კრიმინალმა ქმარმა მოცეკვავე ცოლის არასრუწლოვანი საყვარელი ჩაცხრილა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სისხლიანი ტანგო

კრიმინალმა ქმარმა მოცეკვავე ცოლის არასრუწლოვანი საყვარელი ჩაცხრილა  

ბათო ჯაფარიძე

 

საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში ცეკვას ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეჭირა. ქართული ცეკვის ანსამბლებს მსოფლიო აქვთ მოვლილი და მათ სტუმრობას ნებისმიერ ქვეყანაში გულგრილი არავინ დაუტოვებია. ასე იყო კომუნისტების დროსაც, თუმცა მაშინ აქცენტი ეროვნულ ცეკვებზე კეთდებოდა, სამეჯლისო ცეკვებს კი დიდად არ სწყალობდნენ. სწყალობდნენ კი არა, ერთი პერიოდი აკრძალულიც კი იყო. შემდეგ ეს შეზღუდვები მოიხსნა და სამეჯლისო ცეკვების სკოლებიც გაჩნდა.

 

ერთ-ერთი ასეთი წარმატებული სკოლა აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში იყო და მას საკმაოდ ცნობილი ქალბატონი ხელმძღვანელობდა - 50-ს გადაცილებული, თუმცა ყველა რეპეტიციას თავად უძღვებოდა, გვარიანად იღლებოდა და მოწაფეებსაც ღლიდა. სამეჯლისო ცეკვებზე, ძირითადად, სკოლის ბავშვები დადიოდნენ, სკოლის დასრულების შემდეგ კი ცეკვაც სრულდებოდა და მოზარდები ან უმაღლეს სასწავლებლებში აბარებდნენ, ან ტექნიკუმებში, ან ჯარში მიდიოდნენ, გოგონები კი თუ უმაღლესში ვერ მოხვდებოდნენ, საექთნოზე სცდიდნენ ბედს. გაზაფხულის ბოლო რეპეტიციაზე მასწავლებელმა ტანგო იცეკვა და პარტნიორს დანანებით უთხრა - ესეც ჩვენი უკანასკნელი ტანგო! ამის შემდეგ, ბავშვები წამოიშალნენ, პედაგოგთან მისვლა დააპირეს, რათა დამშვიდობებოდნენ, თუმცა მოულოდნელად, დარბაზის კარში ვიღაცის სილუეტი გამოჩნდა, იმ ბიჭს, რომელიც ბოლოს ეცეკვა პედაგოგს, ნაგანი დაუმიზნა და ესროლა. ბიჭი უსულოდ დაეცა. სანამ ბავშვები და პედაგოგი ერთ ხმაში კიოდნენ, მკვლელი მიიმალა.

„ჩემთან სკოლის შემდეგ იშვიათად ჩერდება ვინმე. ეს ბიჭი მართლა დამენანა, საოცარი მონაცემები ჰქონდა, დარწმუენბული ვარ, ცეკვას რომ გაჰყოლოდა, აუცილებლად ექნებოდა წარმატებები, მაგრამ მან სამედიცინოზე ჩაბარება გადაწყვიტა. წესი მაქვს ასეთი, ყოველი წლის ბოლოს, გამორჩეულ მოსწავლესთან ბოლო ტანგოს ვცეკვავ და ეს იცის ყველამ. ახლაც ასე იყო, ბოლო ტანგო ვიცეკვეთ, შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა. წარმოდგენაც არ მაქვს, როგორ შეიძლება, ამ ასაკში ბავშვს ჰყავდეს ამ დონის მტერი, მით უმეტეს, წესიერ ბავშვს“, - ეს იყო მასწავლებლის მონათხრობი.

ძალოვნებს ბევრი არ უფიქრიათ, ერთ-ერთი მოსწავლის ძმა დააკავეს. როგორც გაარკვიეს, ეს მოსწავლე მოკლულის შეყვარებული იყო, ძმა ყველაფერ ამას კარგად არ უყურებდა და გარდაცვლილი ერთხელ უკვე ჰყავდა სასტიკად ნაცემი, თანაც დაკავებულს „ბეგრაუნდიც“ ხელს უწყობდა - ორჯერ ნასამართლევი, ორივეჯერ ყაჩაღობისთვის. დაკავებულმა ყურადღებით მოუსმინა გამომძიებლებს და ჩუმად თქვა - სჯობს ქურდობისთვის ჩავჯდე, ვიდრე მკვლელობისთვის. სწორედ მაგ დროს, გვერდით რაიონში, ერთ-ერთ საწყობს ვქურდავდი, ავტომანქანის საბურავებს ვიპარავდი და ათი ცალი მოვიპარე კიდეცო. გადაამოწმეს და მართალი გამოდგა. შესაბამისად, დაკავებულს ბრალდება გადაუკვალიფიცირეს და ქურდობის მუხლით გაასამართლეს, თუმცა ამით გამოძიებას შეღავათი ნამდვილად არ ჰქონია - ერთადერთი ეჭვმიტანილი წაუვიდა ხელიდან.

