უშიშროების თანამშრომელმა ვეტერანი პედაგოგი მოკლა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ალბათ, ყველას ჰყავს ისეთი ადამიანი, რომლისგანაც ბევრს სწავლობს. არ ვგულისხმობთ მშობელს, ან უფროს დედმამიშვილს, უბრალოდ, შეიძლება ეს იყოს მეზობელი, კოლეგა, მეგობარი, რომელიც შენზე გამოცდილია, ბევრი აქვს ნანახი და გამოცდილებას გიზიარებს, გეუბნება, რა და როგორ სჯობს. ასეთ ადამიანებს ვუფრთხილდებით, გვახსოვს, პატივს ვცემთ... შედეგად, ყალიბდება განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელიც მუდამ გვახსოვს და რა დროც არ უნდა გავიდეს, ვხვდებით, რომ ეს ადამიანი ჩვენი ცხოვრებიდან არსად წასულა. ის ყოველთვის ჩვენს გვერდითაა და ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევეხმიანოთ, ისიც რჩევას მოგვცემს, შეწუხდება, არ დაიზარებს...

 

„მყავდა ერთი ასეთი მასწავლებელი, დამრიგებელი იყო ჩემი. ომის ვეტერანი გახლდათ, ყველას მამაშვილურად გვექცეოდა, მაგრამ ბოლოს ორნი შევრჩით, მე და ჩემი კლასელი. ურთიერთობა არც სკოლის შემდეგ გაგვიწყვეტია, თანაც ორივე ძალოვანები გავხდით, მე შინაგან საქმეთა სამინისტროში წავედი, ჩემი კლასელი - უშიშროებაში. ხან ერთად ვაკითხავდით, ხან - ცალ-ცალკე. მოკლედ, საუცხოო ურთიერთობა გვქონდა“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ყველასთვის მოულოდნელად, ომის ვეტერანი, უკვე პენსიაზე გასული მასწავლებელი გარდაცვლილი იპოვეს. ბატონი თენგიზი საკმაოდ გამოცდილი გამომძიებელი გახლდათ, ავტორიტეტითაც სარგებლობდა და ამიტომ, როცა ითხოვა, ამ საქმის გახსნა მე მომანდეთო, უარი არ უთქვამთ. მეტიც, მისი კლასელი, უშიშროების თანამშრომელი, იმ დღესვე კაბინეტში ეწვია მეგობარს და უთხრა, თუ ჩემი და ჩემი კანტორის მხრიდან რამე დახმარება დაგჭირდება, გვერდით მიგულეო. მაშინ ბატონმა თენგიზმა არ იცოდა, უფრო სწორად, ვერც კი წარმოდგენდა, რომ საქმეს „გრიფით საიდუმლო“ დაედებოდა.

ექსპერტის დასკვნით, მამაკაცი გაგუდეს. ის სახლისკენ მიდიოდა, როცა უკნიდან მიეპარნენ და ყელში, სავარაუდოდ, ფეხსაცმლის თასმა, ან რაღაც ამდაგვარი, წვრილი ზონარი წაუჭირეს. სავარაუდოდ, მკვლელმა თავის საქმე კარგად იცოდა, რადგან ასაკის მიუხედავად, გარდაცვლილი საკმაოდ კარგ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებოდა, თუმცა წვრილი ზონარი ყელის კანში მყარად ჩაერჭო და ამიტომაც, მასწავლებელმა თავდამსხმელისგან თავის დაღწევა ვერ მოახერხა. ექსპერტი იმასაც ამბობდა, ზონარი იმდენად წვრილი იყო, ხოლო თავდასხმა, სავარაუდოდ, იმდენად მოულოდნელი, ამას ქალიც მოახერხებდა, დიდი ძალა არ დასჭირდებოდა მოხუცის გაგუდვასო. რაღა თქმა უნდა, გამომძიებელმა შესაძლო თვითმხილველების ძებნა დაიწყო და... მისდა გასაკვირად, ასეთს მალე მიაგნო. კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებელი ამტკიცებდა, ზუსტად ვიცი, მკვლელი ვინც არის, შემიძლია, სახელი და გვარი გითხრათო.

„მოწმე ამბობდა, დარწმუნებული ვარ, ის საწყალი ჩვენმა მეზობელმა ქალმა გაგუდა, რადგან, დავინახე, სწორედ იმ დროს, როცა მკვლელობა მოხდა, ის ქალი როგორ გარბოდა, ქურთუკით ვიცანი და ვიცანი იმიტომ, რომ ორი კვირის წინ, ის ქურთუკი მე ვაჩუქე. მკვლელობის მოტივზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩემი ქურთუკი არ შემეშლებოდა. ისიც კი ვიფიქრე, ეს ქალი სად გარბის-მეთქი და ზუსტად 5 წუთში, იმ ადგილზე კივილი ატყდა, მოკლეს, მოკლესო იძახდნენ“, - ასეთი რამ თქვა თვითმხილველმა დაკითხვაზე და რაღა თქმა უნდა, ეჭვმიტანილის გვარიც დაასახელა. რა ძნელი მისახვედრია, რომ გამომძიებელმა დასახელებული ქალის დაკავება ბრძანა და ის ოპერ-მუშაკებმა... კორპუსის სარდაფში იპოვეს.

„ჩემთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა, გსურთ, რომ გამასამართლოთ, არც ეგ არის პრობლემა. იმ უბედურის მკვლელობას მაბრალებთ, იყოს, არ გავჯიუტდები, თქვენც გახსნილი საქმე დაგეწერებათ და მეც ქუჩა-ქუჩა აღარ ვიწანწალებ“, - თქვა დაკავებულმა. მისგან ასეთ მარტივ დანებებას გამომძიებელი აშკარად არ ელოდა და ქალზე ყველა ინფორმაციის მოძიება სცადა.

როგორც გაირკვა, ეს ქალბატონი, რომელიც დაკავების მომენტისთვის 38 წლის იყო, მას შემდეგ გაუბედურდა, რაც ქმარი გარდაეცვალა. მოტყუებით, ბინა ვიღაც თაღლითებზე გადააფორმა, რომლებმაც გაყიდეს და საბოლოოდ, ქალი - ორი ბავშვით, ქუჩაში აღმოჩნდა. წასასვლელი რომ არსად ჰქონდა, საცხოვრებლად სარდაფში ჩავიდა, იქაც არ მოასვენეს, ვიღაცებმა უჩივლეს და ორი ბავშვი უბრალოდ წაართვეს, ბავშვთა სახლში წაიყვანეს. სამსახურიდან, სადაც ქალი მუშაობდა, მოულოდნელად დაითხოვეს და როგორც თავად ამბობდა, მისი უშუალო უფროსი სექსუალურ ურთიერთობას სთხოვდა, უარის შემდეგ კი გააგდო, მაგრამ მილიციაში არ წასულა, რადგან ზუსტად იცოდა, უპატრონოს არავინ მიხედავდა და ზუსტად ისე დაიკიდებდნენ ფეხებზე, როგორც ბინის დაკარგვის დროს. მეზობლების ნაწილს ის ეცოდებოდა, ნაწილს - არ აინტერესებდა, თუმცა საკვებსა და ტანსაცმელს მაინც აძლევდნენ ხოლმე. როცა ქურთუკზე ჩამოვარდა სიტყვა, ქალმა მხრები აიჩეჩა - ეგ მეც მაინტერესებს, ქურთუკი მაჩუქეს, ისეთი ძველი და დაკერებული იყო, ჩაცმის მრცხვენოდა, მაგრამ ვიღაცამ მომპარა, სარდაფის ჩასასვლელში მეკიდა და იქიდან ჩამოხსნაო.

„რაღად გინდა, რომ ეძებ და უკირკიტებ ამ საქმეს? აღიარებითი ჩვენება გაქვს, შეიძლება, მოტივი მყარი არ არის, მაგრამ საქმე გახსნილია, გადაეცი სასამართლოს“, -ურჩია გამომძიებელს მეგობარმა.

„ჩემთვის, თითქოს, ყველაფერი გასაგები იყო და ამავდროულად, აბსოლუტურად გაუგებარი გახლდათ. მეზობლების დაკითხვის შემდეგ გავარკვიე, რომ ჩემს მასწავლებელს დაკავებულთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რაც არ გამკვირვებია, ის მუდამ გაჭირვებულების მხარეს იყო. თავად ცოლ-შვილი არ ჰყავდა და დარწმუნებული ვარ, დაობლებულ ბავშვებს საკუთარივით უვლიდა, რაც ქალმაც დაადასტურა, თან გვყვებოდა, მეუბნებოდა, ჩემთან გადმოდით, ორი ოთახი მაქვს, დავეტევითო, მაგრამ მერიდებოდა და მუდმივად უარს ვეუბნებოდიო. ამიტომ, საქმის გადაცემას არ ვჩქარობდი და ირიბი აღიარების მიუხედავად, არ მჯეროდა, რომ მკვლელი მყავდა დაჭერილი. თანაც, ქალი მკვლელობას აღიარებდა და ამავდროულად ამბობდა, რომ ქურთუკი, რომლითაც მეზობელმა იცნო, მოპარეს“, -იხსენებს ბატონი თენგიზი.

გამომძიებელმა დაკავებული კიდევ ერთხელ დაკითხა და პირდაპირ მიახალა, არ მჯერა, რომ მკვლელი ხარ და ეგებ, ისეთი რამ გაიხსენო, რაც აქამდე არ გითქვამს და ერთი შეხედვით, უმნიშვნელო და ამავდროულად, უცნაური გგონიაო.

„რა უნდა გავიხსენო? ის თაღლითები, რომლებმაც ბინის გარეშე დამტოვეს, გარდაცვლილთანაც იყვნენ, ორჯერ ვნახე. პირველად მხოლოდ კაცი ვნახე, ის უბედური მამაშვილურად ესაუბრებოდა, მეორედ უკვე ის კაცი, ქალთან ერთად იყო მოსული და მძიმე საუბარი შედგა, ლამის ხელიც დაარტყა. რაზე საუბრობდნენ, არ ვიცი, მაგრამ ის კაციცა და ქალიც კარგად მახსოვს, თუ მანახებთ, სახეზე ამოვიცნობ“, - თქვა ქალმა.

ყველაფერთან ერთად, განყოფილებაში ადვოკატი მივიდა და განაცხადა, გარდაცვლილი ჩემი კლიენტი იყო და ბოლო დღეებში, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ბინა ვიღაც ქალისთვის გადაეფორმებინა, იმ ქალის სახელი და გვარი ჩაწერილი მაქვსო. წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდი იყო გამომძიებლის გაოცება, როცა გაიგო, რომ მისი მასწავლებელი ბინას... მკვლელობაში ეჭვმიტანილს უფორმებდა, მაგრამ ვერ მოასწრო. ეს თითქოს მოტივი იყო, მაგრამ როცა ეჭვმიტანილ ქალს ამის შესახებ ჰკითხეს, გულწრფელად გაუკვირდა, არ ვიცოდი, თუ ბინის გადაფორმებას ჩემზე აპირებოდაო. საქმე კიდევ უფრო ჩაიხლართა, გამოდიოდა, რომ დაკავებულს ყველაზე ნაკლებად აწყობდა მკვლელობა, თუმცა გამომძიებელი მის გაშვებას არ ჩქარობდა, რადგან არ სურდა, რეალური დამნაშავე დაეფრთხო. კვანძი მაშინ გაიხსნა, როცა ამას არათუ არავინ ელოდა, ვერც კი წარმოიდგენდა.

„მეგობარმა დამირეკა უშიშროებიდან, რა ეტაპზეა საქმეო? მუდმივად მეკითხებოდა და არც მიკვირდა, რადგან სწორედ ჩვენ ორს გვქონდა გარდაცვლილთან ურთიერთობა. ვუთხარი, რომ ერთ ადგილზე ვიდექი, ვერც წინ მივვდიოდი, ვერც უკან და იმ ქალსაც მხოლოდ იმიტომ არ ვუშვებდი, ნამდვილი მკვლელები რომ არ დამეფრთხო. მითხრა, 20 წუთში მოვალო და კარგი-მეთქი. ტელეფონი რომ გავთიშე, ვიფიქრე, დაკავებულს მასთან ერთად დავკითხავ, უშიშროების თვალი მაინც სხვა არის-თქო და მორიგეს ვუთხარი, ჩემი მეგობარი რომ მოვიდოდა, დაკავებული ამოეყვანა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

უშიშროების თანამშრომელს სხვა იდეა ჰქონდა - ქალი გაეშვათ და მასზე თვალთვალი დაეწესებინათ, ეგებ, მკვლელებს მისი მოშორებაც ეცადათ. ამ დროს, მორიგემ დაკავებული შემოიყვანა და ქალმა მოულოდნელობისგან შეჰკივლა - სწორედ ეს არის, ვისაც მოკლული ეჩხუბებოდა, ქალთან ერთად იყო და ამათმა წამართვეს ბინაო. გამომძიებელი ლამის შოკში ჩავარდა, რადგან კარგად დაინახა, როგორ შეეცვალა მის მეგობარს სახე, შემდეგ როგორ ისკუპა კარისკენ, მორიგე ერთი დარტყმით როგორ გათიშა და გარეთ გავარდა. მასზე ძებნა გამოცხადდა, საქმეს კი გრიფით საიდუმლო დაედო და ის უშიშროებამ წაიღო.

„ყველაფერი ორ კვირაში დასრულდა. ჩემი მეგობარი დააკავეს, მისი მეგობარი ქალიც დააპატიმრეს. მკვლელობა ქალმა აღიარა, ჩემმა მეგობარმა კი ის თქვა, რომ მასწავლებლის მოკვლა აზრადაც არ ჰქონია, თუმცა მისმა მეგობარმა ქალმა ეს ყველაფერი შეუთანხმებლად გააკეთა. რაც მთავარია, ეს არ იყო არც პირველი და არც მეორე ბინა, რომელიც წყვილმა თაღლითურად ჩაიგდო ხელში. უშიშროების თანამშრომელი სიტუაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ალაგებდა და ყველაფერი, თითქოს, ძალიან მარტივად ხდებოდა. ქალს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ჩემს მეგობარს მხოლოდ 7 წელი მისცეს. რაც შეეხება დაკავებულს, მას შვილებიც დაუბრუნეს და ბინაც“, - დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა.

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე