17 წლის გოგო გააუპატიურეს, სასტიკად აწამეს, მოკლეს და გვამი ხევში გადააგდეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

სტატისტიკას ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ სავარაუდოდ, ყოველი მეორე თუ არა, ყოველი მესამე ადამიანი მაინც აქცევს ყურადღებას სიზმარს. მეტიც, წიგნებიც კი არსებობს სიზმრების ახსნაზე და დღემდე შემორჩენილია ტრადიცია, რომ თუ ცუდ სიზმარს წყალს მოუყვები, არ ახდება. ჰოდა, ასეა დღემდე, ვიღაც წყალს უყვება სიზმარს, ვიღაც გაღვიძებისთანავე ივიწყებს, ვიღაც წიგნებში ეძებს ახსნას. არის შემთხვევები, როცა სიზმარი თითქოს გვიხდება - ცუდიც და კარგიც, მაგრამ ალბათ სიზმარი იმიტომ ჰქვია, რომ ხანდახან რაღაცას ემთხვევა, ან ქვეცნობიერს სურს დამთხვევა. ალბათ, არც ის არ არის უცხო, რომ ბევრ ადამიანს, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, სიზმარშიც სამსახური ესიზმრება და შესაძლოა, ისეთი რამ გაახსენდეს სიზმრად, რომელსაც ცხადში ყურადღება არ მიაქცია. შემთხვევა, რომელსაც ახლა გიამბობთ, შეიძლება ითქვას, უნიკალურია, მაგრამ მაშინ გამომძიებელს არც სასამართლოში და არც კოლეგებისთვის არ უთქვამს, რომ წლების შემდეგ გახსნილი დანაშაულის მიზეზი... სიზმარი იყო.

 

„70-იანი წლების დასაწყისი იყო, მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა და ეს მკვლელობა ჩემთვის მესამე საქმე იყო. რატომ მანდეს მკვლელობა? იმიტომ, რომ ახალი ვიყავი, იმიტომ, რომ გაუხსნელი საქმეები არ მეწერა და კიდევ იმიტომ, რომ პატრონი არ მყავდა. ერთი შეხედვითაც ცხადი გახლდათ, რომ აღნიშნულ საქმეს მხოლოდ შემთხვევით თუ გახსნიდი, იღბლის წყალობით, მაგრამ ეს იღბალიც არ ჩანდა“, - იხსენებს მორიგ საქმეს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავებმა თბილისის გასასვლელთან, ხევში, 17 წლის გოგოს ცხედარი ნახეს. ის გაუპატიურებული და სასტიკად ნაწამები გახლდათ. როგორც მოგვიანებით ექსპერტმა თქვა, გოგონა ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ აწამეს, ასე განსაჯეთ, ცალი თვალიც კი რაღაც ბასრი, მჩხვლეტავი საგნით ამოუღეს (ვარაუდობდნენ, რომ ლურსმნით), შემდეგ გაგუდეს და გადააგდეს. გარდაცვლილის ვინაობა მალე დადგინდა, გოგონას ოჯახი სამი დღის განმავლობაში ეძებდა. მას არა მარტო მშობლები, არამედ კლასელები, სამეგობრო თუ სამეზობლო ზედმეტად დადებითად ახასიათებდა. კარგი მოსწავლე, დამჯერი ბავშვი, არასოდეს არაფერში ყოფილა შემჩნეული, სამედიცინოზე სურდა ჩაბარება, გამოცდებისთვის ემზადებოდა. იმ დღეს შინიდან გავიდა და... არავინ იცოდა, როგორ აღმოჩნდა ქალაქის გარეუბანში, ვის შეიძლებოდა გაჰყოლოდა იქ, ან რატომ უნდა გაჰყოლოდა. რეალურად, ძალოვნებმა უზარმაზარი სამუშაო ჩაატარეს, გამოჰკითხეს ყველა, ვისი გამოკითხვაც კი შეიძლებოდა, ეძებდნენ მოწმეებს, მაგრამ ვერავინ ვერაფერი თქვა. ოჯახის წევრებმაც კი ვერ დაასახელეს ადამიანი, რომელსაც შეიძლებოდა ასე სასტიკად გაემეტებინა მათი შვილი. დედ-მამა ჩვეულებრივი, რიგითი მშრომელები იყვნენ, მტერი არ ჰყავდათ, უმცროსი ძმა 11 წლის იყო და არარეალური იყო, ვინმეს მასზე ეძია შური. მოკლედ, ხანგრძლივი და მომქანცველი სამუშაოს შემდეგ, სამართალდამცავებმა ხელები უღონოდ ჩამოუშვეს - საქმე გაუხსნელი დარჩა...

ჰო, ცალკე თემაა აგენტურული ქსელი და ე.წ. კანონიერი ქურდები. მათაც არაფერი იცოდნენ. თავის მხრივ, „კანონიერმა ქურდებმა“ დაამატეს, რომ თუ დამნაშავეს დაიჭერდნენ, ის სასამართლომდე ვერ მიაღწევდა, რადგან ასეთი სასტიკი დანაშაული არც მათ „გაგებაში“ ჯდებოდა და არც გამართლება არ ჰქონდა. როგორც ისინი ამტკიცებდნენ, სავარაუდო დამნაშავეს თავადაც ეძებდნენ, მაგრამ უშედეგოდ. გამომძიებლებმა იმ კრიმინალების კარტოთეკებიც გადაქექეს, რომლებიც სასჯელს გაუპატიურებაზე იხდიდნენ, მაგრამ საეჭვო ვერც ამ მიმართულებით იპოვეს. ვიღაცას ალიბი ჰქონდა, ვიღაც ისევ გისოსებს მიღმა იყო... ვისაც ალიბი ჰქონდა, ისინი მაინც გადაამოწმეს, სინჯი აუღეს, გოგონას სხეულში აღმოჩენილ სპერმის ნიმუშს შეადარეს, მაგრამ ამაოდ. ექსპერტები ზუსტად ვერ ამბობდნენ (მაშინ ამ დონეზე არ იყო მედიცინა), თუმცა ვარაუდობდნენ, რომ გარდაცვლილზე, ყველაზე ცოტა, ორმა მამაკაცმა იძალადა. ეს ყველაფერს კიდევ უფრო ართულებდა - წესიერი, დამჯერი გოგონა ორ მამაკაცს ჩაუჯდა მანქანაში და ქალაქგარეთ გაჰყვა? რატომ? რისთვის? ვის ენდო და რაც მთავარია, რატომ ენდო გოგონა? გამოდიოდა, რომ ის მამაკაცი, ან მამააკაცები მისთვის ძალიან კარგად ნაცნობები იყვნენ, იმდენად კარგად, რომ მანქანაში თამამად ჩაუჯდა და არ შეშინებია, როცა ქალაქგარეთ გაჰყავდათ. იმავე ექსპერტების დასკვნით, გოგონა ადგილზე ცოცხალი მიიყვანეს, ხევის პირას გაგუდეს (ის ადგილი დეტალურად იყო შესწავლილი) და შემდეგ გადააგდეს. იმის გამო, რომ მკვლელობის ადგილი ბალახით გახლდათ დაფარული, რამე კვალის აღებაზე საუბარიც ზედმეტი გახლდათ.

„აი, ასეთი მკვდარი საქმე დამკიდეს კისერზე და ახალგაზრდული ენთუზიაზმისა და მონდომების მიუხედავად, ვერაფერს გავხდი. რჩევას ვეკითხებოდი გამოცდილ კადრებს, არ ვასვენებდი, არ ვნებდებოდი, მაგრამ ბოლოს ყველამ ხელი ჩაიქნია. ყველამ, მაგრამ არა - მე და ჩემთვის დავიფიცე, რომ ადრე თუ გვიან, ამ საქმეს გავხსნიდი. აღნიშნული მკვლელობის შემდეგ, ყველა დაკავებულს ვეუბნებოდი, რომ სასჯელს საგრძნობლად შევუმსუბუქებდი, თუ ჩემთვის საინტერესო მკვლელობაზე რამე ღირებულს მეტყოდნენ, მაგრამ ყველა დანანებით აქნევდა თავს - არავინ არაფერი იცოდა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ასე გავიდა რამდენიმე წელი. სამართალდამცავების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაივიწყა გოგონას მკვლელობა და დაივიწყა იმიტომ, რომ სასიამოვნო მოსაგონებელი არ იყო და თან საქმე ვერ გახსნეს. თუმცა, ყველამ იცოდა, რომ საქმის უშუალო გამომძიებელს არაფერი დავიწყებია და ის მუდმივად ეძებდა, ცდილობდა, რამე ახალი ეპოვა. წელიწადში რამდენჯერმე, იმ ადგილზე მიდიოდა, სადაც გოგონა იპოვეს, თითქოს რაღაცას, თუ ვიღაცას ელოდა, თითქოს სასწაული უნდა მომხდარიყო. აკი, ბოლოს თქვა კიდეც, რაღაც ძალა მექაჩებოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა ძალა იყო, ამიტომაც ვემორჩილებოდი, მივდიოდი მკვლელობის ადგილზე და იქ საათობით ვიდექი, ვიჯექი, ვიწექი და ვფიქრობდი, მაგრამ როცა შინ ვბრუნდებოდი, წარმოდგენა არ მქონდა, რაზე ვფიქრობდი, რას ვაკვირდებოდი...

„ახლა რასაც ვიტყვი, შეიძლება, ვიღაცისთვის სისულელე იყოს, ვიღაცისთვის - სრული მისტიკა, მაგრამ ნამდვილად ასე მოხდა. გარდაცვლილი გოგონა დამესიზმრა, რომელმაც იმ ადგილიდან, სადაც გარდაცვლილი ვიპოვეთ, დაახლოებით, 200 მეტრში, სამანქანო გზასთან ახლოს, ხესთან მიმიყვანა, მიწა მტკაველის სიღრმეზე ამოთხარა და იქიდან რკინის ღილი ამოიღო. სულ ეს იყო, გამეღვიძა და ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა. ირიჟრაჟა თუ არა, „გარაჟიდან“ ბარი ავიღე და მანქანით იმ ადგილზე წავედი. ხე მალე ვიპოვე, გული ბაგა-ბუგით მიცემდა, ამოვთხარე და... რკინის ღილი... ადრე, როგორც ახლა, ჯინსებს რკინის ღილები ჰქონდა და ეს ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ჯინსის ღილი იყო“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

გამომძიებელმა ღილი ჯერ ექსპერტებს მისცა, შემდეგ კი განყოფილებაში, მაგიდაზე დადო და კოლეგებს ყველაფერი მოუყვა, რისი მოყოლაც შეიძლებოდა.. ზოგს გაეცინა, ზოგს გაუკვირდა, მაგრამ საქმე ის გახლდათ, რომ ღილის მიხედვით, დამნაშავის დადგენა შეუძლებელი გახლდათ. ჯერ ერთი, რამდენიმე წელი იყო გასული, ღილიც ჟანგიანი იყო და ბევრი ჩაკირკიტების მიუხედავად, ექპერტიზამ ვერ იპოვა ისეთი რამ, რასაც ძიება მოეჭიდებოდა - ნაჭრის ფრაგმენტს, ან ინიციალს, რადგან ჩვეულებრივი ღილი იყო. გამომძიებლებმა კარგა ხანს ატრიალეს ხელში დაჟანგებული ღილი, ვერაფერი მოიფიქრეს, ვერაფერს მიხვდნენ და დაიშალნენ. მხოლოდ ერთი დარჩა ბოლომდე და ღილს აკვირდებოდა, თითქოს რაღაცას იხსენებდა, თითქოს გონებას წიხლს აჭერდა. ბოლოს კი, ბატონ თენგიზს მიუბრუნდა და ჩუმად უთხრა: „ერთადერთი, რაც გავიხსენე, ის არის, რომ მეზობლების დაკითხვის დროს, სამი მოზარდი ცალკე იდგა, 15-16 წლის ბიჭები იქნებოდნენ, სამივეს ჯინსი ეცვა, ვიფიქრე კიდეც, ნეტავ სად იშოვეს-მეთქი და ერთს ღილი აკლდა. ყურადღება იმიტომ მივაქციე, რომ ქამარი არ ჰქონდა და ღილის ადგილზე, ლურჯი პლასტმასის დამალვას პერანგის ჩამოწევით ცდილობდა“.

შესაძლოა, ბევრს ეს სრულ სიგიჟედ მოჩვენებოდა, მაგრამ სამივე მოზარდის ვინაობა მალე დადგინდა - გარდაცვლილი გოგონას მშობლებმა თქვეს, რომ ბიჭები მათი მეზობლები იყვნენ, შეძლებული ოჯახების შვილები, ორი ისევ იმ კორპუსში ცხოვრობდა, ერთი კი სხვაგან იყო გადასული. გარდაცვლილის სხეულიდან აღებული სპერმის ანალიზის პასუხები, რა თქმა უნდა, არქივში ადვილად მოიძებნა და სამივე ბიჭს სპერმის ჩაბარება ოფიციალურად მოსთხოვეს.

„პასუხი საჭირო არ იყო, როცა ისინი განყოფილებაში დავიბარეთ და ვუთხარით, რაც უნდა გაეკეთებინათ, მათ სახეზე ჯერ გაოცება, შემდეგ კი შიში აისახა.სწორედ სახემ გასცა სამივე და ამიტომ, როცა ანალიზები ჩააბარეს, ისინი შინ არ გავუშვი და „აბეზიანკაში“ შევაგდე. პასუხი მზად მეორე დღეს იყო - გოგონას სხეულში, სწორედ მათი სპერმა აღმოჩნდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

საქმე გახსნილი იყო და ახლა სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა, ვის რამდენი წლით გაუშვებდა ციხეში. დაკითხვის დროს, დაკავებულებმა აღარეს, რომ გოგონა მანქანაში ჩაისვეს, უთხრეს, ადგილამდე მიგიყვანთო, შემდეგ ერთ-ერთმა თქვა, ამას მოვწონვართ, მანქანაში ისე რატომ ჩაგვიჯდებოდაო, მერე თავზე სპორტული გადააფარეს და ქალაქიდან გაიყვანეს, შემდეგ კი... თითქოს, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, გოგოს ვინ მეტ ტკივილს მიაყენებდა. საქმეს გრიფით საიდუმლო მაშინვე დაედო, რადგან... საბჭოთა კავშირში და მით უმეტეს, მზიან, ზღვიან საქართველოში, ასეთი დანაშაული არ უნდა გახმაურებულიყო. პროცესამდე, ერთ-ერთი დაკავებული საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს, თუმცა მისი სუიციდის არავის სჯეროდა, რადგან თვალიდან ლურსმანი მოუჩანდა, მეორე დაკავებული უკვე ზონაზე, ხერხემალში გადაამტვრიეს და სამუდამოდ ეტლს მიაჯაჭვეს, მესამე კი... მესამეს, შიშის გამო, ფსიქიკური პრობლემები დაეწყო, რის გამოც ციხესა და ფსიქიატრიულს შორის იხდიდა სასჯელს.

 ავტორი-ბათო ჯაფარიძე