გვამებით ვაჭრობის სკანდალური სქემა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სიკვდილი და გადასახადები - ორი რამ, რასაც ვერავინ გადაურჩება. იმის მიუხედავად, რომ გარეთ 21-ე საუკუნეა, სხვადასხვა ერებში მაინც შემორჩენილია დაკრძალვის ისეთი რიტუალები, როგორებიც ცოტა უცნაურად გვეჩვენება. ბევრ ქვეყანაში, გვამის კრემაციაა მიღებული, ბევრგან ათას ნივთებს ატანენ მიცვალებულს. მოკლედ, შესაძლოა, გადასახადები დამალო, რაღაც „იჩალიჩო“, მაგრამ სიკვდილს ვერავინ გადაურჩება.

„ახლა სამძიმარს, ხშირად, ტელეფონით უცხადებენ ხოლმე, ჩაერთვება ვიღაც ეთერში, წაიტირებს და დამთავრდა. ადრე კი, საქართველოში, ლამის ყველგან დავდიოდით - სამძიმარსა თუ გასვენებაში და არც საბჭოთა რესპუბლიკებში იყო უცხო მოგზაურობა, მეგობარი რომ უკანასკნელ გზაზე გაგვეცილებინა. მაშინ სიკვდილსაც თითქოს სხვა ფასი ჰქონდა. ახალგაზრდა თუ იღუპებოდა, ავარიით ან უკურნებელი სენით, მთელი საქართველო იგებდა, მთელი საქართველო გლოვობდა. ახლა კი, გავრცელდება სოც-ქსელში რამე, ვივიშვიშებთ ორი-სამი დღე და მერე ყველას ყველაფერი ავიწყდება“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.
80-იანი წლების მიწურულს, მაშინ, როცა საუბარი „პერესტროიკაზე“ დაიწყო, ქართველ გამომძიებელს მოსკოვში, ბავშვობის მეგობარი, ავტოავარიაში დაეღუპა. ჰო, ბავშვობის მეგობარი, მასთან ერთად, სოფელში გაზრდილი რუსი ბიჭი, რომლის მამაც სამხედრო იყო და შემდეგ სხვა რესპუბლიკაში წავიდა სამსახურისთვის, შემდეგ კიდევ სხვაგან, ბოლოს კი მოსკოვში დაფუძნდა. ბატონი თენგიზი ტელეფონში ატირებულ მეგობრის ცოლს დაპირდა, გასვენებისთვის აუცილებლად ჩამოვალო და წავიდა კიდეც.
„ცოდვა გამხელილი სჯობს - მოსკოვში მხოლოდ გასვენებისთვის არ მივდიოდი. იყო რაღაცები, რაც თბილისში უკვე არ იყიდებოდა და მინდოდა, იქ მეყიდა, ჩამომეტანა, იქნებოდა ეს, პროდუქტი თუ ტანსაცმელი. ამიტომ, ცოლმა გრძელი სია ჩამომიწერა, ფულიც წავიღე და წავედი. გასვენების წინა დღეს ჩავედი, მეორე დღეს კი მეგობრის ოჯახში მივედი და მართლა გულით დავიტირე. მისი ცოლ-შვილი არ მშორდებოდა, საქართველოში სტუმრად არაერთხელ იყვნენ ნამყოფები და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.
გასვენების მეორე დღეს, ქართველი ძალოვანი მაღაზიებში წავიდა, ივაჭრა, რაღაც იშოვა, რაღაც - ვერა და მესამე დღეს, ისევ საყიდლებზე წავიდა. უკან გამოფრენას ორი დღის შემდეგ აპირებდა, ამიტომ ძეხვისა და სხვა საკვები პროდუქტების შეძენა ბოლო დღისთვის გადადო, მაგრამ... საღამოს, სასტუმროს ნომერში მეგობრის ცოლ-შვილი ეწვია, ძალიან უცნაური თხოვნით. მათ ორი დღის წინ დასაფლავებული კაცის ამოთხრა სურდათ, რადგან ოჯახის რელიქვია - ოქროს ყელსაბამი გაჰყვა, წმინდა გიორგის ოქროსავე საკიდით.
„სად გამახსენდებოდა ოქრო და გულსაკიდი, ჩემი კოლია დავკარგე და ცა ჩამომენგრა თავზე. ახლა კი... ის თაობიდან თაობას გადაეცემა, ჩემი ქმრის გვარის მამაკაცების რელიქვიაა, ახლა ჩემს შვილს უნდა ეკეთოს, მაგრამ მივხვდით, რომ ისიც მასთან ერთად დავმარხეთ. კი იცი შენ, ფინანსურად არ გვიჭირს, მაგრამ რელიქვიაა და ეგებ, სამართალდამცავებთან მიშუამდგომლო, რომ გვამის ამოთხრის უფლება მომცენ“, -იცრემლებოდა ცოლი.
რა თქმა უნდა, ქართველ ძალოვნებს კავშირები მთელი საბჭოეთის მასშტაბით ჰქონდათ და არც მოსკოვი იყო გამონაკლისი. ბატონმა თენგიზმა ერთ-ერთ მეგობარს დაურეკა და უცნაური თხოვნის შესახებ აუწყა. იქაურმა ძალოვანმა მარტივად გადაწყვიტა - ორი მუშა იქირავეთ, ამოათხრევინეთ და შემდეგ დაამარხვინეთ. ეს არც კრიმინალია, არც საგამოძიებო მოქმედება, ოჯახი წყვეტს და ვერც ვერავინ გაიგებსო. მისივე თქმთ, სავარაუდოდ, სასაფლაოს დირექტორსაც დასჭირდებოდა ერთი-ორი კაპიკი, მაგრამ ოჯახი ყველაფერზე თანახმა იყო. მოკლედ, მეორე დღეს, ორი მუშაც ნახეს და ოჯახი გვამის ამოსათხრელად წავიდა, თან მცირე სუფრაც გაიყოლეს, სასმელით, შესანდობარი კიდევ ერთხელ ვთქვათო. მუშებმა თხრა დაიწყეს, სასახლეც გამოჩნდა და ამ დროს, სასაფლაოს დირექტორი მოვარდა ყვირილით, რას აკეთებთო? გარდაცვლილის შვილმა ყველაფერი აუხსნა, მერე გვერდით გაიყვანა და ჯიბეში ფულის ჩადება დააპირა, მაგრამ დირექტორი გაგიჟდა, რა ფული, რის ფული, მილიციას გამოვუძახებო, დაიმუქრა. საქმეში ბატონი თენგიზი ჩაერია, თანამშრომლის მოწმობა დაანახა და დირექტორიც ბუზღუნით გაბრუნდა, მერე ნაბიჯს აუჩქარა, ბოლოს კი გაიქცა.
მიწიდან ამოღებულ სასახლეს ჯერ ლურსმნები ამოაძვრეს (სახურავის დაჭედება ჩვეულებრივი ამბავი იყო), მერე ფრთხილად გადახადეს და... ცოლს გული წაუვიდა, მამაკაცებმა კი გაოცებისგან ერთმანეთს გადახედეს - კუბოში, მამაკაცთან ერთად, ახალგაზრდა ქალის გვამი იყო ჩატენილი. პრინციპში, რაღა ჩატენილი, გვამს ზემოდან ედო. ქართველმა გამომძიებელმა ერთ-ერთი მუშა მილიციაში დასარეკად გაგზავნა, დააბარა, სასწრაფოც გამოიძახეო, თავად კი მეგობრის ცოლის მოსულიერებას შეუდგა. ახლა ცხადი იყო, რატომ გარბოდა თავქუდმოგლეჯილი სასაფლაოს დირექტორი და რატომ ამბობდა უარს შეთავაზებულ ქრთამზე. მილიციის თანამშრომლები მალე მოვიდნენ, სასწრაფო დახმარების მანქანას მოასწრეს და გაოცდნენ - ასეთი რამ, მანამდე არ ენახათ. ქალიც მალე ამოიცნეს, სწორედ იმ დღეს, ვიღაც კაცი ჩიოდა, ცოლი დავკარგეო, მაგრამ რადგან 72 საათი არ იყო გასული, განცხადების დაწერის შესაძლებლობა არ მისცეს, თუმცა ოპერ-მუშაკს, რომელსაც ქმარი თვალწინ დაკარგული ცოლის ფოტოს უტრიალებდა, ქალი მაშინვე ეცნო. მამაკაცი ადგილზე მიიყვანეს და მან ცოლი ამოიცნო, თუმცა ვერც ის და ვერც მეორე მიცვალებულის პატრონები ვერ ხვდებოდნენ, რა კავშირი უნდა ჰქონოდათ მათ ერთმანეთთან და როგორ აღმოჩდნენ ერთსა და იმავე საფლავში. მთავარი სასაფლაოს დირექტორის მოძებნა იყო, რომელიც უკვალოდ გაქრა.
„გარდა იმისა, რომ საქმე ძალიან საინტერესო ჩანდა, მეგობრის ოჯახსაც ვერ მივატოვებდი ასეთ გაუგებრობაში. ქალის ჭკუა რა ვთქვი, გარდაცვლილი მეგობრის ცოლმა ისიც კი ივარაუდა, ალბათ, ჩემი ქმრის საყვარელი იყო, ვინმეს ფული გადაუხადა და თან გაჰყვაო. არადა, ექსპერტიზის დასკვნა უკვე მაგიდაზე გვედო, რომელშიც შავით თეთრზე ეწერა, რომ ქალი სავარაუდოდ მანქანის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.
სასაფლაოს დირექტორი ვერა, მაგრამ ძალოვნებმა მესაფლავეები დააკავეს, რომლებმაც პირველივე წამორტყმის შემდეგ აღიარეს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანუ მას შემდეგ, რაც სასაფლაოს დირექტორი შეიცვალა, ახალი დირექტორი აიძულებდა, კვირაში ერთხელ, ან ორჯერ, გვამი ამოეთხარათ და კუბოში მეორე გვამიც ჩაედოთ. ამისთვის მესაფლავეებს კარგად უხდიდნენ, მაგრამ მათ ზუსტად იცოდნენ, რომ კრიმინალს სჩადიოდნენ და ამიტომ, მუდმივად შიშის ქვეშ გახლდნენ. ვის და რა მიზნით მოჰქონდა გვამები, მათ არ იცოდნენ, თუმცა აღიარეს, რომ დაახლოებით, 40-50 საფლავი გათხარეს ახლიდან და ყველა შემთხვევაში, საქმე ახალ მიცვალებულს ეხებოდა. ძველი საფლავები რომ გაეთხარათ, ჭირისუფალი მიხვდებოდა, ახლად დასაფლავებულის ამოთხრა კი მარტივი იყო, მერე ახლად მიყრილი მიწაც არ იწვევდა ეჭვს.
სამართალდამცავებმა თავიდან გადაწყვიტეს, რამდენიმე ახალი საფლავი გაეთხარათ, მერე გადაიფიქრეს, რადგან პანიკას გამოიწვევდა. მესაფლავეებს ორი-სამი საფლავი ახსოვდათ, რომლებშიც ორი-ორი მიცვალებული იყო, ამიტომ დირექტორის ძებნა გააძლიერეს და... დააკავეს. დირექტორმა თავიდან ყველაფერი იუარა, მაგრამ მერე, როცა რამდენიმე საფლავის ფოტო დაუდეს და მესაფლავეების ჩვენებაც წააკითხეს, ალაპარაკდა.
„კრიმინალური დაჯგუფებაა, რომელიც შემითანხმდა, რომ ყველა მოტანილი გვამის სანაცვლოდ, ორიდან ხუთი ათასამდე გადაიხდიდა. დავთანხმდი და ისინი არა მარტო საკუთარი გვამებით მოდიოდნენ, არამედ სხვებსაც ეხმარებოდნენ. მაგალითად, ვიღაცას ავარია შეემთხვა და გვამის მოცილება სურდა, მიდიოდა ამათთან და ესენი ფულს ართმევდნენ, გვამი მიჰქონდათ და მე ვამარხვინებდი. ვიცი, არასწორი საქციელია, მაგრამ მეშინოდა. წინა დირექტორი არ დათანხმდა და აქ არის ისიც დამარხული. არ მინდოდა, საკუთარ სასაფლაოზე, ვინმეს საფლავში აღმოვჩენილიყავი. დარწმუნებული ვარ, უარის შემთხვევაში, მეც მომკლავდნენ და დამმარხავდნენ“, - განაცხადა დირექტორმა.
კრიმინალური დაჯგუფების წევრების აყვანა მარტივი საქმე არ გახლდათ. ისინი კარგად იყვნენ შეიარაღებულნი და როგორც აღმოჩნდა, ბრძოლისთვის მუდმივად მზად. ამიტომ, „მურ“-მა სპეცდანიშნულების რაზმი მოითხოვა და მიიღო კიდეც. დაჯგუფების დაკავების დროს, ორი მათგანის ლიკვიდაცია გახდა საჭირო, დაიჭრა სამი სპეცრაზმელი და ხელყუმბარით აფეთქებულ იქნა მილიციის ორი მანქანა. საბოლოო ჯამში, ყველა დამნაშავე სასამართლოს წინაშე წარსდგა.
„პროცესი ხმაურიანი იყო, მაშინ მთელი მოსკოვი ამ თემაზე საუბრობდა. ბევრი საფლავის ეგსგუმაცია მოხდა, ბევრგან ნახეს ორ-ორი მიცვალებული, რამდენიმე საფლავი კი ტყუილად გახსნეს. ამას გარდა, გაიხსნა ათეულობით საქმე, მიცვალებულებში ამოიცნეს ათეულობით უგზო-უკვლოდ დაკარგული და... საბჭოთა კავშირი, როგორც იმპერია, უკვე შერყეული იყო, უკვე დაშლისკენ მიდიოდა და ამას გრძნობდა ყველა. ამიტომ, მთავარი არა კრიმინალური, არამედ პოლიტიკური მოვლენები იყო და ეს ამბავიც მალე მიივიწყეს. მალე პროდუქტებსა თუ ტანსაცმელზე, მოსკოვშიც აღარ ღირდა წასვლა იმიტომ, რომ დახლებიდან იქაც ყველაფერი გაქრა და უზარმაზარ იმპერიაში შიმშილი დაიწყო“, - დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე