოს, რომელიც პირადი საქმიდან ამოვიღეთ და მართლაც სხვა პიროვნება აღმოჩნდა“,-ეწერა ოპერ-მუშაკების პატაკში.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ფსიქიატრიულის ხელმძღვანელობა არაფერ შუაში იყო. მათთან მიიყვანეს პატიმარი, რომლის ფოტოც იყო საქმეში და უთხრეს, რომ ის ბავშვების ცოცხლად დაწვაში იყო ეჭვმიტანილი. ექიმები ყოველდღე ასმევდნენ დამამშვიდებლებს, მაგრამ ის კაცი იძახდა, გეშლებით, სხვა ვარო, თუმცა ფსიქიატრიულში ეს არავის უკვირდა. სამართალდამცავები იმ ჯგუფთან წავიდნენ, რომელსაც პატიმარი გადაჰყავდა და გაარკვიეს, რომ იმერეთიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე, მათ სადილობა გადაწყვიტეს, იქვე, სასადილოში შევიდნენ და უკან რომ დაბრუნდნენ, „ვარონკა“ ცარიელი დახვდათ. მიხვდნენ, ამას არავინ აპატიებდა და იქვე, სასადილოდან მთვრალი კაცი გამოიყვანეს, ჯიბეები გაუჩხრიკეს, პასპორტიდან სურათი ამოხიეს, პირად საქმეში ჩააკრეს და ფსიქიატრიულს მიაყენეს. მამაკაცი როცა გამოფხიზლდა, ყვირილი კი ატეხა, მაგრამ ვინ დაუჯერებდა? გამოდიოდა, რომ ეჭვმიტანილი, რომელიც ადრე ანალოგიურ დანაშაულზე იყო მსჯავრდებული, თავისუფლებაზე გახლდათ. მასზე ძებნა გამოცხადდა და რა თქმა უნდა, ეჭვიც არავის ეპარებოდა, რომ ადრე თუ გვიან, მას დაიჭერდნენ, თუმცა...

მომხდარიდან მალევე, ერთ-ერთი კორპუსის მაცხოვრებლები სუნმა შეაწუხა, ჯერ მილიციაში დარეკეს, მერე ბინის მეპატრონეც გამოიძახეს. ბინის მეპატრონემ თქვა, დაახლოებით, 20 დღის წინ, ბინა ახალგაზრდა კაცს მივაქირავეო. კარის გახსნის შემდეგ, სამზარეულოში გარდაცვლილი კაცი იპოვეს, რომელსაც ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა. მოგვიანებით, ექსპერტიზის დასკვნაში დაწერეს, რომ სავარაუდოდ, არყით მოიწამლა. არაყი მაღაზიაში ნაყიდი არ ყოფილა, ალბათ, სადმე კუსტარულად დამზადებული იყიდა და ან ბოთლი იყო ჭუჭყიანი, ან არაყი იყო ცუდი. გარდაცვლილი სამართალდამცავებისთვის საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა, სწორედ ის ძებნილი, რომელიც ფსიქიატრიულში უნდა მჯდარიყო, მაგრამ... იმავე ექსპერტიზის დასკვნით, კაცი ყველაზე ცოტა, ათი დღის გარდაცვლილი გახლდათ, დანაშაული კი, რომელსაც იძიებდნენ, ერთი კვირის მომხდარი იყო. გამოდიოდა, გარდაცვლილი არაფერ შუაში ყოფილა, რის გამოცძიება აშკარაჩიხში შევიდა, თითქოს, გამოსავალიც არსად ჩანდა, რადგან სხვა ეჭვმიტანილი არ არსებობდა.

