ვინ არის მაღალჩინოსანი, რომლის ცოლმა ფიტნეს ინსტრუქტორს თავში გირჩი ჩაარტყა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორ მოიპარა დეიდა ელენემ ათი ათასი

დღეს, საქართველოში ფიტნეს-ცენტრს ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით, მაგრამ იყო დრო, როცა ვარჯიში სკვერებში სირბილით, თვითნაკეთი გირებითა და აივანზე ტანვარჯიშის ილეთებით შემოიფარგლებოდა. ამის მიუხედავად, იყო ადგილები, სადაც ნამდვილი ტრენაჟორები ჰქონდათ, ნამდვილი ბატუტი, ნამდვილი სპორტული ინვენტარი და მსურველებს ვეტერანი სპორტსმენები ავარჯიშებდნენ. იქ არცთუ ცოტა ადამიანი დადიოდა, მაგრამ იყო საინტერესო სხვაობა - ქალები ცალკე ვარჯიშობდნენ, არ სურდათ, მამაკაცებს მათი სხეული ენახათ, მერე რა, რომ სპორტულები ეცვათ, მაშინ ეს „დიდ ცოდვად“ ითვლებოდა და ქმრებიც ცდილობდნენ, ცოლები ისეთ ადგილებში არ გაეშვათ, სადაც ვარჯიშის დროს, დარბაზში მამაკაცებიც იქნებოდნენ...

შებინდებულზე, სკვერში მოსეირნე წყვილმა მიწაზე დაგდებული სხეული შენიშნა. თავიდან ეგონათ, რომ მამაკაცი მთვრალი იყო და უბრალოდ, სკვერში დაეძინა, მაგრამ მისი თავიდან სისხლი მოჟონავდა და წყვილმა მაშინვე სასწრაფოში დარეკა. რა ძნელი მისახვედრია, რომ სასწრაფოს მილიციის ეკიპაჟიც მოჰყვა, ლურჯ-ყვითელ ფერებში გადაღებილი „ვილისით“. პირველადი დასკვნით, კაცს თავში ბლაგვი საგანი ჰქონდა ჩარტყმული და იმის მიუხედავად, რომ ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული, ექიმებმა დაბეჯითებით თქვეს - „გადარჩება!“ ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მას შეეძლო მოყოლა, ვინ და რატომ ჩაარტყა თავში და ეჭვმიტანილსაც მარტივად დააკავებდნენ, თუმცა...

მამაკაცი აზრზე მეორე დღეს მოვიდა, ექიმებს უაზრო თვალებით შეხედა და ჩუმად ჩაილაპარაკა - „სად ვარ? ვინ ხართ? ან საერთოდ, მე ვინ ვარ?!“ დიაგნოზი მარტივად დაისვა - ამნეზია. ძალოვნებს ახლა მეორე პრობლემა უნდა გადაეჭრათ - დამნაშავესთან ერთად, ისიც უნდა გაერკვიათ, ვინ იყო დაზარალებული, რაც მარტივი სულაც არ გახლდათ, რადგან მაშინ არ იყო კომპიუტერი, არც -  ელექტრონული ბაზა, არც პასპორტის სურათები იყო შენახული საჯარო რეესტრის არქივში, თანაც პრობლემა ისიც გახლდათ, რომ განყოფილებაში არავინ მისულა იმის სათქმელად, არიქა, ოჯახის წევრი დავკარგეო ანუ დაკარგულს არავინ ეძებდა. გამოდიოდა, რომ ის დედაქალაქის მკვიდრი არ იყო და რეგიონებში თუ მოიკითხავდნენ, მერე შეიძლებოდა ვინაობის გარკვევა, თუმცა რეგიონებშიც არავის უთქვამს, ოჯახის წევრი დაიკარგაო. ყოველი შემთხვევისთვის, დაზარალებულის პალატასთან ორი ოპერმუშაკი დასვეს, ხომ შეიძლებოდა, მან, ვინც მამაკაცს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა და ვერ მოკლა, ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა მოსურვებოდა.

ორიოდე დღეში, დაზარალებულის სანახავად საავადმყოფოში გამომძიებელი მივიდა, ეგებ, მას რამე გაეხსენებინა და რომ ესაუბრებოდა, კართან ჩოჩქოლი ატყდა. ვიღაც ქალი პალატაში შესვლას ჯიუტად ცდილობდა, ოპერმუშაკები კი არ უშვებდნენ. გამომძიებელი შეეცადა, სიტუაციაში გარკვეულიყო.

„ჩემს ძმას ვეძებ, მეორე დღეა, სახლში არ მოსულა. ახლა კი გავიგე, რომ აქ ვიღაც კაცია, რომელსაც არ ახსოვს, ვინ არის და შემახედეთ, ეგებ, ჩემი ძმაა“, - ამბობდა ახალგაზრდა ქალი და გამომძიებელმაც პალატაში შეიყვანა. ქალმა მწოლიარეს შეხედა, მიესალმა, კაციც მიესალმა და ქალმა თავი გადააქნია, ეს ჩემი ძმა არ გახლავთო, თვალებზე ცხვირსახოცი აიფარა და პალატიდან გავიდა. ის საავადმყოფოს კარამდე ოპერმუშაკმა მიაცილა, შემდეგ კი უკან მობრუნდა და...

„რატომ დარბის ეს ქალი საავადმყოფოებში და რატომ არ წერს განცხადებას მილიციაში? დღესაც გადავამოწმე, ვინმე ხომ არ ეძებდა დაკარგულ მამაკაცს და არცერთი განცხადება არ იყო შემოსული“, - ჩაილაპარაკა გამომძიებელმა და ქალს დაედევნა, მაგრამ ეზოში გასულს ქალი აღარ დახვდა. უკან პალატაში დაბრუნდა და ექიმმა გვერდით გაიხმო - „ეს კაცი ფიზიკურად ძალიან ჯანმრთელია და ხელის გულებზე სპეციფიური კოჟრები აქვს ანუ სიმძიმეებს ეწევა. მგონია, რომ ან ძალოსანია, ან მტვირთავი, მაგრამ კოჟრები იმდენად სიმეტრიულია, ძალოსანი უნდა იყოს, ერთი და იგივე ფორმის ტვირთს ეწევა“...

გამომძიებელმა ახლომდებარე დარბაზები შემოიარა, თან დაზარალებულის ფოტო დაჰქონდა და ერთ-ერთ დარბაზში სიხარულით შეჰყვირეს, კი, ჩვენი მწვრთნელია, რამდენიმე დღეა, გაქრა და ვეძებთო. როგორც გაირკვა, კაცი სოფლიდან იყო დედაქალაქში ჩასული, ადრე შტანგაზე ვარჯიშობდა, შემდეგ ტრავმა მიიღო და დიდ მიღწევებზე ფიქრს თავი დაანება, მაგრამ თბილისში ჩამოვიდა, მწვრთნელობა დაიწყო და ყველას დეტალურად ასწავლიდა, როგორ უნდა ევარჯიშათ ისე, რომ ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მიეყენებინათ. ამიტომ, მას ძალიან ბევრი მოწაფე ჰყავდა, დიდიც, პატარაც, კაციც, ქალიც... და დარბაზის მფლობელმა უფლება მისცა, ბინის ქირა რომ არ ეხადა, დარბაზში არსებულ ოთახში ეცხოვრა და კაციც მართლაც მთელ დღეებს იქ ატარებდა, დილიდან საღამომდე ავარჯიშებდა ბავშვებს, მოზარდებს, ქალებს, კაცებს და ყველა კმაყოფილი ჰყავდა. გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე თქვა, ერთი კვირით სოფელში მინდა წავიდეო და ეგონათ, რომ მართლაც სოფელში წავიდა, ამიტომ არ ეძებდნენ...

დაზარალებულის ვინაობა გაირკვა და ეს ძალიან კარგი იყო. გაჩნდა შანსი, რომ ნაცნობ გარემოში მოხვედრის შემთხვევაში, მას რამე მაინც გახსენებოდა და სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, როგორც კი სიარულს შეძლებდა, სწორედ დარბაზში წაეყვანათ. ექიმებმა მამაკაცს სიარულის ნებართვა რამდენიმე დღეში მისცეს და გამომძიებელმა დარბაზში ის ოპერმუშაკები გაგზავნა, რომლებიც მას პალატასთან ყარაულობდნენ, აქაოდა, ბევრი ხალხი არ იყოს, არ დაფრთხეს და საერთოდ არ დაიბნესო. ოპერები წავიდნენ და ცოტა ხანში, დარბაზთან მისულ გამომძიებელს წინ გადაუდგნენ - „როცა აქ მოვედით, იმ ადამიანებს შორის, ვინც ვარჯიშობდა, ის ქალიც შევნიშნეთ, საავადმყოფოში ჩვენს დაზარალებულს რომ მოაკითხა, აქაოდა, ძმა დავკარგეო. ჩვენ არაფერი გვიკითხავს, სხვა მწვრთნელმა კი თქვა, რომ ეს გოგო ჩვენს დაზარალებულს ძალიან კარგად იცნობს და ჩუმ-ჩუმად იმასაც ამბობენ, ვარჯიშის შემდეგ, ეს ქალი უკან ბრუნდება და მწვრთნელთან ურთიერთობა აქვსო. ჰო, ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ქალბატონი ქალაქის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ცოლი გახლდათ. მისი დაკითხვა მარტივი არ იქნებოდა, ამიტომ ზემდგომებთან შეათანხმეს და გაოცდნენ, როცა თანამდებობის პირი თავად იყო მზად, ჩვენება მიეცა და რაც მთავარია, ფიტნეს მწვრთნელისთვის ბრალდება წარედგინა.

„მე არ მინდა, ყველაფერი ეს ოფიციალურად დავაფიქსირო, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ იმ კაცმა ჩემი სახლიდან 15 ათასი მანეთი წაიღო. ოფიციალურად კი, ამ საქმის აღძვრა იმიტომ არ მაწყობს, რომ გაჩნდება კითხვები, საიდან მქონდა ეს თანხა. რეალურად, კარგი ხელფასი მაქვს, მოკრძალებულად ვცხოვრობ და ეს დანაზოგი იყო, მაგრამ ახსნა-განამარტებების გაკეთება მაინც არ მსურს. გაჩხრიკეთ მისი სახლი და ნახავთ, რომ არ ვიტყუები. რაც შეეხება იმას, ვინ ჩაარტყა თავში, რატომ ჩაარტყა, არ მაინტერესებს. არც ის მაინტერესებს, მღალატობდა თუ არა მასთან ცოლი. მე მეუღლე მიყვარს და ვენდობი“, - განაცხადა მაღალჩინოსანმა.

დარბაზში მისულ მწვრთნელს თითქოს გონება გაეხსნა, მაშინვე განაცხადა, გამახსენდა, ვინც ვარ, ისიც გამახსენდა, თავში ვინ ჩამარტყა და ისიც, რატომო. მისი თქმით, თავში სწორედ იმ მაღალჩინოსნის ცოლმა ჩაარტყა, რადგან საღამოს, ვარჯიშის შემდეგ, გაუფრთხილებლად მივიდა და მას სხვა ქალი ჰყავდა. მერე, საქმის გარჩევაზე დაიბარა სკვერში და იმ გირით, რომელიც მწვრთნელს უცხოეთიდან ჰქონდა ჩამოტანილი, დაზიანება მიაყენა. რაც შეეხება ფულს, მწვრთნელმა მხრები აიჩეჩა, წარმოდგენა არ მაქვს, რაზე მესაუბრებითო. ახლა, ქალი უნდა დაეკითხათ და დაჰკითხეს კიდეც. ქალმა თავდასხმა არ უარყო, შეურაცხყოფილი ვიყავიო, ხოლო როცა ფული უხსენეს, იმანაც მხრები აიჩეჩა, მწვრთნელი არ წაიღებდა, არც მე ამიღია და ერთადერთი, ვინც ჩვენს ოჯახში შემოდის, დამხმარე მოხუცი ქალია, მეზობლად ცხოვრობსო.

„დეიდა ელენე? თქვენ ხომ არ გაგიჟდით? მასზე პატიოსანი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია“, - განაცხადა მაღაჩინოსანმა, როცა გამომძიებლებმა სავარაუდო ფულის ქურდზე უთხრეს, მაგრამ მეზობლის ბინაში ჩხრეკა მაინც ჩატარდა. 15 ათასი არა, მაგრამ გაჭირვებული ქალის ოჯახში 10 ათასზე მეტი თანხა იპოვეს. თანამდებობის პირმა გაოცებისგან პირი დააღო, შემდეგ კი თავში ხელი შემოირტყა, როგორ დამავიწყდა, ამ ქალბატონს ფული მე თავად მივეცი სესხადო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სამართალდამცავები საქმეს ვერ აღძრავდნენ...

მხოლოდ მოგვიანებით გაიგეს, რომ ქალს შვილიშვილი ჰყავდა ავად და შეძლებულ მეზობელს თანხის თხოვნა ვერ გაუბედა, თუმცა აიღო და... კაცმა აპატია, მეტიც, ის თანხა აჩუქა და ქალი კვლავ სახლში დამხმარედ დაიტოვა. სამაგიეროდ, ცოლი აღარ დაიტოვა, რომელიც ვერც მწვრთნელთან გადავიდა საცხოვრებლად, რადგან დარბაზში ცხოვრება არ სურდა, მწვრთნელს კი - იქაურობის დატოვება.

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე