რატომ გადაწყვიტა ახალგაზრდა მამაკაცმა თანაკლასელზე შურისძიება

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონზე დიდი ამბებია ატეხილი. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ ჯარში წასვლა ნებაყოფლობითი უნდა იყოს, სავალდებულო სამსახური უნდა გაუქმდეს, ჯარისკაცებს ღირსეული ხელფასი უნდა ჰქონდეთ და არა - 125 ლარი, არ უნდა იდგნენ შლაგბაუმებთან, ან „ვიშკებზე“. ადრე კი ასე არ იყო - სკოლის დამთავრების შემდეგ, ან ისეთ უმაღლეს სასწავლებელში აბარებდი, რომელსაც სამხედრო კათედრა ჰქონდა, ან მიდიოდი ჯარში და ორი წლის განმავლობაში, გეკუთვნოდა ორკვირიანი, საუკეთესო შემთხვევაში, ერთთვიანი შვებულება. ქართველ ჯარისკაცს სავალდებულო სამსახური შესაძლებელი იყო, საბჭოთა კავშირის ნებისმიერ რესპუბლიკაში მოეხადა და დღემდე, საბჭოთა ჯარში ნამყოფი ადამიანები ლეგენდებად ჰყვებიან, როგორ „აჩმორებდნენ“ მთელ ბატალიონს ქართველები, როგორ ერთობოდნენ პოლკოვნიკების ან გენერლების ცოლებთან, როგორ ეშინიდათ მათი ყველას... რომ შეედაო, შეუძლებელია, ყველა ასე ყოფილიყოო, შეიძლება, სერიოზული კონფლიქტი შეგემთხვეს. არადა...

მაშინ, როცა კერძო ბანკები ახალი ხილი იყო, მიბარებული თუ ვალად აღებული ფული მუდმივად კონფლიქტის საგანი ხდებოდა. ძალიან, ძალიან ბევრმა ე.წ. ბანკმა მოსახლეობას ბოლო დანაზოგი წაღლიტა, დაპირდა, დეპოზიტზე თუ განათავსებთ თანხას, ერთი წელი რად უნდა, სამ თვეში ორმაგს დაგიბრუნებთო და ადამიანები ბინებსაც კი ყიდდნენ. შედეგად, მივიღეთ ის, რომ ერთ დღეში გახსნილი ბანკი, სამ თვეში იხურებოდა და მოქალაქეების დეპოზიტი მიჰქონდა. ფართის მეპატრონე ხელებს შლიდა, გაქირავებული მქონდა, მეც „გადამაგდესო“ და მალევე, იმავე ადგილზე, ახალი ბანკი იხსნებოდა. ხშირ შემთხვევაში, სქემის უკან ერთი და იგივე ხალხი იდგა. თუმცა, მედალს მეორე მხარეც ჰქონდა - იყო შემთხვევები, როცა მოქალაქეებს, ვიღაცების სიტყვის გარანტად, სესხი გამოჰქონდათ, ვერ ან არ იხდიდნენ და საქმეში ე.წ. „შავი სამყარო“ ერეოდა. ბანკში ჩადებულ თუ იქიდან აღებულ თანხას, მაშინ ბევრი გადაჰყვა და ახლაც, არცთუ იშვიათად ისმის, რომ ბანკის ვალის გამო, ვიღაცას სახლი გაუყიდეს, ვიღაც ბიზნესის გარეშე დარჩა, ვიღაცამ თავი მოიკლა...

სწორედ მაშინ, როცა საქართველოში მართალი ის იყო, ვისაც ავტომატი ჰქონდა მხარზე გადაკიდებული, მილიციის განყოფილებაში ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა და სამართალდამცავებს სთხოვა, ეგებ, ბანკის კრიმინალები მომაშოროთო. როგორც ის ამბობდა, ბანკისგან ფული ისესხა, შუაში ე.წ. „ძველი ბიჭები“ ჩაიყენა, მაგრამ თავიდან არ გაუმართლა და ამის გამო ავიწროვებდნენ. მერე და მერე, მდგომარეობა გაუმჯობესდა, იმის მიუხედავად, რომ ყოველდღიურად, წნეხის ქვეშ უწევდა მუშაობა და რამდენჯერმე მოკვლითაც დაემუქრნენ, წელში გაიმართა და ვალი დააბრუნა. შემდეგ, დაგვიანებისთვის გარკვეული პროცენტი სთხოვეს. მოლაპარაკებების შედეგად, პროცენტის ოდენობაზეც შეთანხმდნენ, ისიც თქვეს, როდის უნდა გადაეხადა და... მანაც გადაიხადა.

„მეგონა, ყველაფერი უკან მოვიტოვე, ბიზნესი ავაწყვე, ვალი გადავიხადე, დაკისრებული პროცენტიც მივეცი და დღეს, სახლის ფანჯარა ტყვიით გამიხვრიტეს, შემდეგ კი ქვა შემომიგდეს, რომელზეც ქაღალდი იყო დახვეული და ეწერა, რომ შემდეგი ტყვია ჩემს ორსულ ცოლს მოხვდებოდა, თუ 10 ათას დოლარს არ გადავიხდიდი. ასე არ შეიძლება, მეც ადამიანი ვარ და კრიმინალებთან საქმის დაჭერა აღარ მინდა“, - ამბობდა მოსული.

ცოდვა გამხელილი სჯობს, მაშინ კრიმინალურ დაჯგუფებებთან და გადამდგებ ბანკებთანაც, მილიციის არაერთი თანამშრომელი იყო შეკრული. ამიტომ, მოსულს არც თუ დიდი სიხარულით შეხვდნენ, თუმცა როცა მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ორსული ცოლის მკვლელობით დაემუქრნენ, განცხადება მიიღეს და ორ დღეში დაიბარეს, თუმცა ორი დღეც არ იყო გასული, როცა ბიჭი ისევ მოვიდა და თქვა, რომ სახლის კართან საწვრთნელი ხელყუმბარა დაუგდეს. ეს უკვე მეტისმეტი იყო, თუმცა... ოპერმუშაკებმა და უბნის რწმუნებულებმა საჭირო ხალხი ნახეს და ყველამ ხელები ასწია, ჩვენ მაგ კაცთან არავითარი პრეტენზია გვაქვს, თუ ვინმე ატერორებს, ჩვენ ნამდვილად არ ვართ, როგორც ბანკთან, ისე - ჩვენთან ყველაფერი გაასწორა და „ბეზპრიდელს“ არ ჩავიდენთო. როცა გამოძიება დარწმუნდა, რომ არც ბანკი და არც „შავები“ საქმის კურსში არ იყვნენ, საგამოძიებო მოქმედებებზე გადავიდნენ და ბინა დაათვალიერეს, კედლიდან ტყვია ამოიღეს, ექსპერტიზაჩაუტარეს და დაასკვნეს, რომ ის სნაიპერული შაშხანიდან იყო ნასროლი. ასეთ შაშხანებს საბჭოთა ჯარი ავღანეთში ყოფნის ბოლო წლებში იყენებდა და მარტივად საშოვნელი იარაღი ნამდვილად არ გახლდათ. ყოველ შემთხვევაში, ოპერ-მუშაკები დაბეჯითებით ამბობდნენ, არ გაგვიგია, რომელიმე საძმოს ან დაჯგუფებას, ანალოგიური შაშხანა ჰქონდესო. ეს სერიოზული ძიების დასაწყებად წონიანი არგუმენტი იყო და საქმეზე ნამდვილი მოკვლევა დაიწყეს.

გამოძიების აზრით, დაზარალებულს უნდა ეთქვა, რომ მზად იყო, თანხა გადაეხადა და დამნაშავეებს თანხის გადაცემის დროს აიყვანდნენ, თუმცა მამაკაცმა უხერხულად გაიღიმა და მაშინ აღმოაჩინა, რომ კონკრეტულ თანხას კი სთხოვდნენ, მაგრამ არსად არ იყო მითითებული, სად უნდა მიეტანა, როდის უნდა მიეტანა, ვისთვის უნდა გადაეცა. ეს სამართალდამცავებისთვისაც სიურპრიზი იყო, მაგრამ იმასაც მიხვდნენ, რომ თავდამსხმელები კავშირზე ისევ გამოვიდოდნენ და კონკრეტულ თარიღსა და ადგილს იტყოდნენ. კიდევ ორი დღე გავიდა, დილით სახლიდან გასულმა მამაკაცმა ნახა, რომ მის მანქანას არცერთი მინა არ ჰქონდა, მძღოლის სავარძელზე კი ტყვია და წერილი იყო, რომელშიც... კვლავ მხოლოდ 10 ათას დოლარს ითხოვდნენ, ისევ ადგილისა და დროის მითითების გარეშე. სამართალდამცავები ხელებს უიმედოდ შლიდნენ და რაც მთავარია, მათ სახლთან მეთვალყურე ჰყავდათ დაყენებული, რომელსაც სახლისთვის 24 საათის განმავლობაში უნდა ეთვალთვალა, მაგრამ... მას უბრალოდ ჩაეძინა. სახლთან მორიგე ოპერ-მუშაკების რაოდენობა ორამდე გაიზარდა, თუმცა ორი დღის შემდეგ, სახლის კარებთან წერილი ნახეს, სადაც ისევ თანხა იყო მითითებული. ოპერებს საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ, სადარბაზოში მეზობლები და დაზარალებულის ჯარის მეგობარი შევიდნენ, თუმცა მასზე ეჭვი არავის მიჰქონდა. ჯარის ძმაკაცი მან თავად დაპატიჟა, შესაძლოა, ვინმე მომივარდეს და ჩემს გვერდით იყავიო. ისიც მასთან ცხოვრობდა, დილით სამსახურში მიდიოდა, საღამოს ბრუნდებოდა.

„ჩვენ კლასელები ივყავით, შემდეგ ჯარში ერთად წავედით, ავღანეთში წაგვიყვანეს. მე დავიჭერი და უკან გამომიშვეს, სამსახური მოსკოვთან ახლოს გავაგრძელე. ეს დარჩა, მერე თქვეს, ტყვედ ჩავარდა და მოკვდაო, მაგრამ რამდენიმე თვის წინ, უვნებელი გამომეცხადა. გამიხარდა, თან ძალიან, მასაც გაუხარდა ჩემი ნახვა, ჩემი ამბები. მეუღლეც ჩვენი კლასელია, ამიტომ როცა გამიჭირდა, პირველი მას მივმართე. არც კი გაბედოთ, ეჭვი მასზე არ მიიტანოთ, მითუმეტეს, დარაჯად მიდგას, ოჯახს ვანდობ თვალდახუჭული“, - ამბობდა დაზარალებული.

ყველაფრის მიუხედავად, სამართალდამცავებმა თვალთვალი ჯარის მეგობარზეც დააწესეს და განსაკუთრებით მაშინ გააძლიერეს, როცა მან თქვა, ამაღამ მოსვლას ვერ მოვახერხებო. შებინდებულზე, ოპერმუშაკმა ქუშის ტელეფონიდან დარეკა, ჯარის ამხანაგი სახლში იყო, რაღაც გამოიტანა, მხარზე აქვს გადაკიდებული და ზომებით თუ ვიმსჯელებთ, დიდი ალბათობით, შეიძლება შაშხანა იყოსო. სამართალდამცავთა დამატებითი ჯგუფები სახლთან განლაგდნენ და არც თუ ტყუილად - ჯარის ამხანაგმა მეზობელი კორპუსის სახურავისკენ აიღო გეზი. ცოტა ხანში, დაზარალებულის ბინაში მორიგი ფანჯარა ჩაიმსხვრა და ნამსხვრევებმა სახლის ბინადარი დააზიანა. ის ოპერები, რომლებიც სახლს უთვალთვალებდნენ, მაშინვე ბინაში შევარდნენ, დანარჩენები არ განძრეულან. როგორც ჩანს, მსროლელი დამშვიდდა და როცა სადარბაზოდან გამოდიოდა, ხელები მაშინ გადაუგრიხეს. რა თქმა უნდა, ექსპერტიზაც კი არ სჭირდებოდა იმას, რომ გასროლა მისი შაშხანიდან განხორციელდა - ლულა ჯერ კიდევ თბილი იყო.

„ჩემმა ბავშვობის ძმაკაცმა, კლასელმა, ჯარის ამხანაგმა, კარგად იცოდა, რომ გოგო, რომელიც ახლა მას ჰყავს ცოლად, მე მიყვარდა. ტყვეობაში, სწორედ ამ სიყვარულმა გამაძლებინა. ჩამოვედი და რას ვხედავ, ცოლად ჰყავს და ბავშვსაც ელოდება. მერე თავისი ისტორია მომიყვა, რომელიც საჩემოდ გამოვიყენე. მინდოდა, მუდმივად ფული მეთხოვა და გაგიჟებულიყო, ვინმეს დატაკებოდა. გგონიათ, მის შვილს არ გავზრდიდი? გავზრდიდი, მაგრამ სანამ ის ცოცხალი იყო, მის ცოლს ვერ მოვიყვანდი. მე მკვლელი არ ვარ, მოკვლა არ მსურდა, ამიტომ მოვიფიქრე ეს გეგმა“, - განაცხადა დაკავებულმა.

სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, შეიარაღებული თავდასხმისთვის, დაკავებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე