დიდი ტრაგედია აფხაზეთში - რატომ მოკლა ძმამ ძმა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იმას, რასაც ახლა ბიზნესს ვეძახით, ადრე კონტრაბანდა და სპეკულანტობა ერქვა. ახალმა თაობამ არც იცის, რომ ნორმალური სიგარეტის, ჯინსის, ან კარგი ფეხსაცმელის ყიდვა გადამყიდველებთან იყო შესაძლებელი და თუ სამართალდამცავები დაიჭერდნენ, მყიდველ-გამყიდველი ერთნაირად ისჯებოდნენ. მაგალითად, ამერიკული „მალბოროს“, „ქემელის“ და სხვა სიგარეტების შეძენა ბოშებთან შეიძლებოდა, ტანსაცმელს, ძირითადად, ის ადამიანები ჰყიდდნენ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, საზღვარგარეთ დადიოდნენ (ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, უცხოურ მისიებში წასული სპეციალისტები). ასე განსაჯეთ, წამალიც კი ძნელად საშოვნელი იყო და მედიკამენტებისთვის თბილისელ ებრაელს, მეტსახელად, „ჩაშკას“ აკითხავდნენ. არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია „ჩაშკას“ წამლებს.

 ჰოდა, ადამიანები რისკავდნენ, ცდილობდნენ, როგორმე, საბჭოთა კავშირის დახურულ საზღვრებში შემოეპარებინათ რამე და შემდეგ აქ სარფიანად გაეყიდათ. მთავარი შემოტანა იყო, თორემ უცხოურ საქონელს მუშტარი მუდმივად ჰყავდა. განსაკუთრებით გაცხოველებული ვაჭრობა იყო აფხაზეთის რეგიონში, სადაც უცხოური გემები ხშირად ჩერდებოდნენ, ჩამომსვლელებმაც იცოდნენ, რომ საკუთარი ქვეყნის ნაწარმს  საბჭოთა რუბლზე სარფიანად გაყიდდნენ და ხელდამშვენებულნი მოდიოდნენ მზიან სანაპიროზე. ეს ყველაფერი სამართალდამცავებმაც კარგად იცოდნენ, ამიტომ ხშირად აწყობდნენ ჩასაფრებებს და ისე ნუ გაიგებთ, მხოლოდ კანონის დაცვის გამო წვალობდნენ - ამოღებული საქონლის უდიდეს ნაწილს მილიციის თანამშრომლები, თუ მესაზღვრეები ადგილზე ინაწილებდნენ და განყოფილებაში მხოლოდ მცირე ოდენობა მიჰქონდათ. დაკავებულებიც ხმას არ იღებდნენ, რადგან რაც უფრო ცოტა იყო კონტრაბანდა, მით ნაკლები იყო სასჯელი და პირობითი სასჯელითაც შეიძლებოდა გამომძვრალიყვნენ.

80-იან წლებში, ადგილობრივ მილიციასა და მესაზღვრეებს ორი ძმა უშრობდა სისხლს. ისინი მამით ერთნი იყვნენ, დედით - სხვადასხვა. აფხაზ კაცს მეუღლე ავარიაში დაეღუპა და ხელში თოთო ბავშვი შერჩა, წლისთავზე ისევ იქორწინა და მეორე ცოლთანაც ბიჭი შეეძინა. ძმები ერთად გაიზარდნენ, საქმეც ერთად დაიწყეს და რაღა თქმა უნდა, ერთმანეთს თვალდახუჭულები ენდობოდნენ. მათთან ერთად იყო კიდევ ერთი, ბავშვობიდან მათთან შეზრდილი ქართველი, რომელიც ასევე კონტრაბანდაში იყო ჩართული. ბედისა თუ უბედობის გამო, სამართალდამცველებმა სამეული ვერასდროს ვერ მოიხელთეს. იცოდნენ ხოლმე, სად უნდა გაევლოთ, ტყეში ჩასაფრებას უწყობდნენ, მაგრამ სამი მეგობარი ისე ქრებოდა, მათ კვალს ვერ პოულობდნენ. ამის მიზეზი მერე და მერე გაიგეს მესაზღვრეებმა - რამდენიმე ადგილზე, მიწისქვეშა ოთახები ჰქონდათ გამზადებული, ზედმეტად კარგად შენიღბული და სწორედ იქ იმალებოდნენ, შემდეგ კი უკან ამოძვრებოდნენ და გზას მშვიდად აგრძელებდნენ.

ძმებს ქალაქის განაპირას მცხოვრები უკრაინელი დები უყვარდათ. იძახდნენ კიდეც, ერთად გადავიხდით ქორწილსო და დებს ხშირად სტუმრობდნენ, რჩებოდნენ, ყველამ იცოდა, რომ მათი საქმროები იყვნენ და არავის თუ არაფერს ერიდებოდნენ. მათი მეგობარი კი ამ დროს ქალაქში, საკუთარ სახლში, მშობლებთან იყო, ძმებს ხელს არ უშლიდა. ძმების დაკავების ბრძანება არაერთხელ გაიცა, რამდენჯერმე აიყვანეს კიდეც, ჩხრეკაც ჩაატარეს, მაგრამ ვერაფერი უპოვეს, საერთოდ ვერაფერი. ამიტომ, ძალოვნები იძლებულნი ხდებოდნენ, ეჭვმიტანილები მტკიცებულებების უქონლობის გამო გაეთავისუფლებინათ. უფროსი ძმა საკუთარ შემოსავალს ჰაერში ფანტავდა, ფულს წინ და უკან აფრიალებდა, ხელგაშლილი იყო, მისი ნახევარძმა კი, აგროვებდა და ამბობდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, საცოლესთან ერთად, რომელიმე გემს ევროპაში გაჰყვებოდა და სამუდამოდ იქ დარჩებოდა.

ერთ დღეს, ძმებს მორიგი საქონელი მოჰქონდათ, როცა წინ, სამი შეიარაღებული პირი გადაუდგათ. მათ შაშხანები მიუშვირეს სამივეს და სანამ ისინი რამის გაფიქრებას მოასწრებდნენ, სროლაც დაიწყეს. მეგობრები გაიფანტნენ, მაგრამ სანამ დაიმალებოდნენ, უმცროსმა ძმამ დაინახა, როგორ ესროლა მისმა ქართველმა მეგობარმა უფროს ძმას, მაგრამ ააცილა. დაწყნარებულ გუნებაზე, როცა მდევარს თავი დააღწია, დაფიქრდა და გადაწყვიტა - ესენი მესაზღვრეები არ იყვნენ, ჩვეულებრივი კრიმინალები გახლდნენ, რადგან მათ არც ის დაიყვირეს, ხელები მაღლა აწიეთო, არც გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთეს ჰაერში, სამივეს პირდაპირ, დამიზნებით, მოსაკლავად ესროლეს. რადაც არ უნდა დაჯდომოდა, უმცროს ძმას ქართველი მეგობარი უნდა ეპოვა და პასუხი მოეთხოვა. იცოდა, უფროსი ძმა სადაც უნდა მოენახა და იმ ადგილისკენ გასწია. როცა ადგილზე მივიდა, დაიმალა და გაოცებისგან პირი დააღო - იქვე ახლოს, სამალავში, სწორედ ქართველი მეგობარი წამოწოლილიყო. ზურგიდან მიეპარა, თავზე დაახტა და უმოწყალოდ სცემა. მოულოდნელი თავდასხმის მიუხედავად, ქართველი აზრზე მალე მოვიდა, მოწინააღმდეგე მიწაზე გააკრა და ბოლო ხმაზე უყვირა - „რას აკეთებ, მოღალატე მე კი არა, შენი უფროსი ძმაა, იმან გაგვიმეტა!“

უმცროსი ძმა გაჩერდა, სხვა გზა არც ჰქონდა, ქართველს მისი ხელები კარგად ეჭირა და ამოიხრიალა - „მოყევი და თუ ზღაპარს მომიყვები, მოგკლავ!“ ქართველმაც დაიწყო: „ხომ გახსოვს, როცა მოვდიოდით, შენმა ძმამ რამდენჯერმე სიგარეტზე მოკიდება სცადა, სანთებელა აანთო, ჩააქრო, აანთო, ჩააქრო. კიდევ აანთო და ჩააქრო, მერე კი სიგარეტი შეინახა, აქაოდა, მესაზღვრეების ძაღლები სიგარეტის სუნს გრძნობენო. არასდროს, არასდროს მოვქცეულვართ ასე, რომ გზაზე სიგარეტი მოგვეწია, რადგან ვიცით, რომ სუნი დიდ მანძილზე მიდის და არ შეიძლება. მერე, სანამ იმათ მივუახლოვდებოდით, ვინც გვესროლა, შევნიშნე, შენმა ძმამ ფანარი აანთო და ჩააქრო, ამით ანიშნა, ვისთვის არ უნდა ესროლათ. მოღალატე სწორედ შენი ძმაა, თორემ მე რომ ვიყო, რა მიშლის ხელს, მოგკლა? იმან გაგვწირა და რატომ გაგვწირა, ერთად უნდა გავარკვიოთ“.

ამ სიტყვების შემდეგ, ქართველმა აფხაზ მეგობარს ხელი გაუშვა, იმანაც თავი დახარა და ამოილუღლუღა - „მგონი, მართალი ხარ, მაგრამ რატომ?!“ მეგობრები მიხვდნენ, რომ მოღალატე სამალავთან არ მივიდოდა, ან თუ მივიდოდა, მარტო არ იქნებოდა, ამიტომ იქაურობას გაეცალნენ და სოფლის განაპირას წავიდნენ, ბიჭს აინტერესებდა, მისი საცოლე თუ იყო საქმის კურსში. სახლი გარედან დაზვერეს და მიხვდნენ, რომ იქ ქალების გარდა, კიდევ ვიღაც იყო, რადგან ფარდებს იქეთ, ფანჯარაში, რამდენიმე სილუეტი ჩანდა. თვალთვალის შემდეგ დაადგინეს, ყველაზე ცოტა, სახლში ოთხი მამაკაცი იმყოფებოდა და აქედან მხოლოდ ერთს, მათ მეგობარს იცნობდნენ, დანარჩენები კი უცხოები იყვნენ. მეორე დილით, ეზოში უმცროსი ძმის საცოლე გამოვიდა. ბიჭმა საფარიდან ჩუმად დაუძახა, გოგონამ გამოიხედა, თავი დაიქნია და შინ შებრუნდა. დაახლოებით, ერთ საათში, კალათით გამოჩნდა და ტყის გზას შეუყვა. როცა ტყეში მიიმალა, ბიჭი ქართველ მეგობართან ერთად გზაზე გამოვიდა და საცოლეს გადაეხვია.

„ამიხსენი, რა ხდება? შენი ძმა მოვიდა ვიღაც უცხოებთან ერთად, აშკარად კრიმინალები არიან, ხელები სვირინგებით აქვთ მოხატული. შენ გელოდებიან, ასე თქვეს, აუცილებლად მოვა, საქმეზე დარჩა ქალაქშიო“, - სულმოუთქმელად მიაყარა გოგომ. ძმა საბოლოოდ დარწმუნდა ძმის ღალატში, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ კბილებამდე შეიარაღებულ ოთხ კაცს ის და მისი ქართველი ძმაკაცი ვერ გაუმკლავდებოდნენ. ამიტომ, ისევ ტყეში დარჩენა და თვალთვალი არჩია. მამაკაცები სახლიდან არ გამოდიოდნენ, პროდუქტის საყიდლადაც ქალებს უშვებდნენ და ასე გავიდა სამი დღე. მეოთხე დღეც დაღამდა, როცა მეგობრებმა სახლთან მიახლოება გადაწყვიტეს და სწორედ ამ დროს, ქალების კივილი გაიგონეს. კივილი წამებში შეწყდა, თუმცა ბიჭებისთვის ეს საკმარისი იყო, ისინი სახლის კართან მივიდნენ, მიაწვნენ, შეაღეს და იქვე, კედელზე აყუდებული თოფები მოიმარჯვეს. საძინებელ ოთახში, სამ მამაკაცს უმცროსი ძმის საცოლე ჰყავდათ ლოგინზე გაშიშვლებული და გაუპატიურებას ცდილობდნენ. სროლა და ძიძგილაობა ერთად ატყდა, დამხვდურები დროზე ვერ გაერკვნენ, რა მოხდა და როცა გაერკვნენ, ორი დაჭრილი ეგდო, ერთი - მკვდარი. ბიჭი საცოლეს გადაეფარა, ამშვიდებდა, ქართველი მეგობარი კი მთავარი მოღალატის მოსაძებნად მეორე ოთახში გავიდა და ტყვიასაც შეეგება - უფროსი ძმა მომზადებული დახვდა, ტყვიამ მუცელში გაუარა და კართან ჩაიკეცა. სროლის ხმამ უმცროსი ძმა აზრზე მოიყვანა, თოფი გადატენა და ოთახში შევარდა. ორი გასროლის ხმა ერთდროულად გაისმა და ორივე ძმა ჩაიკეცა. ისინი დაჭრილები, მაგრამ ცოცხლები იყვნენ, დებმა იარაღი წაართვეს, იცოდნენ, სროლის ხმაზე მეზობლები მილიციას გამოუძახებდნენ და რაც მალე მოვიდოდნენ სამართალდამცავები, მით მეტი შანსი იყო დაჭრილების გადარჩენის. მილიციის მოსვლამდე, უმცროსმა ძმამ უფროსს ჰკითხა - „რატომ?“

„იმიტომ, რომ შენ უმცროსი იყავი და ყველა შენ გეფერებოდა. იმიტომ, რომ დედაშენს შენ უფრო უყვარდი და მე ამას ვგრძნობდი. იმიტომ, რომ შენ ათასები გაქვს დაგროვილი, მე კი არაფერი. მთელი ცხოვრება მძულდი და ათჯერ რომ მქონდეს შანსი, ათჯერ მოგკლავდი“...

ექიმებმა უფროსი ძმის გადარჩენა შეძლეს, უმცროსის - ვერა. გადარჩა ქართველი მეგობარიც და სამი კრიმინალიდან - ორი. ყველას სასამართლო რამდენიმე თვეში შედგა და სხვადასხვა სასჯელებით, ყველა ციხეში გაისტუმრეს. წლების შემდეგ, როცა ისინი გათავისუფლდნენ, უფროსი ძმა ტყვიით მკვდარი იპოვეს. ვიღაც ამბობდა, ქართველმა მეგობარმა იძია შურიო, მაგრამ ოფიციალურად, ის იმ დროს რუსეთში იყო, ვიღაცამ ისიც თქვა, გარდაცვლილი ძმის საცოლემ მოკლაო. სიმართლე ბოლომდე ვერავინ გაიგო და დღემდე, უმცროსი ძმის სამალავს, სადაც როგორც ამბობენ, ათი ათასობით მანეთს ინახავდა, ვერავინ მიაგნო.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე