ვინ არის მილიონერი ქალი, რომელმაც საკუთარი სიკვდილისთვის „ქილერი“ დაიქირავა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 25 ათასად ნაყიდი სიკვდილი - ძალიან უცნაური კრიმინალური ამბავი

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 „ქილერი“ - სიტყვა, რომელიც არა მარტო ქართულ, არამედ, საბჭოთა სინამდვილეში ძალიან გვიან შემოვიდა. მანამდე იყო ტერმინი „დაქირავებული მკვლელი“, მაგრამ მაშინ, საბჭოთა კავშირის დროს, ეს ტერმინიც იშვიათად გამოიყენებოდა. დაქირავებული მკვლელები კი არსებობდნენ, მაგრამ მათი სამსახური იშვიათად თუ სჭირდებოდა ვინმეს და თუ სერიოზული ადამიანის მოშორება იყო საჭირო, ხშირ შემთხვევაში, ამას ძლევამოსილი „კა გე ბე“ ისე აკეთებდა, უბედურ შემთხვევას მარტივად მიაწერდნენ ხოლმე. საქმე, რომელზეც ახლა გიამბობთ, 80-იანი წლების შუაწელს, ხარკოვში მოხდა. იმ ხარკოვში, რომელიც ახლა უმოწყალოდ იბომბება. მაშინ კი, 15 სახელმწიფო საბჭოთა კავშირის დროშის ქვეშ იყო გაერთიანებული და კომუნიზმის სახელით, მონობის უღელი ედგა.

 ხარკოვში, კორპუსის წინ, ავტოსადგომზე დილით გამოსულმა მამაკაცმა ხის ძირში მწოლიარე ქალი შენიშნა, რომელსაც ხალათი ჰქონდა გადაფარებული. კაცმა იფიქრა, ლოთია, ჩაეძინაო და გადაწყვიტა, დაეხედა. როცა ხალათი გადაწია, მიხვდა, ქალი გარდაცვლილი იყო. მაშინვე მილიციაში დარეკა და სამართალდამცავები ადგილზე დროულად მივიდნენ.

„ეს ამბავი დეტალურად იმის გამო ვიცი, რომ გამოძიების შემდეგ, საქმე, როგორც განსაკუთრებული, ყველა რესპუბლიკას გაეგზავნა. მაშინ წავიკითხეთ პირველად სიტყვა „ქილერი“, რომელიც ტერმინის - „დაქირავებული მკვლელი“ გვერდით, ფრჩხილებში ეწერა. გარდაცვლილი ქალი უბრალო ვინმე არ გახლდათ, იგი ხარკოვის ბაზრის მომარაგების უფროსი იყო, რაც იმ დროისთვის არათუ კარგ თანამდებობად ითვლებოდა, არამედ, არაოფიციალურ მილიონერობას ნიშნავდა“, - გვეუბნება პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

მართლაც, გარდაცვლილი უბრალო ვინმე ნამდვილად არ იყო. მას ხარკოვის ყველა მაღალჩინოსანი კარგად იცნობდა, არაერთხელ დასჭირვებიათ ხარისხიანი საკვები პროდუქტებით მომარაგება და ქალი ყოველთვის მზად იყო. ის გახლდათ ერთ-ერთი საკვანძო რგოლი იმ ჯაჭვში, რომელსაც, ზოგადად, საბჭოთა ქალაქების ხელმძღვანელობა შეადგენდა. ყველა ერთმანეთზე იყო დამოკიდებული, ყველა ფულს აკეთებდა და უმრავლეს შემთხვევაში, ყველა ერთმანეთს ითვალისწინებდა. ქალს ახალგაზრდობაში კუჭის ოპერაცია გაუკეთეს, ექიმებმა რაღაც ვერ გათვალეს და ამის შემდეგ, კიდევ ოთხი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, რამაც, საბოლოო ჯამში, ის გამოიწვია, რომ საშვილოსნო ამოაჭრეს. ამიტომ, არავის უკვირდა, გარდაცვლილს ქმრად 20 წლით უმცროსი მამაკაცი რომ ჰყავდა - კაცი კარიერას იწყობდა, ქალი კი, 55 წლის ასაკში, თავს ბედნიერად გრძნობდა.

