104 ახალი სტატია

„აღარავის ახსოვს... პატრიარქსაც დავიწყებული აქვს...“ - შეეხება თუ არა ამნისტია დეკანოზ მამალაძეს

სასამართლო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს დღეს მეორე მოსმენით განიხილავს. კანონპროექტის განხილვა ადამიანის უფლებათა და იურიდიულ კომიტეტებში გაიმართება, შემდეგ კი პლენარულ სესიაზე გავა.

არსებული პროექტის მიხედვით, ამნისტიის აქტი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ვრცელდება. ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არმქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან თუ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა.

„ვერსია“ დაინტერესდა, შეეხება თუ არა ამნისტია მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც სასჯელს უკვე რამდენიმე წელია, იხდის. დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე, გვპასუხობს, რომ ამის თაობაზე მას ინფორმაცია არ აქვს და იმედოვნებს, რომ ამნისტია თავის ძმას შეეხება და გათავისუფლდება საპატიმროდან.

აღნიშნული კითხვით დეკანოზის ადვოკატ ქეთი ჩუთლაშვილსაც მივმართე, რომელიც განგვიმარტავს, რომ ელოდებიან პარლამენტის გადაწყვეტილებას:

„ჯერჯერობით ბოლო პროექტი არ გვაქვს ნანახი, საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს და როცა დასრულდება და ჩამოყალიბდება კანონპროექტი, ალბათ, გვეცოდინება, რა ფორმით და როგორ შეიძლება შეეხოს, ან საერთოდ შეეხება თუ არა. პირველი ვერსია რაც იყო, იმით არ ეხებოდა დეკანოზ მამალაძეს ეს ამნისტიის აქტი. სანამ არ ვნახავთ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, მანამდე არ გვეცოდინება“,- აცხადებს ადვოკატი.

აღნიშნულ საკითხზე „ვერსია“ დეკანოზის კიდევ ერთ ადვოკატ მიხეილ რამიშვილსაც დაუკავშირდა:

- ჯერ არ ვიცით, რა მუხლებზეა საუბარი, ველოდებით საბოლოო ვარიანტს იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ რაღაც მუხლებს უმატებენ. ვნახოთ, მეორე მოსმენაზე რა მუხლებს დაამატებენ. დეკანოზს ხომ 108-ე მუხლი აქვს მისჯლი და ვნახოთ, რამდენად შეეხება ეს აქტი.
- ბატონო მიხიელ, დეკანოზს სასჯელის რამდენი წელი აქვს კიდევ მოსახდელი?
- 6 წელი.
- გამოდის, ჯერ სასჯელის ნახევარი არ მოუხდია. ისე, საინტერესოა, რატომ აღარ აქტიურობთ ამ საკითხზე?
- ველოდები სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რასაც მე ვერანაირად დავაჩქარებ. აქტიურობა არ მაკლია, მაგრამ შედეგი რა არის? - ქვეყანა არ არის!... არავის ახსოვს დეკანოზი, პატრიარქსაც ყველაფერი დავიწყებული აქვს და სულ ყველას. კაცის (იგულისხმება დეკანოზი მამალაძე.რედ) სიკვდილს ელოდება ყველა და არ კლავს უფალი, თორემ მარგველაშვილი იყო და, ახლა რომ მორალს მიკითხავს, პრეზიდენტი როცა იყო, შიომ რამდენიც დაურეკა, „აიფეთქა“ თავი და არ შეიწყალა და რა უნდა უყო...
- ახლა როგორი მოლოდინი გაქვთ, შეეხება მამალაძეს ამნისტიის აქტი?
- ეს იმაზეა დამოკიდებული, რას მიიღებს პარლამენტი, რა დავალებას შეასრულებს...

ცნობისთვის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გუშინ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს. 

ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არმქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან/და თუ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა აანაზღაურა დანაშაულის ჩადენის შედგად მიყენებული ზიანი.