მალე ვიღაცამ კიდევ ერთი ბავშვის გატაცება სცადა, ამჯერად, ბიჭის, მაგრამ ხელიდან დაუსხლტა, მერე ისევ გოგონა გაიტაცეს, თუმცა ამჯერად, მეტყევე გადააწყდა შემთხვევით და დამნაშავეს ისევ ხელი მოეცარა. გამომძიებლებს ბავშვების ფოტოები წინ ედოთ და ცდილობდნენ, მათ შორის რამე კავშირი ენახათ, მაგრამ უიმედოდ იჩეჩდნენ მხრებს - ისინი ერთმანეთს არა თუ არ იცნობდნენ, ერთ სკოლაშიც არ დადიოდნენ, უბნელებიც არ იყვნენ და ასაკიც თითქოს განსხვავებული ჰქონდათ - 13, 15 და 16 წელი ანუ დამნაშავე მათ არც ასაკის, არც უბნის, არც სკოლის და არც სქესის მიხედვით არ ირჩევდა, მაგრამ რაღაც პრინციპით ხომ მოქმედებდა? აი, ეს პრინციპი უნდა ეპოვათ სამართალდამცავებს და დანაშაულიც გაიხსნებოდა.

„არის!“-შევარდა განყოფილებაში ერთ-ერთი ოპერმუშაკი და ხელში ფურცელი შეათამაშა, „არის, აქვთ საერთო“,-კვლავ გაიმეორა მან და მაგიდაზე დადებული გრაფინიდან იმდენი წყალი დალია, სანახევროდ დაცალა. როგორც გაირკვა, სხვადასხვა პერიოდში, სამივე გატაცებულს სუიციდის მცდელობა ჰქონდა, ოღონდ ისე, მსუბუქ ფორმებში ანუ რეალურად, თავის მოკვლაზე მეტად,სავარაუდოდ, მშობლების ყურადღების მიქცევა, ან შეშინება უნდოდათ. გოგონამ წამლები დალია, ბიჭმა ყულფში მაშინ გაჰყო თავი, როცა ოთახში დედა შევიდა, მესამე ფანჯრის რაფაზე იდგა და გადახტომით იმუქრებოდა... ასეთი ბავშვები მაშინ აღრიცხვაზე აჰყავდათ და ცდილობდნენ, სხვანაირი ყურადღება მიექციათ, უფრო მეტად ჩაერთოთ საზოგადოებრივ საქმიანობაში, მეტად წაეხალისებინათ და საზაფხულო ბანაკებში ურიგოდ ეტარებინათ, რაც თითქმის ყოველთვის ამართლებდა. ის, რომ ბავშვები თავის მოკვლას ცდილობდნენ, ვიღაცამ ზუსტად იცოდა, მაგრამ ვინ?!

მალე გაირკვა, რომ სამივე ბავშვთან, ცალ-ცალკე, ფსიქიატრი მუშაობდა, სხვადასხვა კლინიკებში და მათ ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონდათ, მაგრამ იყო ცენტრალური კლინიკა, სადაც ყველა ბავშვის ანკეტა მიდიოდა და იქიდან ანაწილებდნენ. კლინიკას ახალგაზრდა კაცი ხელმძღვანელობდა, რომელიც აღნაგობით, აშკარად ჰგავდა მოწმეებისმიერ დანახულ პიროვნებას. მასზე უბრალოდ თვალთვალი დაიწყეს და სწორედ მაშინ ჩაავლეს, როცა სკოლასთან ერთ-ერთ მოსწავლეს ესაუბრებოდა. იმ ბავშვსაც სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

„წარმოდგენა არ გაქვთ ფსიქიატრიასა და ბავშვებზე. მათ არაფერი არ უნდა დაუშალოთ და თუ სიკვდილი უნდათ, ამაში უნდა დაეხმაროთ. სწორედ ამას ვაკეთებდი და თქვენ ხელი შემიშალეთ. რაც შეეხება მეთოდს, ადრე ჩამივარდა ხელში ერთი ისტორია, როცა კაცი შეშლილად სცნეს და უბრალოდ, მას მივბაძე. ვიფიქრე, ამით კვალსაც ავრევდი და თავად მეთოდიც საინტერესო იყო“,-განაცხადა დაკავებულმა.

სამედიცინო ექსპერტიზამ ეჭვმიტანილი შერაცხადად სცნო და სავარაუდოდ, მაქსიმალურ სასჯელს (15 წელს) მიუსჯიდა, მაგრამ არ დასცალდა - მისი ექსტრადაცია მოსკოვმა მოითხოვა, აქაოდა, კვლევებისთვის გვჭირდება და მას შემდეგ, ის არავის უნახავს.

 ავტორი-ბათო ჯაფარიძე