სიკვვდილის მიზეზი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა იყო. მკვლელმა თავისი საქმე ძალიან კარგად იცოდა, რადგან გასროლა ერთადერთი და პირდაპირ გულში იყო განხორციელებული. რაც მთავარია, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ქალი ავტოსადგომზე არ მოუკლავთ, ის იქ მანქანით მოიტანეს და ხალათი გადააფარეს. რისი თქმა უნდოდა ამით მკვლელს? - გარდაცვლილი იქ არ ცხოვრობდა და ერთადერთი, რაც აღნიშნულ კორპუსთან აკავშირებდა, ის გახლდათ, რომ იქ მისი მდივანი ცხოვრობდა. მდივანი ახალგაზრდა, 25 წლის გოგო იყო, რომელმაც უფროსის გარდაცვალება რომ გაიგო, შეიცხადა, მერე გაფითრდა, მერე ჩაფიქრდა და გამომძიებლებმა ჩათვალეს, რომ რაღაც იცოდა, მაგრამ არ ამბობდა. მკაცრი დაკითხვის მიუხედავად, გოგონა ჯიუტად იმეორებდა, არაფერი ვიცი, არაფერი დამინახავსო. ეჭვები მას შემდეგ უფრო გაძლიერდა, რაც გარდაცვლილის კაბინეტის ჩხრეკის შემდეგ, უჯრაში მდივნის გათავისუფლების ხელმოწერილი და ბეჭდიანი ბრძანება ნახეს. ბრძანება ზუსტად იმ დღეს იყო დაწერილი, როცა ქალი მოკლეს და შესაძლოა, ეს საბაბიც კი გამხდარიყო. გადაწყდა, მდივნის სახლი გაეჩხრიკათ და ჩხრეკამ შედეგი გამოიღო - საძინებელში, ლეიბის ქვეშ, ოქროს ძეწკვი იპოვეს, გარდაცვლილს კი აშკარად ემჩნეოდა, რომ სიკვდილის შემდეგ ძეწკვი მოაწყვიტეს და სხვა თანამშრომლებმაც დაადასტურეს, ეს ძეწკვი ჩვენს უფროსს მოუხსნელად ეკეთაო.

როცა ქალმა ძეწკვი დაინახა, ისევ ჩაფიქრდა, ბოლოს კი ამოილუღლუღა - დიახ, ჩემი უფროსი მე მოვკალიო. დაკითხვაზე გამოჩნდა, რომ მდივანს წარმოდგენა არ ჰქონდა, რით იყო მოკლული ადამიანი, ვის მკვლელობასაც აღიარებდა, ამტკიცებდა, ავტოსადგომზე ვესროლეო და სროლის ხმა არავის გაუგია. ერთადერთი ვარიანტი რჩებოდა - ის მიხვდა, ვის შეიძლებოდა ჩაედინა მკვლელობა, ვის შეიძლებოდა დარჩენოდა ან შეენახა ძეწკვი მისი ლეიბის ქვეშ და სწორედ იმ ადამიანს უფრთხილდებოდა.

დაკითხეს გარდაცვლილის ქმარიც, რომელიც თითქოს ბედნიერი ჩანდა. ყოველ შემთხვევაში, არ ნერვიულობდა, ალიბიც ჰქონდა და როცა გამომძიებელმა უთხრა, ეჭვმიტანილი დაკავებული გვყავს და ის თქვენი მეუღლის მდივანიაო, მამაკაცს სახე წაეშალა, მერე კი ღრიალი დაიწყო, ის უდანაშაულოა, ჩემი ცოლი მე მოვკალი, რადგან აღარ შემეძლო მის გვერდით ცხოვრება და მოვკალიო. ახლა სამართალდამცავებს ორი პირი ჰყავდათ, ორივე მზად იყო, ხელი მკვლელობაზე მოეწერა და თან ისე, რომ დაკითხვისას ვერ ამბობდნენ, სად წაიღეს მკვლელობის იარაღი, სხეულის რა ნაწილში მოარტყეს ტყვია, სად მოკლეს, როგორ ან რით მიიტანეს გვამი ადგილზე...

გამომძიებლები დარწმუნდნენ, რომ მკვლელი არცერთი მათგანი არ იყო, მაგრამ ერთმანეთი იმდენად უყვარდათ, მზად იყვნენ, მკვლელობა ეღიარებინათ.

ახლა ის გახლდათ საინტერესო, ვის შეეძლო მდივნის სახლში შესვლა ისე, რომ თავად ქალს ეჭვი არ გასჩენოდა და რაც მთავარია, იმ ვიღაცას მის საძინებელში, ლეიბის ქვეშ სამხილიც უნდა დაედო. მდივანმა ხელები გაასავსავა, ჩემთან ჩემი უფროსის ქმრის გარდა, არასდროს, არავინ დადიოდა, მშობლებიც კი, რომლებიც სოფელში ცხოვრობენ, ორი წელია, აქეთ არ ყოფილან, მე ჩავდივარ და ვნახულობ ხოლმეო.

ამ განცხადებამ სამართალდამცავებს ახალი ძაფი მისცა ხელში - ვიღაცას წვდომა ჰქონდა მდივნის ჩანთაზე, საიდანაც ამოიღო გასაღები, გააკეთა ასლი, გასაღებით გააღო კარი, შევიდა, სამხილი დადო, გამოვიდა და კარი დაკეტა. მით უმეტეს, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ საკეტს მართლაც ეტყობოდა ძლიერი მოქმედების ნიშნები ანუ გასაღების ასლი არ იყო ზუსტად ისეთი და გამღებს წვალება მოუხდა. მდივანი კიდევ ერთხელ დაკითხეს და პირდაპირ თქვა, ჩანთა უყურადღებოდ მხოლოდ სამსახურში მაქვს, გამორიცხულია, სხვაგან უპატრონოდ დავაგდო და რაც მთავარია, არსად დავდივარ, სახლი და სამსახურია ჩემი ძირითადი სამყოფელიო. გამოდიოდა, რომ ჩანთიდან გასაღები დაწესებულების რომელიმე თანამშრომელმა ამოიღო, მაგრამ რომელმა და რაც მთავარია, რატომ? თანაც, იმ თანამშრომელს შეეძლო გასაღების ნიმუში კი არ აეღო, არამედ, პირდაპირ გასაღები მიეტანა ხელოსანთან, გაკეთებას დალოდებოდა და შემდეგ ნამდვილი გასაღები ჩუმად ჩაედო მდივნის ჩანთაში. როგორც ქალმა თქვა, ბოლო დროს, დირექტორთან სიარულს დარაჯმა მოუხშირა და ის უფროსის კაბინეტში საათზე მეტ ხანსაც კი ჩერდებოდა. რა საერთო უნდა ჰქონოდათ დარაჯსა და დირექტორს ისეთი, რომ მათი საუბარი საათი გაგრძელებულიყო?

გამოძიება დარაჯით დაინტერესდა. ის ყოფილი სამხედრო აღმოჩნდა, რომელსაც ავღანეთის ომის დროს უმძიმესი ჭრილობა ჰქონდა მღებული - ცალი ფეხით კოჭლობდა, მარცხენა ხელზე სამი თითი აკლდა და ამიტომაც, დარაჯად მუშაობდა ახალგაზრდა კაცი. გამომძიებლები მასთან ბინის გასაჩხრეკად გაუფრთხილებლად და ორდერის გარეშე წავიდნენ.

ბინის ჩხრეკისას იარაღი ვერ ნახეს, მაგრამ ნახეს 25 ათასი მანეთი, რომელიც დარაჯისთვის ზედმეტად დიდი ფული იყო. მამაკაცმა კეფა მოიფხანა, ავღანეთში სამსახურის დროს მოვაგროვე და ახლა ვიზოგავო, მაგრამ არ დაუჯერეს და... ავტოფარეხიც გაუჩხრიკეს, სადაც იარაღი იპოვეს. ექსპერტიზამ მეორე დღესვე დასკვნა დადო - ქალი ამ იარაღით იყო მოკლული და რაც მთავარია, მოკლული იყო სწორედ ავტოფარეხში. ახლა ის იყო გასარკვევი, რა უნდოდა ქალს დარაჯის ავტოფარეხში?!

„ჩვენს უფროსს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს (ეს ექსპერტიზამაც დაადასტურა). ბოლოს მორფიც კი არ შველოდა, ისეთი ტკივილები ჰქონდა. ერთ დღეს, როცა მანქანით მოვიდა, ავტომობილიდან გადმოსვლა ვერ მოახერხა, ტირილი დაიწყო. მივედი, დახმარება შევთავაზე, რაღაცნაირად შემომხედა და მითხრა, კაბინეტში ამიყვანეო. მივეხმარე, კაბინეტში შევიყვანე და აღარ გამომიშვა. მითხრა, ზუსტად ვიცი, ორი თვეც ვერ ვიცოცხლებ და თან ის ორი თვე კოშმარული ტკივილები მექნება. ამიტომ, სიცოცხლე აღარ მინდა, მაგრამ მანამდე, ჩემს მდივანსა და ქმარს ანგარიში უნდა გავუსწორო, ისინი საყვარლები არიან, ჰგონიათ, ვერ ვხვდები და ამიტომ, ჩემი სიკვდილი მათ უნდა დაბრალდესო. მოკლედ, მან „ქილერად“ (ეს ფრაზა დარაჯს ავღანეთში ჰქონდა ნასწავლი) დამიქირავა, ის უნდა მომეკლა და ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორც გავაკეთე. ამისთვის 25 ათასი მანეთი გადამიხადა და მეც ჯერ გასაღები მოვიპარე, შემდეგ ეს ძეწკვი ცოცხალს გამოვართვი, ლეიბის ქვეშ დავმალე, მანამდე მან ბრძანება დაწერა, რომელიც თქვენთვის საფუძველი უდნა ყოფილიყო, რომ მდივანზე გასულიყავით და მისი გვამიც სწორედ მდივნის კორპუსთან დავაგდე. ვნანობ თუ არა ჩადენილს? - არა, არ ვნანობ, რადგან ზუსტად ვიცი, როგორი ტკივილებისგან გავათავისუფლე ის ქალი“, - დაასრულა მოყოლა ავღანეთის ომის ვეტერანმა.

სასამართლომ „ჰუმანური აქტი“ ჯეროვნად ვერ შეაფასა და მკვლელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.