როგორ გახსნეს ძალოვნებმა „მღრღნელების შემოსევის“ საქმე

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

მულტფილმი „სიზმარა“, ალბათ, ყველას ნანახი გაქვთ და მეფის ფრაზა, რომელსაც „სულ ვირთხები და ვირთხები ესიზმრება“, ნახატ ფილმში ხშირად ისმის. შესაძლოაა, ბევრმა არ იცის, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვირთხას ვეძახით, რეალურად ვირთაგვაა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ფართოდაა გავრცელებული. ეს იმის მიუხედავად, რომ ვირთაგვებს ყველგან ებრძვიან, წამლავენ, მათზე სანადიროდ სპეციალურად ზრდიან ძაღლებს, კატებს, თუმცა ისინი მაინც მრავლდებიან. საქმე ის გახლავთ, რომ ვირთაგვა წელიწადში ოთხ-ხუთჯერ ნაყოფიერდება, 5-დან 15-მდე ნაშიერს შობს და ეს ნაშიერები გამრავლებას სამი-ოთხი თვის ასაკიდან იწყებენ. ისინი ჭამენ ყველაფერს, რის დაღეჭვასაც კი ახერხებენ და გარდა იმისა, რომ ამ მიმართულებით სერიოზულ ზიანს აყენებენ ადმიანებს, მათ გადააქვთ არაერთი ინფექცია.

 

საგულისხმოა ისიც, რომ ვირთაგვებს ცდებისთვის შემთხვევით არ იყენებენ. მათი სხეულის მახასიათებლები ძალიან ჰგავს ადამიანისას და ამიტომაცაა, მაგალითად, სიმსივნის სამკურნალო პრეპარატებს, ძირითადად, ვირთხებზე რომ ცდიან. ვირთაგვები არაერთხელ გამხდარან სხვადასხვა სახელმწიფოს ხელში, როგორც ქიმიური ბრძოლის იარაღი. მომაკვდინებელი ვირუსით დაავადებულ ათასობით ვირთხას, ომიანობის დროს, მტრულად განწყობილი სახელმწიფოები, ერთმანეთის ტერიტორიაზე უშვებდნენ და ეპიდემიას იწვევდნენ. იმასაც ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირმა ავღანეთის ომის დროს, არაერთი ათასი ვირთხა გამოიყენა ამ მიზნით და არაერთი ათასი ადამიანის სიცოცხლე, სწორედ ვირთხების მიერ შეტანილმა ვირუსმა იმსხვერპლა. მარტივად გეტყვით - ყველა ვირთხა ცოფის მატარებელია და გარკვეული პრეპარატების ზემოქმედების შედეგად, ისინი იმდენად აგრესიულები ხდებიან, რომ ადამიანებს თავს ესხმიან. მხოლოდ კბენა კი არა, კბილით გაკაწვრაც კი საკმარისია, ადამიანი ცოფით რომ დაავადდეს.

თბილისის ერთი-ერთი კორპუსის მაცხოვრებლები მილიციის განყოფილებაში მივიდნენ, აქაოდა, ვირთხების შემოსევა გვაქვს, ისინი ყველგან არიან, სპეციალური სამსახური კი არაფერს აკეთებსო. სამართალდამცავებს გაეღიმათ, მოქალაქეებს ურჩიეს, ისედაც ბევრი საქმე გვაქვს და ამ პრეტენზიებით სანეპიდსადგურში (სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სადგური) მიდითო. მალე, სამმართველოს თათბირზე, ლამის ყველა განყოფილების ხელმძღვანელმა თქვა, რომ მათთან მოქალაქეები მიდიან და ვირთხების მომრავლებაზე ჩივიან. რაც მთავარია, მოსახლეობა ამტკიცებს, ისენი ჩვეულებრივი ვირთხები არ არიან, მოშავო ფერი დაჰკრავთ და ძალიან აგრესიულები არიან, ადამიანებზე იწევენო. თათბირზეც გაეღიმათ და სამმართველოს უფროსმა პირობა დადო, სანეპიდსადგურის ხელმძღვანელს დავურეკავ, პრობლემა მოაგვაროსო, თუმცა არ დაურეკავს, გადაავიწყდა, ან საჭიროდ არ ჩათვალა. განგაში კი მას შემდეგ ატყდა, რაც ვირთხამ 9 თვის ბავშვი საძინებელში დაკბინა და დედას რომ არ მიესწრო, ეგებ, შეეჭამა კიდეც. ამ ამბავს ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, სამართალდამცავები იძულებულები გახდნენ, სანეპიდსადგურის ხელმძღვვანელი დაეპატიმრებინათ, მაგრამ მან ჟურნალები გადაშალა და დაადასტურა, რომ ყველა გამოძახებაზე ჰქონდა რეაგირება, ყველა გამოძახებაზე გაუშვა სპეციალური ჯგუფი, ყველგან ყველაფერი შეწამლა. მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად, მისი სიტყვები დადასტურდა - ჯგუფი მიდიოდა, იქაურობას სპეციალური ხსნარით ამუშავებდა, მაგრამ შედეგი ნული იყო. მეტიც, ვირთხები ამის შემდეგ უფრო აგრესიულები ხდებოდნენ.

