სტალინის ბიუსტში ნაპოვნი განძი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

თანამედროვე ტექნოლოგიების მიუხედავად, ბრილიანტისა თუ ოქროს კარიერიდან მაინც იტაცებენ მოპოვებულ ძვირფასეულობას. ადრე ოქროს ნატეხებსა და დაუმუშავებელ ბრილიანტს, ძირითადად, ყლაპავდნენ და ისე გამოჰქონდათ, მერე და მერე, ტექნოლოგია დაიხვეწა, ვიღაცებმა გარეული ფრინველები (ძირითადად, მტრედი, ყვავი და კაჭკაჭი) გაწვრთნეს, სტვენის ხმაზე, ისინი მიფრინდებოდნენ საბადოს ტერიტორიაზე, იქ ფეხზე მიმაგრებულ ქისაში ჩაუდებდნენ ოქროს ან ბრილიანტის ნატეხს და უკვე, საბადოს გარეთ მდგარი მეობარი უსტვენდა და ფრინველიც უკან მიფრინავდა. ეს პრობლემა საბადოს შეფობამ მარტივად გადაჭრა - თოფიანი კაცი დააყენეს, რომელიც საბადოს ტერიტორიაზე შემოფრენილ ნებისმიერ ფრინველს ესროდა და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ის ქისით იყო, თუ მის გარეშე. იყო შემთხვევა, როცა ოქროულს ღორის ქონით პოხავდნენ, შემდეგ ღორის ქონზე გაზრდილ ვირთაგვას უშვებდნენ და ძვირფასეულობა მას მოჰქონდა. ცალკე პრობლემა იყო საიუველირო მაღაზიებში მომუშავე პერსონალის შერჩევა და მათი ნდობა.

ყოველდღიურად აღრიცხვის გაკეთება წარმოუდგენელი იყო, ბოლოს კი, ოქროული ხშირად აკლდათ მაღაზიებში და ...

 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრილიანტის თვლების ქურდობისთვის გასამართლებული პირი მოკლეს. რა თქმა უნდა, გამოძიება დაიწყო, მაგრამ შანსი, რომ დამნაშავე ეპოვათ, ძალიან მცირე გახლდათ. ღია ზონაზე, მოფარებულ ადგილას, მას ღვიძლში რკინის წამახვილებული ნაჭერი ორჯერ გაუყარეს და დატოვეს. ბევრი ამბობდა, ბრილიანტების ქურდის მიმართ ინტერესი დიდი იყო, მას კრიმინალური ავტორიტეტები „აკაჩავებდნენ“, მაგრამ ჯიუტად იმეორებდა, არაფერი მომიპარავს, დამაბრალეს, რეალური ქურდები სხვები არიანო. როგორც ჩანს, მას ბოლომდე არ დაუჯერეს და ამიტომ მოკლეს. გამქრალი ბრილიანტების კვალი სამართალდამცავებსაც აინტერესებდათ და ამიტომ, გამოძიებას მთელი რესურსით აწარმოებდნენ, მაგრამ ვერაფერი გამოადნეს. არც მოწმე, არც მკვლელი... არავინ. ამის მიუხედავად, გარდაცვლილის სახლთან 24-საათიანი თვალთვალი დააწესეს, რადგან გარანტია არ ჰქონდათ, რომ მოკლულმა მართლაც არაფერი თქვა და მის ოჯახს საფრთხე არ ემუქრებოდა. მათ ისიც დაინახეს, რომ მოკლულის სახლთან სხვებიც მორიგეობდნენ, კრიმინალები და ისე ჩანდა, ისინიც რაღაცას თუ ვიღაცას ელოდნენ, მაგრამ რას, ან ვის?

მომხდარიდან ორი კვირის შემდეგ, მოკლულის სახლთან კრიმინალები აშკარად მომრავლდნენ, ყველა შესასვლელი თუ გასასვლელი გადაკეტეს და ძალოვნები მიხვდნენ, რომ სწორედ ამ დღეს უნდა მომხდარიყო რაღაც. შუადღისთვის, კორპუსთან 60 წელს მიტანებული კაცი გამოჩნდა. ნელა, ტაატით მოდიოდა, ნაბიჯებს მძიმედ ადგამდა და საერთოდ არ აინტერესებდა, რა ხდებოდა ირგვლივ. როგორც კი სადარბაზოს მიუახლოვდა, მას ორი კრიმინალი ეცა, ხელები ამოუგრიხეს, რაღაც ჰკითხეს და სანამ სამართალდამცავები აზრზე მოვიდოდნენ, ჯიბიდან რაღაც ფურცელი ამოუღეს, კაცს დანა გაუყარეს და გაიქცნენ. ოპერმუშაკები გაქცეულებს დაედევნენ, სასწრაფოც გამოიძახეს, მაგრამ მამაკაცს ეტყობოდა, რომ სასწრაფოს მოსვლამდე ვერ მიატანდა. მან თავთან დახრილ ოპერმუშაკს ჩურჩულით უთხრა, ციხიდან გუშინ გავთავისუფლდი, ჩემი მეგობრის ქვრივთან წერილი მომქონდა და სწორედ ის წერილი წამართვესო. რა ეწერა წერილში, მან არ იცოდა და ახლა მთავარი იყო, გაქცეულები დაეკავებინათ, თორემ საქმე გართულდებოდა. ცოტა ხანში ოპერმუშაკები ხელცარიელი დაბრუნდნენ, გაქცეულები ვერ დააკავეს. ეჭვი, რომ წერილში ბრილიანტების ადგილსამყოფელი ეწერა, სავსებით საფუძვლიანი იყო. გაჩნდა ეჭვი, რომ გარდაცვლილს, შესაძლოა, ბრილიანტები სადმე, სახლში ჰქონოდა დამალული, მაგრამ ეს აზრი მაშინვე უარყვეს, რადგან ძიების დროს, ბინა ლამის აგურ-აგურ შეისწავლეს, ექსპერტები ორი კვირა მუშაობდნენ, ყველა საეჭვო ბზარსაც კი გულმოდგინედ სწავლობდნენ, იატაკი აყარეს და ახლიდან დააგეს...

