115 ახალი სტატია

„ერთ მნიშვნელოვან რამეს გეტყვით“ - რას ჰყვებოდა დაპატიმრებამდე რუსუდან კერვალიშვილი

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა ურჩია გიგი უგულავამ და ვინ აფინანსებდა „ცენტრ პოინტის“ წინააღმდეგ აქციებს - ის, რაც დღემდე საჯაროდ არ თქმულა

30 მარტს, ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ, `ცენტრ-პოინტის~ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა. ცნობისთვის: რუსუდან კერვალიშვილი ციხეში, ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის ეპიზოდის გამო მოხვდა ანუ დები - რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი, თავის დროზე, სასამრთლომ თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ ცნო და 4-4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, სხვა ეპიზოდზე, მაია რჩეულიშვილს 7 წელი აქვს მისჯილი. სხვათა შორის, ამავე საქმეზე დაპატიმრებული იყო მაია რჩეულიშვილის ვაჟი, გუკა რჩეულიშვილიც. აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ რუსუდან კერვალიშვილისა და მაია რჩეულიშვილის პატიმრობის დროს, გარდაიცვალა მაიას მეუღლე, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, ვახტანგ რჩეულიშვილი...

ვერსიის არქივში ინახება რუსუდან კერვალიშვილის ვრცელი ინტერვიუ, რომელიც მის დაპატომრებამდე, ცოტა ხნით ადრე ჩაიწერა. ინტერვიუში რუსუდან კერვალიშვილი გამოთქვამდა ეჭვს, რომ ცენტრ-პოინტის საქმის კვალი, შესაძლოა, პოლიტიკამდე მისულიყო:

ამ სიტყვას, როგორც წესი, არ ვიყენებ ხოლმე, მაგრამ ჩვენი დემონიზაცია, თავიდან ბოლომდე, ცხადია, გაჩალიჩებულია და წლებია, ასე გრძელდება!.. მათ გვარებს არ დავასახელებ, რადგან თვითონ ყველაფერი ძალიან კარგად იციან, მაგრამ ამ ადამიანებმა არათუ მონაწილეობა მიიღეს, არამედ, ყველაფერი სტრატეგიულად დაგეგმეს, მათ შორის, მაიას წინააღმდეგ 190 გადაცემის მომზადება.

სხვათა შორის, არსებობს ინფორმაცია, რომ თავის დროზე, ცენტრ პოინტთან პარტნიორული ურთიერთობა ყოფილ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილსაც ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის წინააღმდეგ გამოძიება ზუსტად იმ დროს დაიწყო, როცა ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებას სათავეში კბილაშვილი ედგა. მართალია, არავინ ლაპარაკობს, მაგრამ ეს თავისთავად საინტერესო დეტალია.

რაც შეეხება ცენტრ პოინტს, როგორც ირკვევა, ამ კომპანიას პრობლემები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაეწყო. ეს ის დროა, როცა რუსუდან კერვალიშვილი, ნაციონალური მოძრაობის სახელით, პარლამენტის წევრი გახდა. ინტერვიუდან, რომელიც ზევით ვახსენეთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კერვალიშვილი მაშინდელი მმართველი ელიტის ერთგვარი მძევალი იყო. არქივიდან მცირედი შემოკლებით გთავაზობთ რუსუდან კერვაიშილის ინტერვიუს:

 

- საერთოდ, ამ ამბის მთელი ტრაგიზმი ისაა, რომ რაკი პოლიტიკაში ხარ ჩართული, აგრესიაც საქმიდან კი არა, უფრო პოლიტიკიდან გამომდინარე მოდის! იმაზე მეტი პოლიტიკური აგრესია რაღა უნდა ყოფილიყო, როცა 1998 წელს, „ცენტრ პოინტმა“ მუშაობა რომ დაიწყო, ვახტანგი უკვე რამდენჯერმე იყო აფეთქებული, თუმცა ვცდილობდით, იმისთვის გვეშრომა, რომ სიკეთე გვეკეთებინა!

- თუკი ხედავდით, რომ აგრესია იმთავითვე პოლიტიკაში ჩართულობის შედეგი იყო, რატომ არ ცდილობდით, რომ პოლიტიკისგან დისტანცია დაგეჭირათ?

- გაგახსენებთ, ეს რა პერიოდია: ვახტანგს თავისი პარტია ჰქონდა, რომელშიც 60 ათასი ადამიანი იყო გაწევრიანებული. 1998-დან 2004 წლამდე, მისმა პარტიამ რამდენიმე არჩევნებში გაიმარჯვა, თავად ვახტანგი კი, წლების განმავლობაში, ვიცე-სპიკერი იყო და იმის საჭიროება, რომ არჩევანი გაეკეთებინა ანუ პოლიტიკას გამიჯვნოდა და მშენებლობაში ჩართულიყო, არ არსებობდა. მშენებლობაში მაია იყო, რომლის გვერდითაც მისი მეგობრები - ბრწყინვალე არქიტექტორები, დეველოპერები თუ ფინანსისტები იდგნენ. სხვათა შორის, აქედან რამდენიმე დღეს ქვეყნის ხელმძღვანელი პირია.

- ოცნებისტები არიან?

- გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში უდიდეს თანამდებობებზე არიან.

- ესე იგი, ამ ადამიანებმა იციან, ცენტრ პოინტში რეალურად რა მოხდა?

- რასაკვირველია, თუმცა კონკრეტულ პირებთან საქმე არ მაქვს. მე, როგორც მოქალაქეს, მინდა, ჩემი სახელმწიფოს ნებისმიერი წევრი დაცული იყოს!..

ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, რომელმაც ვახტანგის თავზე არახავერდოვნად გადაიარა, სადაზღვევო კომპანიამ, სადაც „ცენტრ პოინტის“ მშენებლობა იყო დაზღვეული, თქვა, რისკები დიდიაო და ქვეყნიდან გავიდა. სხვათა შორის, სწორედ ამ დროს სატივეზე მშენებლობა დაწყებული კი არ იყო, არამედ, „ჩონჩხი“ იდგა, ერთ დილას შეიარაღებული სპეცრაზმი შევიდა და იქაურობა დააპატიმრა ანუ ჩვენ ყოველთვის გვაპატიმრებენ!

2004-ის დასაწყისშივე, გუკა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაიჭირეს. ამ დროს უკვე დემონიზირებულები ვართ. არადა, როგორც დღეს, მაშინაც მშენებლობა დაწყებული გვქონდა და შეწყვეტა არ შეგვეძლო. მოკლედ, ყველაფერ ამის მიუხედავად, ვცდილობდით, ახალმოსულებთან კეთილი ურთიერთობა დაგვემყარებინა და 2004 წელს, ე.წ. „აჭარის რევოლუციის“ შემდეგ, მაია ასეთ ნაბიჯს დგამს - პირველი ინვესტორია, ვინც აჭარაში შედის და მშენებლობას იწყებს ანუ სახელმწიფო მმართველობას გვერდით უდგება.

- ერთგვარ კონიუნქტურაზე წახვედით?

- როცა ბიზნესი გაქვს, სახელმწიფოსთან თანამშრომლობა გჭირდება, რადგან სხვანაირად ბიზნესს ვერ გააკეთებ! მაიამ გადაწყვიტა, სახელმწიფოსთვის ეჩვენებინა, თუ რა შეუძლია ყველანაირი ინვესტორისა და საბანკო კრედიტის გარეშე, თავისი საოცარი შრომისმოყვარეობითა და არანორმალურად კარგი გუნდით.

- ქალბატონო რუსუდან, 2008 წელს, სამგორის რაიონში, კენჭი ნაცმოძრაობის მაჟორიტარად იყარეთ და ეს იმიტომ გააკეთეთ, რომ ბიზნესს სახელმწიფო მმართველობასთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს?

- არა! ეს ჩემი მხრიდნ არც დათმობა იყო და არც - მსხვერპლი! 2006 წლიდან, მაიას კომპანიაში კარგი მენეჯერები ჰყავდა, თან სახელმწიფოც გვერდით ედგა და როცა მაიამ თქვა, მიშასთან ერთად შენება ბედნიერება იყოო, სწორედ 2004-2006 წლებს გულისხმობდა - ამ პერიოდში, მაიას შენების არ ეშინოდა, ანუ სახელმწიფოს მხრიდან რამე დახმარებას კი არ იღებდა, უბრალოდ, მწვანე ჰქონდა ანთებული, რომ ემუშავა!

