თბილისის ცენტრში ომის ვეტერანმა ქალმა თავი მოიკლა - საიდუმლოებით მოცული კრიმინალური ისტორიის დეტალები

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყველა თავმოყვარე სახელმწიფომ ომის ვეტერანებს პატივი უნდა სცეს. მათ, რომლებმაც სამშობლოს დასაცავად უპირველესი - საკუთარი სიცოცხლე დადეს სასწორზე და ბევრი, ძალიან ბევრი მათგანი, სწორედ სამშობლოს შეეწირა. ეწირებოდნენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, საქართველოსთვის სიკვდილს უღიმოდნენ, მიდიოდნენ ღიმილის ბიჭები ფრონტის წინა ხაზზე, ამაყად თავაწეულები და მათ ზუსტად იცოდნენ, რისთვის სწირავდნენ სიცოცხლეს. სამამულო ომის დროს, საბჭოთა ჯარში თხუთმეტივე რესპუბლიკის წარმომადგენლები იყვნენ და ერთად ებრძოდნენ ფაშიზმს. მათ შორის, პროცენტულად, ყველაზე დიდი მსხვერპლი საქართველომ ნახა - ჩვენმა ბედკრულმა ქვეყანამ, რომელიც წლიდან წლამდე ცდილობს იარების მოშუშებას, მაგრამ ლამის ათწლეული არ გადის ისე, მცირე თუ დიდი ომის გადატანა არ მოგვიხდეს. ახლაც, ბეწვის ხიდზე გადის საქართველო და ერთი არასწორი ნაბიჯი ან განცხადება, შესაძლოა, კვლავ ომის ფასად დაგვიჯდეს.

ჰოდა, იმას გეუბნებოდით, ყველა თავმოყვარე სახელმწიფო ვეტერანებს პატივს სცემს და ასე იყო საბჭოთა კავშირის დროსაც. უფრო ზუსტად, მაშინ სამამულო ომის ვეტერანები ძალიან დაფასებულნი იყვნენ და მკერდს თუ მედლებიც უმშვენებდათ, ხომ საერთოდ, ყველა პატივს მიაგებდა. სამწუხაროდ, სამამულო ომის ვეტერანთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება და ვაკის პარკში, ყოველ 9 მაისს, სულ უფრო ცოტა ბებია-ბაბუა მიდის გამარჯვების აღსანიშნავად.

„განყოფილების უფროსმა დამიძახა და თითქოს საიდუმლოდ მითხრა, თბილისის ცენტრში, საკუთარი ბინიდან, ომის ვეტერანი ქალბატონი გადმოხტა, ოფიციალური ვერსიით, თავი მოიკლა, მეზობლებმაც და უბნის რწმუნებულმაც თქვეს, ბოლო დროს ფსიქიკურად ვერ იყოო, მაგრამ ექსპერტი იკლავს თავს, გინდა თუ არა, მკვლელობაა, გვამს ძალადობის ნიშნები ეტყობაო. მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილ მოხუცს რა ძალადობის ნიშნები უნდა ეტყობოდეს, ვერ ვხვდები, მაგრამ მიდი, დაელაპარაკე, თუ რამე საეჭვოა, საქმე უნდა აღვძრათ“, - გვიყვება ერთ-ერთ ყველაზე ჩახლართულ და საიდუმლოებით მოცულ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

მომხდარის შესახებ მთელმა თუ არა, ნახევარმა თბილისმა მაინც იცოდა, ამბობდნენ, ბოლო დროს, ეს ინტილიგენტი ქალი ძალიან შეიცვალა, ფსიქიატრიულში წაყვანასაც უპირებდნენ მეზობლები, მაგრამ კატეგორიულ უარს ამბობდა, ბოლო კი... ბოლოს გადმოხტა და თავი მოიკლაო. როგორც უბნის რწმუნებულმა თქვა, ორი წლის წინ, ქალმა უსაყვარლესი მეუღლე დაასაფლავა. ასაკის მიუხედავად, წყვილი მუდმივად ერთად დადიოდა, ერთმანეთს სიბერეშიც კი ყმაწვილებივით ეფერებოდნენ. სწორედ ქმრის სიკვდილმა შეძრა ქალი სულით ხორცამდე, შვილები არ ჰყავდათ, ერთმანეთი ფრონტზე გაიცნეს და მას მერე ერთად იყვნენ. ბერლინამდეც ერთად იარეს და როცა დაბრუნდნენ, იქორწინეს. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ქალს მარტოობის ეშინოდა, ამიტომ ცდილობდა, ვინმე, ახალგაზრდა გოგონასთვის მიექირავებინა ერთი ოთახი და ძალიან, ძალიან სიმბოლურ ფასს ამბობდა, რათა მალე ეპოვა. იპოვა კიდეც გოგონა, რომელიც სოფლიდან იყო ჩამოსული, ტექნიკუმში სწავლობდა და მასთან, დაახლოებით, ნახევარი წელი იცხოვრა. ბინიდან კი იმის გამო წავიდა, რომ დაიმტვრა, კორპუსში, კიბეებზე ფეხი დაუცდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კარგა ხანს უგონოდ იყო, მერე აზრზე მოვიდა და არაფერი ახსოვდა, მაგრამ ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებოდა. მშობლებმა სოფლიდან ჩამოაკითხეს, მისი მცირე ნივთები მოაგროვეს, დიასახლისს მადლობა გადაუხადეს და წავიდნენ. მოხუცმა ახალი მობინადრის ძებნა დაიწყო და მალე იპოვა - სადარბაზოდან რომ გავიდა, ახალგაზრდა გოგომ ჰკითხა, ხომ არ იცით, ვინმე ბინას რომ აქირავებდეს, სტუდენტი ვარო და ქალმა სახლში წაიყვანა, ოთახი ანახა და მარტივად მორიგდნენ. გოგონას შესახლებიდან ერთ კვირაში, მოხუცი სადარბაზოში გავარდა, მიშველეთ ხალხო, ჩემი მდგმური თავს იკლავს, ვენები გადაიჭრაო. სართულზე შინ მხოლოდ მისი მეგობარი, ასევე ასაკოვანი ქალბატონი იყო, ერთად დაეშვნენ ქვედა მეზობელთან, მერე კიდევ ქვევით, ბოლოს, როგორც იქნა, ღამის ცვლიდან მოსული მეზობელი კაცი იპოვეს, რომელმაც ნაჯახი აიტანა, ოთახის კარი შეამტვრია და... იქ არავინ იყო. არადა, მოხუცი ამტკიცებდა, ჩემი თვალით ვნახე, ვენებზე დანა როგორ დაისვა და სისხლმაც იფეთქაო. ოთახში არც სისხლის კვალი იყო, არც დანა, არც გოგონა და... ამ დროს, შემოსასვლელ კარში გამოჩნდა გოგო, გაოცებულმა იკითხა, რა ხდებაო? დიასახლისი მაშინვე ეცა, მკლავები გაუშიშვლა და მას ნაკაწრიც კი არ ეტყობოდა. მეზობლებმა ერთმანეთს გადახედეს, მერე მოხუცს და სინანულით გადააქნიეს თავი. მანაც, სირცხვილისგან არ იცოდა, რა ექნა.

გავიდა კიდევ ერთი კვირა და მოხუცი, საღამურ პერანგში, საკუთარ კართან იყო წამოწოლილი და ეძინა. ის მეზობელმა შემთხვევით ნახა, გააღვიძა, აქ რას აკეთებო და მან მხრები აიჩეჩა, ზუსტად მახსოვს, ლოგინში დავწექიო. მდგმური შინ არ იყო, იმ დღეს მეგობართან უნდა დარჩენილიყო და მომხდარი მხოლოდ მეორე დღეს გაიგო. მეზობლებს უთხრა კიდეც, ცოტა არ იყოს, მეშინია, ოთახი უნდა დავცალოო, თუმცა კიდევ ერთი კვირა და... ქალი აივნიდან გადახტა. შინ არც ბრძოლის კვალი იყო, არც რამე გახლდათ არეული, ბინის კარიც გასაღებით იყო ჩაკეტილი, სავარაუდოდ, შიგნიდან, გასაღები იქვე, ტუმბოზე იდო. როგორც კი მდგმური მოვიდა და მომხდარი გაიგო, ბარგი ერთ ჩემოდანში ჩაალაგა, მეზობლებს დაემშვიდობა და წავიდა. საინტერესო ის გახლდათ, რომ მისი მხოლოდ სახელი იცოდნენ მეზობლებმა, არც ის, სად სწავლობდა, არც ის, საიდან იყო... პირველი მდგმური, ის სოფლელი გოგო, უფრო ენაწყლიანი გახლდათ, უფრო მეგობრული, ეს თითქმის არ საუბრობდაო.