სხვა მოსწავლეებიც დაკითხეს და აღმოჩნდა, რომ ბიჭის შეყვარებულის ძმის გარდა, გარდაცვლილს არათუ კონფლიქტი, არამედ, უბრალო უთანხმოებაც კი არ ჰქონია არავისთან. გამოძიება სხვა ვერსიაზე წავიდა - იქნებ, მსროლელი არა ბიჭის, არამედ სხვის მოკვლას აპირებდა და ის სხვა, ყველა ვარიანტში, მასწავლებელი უნდა ყოფილიყო, რადგან მათ სიახლოვეს ბავშვები ჯერ მისულები არ იყვნენ, მკვლელმა კი სწორედ ამ ორის მიმართულებით გაისროლა, თუმცა როცა დაკითხვის ოქმებს კარგად გაეცნენ, მიხვდნენ, რომ მასწავლებელი არაფერ შუაში იყო, რადგან პირველი გასროლის შემდეგ, ბიჭი დაეცა და მკვლელმა მეორე ტყვია უკვე დაცემულს ესროლა ანუ ხელი დაბლა დასწია და მასწავლებლის მოკვლა რომ სდომოდა, ასე არ მოიქცეოდა.

გარდაცვლილის ოჯახში სტუმრობა ძალიან ძნელი იყო. ოჯახი შვილის სტუდენტობისთვის ემზადებოდა და ამის ნაცვლად, მისი გასვენება უწევდათ. მომხდარს ახსნას ვერც ისინი უძებნიდნენ და ამბობდნენ, რომ მათ შვილს არასდროს ჰქონია ვინმესთან კონფლიქტი და მით უმეტეს, ისეთი დაპირისპირება რომ ჰქონოდა, ვინმეს სასიკვდილოდ გაემეტებინა, აუცილებლად გაიგებდნენ. იგივე დაადასტურეს მეზობლებმა და გამოდიოდა, რომ მოხდა რაღაც, რამაც ვიღაც აიძულა, სპონტანური გადაწყვეტილება მიეღო და მოეკლა ბავშვი, რომელსაც ყველა დადებითად ახასიათებდა. გადაწყდა, მშობლების თანდასწრებით, შეყვარებული დაეკითხათ.

„არასდროს შემინიშნავს მისთვის რაიმე ისეთ, რაც შესაძლოა, ყველაფერ ამის მიზეზი გამხდარიყო. როცა ჩემთან შეხვედრა დაიწყო, ისიც კი მითხრა, შენამდე მიყვარდა ქალი, მაგრამ მივხვდი, რომ ის ჩემი შესაფერისი არ არისო და მეტი არაფერი უთქვამს. არც ვიცი, ვინ იყო ის ქალი და როცა ვკითხე, ქალი თუ გოგო-მეთქი, დამიკონკრეტა - არა, ქალი მიყვარდა, ქალიო. ამ თემას აღარასოდეს დავბრუნებივართ“, - გაიხსენა შეყვარებულმა.

გოგონას ნათქვამი ოჯახმა კატეგორიულად უარყო, ჩვენს შვილს კარგად ვიცნობდით, ამ გოგომდე შეყვარებული არ ჰყოლიაო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბიჭი რაღაცას მალავდა და ის რაღაც, შესაძლოა, მკვლელობის მიზეზი გახდა. სხვა რომ ვერაფერი გაიგეს, გოგონას სახლში მიაკითხეს და სამართალდამცავთა ყურადღება კედელზე გაკრულმა სურათებმა, სიგელებმა და მედლებმა მიიქცია. გოგონამ თქვა, ეს სხვადასხვა ტურნირებზე მიღებული მედლებიაო და გულდაწყვეტით დააყოლა, მე და გარდაცვლილს შეჯიბრი არასოდეს მოგვიგია, თუმცა ამის მცდელობა და შანსი არაერთხელ გვქონდაო. ამ სიტყვებმა გამომძიებლები გააოცა, აკი, ამბობდა მასწავლებელი, ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოცეკვავეს ვემშვიდობებოდიო. მოიკითხეს და გაარკვიეს, რომ ბიჭი ჩვეულებრივზე დაბალი დონის მოცეკვავე იყო, როცა კი შეჯიბრზე წავიდა, ყოველთვის უკანასკნელ პოზიციებზე იყო. მასწავლებელს მიადგნენ და იმან კიდევ აქეთ უყვირა მილიციის თანამშრომლებს, ახლა თქვენ მასწავლეთ, ვინ ნიჭიერი და ვინ - უნიჭო, ამ საქმეს მთელი ცხოვრება შევალიე, ეს ბიჭი უდიდესი მოცეკვავე გახდებოდა, უბრალოდ, გახსნა სჭირდებოდა და შეჯიბრებებს ამიტომ არ ვაკლებდიო.

წესითა და რიგით, სამართალდამცავებისთვის ეს პასუხი დამაკმაყოფილებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ გაჩერდნენ და სხვა სპეციალისტებს ჰკითხეს, შეჯიბრებებზე ეს ბიჭი თუ გახსოვთ და როგორი მონაცემები ჰქონდაო?! ყველამ ერთხმად აღიარა, რომ იმ ბიჭისგან საშუალო დონის მოცეკვავეც კი არ გამოვიდოდა და მას მონაცემი არ ჰქონდა. ამიტომაც, ძალიან უკვირდათ გამოცდილი და ცნობილი მასწავლებლის სიჯიუტე, რომელიც ბიჭს შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას მუდმივად აძლევდა და ყველამ იცოდა, რომ ბოლო ადგილი გარანტირებული ჰქონდა. ამიტომ, გამომძიებლებმა მასწავლებლის შესწავლა დაიწყეს და რაღა თქმა უნდა, საუკეთესო წყაროს, მის მეზობლებს მიაკითხეს. მასწავლებელი ყველამ დადებითად დაახასიათა, ცხოვრებაში მხოლოდ ქმარში არ გაუმართლა, თორემ თავად და შვილებიც განათლებული, წესიერი ხალხია, შვილები უკვე დიდები არიან, ცალკე ცხოვრობენო. ქმარს რაც შეეხება, ის ციხიდან ახალი გამოსული იყო, შავი სამყაროს აქტიური წევრი და მართალია, ე.წ. კანონიერი ქურდი არ გახლდათ, მაგრამ ავტორიტეტით აშკარად სარგებლობდა. ჰოდა, ერთმა მეზობელმა ისიც თქვა, მას შემდეგ, რაც ქმრის გამოსვლა მოახლოვდა, ის პატარა ბიჭი სახლში აღარ მოჰყავდაო. გამომძიებლებმა მეზობელს რამდენიმე სურათი აჩვენეს და მან გარდაცვლილი ამოიცნო - ეს ბიჭი ქალთან ხშირად დადიოდაო. ძალოვნებმა ცალკე ქმარი დააკავეს და ცალკე - ცოლი. სანამ გამოცდილ კრიმინალს არანაკლებ გამოცდილი გამომძიებლები ჰკითხავდნენ, ქალს საკმარისზე მკაცრად გაესაუბრნენ, ხელიც კი გაარტყეს და ისიც მიანიშნეს, შენი ქმარი ჩვენებას წერს და ამბობს, ეჭვიანობის ნიადაგზე მოვკალი ის ბიჭი და ექვს წელზე მეტი არ მეკუთვნისო. ქალმაც მოყოლა დაიწყო.

„წლებია, მარტო ვცხოვრობ, ქმარი ციხეში, შვილები - სხვა ქალაქში. ერთხელ ჩემი მოწაფე მოვიდა სტუმრად, ცეკვა არ გამომდის, უნდა გავიდეო. ადამიანურად შემეცოდა და ვუთხარი, რამდენიმე გაკვეთილს შინ ჩაგიტარებ დამატებით-მეთქი. კი იცით, სამეჯლისო ცეკვები როგორია, აქტიურ კონტაქტს მოითხოვს და სახლში, მაყურებლებისა და სხვა მოსწავლეების გარეშე, თითქოს ყველაფერი თავისთავად მოხდა. ორივემ ვიცოდით, რომ ვაშავებდით, მაგრამ გაჩერება არ შეგვეძლო. მაშინ მივხვდი, ძალიან რომ შევტოპე, როცა ბიჭმა მითხრა, მიყვარხარ, ცოლად გამომყევიო. სწორედ მე ვიყავი დაშორების ინიციატორი და ცოტა უხეშადაც მომივიდა. როცა ქმარი გამოვიდა ციხიდან, ვიღაცამ უთხრა, შენი ცოლი ახალგაზრდა ბიჭთან ერთობოდაო. სკანდალი მომიწყო, მე უარზე ვიყავი, მაგრამ მერე იმ ბიჭის ორი თუ სამი მაისური ნახა ჩემთან და დამალვასაც აზრი არ ჰქონდა. მკვლელობის დღეს, სილუეტით ვიცანი, მაგრამ შემეშინდა და ვერ ვთქვი. მეგონა, მეც მომკლავდა“, -აღიარა ქალმა.

ეს ჩვენება ქმრის წინააღმდეგ სასამართლოში მარტივად გამოიყენეს, მით უმეტეს, რომ იარაღი მკვლელობაში ბრალდებულის მეგობრის სახლში ნახეს და ამჯერად, რეციდივისტს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ცეკვის წრე კი, უბრალოდ, დაიხურა, რადგან მას შემდეგ, მასწავლებელი იმ ქალაქში აღარავის უნახავს.