... 2004-ში, გუკა რომ დაიჭირეს, მაიას ჰკითხეს, სახელმწიფოს მიმართ რამდენად ლოიალურად იყო განწყობილი. მაიამ მიუგო, დამნაშავე, ჩემი შვილია თუ სხვა, უნდა დააპატიმროთო. ამ პასუხს არ ელოდნენ... „ხავერდოვანი რევოლუციის“ მეორე დღეს, პატრიარქმა ვახტანგს უთხრა, რაც უნდა გაგიკეთონ, ყველას ყველაფერი აპატიე, ამიტომ იერუსალიმში წადი და იმ ადამიანებზე ილოცე, ვინც შენზე ხელი აღმართესო. იერუსალიმში, მართლაც, წავედით... მოკლედ, ყველაფერ აქედან გამომდინარე, დაინახეს, რომ მაია ქვეყნის მშენებლობაზე იყო ორიენტირებული და მის მიმართ კეთილგანწყობა გაუჩნდათ...

- 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მალევე იგრძენით, რომ თქვენზე შეტევა მოხდებოდა?

- არა, ამას მანამდე ვგრძნობდით!

- ეს როგორ?

- როგორ და, 2010 წელს, მაშინდელმა ოპოზიციამ, ხელმძღვანელი პირების გამოყენებით და ყველა მათგანის ვინაობა ვიცი, ჩემს წინააღმდეგ, პარლამენტთან მიტინგები დაიწყო - ჩემს ფიტულს წვავდა, ნაგვის ურნებზე ფოტოებს აკრავდა  და ესეც წამება იყო! ეგონათ, მშენებლობის ბიზნესს, რომელიც 2008 წელს შენელდა, „ვკრიშავდი“.

- მშენებლობის შენელება აგვისტოს ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ბრალი იყო?

- ცხადია... სხვათა შორის, პარლამენტში რომ შევედი, დეკლარაციით, საოცრად შეძლებული ადამიანი ვიყავი და ბუნებრივია, არაფერი დამიმალავს ან როგორ უნდა დამემალა?.. 2008 წლის 1 აგვისტოს, მაიამ სოფელ ქურთაში, სახელმწიფოს სასტუმრო ჩააბარა, რომელიც ავტომატის ჯერის ქვეშ ააშენა... ყველაფერი ეს, რასაც გიყვებით, გამოძიების მასალებში არის, თუმცა პროკურატურამდე, კომპანიიდან 15 ტომარა მასალა, ჯერ „დექსუსმა“, ყოველგვარი აღწერის გარეშე გაიტანა.

- როდის?

- 2010 წელს.

- ნაცმოძრაობა მაშინდელ ოპოზიციასთან ერთად გებრძოდათ?

- არა, ერთად არა, ცალ-ცალკე.

- ესე იგი, ნაცმოძრაობის გარკვეული ფრთისა და იმდროინდელი ოპოზიციის თქვენს წინააღმდეგ აქტიურობა ერთმანეთს, უბრალოდ, დაემთხვა?

- დიახ... 2008 წელს ანუ მას შემდეგ, რაც კრიზისი დაიწყო, მაია მუშაობის ბარტერულ სტილზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მშენებელს, ფულის ნაცვლად, აშენებულ ფართს, ან სამშენებლო მასალას აძლევდა. ყველაფერ ამას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი დაემატა: დევნილებისთვის სახლები, სხვადასხვა სამშენებლო კომპანიასთან ერთად, მაიამაც საკუთარი სახსრებით ააშენა... სწორედ ამ დროს, სააკაძის მოედანზე, მერიის გვერდით მდებარე ათი კორპუსის მშენებლობას უჩერებენ და ყველაფერი სწორედ აქედან იწყება!

- მშენებლობის შეჩერება ვის ინტერესში შედიოდა? დექსუსი, ხალხური მითოსით, გიგი უგულავასთან ასოცირდებოდა..

- გასაგებია, მაგრამ გიგი გადაწყვეტილებებს მარტო ხომ არ იღებდა?

- აბა, მიშასთან ერთად?

- არა, არა... ყველაფერი დრომ განსაჯოს!.. ჯერ კიდევ 2008 წლამდე იყო ნათქვამი, რომ სააკაძის მოედანზე მერია უნდა გადასულიყო. მშენებლობის შეწყვეტის საფუძვლად ის დასახელდა, რომ ზუსტად არ იყო გადაწყვეტილი, მერიის უკანა შესასვლელთან რა უნდა განთავსებულიყო. პარალელურად, „ცენტრ პოინტის“ წინააღმდეგ ჩივილს პროფკავშირი იწყებს და მიწის რაღაც „წითელ ხაზზე“ დავობს... მოკლედ, მერიასთან ჭიდაობა იწყება, რაც ბიზნესში აბსოლუტურად გამორიცხულია და ვითარების მოგვარებას ცდილობ... დოკუმენტაცია და მხოლოდ ჩვენი კი არა, ყველა იმ კომპანიის რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც საბანკო კრედიტის გარეშე მუშაობდა, ზურაბ ადეიშვილს მივუტანე. გამოიყო ჯგუფი, რომელმაც ყველაფერი შეისწავლა. სხვათა შორის, ამ დროს გიგის მიერ ნაწილობრივ უკვე განხორციელებულია პროექტი - „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“. მოკლედ, ჩვენთან „დექსუსი“ გამოუშვეს, რომელსაც რეაბილიტაცია დაევალა და რომელმაც კომპანიის ქონება 95 მილიონად შეაფასა.

- ქალბატონო რუსუდან, შეიძლება, არასწორი წარმოდგენა შემექმნა, მაგრამ ნაციონალები ბიზნესს გახევდნენ?

- იცით, რა არის? - კომპანიაში „დექსუსის“ შემოსვლას, მე და მაია სხვადასხვანაირად ვაფასებთ, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენს ოჯახში რთული პროცესი დაიწყო. ისე, „დექსუსთან“ დაკავშირებით, მაიას არათუ საჯარო განცხადებები აქვს გაკეთებული, არამედ, საჩივარი სასამართლოშიც აქვს შეტანილი და ის გადაწყვეტილება, რომელიც მის მიმართ გამოიტანეს, მაშინაც ზუსტად ისე შეაფასა, როგორც დღეს პატიმრობას აფასებს.

- მაშასადამე, 2010 წელს, დებს შორის უკმაყოფილება გაჩნდა?

- ერთ აზრზე არ ვიყავით... გიგი უგულავას სიტყვებია, რუსუდან, მზად ხართ, რომ სპილენძის მილებში გაიაროთო?! მივუგე, გიგი, ჩემმა ოჯახმა გამომგზავნა, რომელიც ყველა განსაცდელის გადასატანად მზადაა, რათა ადამიანების ქონება გადარჩეს-მეთქი.

- თქვენ და გიგის ამ დიალოგს სხვა ვინმეც ესწრებოდა?

- არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას გიგი არასოდეს დამალავს.

- მოკლედ, გიგისთან სიტუაციის მოსაგვარებლად მიხვედით?

- არა... კომისიის შესამოწმებლად ზურაბ ადეიშვილმა სპეციალური კომისია გამოყო.

- რატომ მაინცდამაინც ადეიშვილმა?

- რატომ და, ომის შემდგომ რეაბილიტაციას ქვეყანაში, ადეიშვილი ხელმძღვანელობდა.

- ... ქალბატონო რუსუდან, მაშინდელი ოპოზიციის ის ლიდერები, რომლებზეც წეღან საუბრობდით, დღეს სახელისუფლებო ვერტიკალში არიან?

- რა თქმა უნდა, არიან, მაგრამ თითოეულმა მათგანმა იცის, რომ პიროვნულად გაბრაზებული არ ვარ, რადგან ჩემთვის გასაგები იყო, სამიზნე რატომაც ვიყავი!

- თქვენს წინააღმდეგ აქციები ფინანსდებოდა?

- დიახ.

- ვისგან?

- დოკუმენტური მასალა არსებობს, ვინ, როდის და სად მონაწილეობდა, რომ ჩვენი დემონიზაციის საბოლოო მიზნისთვის მიეღწია! სხვათა შორის, ისეთი შემთხვევებიც იყო, როცა, მაგალითად, ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრაზე, ადამიანებს სპეციალურად აგზავნიდნენ, რათა ჩემზე ელაპარაკათ და შეხვედრა ჩაეშალათ...

სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსულმა ხელისუფლებამ, ჩემსა და მაიას წინააღმდეგ საქმე 12 ოქტომბერს აღძრა. ამასთან, სპეციალური კომისიაც შეიქმნა, რომელსაც მაშინ თინა ხიდაშელი ხელმძღვანელობდა. ჩვენი სასამართლო კი 2013 წლის 10 ივლისს, ზუსტად იმ დღეს გაიმართა, როცა ლადო ბედუკაძეს ყველანაირი ბრალდება მოუხსნეს.

თავს დამნაშავედ იმიტომ ვგრძნობ, რომ ის რეაბილიტაციის ფორმა, რომელიც ჩემი ხელისუფლებაში ყოფნისას, ჩემი გუნდის მხრიდან, მაიას მიმართ განხორციელდა, საოცრად შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და ტანჯვის მიმყენებელი იყო.

- რას გულისხმობთ?

- მაგალითად, თელავის „ინტურისტი“, მაიამ სახელმწიფოს 1 ლარად აჩუქა.

- თუკი ყველაფერ ამაში თავს დამნაშავედ გრძნობთ, თავის დროზე ხმამაღლა რატომ არაფერს ამბობდით?

- მე, მაიასა და ვახტანგს, კომპანია „დექსუსთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, დუმილის ვალდებულება გვქონდა!

- ხელშეკრულებაში ამ ვალდებულების ჩაწერა გაიძულეს?

- ხელშეკრულება, თავისთავად, კაბალურია.

- პროტესტის ნიშნად, გუნდი რატომ არ დატოვეთ?

- რატომ უნდა დამეტოვებინა? პასუხისმგებლობა აბსოლუტურად გათვითცნობიერებულად ავიღე და ახლაც მიმაჩნია, რომ ქალი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მაქსიმალურად უნდა იბრძოდეს! გუნდი არათუ დამეტოვებინა, არამედ, ვცდილობდი, ჩემთვის კი არა, ქვეყნისთვის ყველაფერი გამეკეთებინა, რაც იმ დროს შემეძლო! სხვა თუ არაფერი, იმას ვაკეთებდი, რომ მსოფლიოსთვის შემეტყობინებინა, რა ვითარებაში იყვნენ ომის შემდგომ, საქართველოში, ქალები.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს გეტყვით: დავით ნარმანიამ, 2016 წლის 13 თებერვალს, თბილისის შეჩერებული მშენებლობების განახლებაზე განკარგულება გამოსცა, რომელიც მაისში განმეორებით დამტკიცდა. ეს განკარგულება მხოლოდ „ცენტრ პოინტს“ კი არა, ყველა კომპანიას ეხებოდა. საერთოდ, თბილისში 100 მშენებლობაა შეჩერებული. ამასთან, მთავრობამ 2008 წელს დაზარალებული კომპანიებისთვის დღგ-ს დაბრუნების ვალდებულება აიღო. მოკლედ, თანამშრომლობა დაიწყო. ამ დროს, ინვესტორები მაიასაც ჰყავდა და მერიასაც, რომლებმაც კომპანიის რესურსები შეისწავლეს და მაიასთან, როგორც კერძო პირთან, მემორანდუმი გააფორმეს. ამ ვითარებაში, დაზარალებულებიც გააქტიურდნენ. ისე, ყველა დაზარალებულის მესმის, რადგან ისინი შედეგს ხედავენ და არ იციან, სინამდვილეში, რა ხდება.

- ანუ, ქალბატონო რუსუდან, აღიარებთ, რომ დაზარალებულები არსებობენ, არა?

- რა თქმა უნდა, ვაღიარებთ!

- დავით ნარმანიას ზემოხსენებულ განკარგულებას მნიშვნელოვანს რატომ უწოდებთ?

- იმიტომ, რომ მაიას დაპატიმრება მერიის ინტერესში არანაირად შედიოდა!

- მაშასადამე, რა გამოდის?

- რა და, „ოცნების“ ხელისუფლებაში, აბსოლუტური შეუთანხმებლობაა!“

P.S. როგორც აღვნიშნეთ, ეს ინტერვიუ 2016 წლის აგვისტოშია ჩაწერილი, 2017 წლის 31 მარტს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ცენტრ პოინტის დამფუძნებლები - მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო და 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა. მაია რჩეულიშვილი კი ისევ ციხეში რჩება, არადა, არსებული ინფრომაციით, ყველა მომჩივანი დაკმაყოფილებულია. ამ ფონზე, უბრალოდ, საკითხავია, რა მიზანია ქვს მაია რჩეულიშვილის საპატიმროში დატოვებას?

ნინო დოლიძე