რაც შეეხება ექსპერტს. როცა გამომძიებელი მასთან მივიდა, ექსპერტმა მაშინვე სურათები დაულაგა წინ, სადაც გარდაცვლილი ქალის სახე იყო გადაღებული. ექსპერტი სისხლნაჟღენთებს თითს ადებდა და ეუბნებოდა, წესით, ასეთი ნაჟღენთები მას შემდეგ ჩნდება, რაც გვამი პირქვედამხობილი, გარკვეული დროის განმავლობაში რჩება, მაგრამ გვამს დეტალურად დავაკვირდი და ეს ნაჟღენთები პირზე ხელის აფარების შედეგად არის გაჩენილი, ნათითურებიც კი ეტყობა ანუ ქალს სიკვდილამდე, პირზე ხელი ააფარეს, ჩემი აზრით, იმიტომ ააფარეს, რომ არ ეყვირა და ფანჯრიდან გადმოაგდესო. ასე მარტივად აღწერა სავარაუდო მკვლელობა ექსპერტმა და ისე დაბეჯითებით ყვებოდა ყველაფერს, თითქოს, იქ იყო და საკუთარი თვალით ნახა.

„ძალიან ძლიერი და გამოცდილი ექსპერტი გვყავდა, უფლება არ მქონდა, არ დამეჯერებინა, მაგრამ ვის შეიძლებოდა დასჭირვებოდა მოხუცის მკვლელობა, თანაც, ასე სასტიკად და რაც მთავარია, იმას, რომ ქალს ყველაფერი რიგზე ვერ ჰქონდა თავში, მეზობლებიც ადასტურებდნენ. ამიტომ, ექსპერტების ჯგუფი წავიყვანე და ბინაში მივედი, რომ დამეთვალიერებინა და რაც მთავარია, მენახა, ხომ არ იყო რამე დაკარგული. ბინა დალუქული გახლდათ და გასაღები მეზობელს ჰქონდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

სახლში თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, არანაირი არეულობა ანუ ქურდობა-ძარცვის კვალი არ ეტყობოდა, მაგრამ მეზობლის ქალი ამტკიცებდა, გარდაცვლილს ოქროს ორი წყვილი საყურე, ყელსაბამი და ოქროს საათი ჰქონდა, ვიცი, სადაც ინახავდა, მაგრამ რომ დავძებნე, იქ არ იყო, შეიძლება მდგმურმა გაიყოლაო. ექსპერტებმა კარგა ხანს იმუშავეს და მდგმურის ოთახი განსაკუთრებით დაათვალიერეს, მაგრამ იატაკზე რამდენიმე ადგილზე გაურკვეველი წვეთების ლაქების გარდა, ვერაფერი ნახეს. ერთ-ერთმა ექსპერტმა თქვა, რაღაც ქიმიურ ლაქებს ჰგავს, სინჯს ავიღებო და პარკეტს ცოტაოდენი ხე ააფხიკა. საგამოძიებო ჯგუფი უკან გაწბილებული გაბრუნდა, თუმცა მეორე დღეს, ექსპერტებს საინტერესო დასკვნა ჰქონდათ - იატაკიდან აღებული სინჯი მართლაც ორ ქიმიურ ნაერთს შეიცავდა, ჯანმრთელობისთვის ორივე უსაფრთხო იყო, ორივე ღია ფერის, მაგრამ თუ ერთმანეთს ეხებოდნენ, რეაქცია იწყებოდა და სითხე სისხლისფერი ხდებოდა.

„სწორედ ამაზე დაიწყო ვერსიის აგება ანუ დიდი შანსი იყო, მდგმურმა მკლავზე წაისვა სითხე, დანის პირს წაუსვა მეორე სითხე, შემდეგ, როცა ოთახში მოხუცი შევიდა, დანა კაანს შეახო, რეაქცია დაიწყო, გაწითლდა და მოხუცს ეგონა, ვენებს იჭრიდა. როცა ის მეზობლების დასაძახებლად გავიდა, გოგონამ ყველაფერი წამებში მიალაგა, ზედა სხვენში ავიდა, იქიდან მეორე სადარბაზოში გადაძვრა და შინ დაბრუნდა, თითქოს, არაფერი მომხდარა. ქალი კი ლამის შეურაცხადად გამოაცხადეს. კართან დაძინებაც მარტივი ასახსნელი იყო - საძილე წამალი მისცა მოხუცს და მერე, უბრალოდ, გარეთ გაათრია, თავად კი მეგობართან წავიდა, იმ იმედით, რომ ვინმე ნახავდა. მაგრამ, ვინ იყო, ან რატომ იქცეოდა ასე ახალგაზრდა ქალი? რა აკავშირებდა მოხუცთან და რატომ მოკლა ან მიიყვანა თვითმკვლელობამდე ის, მიახლოებითაც კი ვერ ვხვდებოდი“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