სამი დღის შემდეგ, რადგან კორპუსთან მოძრაობა აღარ შეინიშნებოდა, თვალთვალი შეწყდა და ეს იყო ერთ-ერთი დიდი შეცდომა, რომელიც ძიებამ დაუშვა. თვალთვალის მოხსნიდან ორ დღეში, იმ კორპუსის მაცხოვრებელმა დარეკა და განაცხადა, რომ მისი მეზობელი ვიღაცებმა სადარბაზოდან მოიტაცეს, მანქანაში ჩატენეს და გაქცევა მხოლოდ 11 წლის ბიჭმა მოახერხა, ის თავდამსხმელებს ხელიდან გაუსხლტა და სადარბაზოს კიბეებზე გაიქცა, მეზობლის ღია კარში შევარდა და შიგნიდან ჩაკეტა. კარის მტვრევის დრო არ იყო, ყვირილზე არაერთმა მეზობელმა გამოიხედა. ახლა ის იყო საინტერესო, სად გაიტაცეს ქალი, თორემ რატომ გაიტაცეს, ყველა ხვდებოდა. სავარაუდოდ, მამაკაცმა ცოლს მიანიშნა, თუ სად იყო დამალული ბრილიანტები და ამას კრიმინალები ვერ მიხვდნენ. ქალზე ძებნა გამოცხადდა,  საქმეში აგენტურული ქსელიც ჩაერთო და ერთ-ერთმა აგენტმა თქვა, იმ ბიჭებს ვიცნობ, რომლებიც კორპუსთან „პატრულირებდნენ“ და როცა მაგათ ვინმე მიჰყავთ, ყოველთვის ლოტკინზე, ერთ-ერთ სახლში მალავენო. სახლის თვალთვალი დაიწყო, იქ მხოლოდ ერთი მამაკაცი შედიოდა და გამოდიოდა. მხოლოდ ერთი კაცის იმედად გატაცებული ქალის დატოვება არარეალურად ჩანდა, მაგრამ როცა კაცი სასურსათო მაღაზიიდან გამოვიდა, სპეცოპერაციის დაწყება გადაწყდა. მიზეზი მარტივი იყო - სხვადასხვა პროდუქტთან ერთად, მას ცელოფანში 4 პურიც ედო და ერთი კაცისთვის 4 პური აშკარად ბევრი იყო...

სპეცდანიშნულების რაზმი სახლში უხმაუროდ შევიდა, მაგრამ უხმაუროდ დაკავება არ მოხერხდა. კრიმინალებმა წინააღმდეგობის გაწევა დააპირეს და ამიტომ, ოთხი ადამიანიდან ორი დაიჭრა, ერთი შედარებით მძიმედ (მოგვიანებით, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა). გატაცებული და გვარიანად ნაწამები ქალი სარდაფში, სკამზე იყო მიბმული. ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაცვა მიუჩინეს და ექიმების რეკომენდაციით, დაკითხვა ორი დღით გადადეს. ორი დღეც მალე გავიდა.

„არ ვიცი, რა მომწერა ჩემმა ქმარმა. უფრო სწორედ, ვიცი, მაგრამ ვერ ვხვდები, რა უნდა გავაკეთო. მან მომწერა, ჩემი ხელოვნების ნიმუში დაასრულეო. ჰო, წერილი ჩემი თვალით ვნახე, მხოლოდ ეს ოთხი სიტყვა ეწერა - „ჩემი ხელოვნების ნიმუში დაასრულე“. რა ხელოვნების ნიმუში, მთელი ცხოვრება კრიმინალი იყო, ხელოვნება კი არა, ორჯერ ორი არ იცოდა, წარმოდგენა არ ჰქონდა ზოგადად განათლებაზე. ესენი შვილის მოკვლით დამემუქრნენ და როგორ გგონიათ, რომ მცოდნოდა, არ ვეტყოდი?“, - განაცხადა ქალმა.

