ჩეხეთმა აშშ-ის გადასცა საქართველოს მოქალაქე ომაროვი, რომელიც ეჭვმიტანილია ირანელი-ამერიკელი აქტივისტის მკვლელობის დაგეგმვაში

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩეხეთის რესპუბლიკამ 21 თებერვალს განახორციელა აშშ-ში ექსტრადიცია საქართველოს მოქალაქისა, რომელიც ძებნილია ნიუ-იორკში მცხოვრები ირანელი დისიდენტი ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვის საქმესთან კავშირით.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ფოლად ომაროვი 2022 წელს ჩართული იყო ირანელი-ამერიკელი აქტივისტი ქალის, მასიჰ ალინეჯადის ნიუ-იორკში, მის სახლში მკვლელობის დაგეგმვაში. ომაროვს და კრიმინალური დაჯგუფების ლიდერობაში ეჭვმიტანილ რაფატ ამიროვს ბრალად ედებათ აშშ-ის მოქალაქის, ხალიდ მეჰდიევის დაქირავება და მისთვის 30 ათასი ამერიკული დოლარის გადახდა აქტივისტის მოკვლის სანაცვლოდ.

მეჰდიევი ალინეჯადის სახლთან დააკავეს 2022 წლის ივლისში, ის მას თან ჰქონდა AK-47-ის ტიპის ავტომატური იარაღი. აშშ-ში დააკავეს და პატიმრობაში იმყოფება ამიროვიც.

ჩეხეთის პოლიციამ ომაროვი 2023 წლის იანვარში დააკავა, საერთაშორისო ორდერის საფუძველზე. საკონსტიტუციო სასამართლომ მოგვიანებით უარყო მისი თხოვნა არ გადაეცათ აშშ-სთვის. 2024 წლის 21 თებერვალს 39 წლის ომაროვი პრაღის ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროპორტში გადასცეს აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს.

სააგენტო AFP-ის თანახმად, სამივე ეჭვმიტანილს ბრალად ედება მონაწილეობა დაქირავებულ მკვლელობაში, შეთქმულებაში და ფულის გათეთრებაში, საერთო ანგარიშით ბრალდებები 40 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნიუ-იორკ ტაიმსის ცნობით, მასიჰ ალინეჯადი ცნობილია ირანში ქალთა უფლებების შეზღუდვის მწვავე კრიტიკოსად და მისი მოკვლის გეგმა ირანში ჩაისახა.

ნიუ-იორკ ტაიმსის თანახმად, ომაროვის გარდა საქმეში კიდევ სამი პირი მონაწილეობდა, და მათი ბრალდების ფედერალური ბრძანება შარშან გაიცა ნიუ-იორკში, დოკუმენტის თანახმად ოთხივე პირი იყო ე.წ. "კანონიერი ქურდების" კრიმინალური ჯგუფის წევრი. ფედერალური პროკურორების განცხადებით, ომაროვს ორგანიზაციაში წამყვანი ფუნქციები ჰქონდა და ის აღმოსავლეთ ევროპაში ცხოვრობდა.

"ეს საქმე დღეს დასრულდება, ძმაო", ამბობს ომაროვი შეტყობინებაში, რომელიც მან 2022 წლის ივლისში გაუგზავნა ამ საქმეში ერთ-ერთ მონაწილეს - ცოტა ხნით ადრე მანამ, სანამ ხალიდ მეჰდიევს ირანელი-ამერიკელი აქტივისტის სახლის წინ ავტომატური იარაღით შეიარაღებულს იპოვიდნენ. ეს ინფორმაცია ბრალდების დოკუმენტშია მოტანილი.

მასიჰ ალინეჯადმა ირანი 2009 წელს დატოვა და მას შემდეგ სოციალურ მედიაში წამოიწყო მოძრაობა სახელით MyStealthyFreedom, რომელიც ირანელ ქალებს მოუწოდებს გააპროტესტონ თავსაბურავის ტარების მოთხოვნა. ნიუ-იორკ ტაიმსს მოაქვს ალინეჯადის სიტყვები, რომ ის მოუთმენლად ელის სასამართლოში ჩვენების მიცემას მისი მოკვლის დაგეგმვაში ბრალდებული კაცების წინააღმდეგ.

 

წყარო:რადიო თავისუფლება