ქალების სერიული მკვლელობები ცხინვალში - როგორ აქცია კრიმინალმა მამამ ქალიშვილი მკვლელად

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 კრიმინალთა ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. მათ შეუძლიათ ისეთი ამბავი შეთხზან, რასაც გამოუცდელი ადამიანი თვალდახუჭული დაიჯერებს და გამოცდილ კრიმინალს წმინდანად გამოაცხადებს. ამიტომ, როცა საქმე რეციდივისტს ანუ ძალიან გამოცდილ დამნაშავეს ეხება, საქმეში ასევე გამოცდილ მაძებრებს რთავენ, რათა მათ შეძლონ და ტყუილ-მართალი გაარჩიონ.

 

70-იანი წლების მიწურულს, ცხინვალში, რომელიც მაშინ საქართველოს იურისპრუდენციის ქვეშ იყო, სამი მკვლელობა მოხდა. სამივე შემთხვევაში, გარდაცვლილი მარტოხელა, ასაკოვანი ქალები გახლდნენ, სამივე შემთხვევაში, მათი ბინებიდან ძვირფასეულობა წაიღეს (დიდი ოდენობის არაფერი) და სამივე შემთხვევაში, ქალბატონებს მარცხენა ყურზე საყურე შეხსნეს. ჰო, მკვლელობა ნაგანის სისტემის პისტოლეტით იყო ჩადენილი და სამივეს საფეთქელში ჰქონდა ნასროლი. თავიდან სამართალდამცავებმა ვერც მკვლელს მიაგნეს, ვერც - დაკარგულ ძვირფასეულობას. საქმე ძალიან რეზონანსული გახლდათ და ის გამოცდილ მაძებარს ებარა, თუმცა წინსვლა არ იყო. ყველასთვის მოულოდნელად, სწორედ იმ გამოცდილმა მაძებარმა ვიღაც დააკავა და განაცხადა, დამნაშავე სწორედ ეს არისო. მას მოწმეებიც ჰყავდა, რომლებმაც დაინახეს, როგორ გამოდიოდა სწორედ მკვლელობის დღეს ეს კაცი ქალების ბინიდან ანუ ორი მოწმე იყო, ერთი პირველ შემთხვევაზე, მეორე - მესამე შემთხვევაზე. მეორე მკვლელობის მოწმე არ არსებობდა, თუმცა ორიც საკმარისი იყო და ვინაიდან, მკვლელობის დროს ერთი იარაღი გამოიყენეს, მესამე მკვლელობაც მარტივად მიაკერეს დაკავებულს და... დახვრეტის ნაცვლად, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სასამართლომ დახვრეტის მუხლი იმიტომ არ გამოიყენა, რომ ყურით მოთრეული ორი მოწმის გარდა, ეჭვმიტანილის წინააღმდეგ სხვა სამხილი, უბრალოდ, არ არსებობდა. ხუთწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, ციხეში ბუნტისმაგვარი შემთხვევა მოხდა და არეულობის დროს, ერთ-ერთი სამართალდამცავი მოკლეს. ეს მკვლელობაც სამი ქალის მკვლელს შეასაღეს და სასჯელიც დაუმატეს. სასჯელის დამატებას ვინ ჩივის, სამართალდამცავის მკვლელობის გამო, მას პრაქტიკულად, ყოველდღიურად სცემდნენ და ეს მაშინ, როცა ის ამტკიცებდა, არავინ მომიკლავს და თუ მოვკალი, მკვლელობის იარაღი მანახეთო.

მკვლელობის იარაღი კი ვერ ნახეს. მაშინაც თქვეს, ყველაფერი ეს იმ გამომძიებელმა გააკეთა, რომელმაც მკვლელობების სერია გამოიძია და სავარუდოდ, დაკავებულის მიმართ პირადი ანგარიშები აქვსო.

„90-იანი წლების დასაწყისში, სამაჩაბლოში სიტუაცია აირია. „ადამონ ნიხასი“, იგივე სახალხო კრება, ჯიუტად მოითხოვდა სამაჩაბლოს გამოყოფას და ჩრდილო ოსეთის ასსრ-თან შეერთებას, რასაც ცხინვალში ქართული გვარდიის შესვლა მოჰყვა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა, რადგან ქართველ და ოს ხალხს მუდმივად ძმური დამოკიდებულება გვქონდა, ძალიან, ძალიან ხშირი იყო ქართულ-ოსური ოჯახები და ახლა ისე გამოდიოდა, მათ ერთმანეთის წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ. ამის ფონზე, სამართალდამცავებს ერთმანეთთან ძალიან კოლეგიალური, საქმიანი და მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა და ვცდილობდით, კონფლიქტი შეიარაღებული ბანდების თარეშს არ დამსგავსებოდა. ბოლომდე არც ეს გამოგვივიდა, მაგრამ ურთიერთობას მაინც ვინარჩუნებდით“,-პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი იმ ისტორიას იხსენებს, რომელიც ერთ-ერთი ბოლო იყო ქართულ-ოსური სამართალდამცავების ურთიერთთანამშრომლობის პერიოდში.

მოკლედ, 90-იანი წლების დასაწყისში, მორიგი მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილი ასაკოვანი ქალი მეზობელმა შემთხვევით ნახა. მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა საფეთქელთან ეტყობოდა და... მარცხენა საყურე აკლდა. ტყვიის გულის ექსპერტიზის შემდეგ დადგინდა, რომ ეს ქალიც ზუსტად იგივე იარაღით იყო მოკლული, რომლითაც, ლამის ათწლეულის წინ დახოცილი ქალები, მაგრამ როგორ? დამნაშავე კვლავ სასჯელს იხდიდა, კიდევ 10 წელზე მეტი ჰქონდა დარჩენილი და ამ მკვლელობის გახმაურების შემდეგ, საქმეში მისი ადვოკატი ჩაერთო, ჩემი კლიენტი უდანაშაულოა და არა მარტო ციხიდან გამოუშვით, არამედ, ფულადი კომპენსაციაც მიეცითო. სამართალდამცავები გაოგნებულები იყვნენ, რომ გამომძიებელი, ვინც ადრინდელი საქმე გახსნა, საკმააოდ პატივსაცემი და სახელოვანი მაძებარი იყო.

„პირველი მკვლელობების გამომძიებელს ცხინვალში შევხვდი. ახლა არ მოვყვები, როგორ და რა გზებით გადავედი, მშვიდობიანი კორიდორი ვინ უზრუნველყო... მოკლედ, შევხვდი. მაინტერესებდა, მის მიერ დაკავებული პირი მართლა დამნაშავე იყო თუ რამე პიროვნული აკავშირებდა. ჩემმა კოლეგამ გულთბილად მიმიღო, როცა დარწმუნდა, რომ მორიგი მკვლელობა ზუსტად იგივე ხელწერით მოხდა, ჩაფიქრდა, ფერი დაკარგა, შემდეგ კი მტკიცედ შემომხედა და მითხრა - იმის მიუხედავად, რომ არ მქონდა მყარი სამხილები, იმის მიუხედავად, რომ დაკავებული ყველაფერს უარყოფდა, გამომძიებელი დარწმუნებული იყო, რომ დანაშაული სწორედ მან ჩაიდინა ანუ ყველაფერი მთლიანად შინაგან რწმენაზე ააწყო და რაც მთავარია, საკუთარ სიმართლეში იმდენად დარწმუნებული იყო, რომ ციხეში ინციდენტიც თავად მოიფიქრა და განახორციელა, რათა დაკავებულისთვის სასჯელი დაემატებინათ“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

რაც ყველაზე საინტერესოა, რეალურად, ის ორი მოწმეც არ იყო ნამდვილი მოწმე. ერთს ძმის შვილი ჰყავდა ციხეში ხულიგნობის ბრალდებით, მეორეს - სიძე ჰყავდა დაკავებული თაღლითობის მუხლით და გამომძიებელმა ყალბი მოწმეობის სანაცვლოდ, ორივეს ახლობელი გაათავისუფლა.

თბილისელ გამომძიებლებს სერიოზული ეჭვი გაუჩნდათ, რომ დაკავებული რეალურად არაფერ შუაში იყო და ის, უბრალოდ, გამომძიებლის ახირებასა და თავდაჯერებულობას ეწირებოდა. პარალელურად, მისი ადვოკატი არ ისვენებდა, საქმის გადახედვას და კლიენტის გამოშვებას ითხოვდა, რაც ძალიან, ძალიან რეალური იყო.

„ერთადერთი ვარიანტი არსებობდა - შესაძლოა, დაკავებულს თანამზრახველი ჰყოლოდა, რომელსაც უთხრა, სად ინახებოდა იარაღი, დაავალა მკვლელობა იგივე ხელწერით და ამით შეიქმნა გათავისუფლების საფუძველი. ამიტომ, გამოვითხოვე იმ ადამიანების სია, რომლებმაც წინა მკვლელობებზე მისჯილი პირი ბოლო ორი წლის განმავლობაში ნახეს. სულ ათამდე ვიზიტი იყო და ყველა შემთხვევაში, მამაკაცის სანახავად ახალგაზრდა, 20 წლის გოგონა მიდიოდა. მოვიკითხე ეს გოგო და გავიგე, რომ თბილისში ცხოვრობდა, დედით რუსი, მამით - ბერძენი. როგორც გასაუბრების შემდეგ ამიხსნა, გადაწყვეტილი ჰქონდა, ამ კაცზე წიგნი დაეწერა და მასთან სასაუბროდ ამიტომაც დადიოდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

გოგონას ნათქვამის მიუხედავად, დაიწყეს მისი ოჯახის წევრების შესწავლა. მერე მეზობლები გამოკითხეს ფრთხილად და ერთ-ერთმა ქალმა თქვა, ამ რუს ქალს საყვარელი ჰყავდა, მერე ის კაცი მკვლელობების გამო დაიჭირესო. საინტერესო გახლდათ ისიც, რომ გოგო ერთადერთი შვილი იყო, მამაკაცის სამედიცინო ისტორიის შესწავლამ კი აჩვენა, რომ მას შვილი არასდროს ეყოლებოდა. გამოდიოდა, რომ უდიდესი ალბათობით, გოგონა სწორედ დაკავებული კაცის შვილი გახლდათ. ნუთუ, მამამ შვილს იარაღის ადგილსამყოფელი უთხრა, ისე დაამუშავა, რომ აიძულა ჩაედინა მკვლელობა, რათა შემდეგ თავისუფლებაზე გამოსულიყო?

საფუძვლიანად გაჩხრიკეს გოგოს სახლი, თუმცა ვერაფერი იპოვეს. სამაგიეროდ...

გოგონას ჩანთაში ნახეს გასაღები, რომელიც ძველი საკეტის იყო. არადა, თბილისში, ლამის ყველა ოჯახს ახალი საკეტი ეყენა კარზე, გარდა იმისა, რომ ახალი კორპუსები აშენდა, მაშინ ქურდობაც გახშირებული იყო და ყველა ცდილობდა, მყარი, ახალი საკეტი ჰქონოდა. გამომძიებლები ამ გასაღებით განსაკუთრებით დაინტერესდნენ და გოგონაზე თვალთვალი დააწესეს. რამდენიმე დღეში, ის ერთ-ერთ კორპუსში შევიდა და ერთოთახიანი ბინის კარი შეაღო. სამართალდამცავები ფეხდაფეხ მიჰყვნენ. მერე გაირკვა, მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ეს ბინა წლების წინ ჰქონდა შეძენილი და რაღა თქმა უნდა, დაკავების შემდეგ, იქ არავინ ცხოვრობდა.

„ბინა ლამის აგურ-აგურ დავშალეთ, პარკეტიც კი ავყარეთ, მაგრამ იარაღს ვერ მივაგენით. სამაგიეროდ, მივაგენით ოთხ ცალ საყურეს, რომელთაგან სამი, წლების წინ მოკლულ ქალბატონებს ეკუთვნოდათ, ერთი - ბოლოს მოკლული ქალის იყო. გოგონამ აღიარებითი ჩვენება მოგვცა, ზუსტად ის თქვა, რაც ვივარაუდეთ ანუ მამამ აიძულა, ჩაედინა სასტიკი მკვლელობა, მაგრამ... არ თქვა, სად ინახავდა იარაღს და დიდი მცდელობის მიუხედავად, ამ მიმართულებით სიტყვაც ვერ დავაცდენინეთ“,-გვიყვება ბატონი თენგიზი.

რადგან ადამიანურმა რესურსმა შედეგი ვერ გამოიღო, ბინაში რკინის საძებნი აპარატი მიიტანეს და ის სამზარეულოში, საჰაერო გამწოვი მილის ქვეშ აწრიპინდა. გამორიცხული იყო, კედელი გამოენგრიათ, იარაღი შეენახათ და ისევ აეშენებინათ, რადგან მკვლელობა სამი კვირის მომხდარი იყო და სამი კვირის ამოშენებულს აუცილებლად შეამჩნევდნენ. ერთ-ერთი ოპერმუშაკი სკამზე ავიდა, საჰაეროს დამცავი ბადე მოხსნა და ფანარი შეანათა. საეჭვო არაფერი ჩანდა. მაშინ, მილიციის თანამშრომელმა ხელი შეყო და მოაფათურა. დაახლოებით, 4-5 სანტიმეტრზე ლურსმანი იყო მიჭედებული, ლურსმანზე - თოკი, რომელსაც ბოლოში კაუჭი ჰქონდა, კაუჭზე კი... ნაგანი კონწიალობდა. რაღა თქმა უნდა, ექსპერტიზამ მარტივად დაასკვნა, რომ მკვლელობები სწორედ ამ იარაღით იყო ჩადენილი და გოგონას განზრახ მკვლელობისთვის 11 წელიც მისცეს, თუმცა...

მერე ამბობდნენ, მხოლოდ ის კაცი კი არა, კიდევ ბევრი კრიმინალი გამოუშვეს სეპარატისტებმა ცხინვალის ციხიდან, თავისუფლების სანაცვლოდ კი ომში წასვლა და ქართველების დახოცვა მოსთხოვესო...