რატომ და როგორ იძია შური სტუდენტმა გოგონამ ლექტორზე

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„შენი დაავადების შესახებ ხვალ მთელი სასწავლებელი გაიგებს!“

ახალგაზრდა თაობას არ ემახსოვრება, როგორ შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში ინტერნეტი და როგორ უხაროდათ ადამიანებს, როცა გაჩნდა პირველი ელექტრონული ფოსტა. „მაილ.რუ“-სა თუ „ფოსტა.გე“-ზე ბევრი დარეგისტრირდა და ადამიანები ერთმანეთს წერილებს სწერდნენ, უბრალოდ, ერთობოდნენ და ეს იყო რაღაც ახალის დასაწყისი. ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, სწორედ იმ პერიოდისაა და ერთ-ერთი მთავარი როლი, სწორედ ელექტრონული ფოსტის კონკრეტულ მისამართს ჰქონდა.

 

პროკურატურაში ახალგაზრდა კაცი მივიდა და განაცხადა, რომ მისმა საცოლემ ოფიციალური ვერსიით, სუიციდი სცადა, თუმცა ის ოფიციალურ ვერსიას არ ენდობოდა და ჯიუტად იმეორებდა, მისი მოკვლა სცადეს და ზუსტად ვიცი, ეს ვინ გააკეთაო.

„მე მცირე ბიზნესი მაქვს, მაგრამ საქმე ძალიან კარგად მიმდის. ჩემს საცოლეს ფორმალურად ერქვა საცოლე, სინამდვილეში, ცოლი იყო, ერთად ვცხოვრობდით, ხელი არ მოგვიწერია, მაგრამ ქორწილს ვაპირებდით და ხელმოწერაც ქორწილის დღეს გვსურდა. ორი თვის წინ, ჩემი ყოფილი მეგობარი გოგონა შემხვდა ქუჩაში, რომელთანაც ურთიერთობა სამი წლის წინ გავწყვიტე. ატირდა, სამსახური არ მაქვს, რამე მიშველე, შიმშილით ვკვდებიო. ოჯახში დამხმარეს ვეძებდით, ჩემი მეუღლე ლექტორია, პარალელურად, აბიტურიენტებსაც ამზადებს და პრაქტიკულად, დილიდან საღამომდე დაკავებულია. მეც ასე ვარ და დამხმარე გვჭირდებოდა. ვუთხარი, დამხმარედ აგიყვან, ოღონდ, როგორც კი რამე სახის მინიშნებას გააკეთებ, რომ ჩემთან ურთიერთობის აღდგენა გინდა, მაშინვე სამსახურს დაკარგავ-მეთქი. დამთანხმდა და ყველაფერი კარგად აეწყო. იმდენად კარგად, რომ სახლის გასაღებიც გავუკეთეთ და საქმეებს კარგად უძღვებოდა, მაგრამ ორიოდე კვირის წინ, ჩემი ცოლის დასანახად მომეხვია და მის გასაგონად თქვა, გახსოვს, რა კარგ დროს ვატარებდით, ვიცი, ახლაც გინდივარო. ცოლი ლამის გამიგიჟდა, მე ის სახლიდან გავაგდე და მხოლოდ ორი დღის შემდეგ გამახსენდა, რომ გასაღებიც წაჰყვა. გასაღები კი გამოვართვი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასლი გააკეთა, სახლში მოვიდა მაშინ, როცა არ ვიყავით, გრაფიკი გადასარევად იცოდა და ჩემს ცოლს, მის საყვარელ პიტნის ნაყენში ჩაუყარა ის აბები, რომლითაც მოიწამლა და ახლა კომაშია“, - ამბობდა ახალგაზრდა კაცი.

საქმის საპროკურორო შემოწმება დაიწყო და ყველაფერი იქეთკენ წავიდა, რომ საქმის გამომძიებლის ვერსიას სუიციდის მცდელობასთან დაკავშირებით, ლამის პროკურატურაც დაეთანხმა. სამწუხაროდ, არც საკეტს ეტყობოდა, რომ უცხო გასაღებით იყო გაღებული და რაც მთავარია, მოახლე გამოძიებას დაკითხული ჰყავდა, იმ დღეს გოგონა სოფელში იყო წასული, რასაც ბევრი ადამიანი ადასტურებდა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ვერავინ ხვდებოდა, რისთვის სცადა ქალმა თვითმკვლელობა, რადგან მართლაც, ყველაფერი კარგად ჰქონდა აწყობილი, კარგი სამსახური, კარგი ქმარი თუ საქმრო, წარმატებული კარიერა... და უცებ, მკვლელობის მცდელობა. ახსნას ვერავინ პოულობდა და ეს გახლდათ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც პროკურატურამ საქმის დეტალური შემოწმება გადაწყვიტა.

მალე გაირკვა, რომ სუიციდის მცდელობამდე ერთი კვირით დღით ადრე, ერთ-ერთმა სამედიცინო დაწესებულებამ, იმ სასწავლებელში, სადაც ქალი ასწავლიდა, უფასო გამოკვლევები ჩაატარა და კვლევის პასუხები ორი დღის წინ გახდა ცნობილი. დასკვნის მიხედვით, ქალს იმ დროისთვის (ახლაც) უმძიმესი ვენერიული დაავადება, სიფილისი ჰქონდა. საქმროსთვის ეს ნამდვილი შოკი იყო, თავში ხელი შემოირტყა, შეუძლებელია, არ მჯერაო, ანალიზი თავადაც ჩააბარა და თან კომაში მყოფი მეუღლის ანალიზის გადამოწმებაც მოითხოვა. აღმოჩნდა, რომ ის სამედიცინო დაწესებულება, რომელმაც უფასო კვლევა ჩაატარა, შეცდა და არც ქალს სჭირდა რამე და არც - კაცს. ძიებით ისიც დადგინდა, რომ იმ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის შვილი, გოგონა, კომაში მყოფი ქალის სტუდენტი იყო. საქმე უფრო და უფრო საინტერესო ხასიათს იღებდა და სხვა ლექტორებმა ისიც თქვეს, ჩვენს კოლეგას ელექტრონული ფოსტაც ჰქონდა, სადაც ხანდახან მუქარის წერილები მისდიოდაო. რა თქმა უნდა, ძალოვნებმა ფოსტის შესწავლაც დაიწყეს და ბოლო წერილი ზუსტად იმ დღეს იყო მიღებული, როცა ქალმა სუიციდი სცადა. წერილში კი ეწერა - „შენი დაავადების შესახებ, ხვალ მთელი სასწავლებელი გაიგებს!“

გამოდიოდა, ინფორმაციამ გაჟონა და ქალმა სირცხვილს თავის მოკვლა არჩია, რეალურად კი, მას ეს დაავადება არ სჭირდა. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი ანუ სტუდენტი გოგონას მამა თავს იმართლებდა, ექიმები შეცდნენ, დიდი ხანია, მე მხოლოდ დირექტორის მოვალეობას ვასრულებო და ლამის მთელ მედპერსონალს სამსახურიდან გაშვებით ემუქრებოდა, განსაკუთრებით კი, ერთ ახალგაზრდა კაცს, რომლის ბრალიც იყო რეალურად შეცდომის დაშვება, რადგან ანალიზებზე პასუხისმგებელი ის იყო. ახალგაზრდა ამბობდა, შემეშალა, შეცდომა მალე ვიპოვეთ, მაგრამ უკვე გვიანი იყოო.

რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, გაირკვა, რომ ის ერთ-ერთ სტუდენტს ეკუთვნოდა, რომელსაც გამომძიებლებმა სახლში მიაკითხეს და... ის პირდაღებული უყურებდა მისივე ელექტორნული ფოსტიდან გაშვებულ წერილს და ამბობდა, მე არაფერი გამიგზავნია და ვერც იმას ვხვდები, ეს ვის უნდა გაეკეთებინაო.

იმის მიუხედავად, რომ გამომძიებლებს სხვა ეჭვმიტანილი არ ჰყავდათ, შინაგანად ხვდებოდნენ, რომ ბიჭი მართლაც პირველად ხედავდა გაგზავნილ წერილს და რასაც ამბობდა, აბსოლუტურად გულწრფელი იყო. თუმცა, მათ იმის არ სჯეროდათ, რომ ბიჭს წარმოდგენა არ ჰქონდა, ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა. მან ან ვინმე დასვა საკუთარ კომპიუტერთან, როცა ფოსტა გახსნილი ჰქონდა, ან ვიღაცას ფოსტის პაროლი უთხრა და იმ ვიღაცამ ამით ბოროტად ისარგებლა. იმ დროისთვის, არც IT-ტექნოლოგიები იყო იმ დონეზე განვითარებული, ყველაფერი გაერკვიათ, მაგრამ იმის გარკვევა კი მოახერხეს, რომ ფოსტაში ბიჭის კომპიუტერის გარდა, სხვა კომპიუტერიდანაც იყვნენ შესულნი და ის „სხვა“ კომპიუტერი... იმ სამედიცინო დაწესებულებაში იდგა, რომელმაც კვლევა ჩაატარა. ცხადი იყო, რომ ვიღაცამ შეცდომა შემთხვევით არ დაუშვა და რაც მთავარია, იმ ვიღაცას ლექტორის ფიზიკური თუ არა, მორალური განადგურება ნამდვილად ჰქონდა დასახული მიზნად და იმის გათვალისიწნებით, რაც მოხდა, მიზანს მიაღწია კიდეც. სამედიცინო დაწესებულებაში წასვლას აზრი არ ჰქონდა, უფრო რეალური ის ჩანდა, რომ სტუდენტი ბიჭი გამოეტეხათ, ვის და რა მიზეზით მისცა ელექტრონული ფოსტის მისამართი და იმის მიუხედავად, რომ ბიჭი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, როცა ხელზე ბორკილები დაადეს და უთხრეს, ხვალ სასამართლოზე წინასწარ პატიმრობას შეგიფარდებთო, გამომძიებლებს მაშინვე მუხლებში ჩაუვარდა და იყვირა, აღიარებისთვის მზად ვარო.

„მე ის მიყვარს... ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ თავად მხოლოდ მიყენებს. მამამისი სამედიცინო დაწესებულების მფლობელია, ის ყველაფრით უზრუნველყოფილია, მე კი ვინ ვარ, მშიერი სტუდენტი, რომელსაც არაფერი გააჩნია. ეს კომპიუტერიც კი, მხოლოდ მას შემდეგ ვიყიდე, რაც დედამ პიანინო გაყიდა. ელექტრონული ფოსტის მისამართიც სწორედ მას მივეცი, მითხრა, მჭირდებაო და უარი არ მითქვამს. რა ვიცოდი, რას აპირებდა“, - ამბობდა ბიჭი და მისივე თქმით, გოგონა ლექტორს ვერ იტანდა, რადგან ის პრაქტიკულად ერთადერთი იყო, რომელიც ნიშანს მამის ხათრით არ უწერდა და სწავლას სთხოვდა. გოგონა დააკავეს, თუმცა მისი თავხედური ქცევიდან გამომდინარე, გამოტეხვა ადვილი არ იქნებოდა. ამის მიუხედავად, გოგონამ საუბარი მაინც დაიწყო.

„ვიღაც მშიერი ლექტორის გამო ატეხეთ ამხელა ამბავი? ის, ალბათ, გადარჩება, ან არ გადარჩება. არ მეგონა, თუ ასეთი თავმოყვარე იყო, მეგონა, უბრალოდ ბევრს ინერვიულებდა, თუმცა არც ეს ვარიანტია ცუდი. თქვენ მამაჩემს არ იცნობთ, მას უამრავი მეგობარი ჰყავს, რომლებიც ყველაფერს იზამენ, რომ აქედან დღესვე გამიყვანონ“, - განაცხადა დაკავებულმა.

პარალელურად, ლექტორი კომიდან გამოვიდა და აღიარა, რომ თავის მოკვლა, სწორედ სამედიცინო დიაგნოზის გამო სცადა და როცა უთხრეს, რომ ყველაფერი შეგნებულად იყო გაკეთებული, თან გაუხარდა, თან შეშფოთდა, სადამდე შეიძლება ადამიანი დაეცესო. საბოლოოდ, ყველაფერი დაახლოებით ისე მოხდა, როგორც გოგონამ ივარაუდა. მაამამისმა მთელი სანაცნობო ჩარია და გოგონას მხოლოდ ორწლიანი პირობითი სასჯელი მისცეს. ის სხვა სასწავლებელში გადავიდა, ექიმმა, რომელმაც შეცდომა დაუშვა, აღიარა, რომ გოგონამ ის დააშანტაჟა, აქაოდა, მამაჩემს ვეტყვი, ვითომ გაუპატიურებას მიპირებდიო და სამსახურსაც დაგაკარგვინებ და ციხეშიც აღმოჩნდებიო. ლექტორი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა, საყვარელ მამაკაცსაც გაჰყვა ცოლად, გოგონამ კი... დღეს ის, მამამისის საქმიანობას აგრძელებს და ერთ-ერთი კერძო სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელია.

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე