ქართული კრიმინალი ინდური ფილმის სცენარით - ვინ არის გოგო, რომელიც მარტოხელა ქალს ღამ-ღამობით აშინებდა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადრე, თბილისის შემოგარენში სახლები მრავლად იდგა. უფრო ზუსტად, მათ სახლებს ნაკლებად დაარქმევდა კაცი, უფრო ბარაკები იყო, სადაც ის ადამიანები ცხოვრობდნენ, რომლებიც დედაქალაქს რძის პროდუქტებითა და მწვანილით ამარაგებდნენ. ახლა კი, ბარაკების ადგილზე, მაღალსართულიანი კორპუსებია წამოჭიმული და რაც მთავარია, თბილისში აღარ არის ის კოლორიტი, რომელსაც მემაწვნე, მემწვანილე ერქვა. სწორედ ასეთი ბარაკიდან დარეკეს მილიციის განყოფილებაში. მარტოხელა ქალი დახმარებას ითხოვდა, აქაოდა, ღამით ჩემს სახლთან მოჩვენება დადის და მიშველეთო. რა თქმა უნდა, სერიოზულად ეს არავინ აღიქვა, მაგრამ როცა ერთ ღამეს ქალის სახლის ფანჯარა ჩაიმტვრა და ქვა შევარდა, სამართალდამცავებმა კეთილი ინებეს და ორი ოპერმუშაკი მიავლინეს. თან ისე, რომ მათი არსებობის შესახებ მხოლოდ ქალმა იცოდა და კაცებმაც პატარა სახლში ოთახი იქირავეს, აქ მტკვარი სუფთაა და სათევზაოდ გვინდა ვიაროთო.

 მალე გაირკვა, რომ ქალი მარტო ცხოვრობდა, გათხოვილი არასდროს ყოფილა და რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთმა მეზობელმა ტელევიზორი მოპარა. ქალმა იჩივლა, მეზობელი დააკავეს და ქორდობისთვის ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სოფლელები ამბობდნენ, იმ კაცის ძმა, რომელიც მეათე კლასშია, იმუქრება, მაგ ქალს ვანანებ, ჩემი ძმა რომ ციხეში გაუშვაო და მთავარ ეჭვმიტანილადაც ის იქცა. ოპერმუშაკების ჩასვლიდან მეორე დღეს, ქალის კივილმა ადგილობრივი დასახლება შეძრა - მისი სახლის ფანჯრებიდან კვამლი გამოდიოდა და ისე ჩანდა, რომ ხის სახლს ცეცხლი ეკიდა. ერთ-ერთმა სამართალდამცავმა თავი გამოიდო, სახლში შევარდა და იქიდან მალე კვამლის შაშხანით გამოვიდა. ასეთებს სამხედროები იყენებდნენ და მისი შოვნა „შავ ბაზარზეც“ შეიძლებოდა, ძირითადად, მონადირეები ყიდულებდნენ - ისინი, რომლებიც ზამთარში, მთაში დათვზე ნადირობდნენ, ბუნაგში უგდებდნენ საწყალ ცხოველს და გარეთ გამოსულს კლავდნენ. ვისი შეიძლებოდა ყოფილიყო კვამლის შაშხანა, სოფელში ვერავინ ამბობდა, რადგან არც მონადირე იყო ვინმე და არც არასდროს გაეგოთ, რომ ვინმეს შინ ასეთი ნივთი ჰქონდა. რაც მთავარია, იმ პერიოდში მთავარი ეჭვმიტანილი, დაკავებული პირის ძმა სკოლაში, გაკვეთილზე იჯდა ანუ ეს მისი ნახელავი არ იყო.

სანამ ოპერმუშაკები იმას არკვევდნენ, ვინ იდგა ყველაფრის უკან, ქალის ფანჯარაში კიდევ ერთი ქვა შევარდა, რომელზეც ქაღალდი იყო შემოხვეული და ეწერა - „შემდეგში ცეცხლი ნამდვილი იქნება“. ეს უკვე აღარ იყო რიგითი ხულიგნობა, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იყო, სახლის გადაწვის მუქარით. ოპერმუშაკები იმითაც დაინტერესდნენ, რომ ყოველი შემთხვევის შემდეგ, ქალის ეზოში, გვერდით მცხოვრები მამაკაცი ხვდებოდათ, ექიმი, რომელიც ქალაქში მუშაობდა და ქალი ადასტურებდა, რომ პირველად მისი კივილი სწორედ ამ კაცს ესმოდა და ისიც საშველად თავქუდმოგლეჯილი მირბოდა. გადაამოწმეს მისი წარსული და საეჭვო ვერაფერი ნახეს - რამდენიმე წლის წინ, ექიმს ცოლი სიმსივნით მოუკვდა, ერთადერთ შვილს მარტო ზრდიდა და იმ დროისთვის შვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდა. არაფერი საეჭვო და კრიმინალური, პირიქით, კაცი სოფელში დაფასებული იყო, ყველა პატივს სცემდა, ყველას დამხმარე იყო, ყველას ხელს უმართავდა, პრაქტიკულად, სოფლის ექიმის ფუნქციებს ასრულებდა. მოგეხსენებათ, მარტოხელა მამაკაცს აუცილებლად სჭირდება ქალი და სამართალდამცავებმა ისიც გაარკვეს, რომ მას საყვარელი დედაქალაქში ჰყავდა და არა სოფლად, ამიტომ ვინმეზე ეჭვიანობა, ან მეზობლის ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა გამორიცხული გახლდათ.

„ახლა, ჩემი მთავარი მიზანი იცით, რა არის? ჩემი ბიჭის საცოლე არ გათხოვდეს, სანამ ის ჯარიდან არ დაბრუნდება. მოგეხსენებათ, ჯარში ყოფნა არცთუ მარტივია, სხვა რამეზე არ უნდა იფიქრო. ამ გომბიომ კი, გადაწყვიტა, რომ გვერდით სოფელში მცხოვრებ ბიჭს გაჰყვეს ცოლად. ვეხვეწები, ვემუდარები, რომ ეს არ გააკეთოს, სანამ ჩემს შვილს თუნდაც ორი თვე არ დარჩება ჯარის დასრულებამდე, მეშინია, იქ თავს რამე არ აუტეხოს, ეს გოგო ძალიან უყვარს, მაგრამ ვერაფერი შევაგნებინე“, - მოუყვა ოპერებს ექიმი.

ჩვეულებრივი, სოფლის ბანალური ისტორია სამართალდამცავებისთვის საინტერესო არ იყო, მაგრამ ექიმს მაინც მოუსმინეს. კითხვაზე, ვინ შეიძლებოდა მტრობდეს მის მეზობელ ქალს, ექიმმა მხრები აიჩეჩა, სახლები გვერდიგვერდ გვიდგას, დილით 6-ზე ვდგები, ვვარჯიშობ, ყველაფერი ხელისგულივით ჩანს და არ მახსოვს, ვინმე უდროოდ მისულიყო ან მოსულიყო ქალთან, არც უცხო დამინახავსო. ამის მიუხედავად, ოპერებმა ექიმს სთხოვეს, ეგებ, ერთი ოთახი დაგვითმო, ღამით რიგ-რიგობით ვიმორიგევებთ, იქნებ, ვინმე დავიჭიროთო. ექიმი ერთგვარი ენთუზიაზმითაც კი დათანხმდა და ისიც თქვა, ღამით, როცა დედაქალაქში მიწევს მორიგეობა, ცოტა მეშინია კიდეც, სახლში არავინ შემოძვრეს, სადაც ამ ქალის სახლს ასე ერჩიან, ეგებ, ჩემი სახლიც მოუვიდეს ვინმეს თვალშიო. რაც მთავარია, ოპერები ექიმთან ისე გადავიდნენ, რომ სოფელში მცხოვრებლებს ვერაფერი გაეგოთ. დღისით ისინი ნაქირავები სახლის ეზოში ტრიალებდნენ, ღამით კი ექიმთან გადადიოდნენ და რიგ-რიგობით მორიგებოდენენ ფანჯარასთან. დიდხანს ცდა არ მოუხდათ - ერთ ღამესაც, ვიღაც ქალის სახლთან მივიდა, ფანჯარაზე დააკაკუნა და თან თეთრი ზეწარი გადაიფარა. ქალის კივილმა ცა გახია, ოპერები ექიმთან ერთად, მაშინვე გამოვარდნენ, მაგრამ მოჩვენება მართლა მოჩვენებასავით გაქრა.

„თავს ვერ დავდებ, მაგრამ 90%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ის, ვინც ქალის შეშინება გადაწყვიტა, მამრობითი სქესის არ იყო. სიარულის, გაქცევის მანერა და მკერდი აშკარად ქალის ჰქონდა. თუ მკერდის ადგილზე კვალის აბნევის ან შემთხვევით ვინმეს მხრიდან დანახვისგან დაზღვევა იყო, ქალივით სიარულსა და სირბილს ვერ მოიფიქრებდა. გოგონას ვეძებთ და არა - ბიჭს“, - დაასკვნა ერთ-ერთმა ოპერმუშაკმა.

საქმე ძალიან გაიწელა და დედაქალაქში ხელმძღვანელობას ნერვებმა უმტყუნა. ამიტომ, მათ სოფლად გამოცდილი გამომძიებელი მიავლინეს და თან ეჭვი ჰქონდათ, რომ ოპერების დანახვის შემდეგ, ის, ვინც ქალს ერჩოდა, რამდენიმე დღით მაინც გაჩერდებოდა და დაიმალებოდა. გამომძიებელმა ექიმს წვრილად გამოჰკითხა მომხდარის შესახებ, გამოჰკითხა ქალიც და ოთახში შეიკეტა. დაახლოებით, ექვსი საათის შემდეგ, ოთახის კარი გააღო და ოპერმუშაკებთან ერთად, ექიმიც შეიპატიჟა.

„რამდენიმე კანონზომიერება აღმოვაჩინე და არ შეიძლება, ეს შემთხვევით იყოს. პირველი ის, რომ თავდასხმა მაშინ ხდება, როცა თქვენ სახლში ხართ. არც ერთხელ არ მომხდარა ისე, რომ ქალი შეეშინებინოთ მაშინ, როცა თქვენ სახლში არ ხართ. მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც თავდასხმები ხდება, ერთი შეხედვით, ქალის შეშინებაა, მაგრამ არის მეორე ვარიანტიც - ამ დროს, პირველი თქვენ მირბიხართ და ეჭვი მაქვს, მაგ დროს, სახლის კარის გასაღებით დაკეტვაზე არ ფიქრობთ. ხომ არ გაქვთ რამე ისეთი, რის გამოც, ვინმეს თქვენს სახლში შემოსვლა უნდა? ვგულისხმობ ფულად თანხას, ძვირფას ნივთს, ან ექიმი ხართ და ხომ არ გაქვთ სახლში მორფი“, - გამომძიებელი მტკიცედ და მკაცრად საუბრობდა.

სამართალდამცავებმა შენიშნეს, რომ ექიმი ცოტა არ იყოს, შეცბა, მაგრამ სულ ორი წამით, შემდეგ თავი ხელში აიყვანა და რაც შეიძლებოდა, მშვიდად თქვა - „მთელი დანაზოგი, არც ისე ბევრი, სამსახურის სეიფში მაქვს ჩაკეტილი, არ მაქვს ძვირფასი ნივთი და მით უმეტეს, მორფი“. ამის მიუხედავად, მისი წამიერი დაბნევა ძალოვნებისთვის საკმარისი იყო. ისინი ექიმს შეუთანხმდნენ, გამოაცხადეს, რომ დედაქალაქში ბრუნდებოდნენ და სინამდვილეში, სამივე ექიმის სახლში ისე დარჩა, რომ ყველასთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო. ორიოდე დღეში, საღამო ხანს, ქალის სახლს, უკანა მხრიდან ფანჯარა ჩაუმტვრიეს, ქალი ისევ აკივლდა და მის საშველად ექიმი გავარდა, რომელსაც სახლის კარი ღია „დარჩა“. სამი ოთახის ფანჯარასთან ჩასაფრებულმა ძალოვნებმა დაინახეს, როგორ გასხლტა გოგონას სილუეტი ქალის სახლის უკანა მხრიდან და როგორ აიღო გეზი ექიმის სახლისკენ. ის ღია კარში მალე შემოძვრა და ოთახის საფუძვლიანი ჩხრეკა დაიწყო. აშკარა გახლდათ, რაღაცას ეძებდა, ეძებდა გამალებით, მაგრამ ისე, რომ სახლს არეულობა არ დასტყობოდა. რა თქმა უნდა, ოპერმუშაკებმა გოგონა მარტივად დააკავეს. ის ექიმის ჯარში მყოფი შვილის საცოლე აღმოჩნდა.

„კი, ექიმის შვილი მიყვარდა, ძალიან მიყვარდა. ისე ძალიან, რომ ერთხელ აქ, სახლში, მისი „ზენიტით“ სურათი წელს ზემოთ შიშვლებმა გადავიღეთ. ფოტომოყვარული იყო, დააყენა აპარატი, ჩვენ გავშიშვლდით და გადავიღეთ. მეტი არაფერი მომხდარა, მართლა არაფერი. ახლა სხვა მიყვარს, ცოლად მივყვები, ეს ექიმი კი, მეუბნება, რომ ის სურათი ნახა და ჩემს მომავალ ქმარს ანახებს, ქორწილს ჩამიშლის და აქაც, დასახლებაშიც თავს მომჭრის. სწორედ იმ სურათს ვეძებ, თორემ მეზობელი ქალის ჯავრი საერთოდ არ მაქვს. უბრალოდ, ექიმს კარზე საიმედო საკეტი აქვს, სხვანაირად აქ ვერ შემოვაღწევდი და ეს მოვიფიქრე“, - განაცხადა გოგონამ და ექიმმაც მისი სიტყვები დაადასტურა.

საბოლოო ჯამში, ყველაფერი ინდური ფილმივით დასრულდა. მომხდარიდან მესამე დღეს, ექიმმა შვილის წერილი მიიღო, ჯარში მედდა შემიყვარდა, ხელსაც აქ მოვაწერთ, უკან ცოლთან ერთად დავბრუნდები და ეგებ, ჩემს საცოლეს შენ დაელაპარაკო, შენ აუხსნა, რაც მოხდაო. ყველა ბედნიერი იყო, გარდა ქალისა, რომელსაც სხვისი სასიყვარულო ინტრიგებისა, თუ კომპრომატის გამო, ცოტა ხნით, ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს.

 

 

ბათო ჯაფარიძე