გამომძიებლებმა მოიკითხეს და დარწმუნდნენ, რომ ბრილიანტების ქურდობისთვის გასამართლებული და იმ ეტაპზე ციხეში მოკლული მამაკაცი მართლაც შორს იყო ხელოვნებიდან და მთელი თავისი შეგნებული თუ შეუგნებელი ცხოვრება მხოლოდ კრიმინალს დაუთმო. ისე, ვიღაცას ისიც უთქვამს, „სროკზე“ წასვლის შემდეგ ბედნიერი იყო, იმდენი მაინც მოვახერხე, რომ ჩემი ცოლ-შვილი, რომელიც გავაწამე, სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველად იცხოვრებსო, მაგრამ როგორ? რანაირად? რაც მთავარია, გამომძიებლებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ქალი სიმართლეს ამბობდა, რადგან გამორიცხული იყო, იმ წამების მეთოდებისთვის გაეძლო, რომელსაც მის მიმართ კრიმინალები იყენეებდნენ და თანაც, ასე დამაჯერებლად ვერ იარტისტებდა.

ქალი გაუშვეს, დაკავებულები გაასამართლეს და ყველამ აღიარა, რომ ქალმა არაფერი იცოდა და მისმა მეუღლემ სიმართლე ბრილიანტებზე საფლავში წაიღო.

ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა, ქალიც მიხვდა, რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდა და ქუჩაშიც თამამად დადიოდა, შვილსაც თამამად ტოვებდა სახლში, მარტო. ფინანსურად ძალიან უჭირდათ, მაგრამ ცოცხლები იყვნენ და რაც მთავარია, მათ შეეშვნენ, როგორც კრიმინალები, ისე - სამართალდამცავები...

მალე მთელ საქართველოში ყველას გაუჭირდა - საბჭოთა კავშირმა დაშლა დაიწყო, უმუშევრად დარჩენილმა მოსახლეობამ - ქვეყნის ძარცვა. ცხოვრება უფრო გაჭირდა და ადამიანებმა ავტოფარეხების, საოჯახო ნივთების, ოქროულის გაყიდვა დაიწყეს. ავტოფარეხი გაყიდა ჩვენი გმირის მეუღლემაც. ქვრივი ქალი საკუთარი თავისა და ბავშვის გამოკვებას ცდილობდა და ვინაიდან მანქანა არ ჰყავდა, „გარაჟს“ ადვილად შეელია. მისი გაყიდვის შემდეგ კი, ქალმა ერთ თვეში, სახლიც მიაყიდა და ქვეყნიდან წავიდა. მალე გაირკვა, ის ევროპაში გადავიდა, თავშესაფარი ითხოვა (მაშინ ეს უცხო ხილი იყო და თუნდაც ინტერესის გამო, ევროპული ქვეყნები, ყოფილ საბჭოთა მოქალაქეებს უფრო მარტივად აძლევდნენ) და მალე გერმანიაში საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. ქართველი სამართალდამცავები მიხვდნენ, რომ ქალმა ბრილიანტებს მიაგნო, მაგრამ როგორ? სად? მოთხოვნა მისი გადმოცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა, თუმცა წლების შემდეგ, საიდუმლოს ფარდა აეხადა ანუ მას შემდეგ, რაც ქალიცა და მისი ბრილიანტებიც საბოლოოდ ყველას მიავიწყდა, საზღვრები გაიხსნა და ევროპაში მისვლა-მოსვლა პრობლემა აღარ იყო, ქალმა ძველ სამეზობლოს ხშირად გაუმართა ხელი (ახსოვდა, როცა უჭირდა, ისინი რომ ეხმარებოდნენ) და საიდუმლოც მაშინ გათქვა.

„როცა ავტოფარეხი გავყიდე, იქაურობის დაცლა გადავწყვიტე, ვიფიქრე, იქ მიყრილ ხარა-ხურაშიც რამეს მომცემს ვინმე-მეთქი. სწორედ იქ ვნახე სტალინის ბიუსტი, თაბაშირისგან გაკეთებული. ნაწვალები და ნათითხნი იყო, იქვე იყო ყალიბიც და მივხვდი, რომ ჩემი ქმარი ცოდვილობდა, ალბათ, თავისუფალ დროს. მაშინვე მისი წერილი გამახსენდა და ბიუსტი დავამტვრიე. იქ იყო ჩაშენებული თუ ჩაკრული ბრილიანტები. არ დავიბენი, ავტოფარეხი მაინც გავყიდე და შემდეგ უკვე ქვეყნიდან წასვლაზე დავფიქრდი. საქართველოში რომ გავმდიდრებულიყავი, არც სამართალდამცავები მაპატიებდნენ და არც - კრიმინალები“, - ასეთი იყო ქალის მონაყოლის მოკლე შინაარსი.

 ავტორი-ბათო ჯაფარიძე