„შეწამვლის პრინციპი ასეთია - სპეციალური სითხე ესხმება ყველგან, სარდაფებში, კიბის საფეხურებზე, მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც ვირთხები გადაადგილდებიან. ეს წამალი ფეხებზე ეკვრებათ და საკმარისია, შემდეგ რამე შეჭამონ თათების დახმარებით, რომ წამალი სიკვდილს იწვევს, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არ კვდებიან ვირთხები. ეს ახალი წამალია, რუსეთიდან შემოვიტანეთ, მთელი რუსეთი ამას ხმარობს, მაგრამ ალბათ ჩვენთან სხვანაირად მოქმედებს, უფრო მრავლდებიან, უფრო აგრესიულები ხდებიან. არ ვიცი, მართლა არაფერი მესმის“, - ამბობდა სანეპიდსადგურის შეფი.

გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლებელი იყო, რომელიმე ლაბორატორიიდან, საცდელი ვირთხები გაიქცნენ და სწორედ მათ ჰქონდათ ეს აგრესიული პრეპარატი შეყვანილი. ამიტომ, შსს-ს თანამშრომლებმა, უფროს კოლეგებში ანუ უშიშროების კომიტეტში ეს საკითხი ფრთხილად მოიძიეს და მოიკვლიეს. უშიშროების კომიტეტმა ხელები გაასავსავა, რა ლაბორატორიის ვირთხები, ჩვენ ასეთ ცდებს არ ვატარებთო ანუ ეს იყო პირდაპირი უარი და თან მინიშნება, რომ ლაბორატორიის ცხოველებზე კითხვები აღარ დასმულიყო. თუმცა, რატომ გახდნენ აგრესიული ვირთხები, ყველას ძალიან აინტერესებდა. ქართულმა მხარემ რუსეთში მოთხოვნაც კი გაგზავნა და იქაური ამბები მოიკითხა. პასუხმა ყველა დააინტერესა. როგორც გაირკვა, წამალი, რომლითაც ქართველები ვირთხებს ებრძოდნენ, რუსეთში ხმარებიდან ორი წლის წინ ამოიღეს და ამოიღეს იმ მიზეზით, რომ მისი მოხმარების შემდეგ... ვირთხები აგრესიულები გახდნენ. ახლა ის იყო გასარკვევი, ვინ და რატომ ჩამოიტანა უკვე აკრძალული პრეპარატი საქართველოში და ზოგადად, სად იყო მარაგი თავად რუსეთში, რადგან რუსული მხარე ირწმუნებოდა, აღნიშნული წამალი მთლიანად გავანადგურეთ, მისი შეძენა წარმოუდგენელია, მითუმეტეს, დიდი რაოდენობითო. ამ დროს კი, თბილისის სანეპიდსადგურის საწყობში, რამდენიმე ტონა სითხე დაფასოებული ელაგა. რა თქმა უნდა, ისევ სანეპიდსადგურის ხელმძღვანელს მიადგნენ.

„მომარაგებას რუსეთიდან ვიღებ და იქ ჩემი საწყობის გამგე დადის. ერთხელაც კი არ ვარ წასული, არ ვიცი, სად, რა იყიდება ან იშოვება. ამიტომ, მუდმივად ის დადის და პასუხიც მას უნდა მოთხოვოთ. მე ვიყენებ იმ წამალს, რომელიც მას ჩამოაქვს და რაც მთავარია, მას მოაქვს დოკუმენტი, რომ ეს წამალი მოსკოვის შესაბამისი საწყობიდან გაიცა. არ მგონია, აქ რამე კრიმინალი იყოს, ჩემი საწყობის გამგემ თუ იმაიმუნა, საბჭოთა კავშირის დედაქალაქშიც მექრთამეები ხომ არ სხედან?“ - განაცხადა სანეპიდსადგურის დირექტორმა და სავარაუდოდ, მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ყველაზე დიდი მექრთამეები, სწორედ მოსკოვში ისხდნენ და ყველაზე დიდი ფულიც, სწორედ საბჭოეთის დედაქალაქში „იჭრებოდა“.

საწყობის გამგის დაკავებას ძალოვნები არ ჩქარობდნენ და მას თვალთვალი დაუწყეს. ფუფუნება, რომელშიც ის ცხოვრობდა, ბევრისთვის მოულოდნელი იყო. ბინა, აგარაკი, ავტომობილი, კარგად ჩაცმულ-დახურული ცოლ-შვილი, სავარაუდოდ, სწორედ რუსეთში ნაყიდი ტანისამოსი და... მეზობლებმა თქვეს, სახლი ჩეხური ბროლითა და იუგოსლავიური ავეჯით აქვს გამოტენილიო, რაც მაშინ უდიდეს ფუფუნებად ითვლებოდა. თუმცა, დროც არ ითმენდა, დედაქალაქის რამდენიმე უბანს ვირთხები კი არ მოედნენ, არამედ, „შტურმით აიღეს“ და ხალხს სადარბაზოში გასვლის ეშინოდა. მეტიც, ერთ-ერთი კორპუსის მაცხოვრებელმა გადაწყვიტა, რომ ამ პრობლემისთვის საკუთარი კატის საშუალებით მოევლო, რომელიც ვირთხებსაც გადასარევად იჭერდა და კატა ღამით გარეთ დატოვა. მეორე დილით, სარდაფის ჩასასვლელში, კატის დაგლეჯილი, უსულო სხეული იპოვეს. საწყობის გამგე დააკავეს და საქმე იმდენად რეზონანსული იყო, რომ ის დასაკითხად უშიშროების კომიტეტში წაიყვანეს. აგრესიულმა ვირთხებმა, მოსკოვშიც და თბილისშიც, „კა გე ბე“-ს მაღალჩინოსნები ძალიან დააინტერესა.

„წლებია, მოსკოვიდან შხამ-ქიმიკატები ჩამომაქვს. სამი დირექტორი გამოვიცვალე, მე კი საწყობის გამგედ დავრჩი. შესაბამისად, რუსეთში ყველას ვიცნობ. ბოლოს როცა ჩავედი, თან 60 ათასი მანეთი მქონდა. ერთ-ერთმა იქაურმა მეგობარმა მითხრა, ჩამოწერილი წამალი გვაქვს, ვირთხებს ეგეც კლავს, საწყობში ადგილს იკავებს და მაგას გაგატანთ, საბუთსაც დაგიწერთ და ყველაფერი ეს, თავის ქრთამიანად, 25 ათასი მანეთი დაგიჯდებაო. დავთანხმდი, ვენდე, ან რატომ არ უნდა დავთანხმებულიყავი, არასოდეს მოვუტყუებივარ. ჩამოვიტანე წამალი და დაიწყო ის, რაც დაიწყო. მე მაინც მგონია, რომ შესაძლოა, მიზეზი სხვა იყოს, თორემ ასე გააგრესიულება როგორ შეიძლება?“ - ლუღლუღებდა დაკითხვაზე დაკავებული.

საწყობიდან შხამ-ქიმიკატები სასწრაფო წესით ამოიღეს, ნაწილი საქართველოში დატოვეს კვლევებისთვის, ნაწილი მოსკოვში გაგზავნეს. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს სწორედ ის პრეპარატი იყო, რომელიც ვირთხის ტვინზე ზემოქმედებდა და ყველაფერი, რაც მოძრაობდა, მას საფრთხედ მიაჩნდა. ამიტომ, ვირთხები ინსტიქტურად, თავდასხმაზე გადადიოდნენ და არავის ინდობდნენ. რაღა თქმა უნდა, დააკავეს მოსკოველი მექრთამეები, თბილისშიც საწყობის გამგეს 7 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, სანეპიდსადგურის დირექტორი, გულგრილობის ბრალდებით, სამსახურიდან დაითხოვეს და სასწრაფო წესით რუსეთიდან ახალი საწამლავი შემოიტანეს, თუმცა საწამლავის დაყრის პარალელურად, შეიქმნა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აგრესიულ ვირთხებს ხოცავდნენ. მათ ამისთვის სპეციალური წამახვილებული პლასტმასის ჯოხები ჰქონდათ, რომლის წვერის ბოლოც ბასრი რკინით იყო დაბოლოვებული, რკინაზე კი დენი გახლდათ შეერთებული. სამუშაოები სამ თვეზე მეტხანს გაგრძელდა, სანამ აგრესიული ვირთხები სრულად არ ამოჟლიტეს. არსებობს არცთუ უსაფუძვლო ვარაუდი, რომ აღნიშნული პრეპარატის დამზადება-გამოყენება უშიშროების კომიტეტმა რუსეთში კიდევ დიდხანს გააგრძელა.

 

 ავტორი-ბათო ჯაფარიძე