სამხარეო პროკურორის მოადგილემ მოსამართლის ბინაში ყოფილი ქურდი მოკლა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

ვინ არის „ჩუქჩა“ - გასაიდუმლოებული გამოძიების დეტალები

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 კომუნისტების დროს მაღალჩინოსნები ხელშეუხებლები იყვნენ. პარტიის ლიდერებს უფლება არ ჰქონდათ, დანაშაული ჩაედინათ და თუ ვინმეს იმეტებდნენ, მაშინ ბოლომდე იმეტებდნენ, რეალურად კი ძალიან ბევრი დანაშაული, უბრალოდ, იჩქმალებოდა. ამიტომ, როცა კრიმინალური შემთხვევა მაღალჩინოსანს ეხებოდა, სამართალდამცავები ოფიციალურად ან არაოფიციალურად ასაიდუმოებდნენ. ჰოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, როცა ერთ მშვენიერ დღეს, მეზობელმა კარის მეზობლის კარი შეღებული დაინახა, შევიდა და იქ მკვდარი მამაკაცი ნახა. ბინა, სადაც გარდაცვლილი იპოვეს, მოსამართლეს ეკუთვნოდა, მოსამართლე კი, ცოლ-შვილთან ერთად, ზაფხულის შვებულებას სოხუმში ატარებდა.

 „ზაფხული ისეთი პერიოდია, ყველა გასული იყო თბილისიდან და ზოგადად, ამ დროს, კრიმინალური შემთხვევებით უფრო ზღვისპირა რეგიონი გამოირჩეოდა და ამიტომ, ძალიან გაგვიკვირდა, როცა უმძიმესი დანაშაული თბილისში მოხდა და რაც მთავარია, მოხდა მოსამართლის ბინაში. რაღა თქმა უნდა, მოსამართლე მაშინვე დედაქალაქისკენ გამოემგზავრა, თუმცა მანამდე, ჩემმა ოპერებმა გარდაცვლილი იცნეს“, - იხსენებს ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ და ყველაზე გასაიდუმლოებულ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ერთი მუხლში, მეორე - მუცელში, მესამე - პირდაპირ გულში. შესაძლოა, ვინმეს ეგონოს, რომ მკვლელი ცუდად ისროდა, თუმცა ექსპერტი საპირისპიროს ამტკიცებდა - მსროლელმა კარგად იცოდა, რასაც აკეთებდა, ფეხშიც შეგნებულად ესროლა, მუცელშიც და შემდეგ - გულშიცო ანუ ექსპერტი ამტკიცებდა, მუხლსა და მუცელში ტყვია მანამ იყო ნასროლი, სანამ მკვლელი სასიკვდილო გასროლას განახორციელებდა.

რაც შეეხება გარდაცვლილს, ის ბინების საკმაოდ ცნობილი ქურდი იყო და ერთი შეხედვით, არავის გაჰკვირვებია, რომ მოსამართლის ბინაში იპოვეს, მაგრამ...

„ეს ბინების ქურდობას ჯერ კიდევ ათი წლის წინ შეეშვა. ბოლო „სროკი“ ავარიაზე ჰქონდა, გოგონა გაიტანა, ის ბავშვი გადარჩა, თუმცა სასამართლომ მაინც ექვსი წელი მისცა. ეს საქმის გადახედვას ითხოვდა და გადახედეს, სასჯელი გაუნახევრეს და ციხე სამ წელიწადში დატოვა. მანამდე, წლების განმავლობაში, ბინების ქურდობაში შემჩნეული აღარ იყო, ცოლიც მოიყვანა, პატიოსნადაც მუშაობდა, ერთი შვილი ჰყავდა, მეორეს ელოდა, ასეთ დროს მოკლეს და რაც მთავარია, მოკლეს მოსამართლის ბინაში. ყველაფერი ეს, ჩემმა ოპერმა მიამბო“, - გვიხსნის ბატონი თენგიზი.

სახლში მხოლოდ ერთი ცარიელი მასრა ნახეს, სავარაუდოდ, ორი მკვლელმა წაიღო, თუმცა იმ ერთზეც შეიმჩნეოდა თითის ანაბეჭდი, რომელიც გარდაცვლილს არ ეკუთვნოდა. ბინიდან თითქოს არაფერი იყო დაკარგული და ეს მაშინ, როცა მოკლულის გვერდით, დაახლოებით, 2 500 მანეთი და ოქროული ეყარა ანუ მათ, რომლებმაც ბინაში შეაღწიეს, ძვირფასეულობას მიაგნეს, თუმცა არ წაიღეს. როცა მოსამართლეს მოკლულის სურათი ანახეს, გაოცებისგან პირი დააღო - ამ კაცს სასჯელი მე გავუნახევრე, სხდომაზე ატირდა, მადლობები იხადა და თან, ციხის ადმინისტრაციისგან საუკეთესო დახასიათება ჰქონდაო. გამოდიოდა, რომ ბინის ძველი ქურდი მოსამართლეზე განაწყენებული არ უნდა ყოფილიყო? მაშ, რა მოხდა?!

სამართალდამცავები გარდაცვლილის ოჯახში მივიდნენ. ცოლი ტირილით თავს იკლავდა, შემიძლია დავიფიცო, გამოსწორდა, ქურდობაზე საერთოდ არ ფიქრობდა, დღე და ღამეს ასწორებდა, შრომობდა და ლუკმა-პურს ასე შოულობდაო.

„დაახლოებით, სამი კვირის წინ, ვიღაც კაცი მოვიდა. ქმარს არ მოეწონა მისი სტუმრობა, მაგრამ შემოიპატიჟა და სამზარეულოში სუფრა გამაშლევინა. კი ცდილობდნენ, ჩუმად ესაუბრათ, მაგრამ რომ შეთვრნენ, ხმას აუწიეს. მოსული ეუბნებოდა, ჩვენი ვალი გაქვს, „ზონაზე“ რომ გინახავდით, არაფერი გაკლდა და ამიტომ, კონკრეტული ბინა უნდა გახსნა, დანარჩენი ჩვენ ვიცითო. როგორც მივხვდი, ქმარი დათანხმდა, მაგრამ ერთი პირობით - ეს მისი უკანასკნელი საქმე იქნებოდა. არ ვიცი, რა ერქვა იმ კაცს, მაგრამ ჩემი ქმარი მეტსახელით მიმართავდა და „ჩუქჩას“ ეძახდა“, - ეს არის გარდაცვლილის ცოლის ჩვენების ამონარიდი.

სამართალდამცავები „ჩუქჩას“ კარგად იცნობდნენ, ამიტომ მას სახლში მიადგნენ და რაოდენ დიდი იყო მათი გაოცება, როცა „ჩუქჩამ“ მშვიდად თქვა, ვიცი, რაზეც მოხვედით, იარაღი უჯრაშია, ის კაცი მე მოვკალიო. ეს ნამდვილი შოკი იყო, გამოცდილი კრიმინალისგან ასეთ აღიარებას არავინ ელოდა და რაც მთავარია, მკვლელობის იარაღის შინ შენახვა, საერთოდ, სრული სიგიჟე იყო. დაკავებულმა დეტალურად აღწერა მომხდარი და თქვა, რომ ბინის ქურდი სიხარბის გამო მოკლა, იქ ბევრი ძვირფასეულობა და ფული ვნახეთ, ის დახარბდა, მეტი მოითხოვა და ვეღარ მოვითმინე, მოვკალი და რომ არ მომეკლა, აქეთ მომკლავდაო.

„ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივად აღსაქმელი იყო, მაგრამ მთავარი კითხვა უპასუხოდ რჩებოდა - რატომ არ წაიღო „ჩუქჩამ“ ის ძვირფასეულობა და ფული, რომლის გამოც კაცი მოკლა? იმის თქმა, რომ მას დრო არ ჰქონდა, აბსურდი გახლდათ - მაქსიმუმ, 10 წამში კრიმინალი მარტივად მოაგროვებდა ყველაფერ იმას, რაც ბინაში ეყარა და 10 წამი კიდევ ნამდვილად არ გადაუწყვეტდა არაფერს. ჰო, დაკავებულმა ისიც თქვა, გარეთ ასფალტს აგებდნენ და ასფალტის პისტოლეტის ხმაზე გავისროლე, მეზობლებს რომ ვერაფერი გაეგოთო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

აღიარებითი ჩვენების მიუხედავად, გამომძიებლები საქმის სასამართლოში გადაგზავნას არ ჩქარობდნენ და დაკავებულის დაკითხვას აგრძელებდნენ. ნელ-ნელა, ის ჩვენებებში აიბლანდა და მესამე დღეს ცხადი გახდა, რომ „ჩუქჩა“ მკვლელი არ იყო და სხვის დანაშაულს იბრალებდა. კი, მაგრამ ვინ უნდა ყოფილიყო ისეთი, ვის გამოც გამოცდილი კრიმინალი რიგით ამბავს კი არა, მკვლელობას იბრალებდა?! ეს იყო გასარკვევი და სანამ გამომძიებლები ფიქრით თავს იმტვრევდნენ, სამხარეო პროკურორის მოადგილის ზარი გაისმა. ის გამომძიებელს თავისთან უხმობდა.

„როგორც ვიცი, მოსამართლის ბინაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. რაც შეიძლება მალე უნდა გადასცეთ საქმე სასამართლოს, რადგან მოსკოვიდანაც გვაწვებიან და აქაც, დაინტერესებულნი არიან, რომ ყველაფერი მალე დასრულდეს“, - თქვა პროკურორის მოადგილემ და იმის მიუხედავად, რომ გამომძიებელი ამტკიცებდა, მკვლელი სხვა არის, ეს იბრალებსო, სამი დღის ვადა მისცა იმისთვის, რომ საქმე დაეხურა და სასამართლოსთვის გადაეცა.

განყოფილებაში დაბრუნებულ გამომძიებელს საინტერესო ამბავი დახვდა. მისმა თანამშრომლებმა გაქექეს და დაადგინეს, რომ გოგონა, რომელიც მოკლულმა წლების წინ გაიტანა... პროკურორის იმ მოადგილის შვილი იყო, რომელიც საქმის დახურვას კატეგორიულად ითხოვდა. აუცილებელი იყო მასრაზე ნაპოვნი თითის ანაბეჭდის შედარება პროკურორის მოადგილის ანაბეჭდთან, მაგრამ როგორ? ვერავინ გაბედავდა პროკურორისთვის ამაზე სანქცია მოეთხოვა. ამიტომ, გამომძიებელი კვლავ პროკურორის მოადგილესთან წავიდა, რაღაც სისულელეზე ესაუბრა, შემდეგ მისი მაგიდიდან კალამი აიღო და ზუსტად იგივენაირი, ოღონდ სხვა კალამი დააბრუნა. ორ საათში, ექსპერტის დასკვნა მაგიდაზე იდო - ბინაში, ტყვიის მასრაზე ნაპოვნი ანაბეჭდები სამხარეო პროკურორის მოადგილეს ეკუთვნოდა. ამ დასკვნით გამომძიებელი მინისტრთან შევიდა და მან გენერალურ პროკურორს სანქციის გაცემა დაავალა. მის დასაკავებლად ბინაში მივიდნენ, მორიდებით დააკაკუნეს და უთხრეს, ყოველგვარი ხმაურისა და ბორკილების გარეშე აპატიმრებდნენ. პროკურორის მოადგილემ თავი დახარა, გასაგებიაო, თქვა და ოთახში შებრუნდა, შვილს დავემშვიდობებიო. სამართალდამცავები ფეხდაფეხ მიჰყვნენ და დაინახეს ეტლში მჯდომი გოგონა, რომელიც მამას მხურვალედ მოეხვია და ერთადერთი რამ ჰკითხა - „მალე მოხვალ?!“

„თქვენ როგორ ხასიათზე დადგებოდით, კაცი, რომელმაც შვილი სამუდამოდ ეტლს მიაჯაჭვა, ციხიდან ვადაზე ადრე რომ გამოეშვათ? ამიტომ, მისი დასჯა გადავწყვიტე, თანაც იმ მოსამართლის ბინაში, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. თანამდებობა არ გამომიყენებია, დარწმუნებული ვიყავი, მოსამართლე საქმეს გაეცნობოდა, მერე მითხრეს, რომ ის ჩემი შვილის ჯანმრთელობის ცნობით არც კი დაინტერესებულა, არ მოუკითხავს, როგორ იყო გოგონა, უბრალოდ, დაუდასტურეს, რომ ცოცხალია და მორჩა. წლებია, „ჩუქჩა“ ჩემი ინფორმატორია და ბოლოს, ორი წლის წინ, სერიოზული გაუგებრობიდან დავიხსენი, რომ არ მეშველა და საქმე „გამსკდარიყო“, თავისი ძმა-ბიჭები მოუღებდნენ ბოლოს. ამიტომ, ამ საქმეზე მისი დათანხმება არ გამჭირვებია, მით უმეტეს, ავუხსენი, რომ პროკურორი მინიმალურ სასჯელს მოითხოვდა, რადგან მან კრიმინალი მოკლა და ვადაზე ადრე გათავისუფლებასაც დავპირდი. ის მასრა რომ მეპოვა, ვერასდროს ვერაფერს დაამტკიცებდით, მაგრამ ვერ ვიპოვე. ბინის ქურდმა კარი რომ გააღო, მე ფეხდაფეხ შევყევი და იარაღიც სამჯერ იმიტომ ვესროლე, რომ სიკვდილის წინ ტკენოდა კიდეც, ზუსტად ისე ტკენოდა, როგორც მე მტკივა. „ჩუქჩა“ იქ საერთოდ არ ყოფილა, მერე მოვუყევი ყველაფერი, როცა იარაღი მივეცი“, - დაასრულა მოყოლა პროკურორის მოადგილემ.

სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა შემდეგ საქმის გადახედვის დროს, ვადა 8 წლამდე შეუმცირეს, საიდანაც 6 წელი მოიხადა.