მეზობლები მილიციის განყოფილებაში მიიყვანეს და გოგონას ფოტო-რობოტი შეაქმნევინეს. შემდეგ, ეს ფოტო-რობოტი სხვა მეზობლებს აჩვენეს და მათ დაადასტურეს, ძალიან ჰგავსო. ეს რაღაცას ნიშნავდა. გოგონაზე ძებნა გამოცხადდა, თუმცა მისი არც სახელი, არც გვარი და არც ასაკი არავინ იცოდა. რეალური სახელი, თორემ მოხუცს როგორც გაეცნო, ძალოვნებმა კი გაიგეს. იმჟამინდელი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, მხოლოდ ფოტო-რობოტით ადამიანის მოძებნა, პრაქტიკულად, წარმოუგენელი იყო. მოვლენები კი საინტერესოდ განვითარდა. ვიღაც ახალგაზრდა კაცი გამოჩნდა, რომელმაც თქვა, რომ გარდაცვლილის დის შვილი და ბინის ერთადერთი მემკვიდრე იყო. მეზობლებმა მილიციაში დარეკეს, არასდროს გაგვიგია, რომ მოხუცს და ჰყავდა, მითუმეტეს, დის შვილი და ამ კაცს პირველად ვხედავთო.

„ადგილზე გავედით, მამაკაცი განყოფილებაში წამოვიყვანეთ, მშვიდად წამოგვყვა და მალევე გავარკვიეთ, რომ სიმართლეს ამბობდა. ახალგაზრდა კაცმა მოგვიყვა, რეალურად, დეიდაჩემმა საქმრო დედაჩემს წაართვა, ფრონტზე ერთად იყვნენ, იქ გაიცნეს და მაშინ მოხდა ეგ ამბავი, ამიტომ ურთიერთობა არ გვქონდაო. მართალია, ბიჭმა იცოდა, დეიდა სადაც ცხოვრობდა, შორიდან უყურებდა ხოლმე კიდეც, მაგრამ დედის გამო, მისვლას ვერ ბედავდა, სიკვდილის წინაც, დედამ პირობა ჩამოართვა, არ ნახოო და ახლა, როცა გარდაიცვალა, ბინაზე განაცხადა პრეტენზია, ოროთახიანში ცოლთან და ორ შვილთან ერთად ვცხოვრობ და ვიწროდ ვარო“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავებმა ბიჭს ფოტო-რობოტი აჩვენეს, მან მხრები აიჩეჩა, პირველად ვხედავო, თუმცა, ერთ-ერთი ოპერმუშაკი ირწმუნებოდა, წამით შეკრთაო და ამიტომ, ყოველი შემთხვევისთვის, ახალგაზრდა კაცს თვალთვალი დაუწყეს. თვალთვალმა შედეგი იმავე საღამოს მოიტანა - ბიჭს ბორკილები მაშინ დაადეს, როცა სკვერში... ფოტო-რობოტზე ასახული გოგონას გაგუდვას ცდილობდა. რაღა თქმა უნდა, გოგომ ყველაფერი დაფქვა.

„ეს კაცი ჩემი საყვარელია. მპირდებოდა, ცოლს დავშორდები, შენ მოგიყვან, მაგრამ სად ვიცხოვროთო? ბინა მეც არ მქონდა, ამიტომ შემომთავაზა, დეიდაჩემს ჩაუსახლდი, ეგებ, გააგიჟო და თუ ფსიქიატრიულში წაიყვანენ, ბინა მე დამრჩებაო. ამიტომ, თვითმკვლელობის ინსცენირება მოვაწყვე, წამლით ჩაძინებული გარეთ გავათრიე, კიდევ რაღაც გეგმები მქონდა, მაგრამ ამან აღარ დამაცადა. სახლის გასაღების ასლი გავაკეთე, მივეცი, ჰქონდა... ალბათ მან მოკლა მოხუცი, მე არ ვიცი“, - თქვა ქალმა.

გოგოს ჩვენების შემდეგ, დის შვილმა ყველაფერი აღიარა, ისიც თქვა, როგორ გადმოაგდო დეიდა სარკმლიდან, ისიც, როგორ აპირებდა ამ ბინის გაყიდვას და აღებული ფულით საკუთარი სახლის ყიდვას მცხეთაში, თუმცა...

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე