ვინ იყო რესტორნის დირექტორი, რომელიც საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორც არ უნდა ვატრიალოთ, პატიმართა უმრავლესობა სასჯელს ქალის გამო იხდის. აქ საუბარი არ გვაქვს ძალადობაზე (თუმცა, ბოლო დროს, ეს დანაშაულიც არ არის გამონაკლისი), პატიმრების უმრავლესობა ამბობს, რომ ფული ქალისთვის სჭირდებოდა, ცოლისთვის, საცოლესთვის, შეყვარებულისთვის, უბრალოდ, მეგობარი გოგონასთვის... ციხეში მოხვედრის მიზეზს რა დალევს, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ბევრი, მიზეზად, სწორედ ქალს ასახელებს. ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, ოფიციალურად ქალი დამნაშავე არ ჰყავს, თუმცა ეს ოფიციალური ვერსიაა და რეალურად, გამომძიებლებიც, პროკურორიც, მოსამართლეც დარწმუნებულები იყვნენ, რომ მთავარი მიზეზი, სწორედ ქალი გახლდათ.

ყველაფერი, თითქოს, ძალიან ბანალურად დაიწყო - ერთ-ერთი პატარა, მაგრამ მუშა რესტორნის მფლობელი საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს. მას  ერთადერთი ტყვია გულში ჰქონდა მოხვედრილი და თითქოს მკვლელიც თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს.

„ხორცის ახალი პარტია მოვიტანე, არ მომეწონა, არ ვიტოვებდი, დირექტორთან შევედი და ამ დროს, ოთახში მისი მოადგილე დავინახე, ხელში იარაღი ეჭირა, დირექტორი კი მკვდარი იყო. მან იარაღი დააგდო და გაქცევა დააპირა, მაგრამ ფეხი დავუდე, რომ წაიქცა, ზემოდან მოვექეცი და ყვირილი დავიწყე. ყვირილზე სხვა თანამშრომლებიც მოვიდნენ და ხელები შევუკარით, შემდეგ მილიცია გამოვიძახეთ“, - ასე ეწერა მზარეულის ჩვენებაში, რომელიც მან ადგილზე მისცა.

„ჩემთან ოფიციანტი გოგონა მოვიდა და მითხრა, რომ შეფი მეძახდა. მეც კაბინეტში შევედი, კარი ნახევარად ღია იყო, ამიტომ არ დამიკაკუნებია, მაგრამ ფანჯრებზე ფარდა იყო ჩამოფარებული და ბნელოდა. ფეხი რაღაცას დავადგი, სილუეტით მივხვდი, რომ დირექტორი სავარძელში იჯდა. ის, რასაც ფეხი დავადგი, ხელში ავიღე და თან შუქი ავანთე. ამ დროს დავინახე, რომ დირექტორი მკვდარი იყო, მე კი ხელში პისტოლეტი მეჭირა. სწორედ ამ დროს, ოთახში მზარეული შემოვიდა, ყვირილი ატეხა, მე ინსტიქტურად გაქცევა დავაპირე, მან კი დამიჭირა და სანამ მილიცია მოვიდოდა, ლამის, ლინჩის წესით გამასამართლეს“, - ეს კი მოადგილის ჩვენება იყო.

რესტორნის თანამშრომლები ერთხმად ამბობდნენ, რომ ახალგაზრდა მოადგილე დირექტორის ასევე ახალგაზრდა ცოლს ეკურკურებოდა, 60 წელს გადაცილებულ დირექტორს პენსიაზე გაშვებას უპირებდა და არა მარტო რესტორნის, არამედ, ცოლის წართმევაც სურდა. თანამშრომლები მართალს რომ ამბობდნენ, იქიდან ჩანდა, რომ გარდაცვლილის გვერდით, სკამთან ფოტო ეგდო, რომელზეც სწორედ დირექტორის ცოლი და მისი მოადგილე, რომელიღაც რესტორანში, მაგიდასთან იყვნენ აღბეჭდილნი, ერთმანეთს ძალიან თბილად უყურებდნენ და თან ხელებით ეხებოდნენ. გამოდიოდა, ცოლი დირექტორს ღალატობდა, რაზეც თავად ქალმა კატეგორიული უარი განაცხადა, რა ღალატი, ქმრის საქმეებზე მესაუბრებოდა, მოხუცდა, ბევრ რამეს ვერ აკონტროლებსო და ამიტომ ვხვდებოდიო. რამდენად იყო ეს მართალი, გამოძიებას უნდა დაედგინა, რადგან თუ ისინი საყვარლები იყვნენ, ეს იქნებოდა მოტივიც და თანაც, რესტორნის დირექტორობა მაშინ... თუნდაც მცირე რესტორნის, ძალიან დიდი პრივილეგია და ფული იყო. სამართალდამცავებმა ოფიციანტი გოგონა დაკითხეს, მაგრამ მან მხრები აიჩეჩა, მე რა შუაში ვარ, მოადგილეს დირექტორი კაბინეტში რომ უხმობდა, ჩვენმა მუსიკოსმა, კონკრეტულად კი მედოლემ მითხრაო. თავის მხრივ, მედოლემ აღიარა, დირექტორთან იმიტომ ვიყავი, რომ დოლი გამიფუჭდა, ზედა მხარე გაეხა და ხელოსანთან უნდა წამეღო, ამას კი 15-20 მანეთი სჭირდებოდა და მე რატომ უნდა გადამეხადა, ვიღაცამ აქ გააფუჭა დოლი, ამიტომ ფული ვთხოვე, მომცა და თან დამავალა, ჩემს მოადგილეს დაუძახეო. მედოლემ ისიც თქვა, დირექტორი ამას რომ მეუბნებოდა, ხელში რაღაც ფოტოს ატრიალებდა და ძალიან ნერვიულობდაო. მედოლეს გზად ოფიციანტი შეეფეთა, რომელსაც დირექტორის ნათქვამი გადასცა, თავად კი ხელოსანთან გაიქცა, რომელიც რესტორნიდან დაახლოებით 400 მეტრში მუშაობდა და დოლი დაუტოვა, უკან დაბრუნებულს კი ეს ამბავი დახვდა. ის, რომ მედოლეს ხელში დოლი ეჭირა და ეჩქარებოდა, ოფიციანტმაც დაადასტურა. ყველა გზა მოადგილისკენ მიდიოდა, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან სულელურად ჩანდა. თუ ის იყო მკვლელი, მზარეულის დანახვაზე იარაღს კი არ მოისროდა და გაიქცეოდა, პირიქით, მზარეულს დააშინებდა და ისე გაიკვლევდა გზას. ამასთან ერთად, ექსპერტიზის დასკვნით, მოადგილის ხელებზე დენთის კვალი იყო, მაგრამ არა იმ ოდენობით, რომ ევარაუდათ, გასროლის შემდეგ დარჩაო. ექსპერტს დასკვნაში პირდაპირ ასე ეწერა - სავარაუდოდ, სუბიექტმა იმ იარაღს მოჰკიდა ხელი, საიდანაც რამდენიმე წუთის წინ გაისროლეს და დენთის კვალიც ამიტომ აჰყვაო.

მომხდარიდან მეორე დღეს, დაკავებულმა ახალი არაფერი თქვა. არადა, გამოძიებას სხვა ეჭვმიტანილი ფიზიკურად არ ჰყავდა, მოადგილე კი ბოლო ხმაზე ტიროდა, დამნაშავე არ ვარ, არ მომიკლავსო და მისი სიტყვების ძალოვნებსაც თითქოს სჯეროდათ, მაგრამ რა უნდა ექნათ? კულუარულად მოიკითხეს და გაიგეს, რომ გარდაცვლილის პენსიაზე გასვლის შემთხვევაში, მის ერთადერთ მემკვიდრედ... მოადგილე მოიაზრებოდა ანუ სხვას, წესით, არც მოტივი უნდა ჰქონოდა და არც - სურვილი. მით უმეტეს, აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი მოკლულს დადებითად ახასიათებდა, ხელფასის გარდა, ისედაც გვიხდიდა, გულს არავის გვწყვეტდაო. დაკავებულმა დირექტორის ცოლთან ურთიერთობაზე პირდაპირ თქვა, მომწონს, მიყვარს, ვეუბნებოდი, ქმარს დაშორდი და ცოლად გამომყევი, მაგრამ ამაში კრიმინალური არაფერია, ქალი შემიყვარდა და მისთვის ვიბრძოდი, ოღონდ არა პისტოლეტითო.

საინტერესო იყო კიდევ ერთი დეტალი - გასროლის ხმა ვერავინ გაიგო და ესეც დიდ კითხვის ნიშანს აჩენდა. მუსიკოსი იმ დროს დოლის გასაკეთებლად იყო ანუ ანსამბლი არ უკრავდა, დირექტორის კაბინეტიდან დარბაზამდე არც ისე დიდი მანძილი გახლდათ და დახურულ სივრცეში გასროლას მეხის გავარდნის ხმა უნდა მოჰყოლოდა. არადა, ყველა იფიცებოდა, გასროლის ხმა არ გაგვიგიაო. მომხდარიდან სამი დღე იყო გასული, გამოძიებას ისევ მხოლოდ მოადგილე ჰყავდა დაკავებული, მაგრამ ისეთი სამხილებით, ნებისმიერი ადვოკატი სასამართლოზე ბრალდების მხარეს საქმეს თავზე გადაახევდა. მოულოდნელად, დაკავებულმა გამომძიებელთან შეხვედრა ითხოვა და დაბნეულად თქვა, შემთხვევის ადგილზე წამიყვანეთ, შუქი რომ ავანთე, თითქოს, რაღაც ისე არ იყო, თითქოს, რაღაც გაქრა და იქნებ, იქ გავიხსენო, რა დამაკლდა თვალშიო. ბრალდებული ამბობდა, დირექტორის კაბინეტს ხუთი თითივით ვიცნობ, შუქის ასანთებიც მარტივად ამიტომ ვიპოვე, მთელი დღეებია, მხოლოდ ამაზე ვფიქრობ და იქ არ იყო რაღაც, რასაც ყოველდღე ვხედავდიო. გამომძიებლებმა თანხმობა განაცხადეს, ისიც იფიქრეს, მოადგილე გაქცევას აპირებსო და ამიტომ, გაძლიერებული დაცვით წაიყვანეს. ერთი საათი იდგა დაკავებული დირექტორის ოთახში, ერთი საათი ათვალიერებდა იქაურობას, ბოლოს მხრები აიჩეჩა და ჩუმად თქვა, მეგონა, რამე მნიშვნელოვანი გამახსენდებოდა, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ დივანზე მუდმივად ბალიში იდო და ახლა არ არისო. გამომძიებლებმა ერთმანეთს გადახედეს, რადგან დაკავებულმა ორი რამ ახსნა - პირველი ის, რომ ახლა ცხადი გახდა, რატომ ვერ გაიგეს დანარჩენებმა გასროლის ხმა და მეორე - მოადგილე დამნაშავე არ იყო, რადგან ბალიშის გატანას ვერ მოასწრებდა, ის მზარეულმა დააკავა. გამოდიოდა, რომ მკვლელმა ბალიში იარაღს ააფარა და ისე გაისროლა, შემდეგ კი ის კაბინეტიდან გაიტანა, მაგრამ როგორ? გამორიცხული იყო, ვინმეს არ შეემჩნია საკმაოდ მოზრდილი ბალიშით მიმავალი კაცი თუ ქალი. რა თქმა უნდა, ადგილზე ხმამაღლა არაფერი თქვეს და განყოფილებაში დაბრუნდნენ, თუმცა მოადგილეს გზაში აუხსნეს, რომ მას ყველა ბრალდებას მოუხსნიდნენ, მაგრამ დრო სჭირდებოდათ იმისთვის, რათა ნამდვილი დამნაშავე არ დაეფრთხოთ ანუ ყველაზე ცუდ შემთხვევაში, დაკავებულს 24 საათი კვლავ განყოფილებაში გააჩერებდნენ, ოღონდ არა საკანში, არამედ, კაბინეტში დასვამდნენ, საკვებს და მოვლას არ მოაკლებდნენ, რაზეც ის სიხარულით და... ცრემლებით დათანხმდა. გამოძიებას კი 24 საათი ჰქონდა მკვლელის დასადგენად.

სასწრაფო წესით დაიწყეს ყველა თანამშრომლის პირადი საქმის შესწავლა და აღმოაჩინეს, რომ მედოლე და გარდაცვლილის ცოლი ერთი სოფლიდან გახლდნენ და მეტიც - კლასელები იყვნენ. სასწრაფოდ მოიძიეს სოფელში მათი ამბავი და გაარკვიეს, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ შემდეგ გოგომ ბებერ მდიდარზე გადაწყვიტა გათხოვება. გამომძიებლებს გაფუჭებული დოლიც გაახსენდათ, რესტორანში წავიდნენ და მედოლესთან ერთად, მისი ინსტრუმენტიც წამოიღეს. ის მაშინვე ექსპერტიზაზე გაგზავნეს, მედოლეს კი დაკითხვა დაუწყეს. ექსპერტიზამ დაადასტურა - დოლის შიგნითა მხარეს დენთის კვალია და არის რამდენიმე ბუსუსი, რომელიც მოკლული დირექტორის კაბინეტში არსებული დივნის გადასაფარებლის იდენტურია. ეს უკვე ძალიან მყარი სამხილი იყო და მედოლეც ალაპარაკდა.

„როცა ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარული გათხოვდა, თითქოს ბედს შევეგუე, მაგრამ რამდენიმე თვის წინ, სოფელში იყო ჩამოსული და ტირილით მითხრა, აღარ შემიძლია იმ ბებრის გვერდით ცხოვრება, თან მისი მოადგილეც არ მაძლევს მოსვენებასო. მან მომაწყო მედოლედ იმისთვის, რომ როგორმე მოგვეფიქრებინა, რისი გაკეთება შეიძლებოდა. სურათი მე გადავიღე, მკვლელობის გეგმაც მე მოვიფიქრე, ჩემმა შეყვარებულმა არაფერი იცოდა, ამ საქმეში ნუ გარევთ. მეგონა, იდეალური გეგმა მქონდა, ბალიშიც მე გავიტანე და გადავაგდე, მაგრამ რას ვიზამთ“, - მოკლედ მოჰყვა საქმის არსს დაკავებული.

მან არ გაამხილა, საიდან ჰქონდა იარაღი და ეს საქმე გაუხსნელი დარჩა. სამაგიეროდ, მის მიერ ჩადენილი მკვლელობა მოსამართლემ 12-წლიანი თავისუფლების აღკვეთით შეაფასა. მკვლელის გასამართლებიდან ერთ წელში, მოადგილემ, რომელიც უკვე რესტორნის დირექტორი იყო, ცოლად... ყოფილი დირექტორის ქვრივი მოიყვანა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე