გზა ჟურნალისტიკიდან პოლიტიკამდე - ინტერვიუ ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატ შორენა პაპაშვილთან

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქალების პოლიტიკაში აქტიურობა თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყნებში დღითიდღე იზრდება. თუმცა, საქართველოს რეალობაში შედარებით ნელი ტემპით ვითარდება. მოქალაქეთა მცირე  ნაწილში არსებობს სტერეოტიპული დამოკიდებულება, თუმცა უდიდესი ნაწილი ნელ-ნელა იაზრებს ამ სქესის წარმომადგენლების შესაძლებლობების მნიშვნელობას პოლიტიკაში. არაერთი ქვეყნის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ქალებს აქვთ განსხვავებული გამოცდილება და ხედვა რიგი საკითხების მიმართ, მათთვის უფრო ნათელია მარტოხელა მშობლების პრობლემები, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების აუცილებლობა, სახელმწიფოს მხრიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის მნიშვნელობა, საბავშვო ბაღების და ბავშვთა მოვლის სერვისების მისაწვდომობა, ძირითადი სოციალური ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა, სოფლად მცხოვრები ქალებისთვის და სხვა. შესაბამისად, „მეტი ქალი პოლიტიკაში“ ავტომატურად ქვეყნის კეთილდღეობისკენ წინსვლას ნიშნავს.  ერთ-ერთი ასეთი აქტიური, საზოგადოებრივ პრობლემებზე ორიენტირებული პოლიტიკოსია შორენა პაპაშვილი, სამი შვილის დედა, რომელიც ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში, თბილისიდან კი სოფელში საცხოვრებლად გადავიდა. შორენა პაპაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, „ლეიბორისტული“ პარტიის სიის პირველ ნომრად იყრიდა კენჭს. ის „ვერსიასთან“ საუბრისას იხსენებს, თუ როგორ მოხვდა ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში და რა პრობლემებს ხედავს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში.

_წარმოშობით ყვარლის რაიონიდან ვარ, დავიბადე ქუთაისში დედულეთში, თუმცა, გავიზარდე თბილისში, სკოლაც აქ დავამთავრე. ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ასევე, ნიჭიერთა ათწლედში. უფრო ხელოვნებისკენ მქონდა მიდრეკილება. მიყვარდა ცეკვა და ვმღეროდი სკოლის გუნდში. სკოლაში ყველა საგანს თანაბრად კარგად ვსწავლობდი. სკოლის ბოლო წლებში როდესაც მშობლები მეკითხებოდნენ, თუ რა პროფესიის არჩევა მსურდა, მაშინ დავფიქრდი რა მინდოდა. მოულოდნელად, დავინტერესდი ჟურნალისტიკით და რატომღაც, სხვა თვალით შევხედე გაზეთს, ტელევიზიას და რადიოს. რადიო ჩემი განუყრელი ნაწილი იყო, ბავშვობიდან სულ ვუსმენდი, მაშინ რადიო ძალიან ბევრ ცოდნას გვაძლევდა. ის იმდენად მომხიბვლელი იყო ჩემთვის, როდესაც გადავწყვიტე გავმხდარიყავი ჟურნალისტი, მაშინვე ვიფიქრე, რომ რადიოში უნდა მემუშავა. პირველი პრაქტიკა გავიარე რადიოს ახალგაზრდულ რედაქციაში, პირველ კურსზე. შეიძლება ითქვას, რომ 17 წლიდან ჟურნალისტიკაში ვარ. დამამათავრებელ კლასში ვიყავი, როდესაც უცებ გადავწყვიტე ჟურნალისტობა და სკოლაში პატარა გაზეთი გავაკეთე. გამომდინარე იქიდან, რომ არ მქონდა ნაწერის სტამბაში მიტანის საშუალება, გადაქსეროქსებულ ეგზემპლარებს ვავრცელებდი სკოლაში. პირველი რესპონდენტი, ჩემი სკოლის დირექტორი იყო, ეს გახლდათ ჩემი პირველი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში. ვმუშაობდი რადიოში, ინტერნეტ ტელევიზიაში, ძირითადად საინფორმაციო სააგენტოებსა და გაზეთში, დღემდე ვაგრძელებ ამ საქმიანობას.

_შორენა, სანამ პოლიტიკაზე გადავალთ, მაინტერესებს, რას ნიშნავს თქვენთვის ჟურნალისტიკა?

_ჟურნალისტიკა ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა. ეს არის ერთგვარი სამედიცინო დარგი იმ გაგებით, რომ თითოეული ჩვენი სიტყვით ვკურნავთ ან ვასნეულებთ საზოგადოებას. ჟურნალისტის ნათქვამი სიტყვა ისტორიაა და მას ვერაფერი შეცვლის. ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებელი თითოეულ სიტყვაზე და მომავალში არ უნდა შეგვრცხვეს ჩვენი ნათქვამის. სამწუხაროდ, დღეს ქართული ჟურნალისტიკა არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს.  ზოგჯერ გადაღლილზე მიფიქრია, სხვა პროფესია ხომ არ უნდა ამერჩიათქო, მაგრამ მეორე დღესვე ახალი ძალებით ვიმუხტები და ქუჩაში გავალ თუ არა ვხვდები, რომ ჟურნალისტიკაშია ჩემი ადგილი.

_რატომ და როდის გადაწყვიტეთ, პოლიტიკაში წასვლა?

_პოლიტიკაში წასვლა უცებ გადავწყვიტე, როდესაც ჩემმა ნაცნობებმა გაიგეს, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა, თითქოს არავის გაკვირვებია, რადგან ბავშვობიდან აქტიური ვიყავი. თანაც, ძირითადად სულ პოლიტიკაზე ვწერდი. მას შემდეგ, რაც ბებია და ბაბუა გარდაიცვალნენ, სოფელში ხშირად ჩავდივარ. იქიდან ვახერხებ მუშაობას და მეურნეობასაც ვაქცევ ყურადღებას. შესაბამისად, ახლოდან გავეცანი და შევეხე სოფლის ცხოვრებას, სადაც უამრავი პრობლემა დამხვდა. ძალიან მძიმე ვითარებაა სოფლებში. ჩვენი რაიონი სხვებთან შედარებით, უფრო ძლიერია და უკეთესი სიტუაციაა, წარმომიდგენია სხვა რეგიონებში როგორი რთული ყოფაა. ჩემი მეგობრებისგან ხშირად მესმის, რომ მათ სოფლებში წყლის, დენის, გაზის და გზის პრობლემაც კი მოუგვარებელია. გაოცებულები იყვნენ, რომ სოფლის მეურნეობით დავინტერესდი და საკუთარი ხელით ვაკეთებ ყველაფერს. უკვირთ, როგორ გადავერთე ქალაქის ცხოვრებიდან სოფლის ცხოვრებაზე. გაგებით ვეკიდები ყველას შეხედულებას, როდესაც ამბობენ, რომ არ შეუძლიათ სოფელში ცხოვრება ან ემიგრაციაში მიდიან, რადგან აქ ძალიან ბევრი პრობლემაა. თვეობით ვარ ხოლმე წასული სოფელში, იქაურმა მოსახლეობამ რომ შეიტყო ჟურნალისტი ვიყავი, მოდიოდნენ და თავიანთ პრობლემებზე მიყვებოდნენ. ზოგი დახმარებას, შუამდგომლობას მთხოვდა მერიასთან და ა.შ.  მე მხოლოდ იმის საშუალება მქონდა ჩემი პროფესიის წყალობით, ხალხამდე მიმეტანა მათი გასაჭირი. სულ განვიცდი, რომ სხვანაირად მათ ვერ ვეხმარები. არჩევნებამდე „ლეიბორისტული“ პარტიიდან მივიღე შემოთავაზება, ვყოფილიყავი მათი წარმომადგენელი, შევსულიყავი საკრებულოში და იქიდან მებრძოლა ამ ადამიანებისთვის. ასე გადაწყდა ჩემი პოლიტიკაში წასვლა, თუმცა არ იყო ადვილად მისაღები გადაწყვეტილება. პირველად რჩევა მეუღლეს და შვილებს ვკითხე, მათაც მხარი დამიჭირეს. ჩემი მეუღლე ყოველთვის მეხმარება და გაგებით ეკიდება ჩემს პროფესიას. თუმცა, დედაჩემს არ მოეწონა პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება და წინააღმდეგი იყო. სამსახურში მხარი დამიჭირეს და ხელი შემიწყვეს ყველაფერში. ნამდვილად არ ვნანობ არჩევნებში მონაწილეობას, სამწუხაროდ, დრო იყო ძალიან მცირე, რომ ამომწურავად ჩამეტარებია ჩემი კამპანია. იმ პერიოდში, არც მოგებაზე და არც წაგებაზე არ ვფიქრობდი,  ჩემს თავს ჩავუტარე ექსპერიმენტი, რამდენად სწორად მივიტანდი ჩემს სათქმელს ამომრჩევლამდე, რამდენად მიმიღებდნენ ისინი, როგორც უცხო სახეს პოლიტიკაში. ამ ნაწილში კმაყოფილი ვარ და უკვე ზუსტად ვიცი, თუ გავაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას, ჩემს სიტყვას ენდობა თუ არა ჩემი ამომრჩეველი, ნდობა კი ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

_ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ გადაწყვეტილებას, რომ სოფელში თვეობით გეცხოვრათ?

_მეთერთმეტე კლასელი ტყუპი ბიჭები მყავს და ერთი გოგო, რომელიც აბიტურიენტია. პანდემიის პერიოდში, რადგან ონლაინ სწავლობდნენ, სოფელში წავიყვანე და იქ ერთვებოდნენ გაკვეთილზე. შემდგომ თბილისში დაბრუნდნენ. მე გაზაფხულიდან სოფლის მეურნეობას მივსდევ და აქედან ვახერხებ მუშაობას. რამდენიმე თვე ვჩერდები, რომ ყველაფერი დავაბინაო, ხშირად მარტო მიწევს სახლში ყოფნა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ მიწასთან სიახლოვის სურვილი გამიჩნდებოდა. სხვანაირი ენერგია მოდის აქ, ელემენტარული სამუშაო რომ იყოს და ახალგაზრდებისთვის პირობები, სოფლიდან არავინ წამოვიდოდა. დილა რომ გათენდება, ბოსტანში შევალ და მიწასთან მაქვს ურთიერთობა, ისე ღამდება, ვერ ვიგებ. თითქოს, სხვანაირად მოაზროვნე ვხდები და მიწა ყველაფრის ძალას მაძლევს. დღევანდელი მშობლების ძირითადი მიზანია, შვილებს ქალაქში უყიდონ ბინა და იქ ასწავლონ, ვფიქრობ, აქ უკვე დიდ შეცდომას უშვებენ. მათ უნდა იბრძოლონ იმისთვის, რომ ახალგაზრდამ სოფელში შეექმნას კარგი მომავალი. ძალიან კარგი თაობა მოდის, არ მინდა ეს რესურსი დაიკარგოს. ბავშვებს ახლებური ხედვა, კულტურა და ერთმანეთის გამტანობა აქვთ, სოფელში დავინახე ეს მუხტი. ჩვენი მთავარი საფიქრალი არის, მომავალი თაობა, ის თუ როგორ ქვეყანას ვუქმნით და ვუშენებთ ამ ბავშვებს.

_ როგორ ცხოვრობს სოფლად მოსახლეობა და რა ვითარებაა ახლა რაიონებში?

_სოფელში, მოსახლეობის თითქმის 80% ემიგრანტების გამოგზავნილი ფულით ცხობრობს, ოჯახი არ არის დარჩენილი, საიდანაც ერთი წევრი მაინც არაა წასული საზღვარგარეთ სამუშაოდ. თუმცა, ისეთი სოფლებიც არის, სადაც ხალხი ჯერ კიდევ ხვალინდელი დღის იმედზეა. ბანკებიდან გამოაქვთ კრედიტი, ამით აშენებენ ვენახს და ხეხილს, ქმნიან ფერმებს. ეს ხალხი მოგებაზე კი არა, იმაზე ფიქრობს, ბანკის ვალი გაისტუმროს. სოფლის მოსახლეობა ამუშავებს ბანკებს. ეს არის ძალიან სამარცხვინო, ასე ვერ აშენდება ეკონომიკა და სოფელი. აქაურები იმას ამბობენ, ჩვენ რაღაცას მაინც დავთესავთ და შევჭამთ, ქალაქში ყველაფერს ყიდულობთ და ფულს ეკონომიას როგორ უწევთო. ამ მოსავლის მოსაყვანად კი მათ სასუქის და ბევრი რამის შეძენა უწევთ. ძლიერი სოფლის გარეშე ვერანაირად ვერ იქნება ძლიერი ქალაქი. ჩვენს პოლიტიკოსებს ვურჩევდი, თვეში ერთხელ მაინც ფეხზე გაიხადონ და მიწას შეეხონ, ასე მაინც თუ ხელებით არა, იქნებ იგრძნონ რაიმე. მგონია, მათ თავიანთი სამყარო აქვთ და მხოლოდ ის მიზანი, რომ ქონება გაზარდონ, გაიფართოვონ მიწები. პირველი ჩემი მიზანი იყო, გამეგო რის საფუძველზე იყიდება მიწები და სხვისდება მდინარეები. რატომ მივდივართ უკან პატრონყმობაში და ფეოდალიზმში. რისი თვითმმართველი ხარ, როცა არც საძოვარი გაქვს, არც ტყე და არც მდინარე, გამოდის, იმისთვის იბრძვიან, რომ მხოლოდ ბიუჯეტი ჭამონ? ახალი სისხლი ძალიან საჭიროა და თუ ხელისუფლება არ არის მოწადინებული, რომ ვინმე ახალი შეუშვას ამ თვითმმართველობებში და საკრებულოებში, არ გამოვა არაფერი. ქალების ყოფნა პოლიტიკაში მნიშვნელოვანი და საჭიროა, თუმცა, ერთია ქალი პოლიტიკაში და მეორე - რამდენად ეძლევა მას თვითრეალიზების საშუალება.

_როგორ ფიქრობთ, სამართლიანად ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რაიმე დარღვევები ხომ არ აღმოგიჩენიათ?

_ჩემი აზრით, საქართველოში არჩევნები ჯერ კიდევ იქამდე ყალბდება, სანამ ადამიანი ბიულეტენს აიღებს და ვინმეს შემოხაზავს. როდესაც ამომრჩეველი მიდის უბანზე და მას უყურებს სოფლის გამგებელი ან ვინმე პარტიული აგიტატორი, ეს უკვე დაშინებაა. წინა დღით ოჯახში ვიზიტები ხელისუფლების წარმომადგენლებიდან უკვე გაყალბებაა. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა ადამიანებზე და ვიტყოდი, რომ არჩევნები ყალბდება არა 8 საათის შემდეგ, არამედ სანამ უბნები გაიხსნება. ადამიანი მიდის არჩევნებზე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ. ყოველი არჩევნების დროს ველოდები და იმედი მაქვს, რომ სრულყოფილი იქნება, მაგრამ ასე არ ხდება. მსგავსი გაყალბების ტექნოლოგია ძველსაც და ახალ მთავრობასაც კარგად აქვს ათვისებული. მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი. არჩევნების წინა დღეს უკვე გადაწყდა ყველაფერი. მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამაც გაამძაფრა სიტუაცია. „ნაციონალური მოძრაობის“ სრული მობილიზება იყო უბნებზე. ჯერ ბიულეტინები არ ჰქონდათ დათვლილი და უკვე იცოდნენ, რომ ხმები აკლდებოდათ, მოსახლეობას სახლში აკითხვადნენ და ეუბნებოდნენ, რომ არჩევნებზე გასულიყვნენ. ეს არის გაყალბება სხვა არაფერი, ადამიანს არ უტოვებენ თავისუფალ სივრცეს.  ვისაც ხედავდნენ ჩემს გვერდით, ვისაც მათ საქმეზე მივყვებოდი და ვეხმარებოდი, მათ აღრიცხავდა სოფლის ხელმძღვალენობა, მიდიოდნენ მათთან ოჯახებში, ჩემ ნათესავებთანაც კი არ მოერიდათ მისვლა. ეუბნებოდნენ, რომ შენ თუ შორენას მისცემ ხმას, სახურავი დაგრჩება გადაუხურავი, გზას არ დაგიგებთ, ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთ... ამიტომ ადამიანები ფიქრობნენ, რომ ამ ერთმა გოგომ რა უნდა გააკეთოს, როდესაც საკრებულოში მოვა, ხელისუფლებაში ხომ სხვები არიანო. ამიტომ ვერც ვამტყუნებ ვერავის. თუმცა, ხალხს ვეტყოდი, ეს გოგო ჩემი სახით რომ მოსულიყო საკრებულოში, ვერც კი წარმოუდგენიათ, რამდენი საქმე გაუკეთდებოდათ. ძალიან გული მწყდება, რომ ეს ფსიქოლოგიური სტრესი ვერ დაძლიეს.

_როგორც ამდენი წლის ჟურნალისტი და დამწყები პოლიტიკოსი, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას როგორ შეაფასებთ?

_პოზიტიურად ვერ შევაფასებ. სააკაშვილის ჩამოსვლა და დაპატიმრება არასწორ დროს მოხდა. ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციის დროს არ მომეწონა, როდესაც სააკაშვილმა თქვა, რომ ღირსება უნდა დაგვეცვა და შევარდნაძე არ გაასამართლა. მაშინ ეს ყველაფერი ძალიან ცუდათ მენიშნა. ესე იგი, მომავალში ისიც მოიქცეოდა ცუდად და მოითხოვდა იმის გარანტიას, რომ არ გასამართლებულიყო. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც დღეს ხდება. სააკაშვილი არასწორ დროს აღმოჩნდა ამ პოლიტიკურ სიტუაციაში, მისი დაკავება ან ცოტა ადრე უნდა მომხდარიყო, ან გვიან. ეს ძალიან შეუფერებელი პერიოდი იყო. ვშიშობ, კიდევ უფრო უკან დაიხევს ქვეყანა, ახლა არის კრიზისი, პანდემია, სოციალური ფონი უკიდურესად მძიმდება. ადამიანებს თვალებში ვეღარ ვუყურებ, რადგან პოლიტიკაში წავედი და მათ ვერაფრით ვეხმარები. ზოგადად, ძალიან მაწუხებს ყველანაირი ნიშნით საზოგადოებაში ხიდჩატეხილობის პრობლემა. პოლიტიკა იმდენად ღრმად შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, რომ ამის გამო ოჯახები დაინგრა, ნათესავებმა დაკარგეს ერთმანეთი. სოფელში ხალხი ერთმანეთთან პოლიტიკაზე საუბარს ერიდება. მეუბნებიან ხოლმე, ვერ ვეტყვი ამას ჩემს მეზობელს რომ არ დავკარგო და გადავიმტეროო, რადგან ასე თუ ისე ხომ ხვდებიან, ვინ ვის უჭერს მხარს. სოფელი ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. საქართველოში გვჭირს ბელადომანია, არ აქვს მნიშველობა მიშა იქნება, ბიძინა თუ გახარია, ბელადომანიიდან ვერ გამოვედით და არ მინდა, მომავალი თაობაც ამ არასწორი ღირებულებებით და პოლიტიკური შეხედულებებით გაიზარდოს. ვიმედოვნებ, საღი აზრი მაინც გაიმარჯვებს.

_შორენა, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, გააგრძელებთ პოლიტიკურ საქმიანობას?

_ახლა ძიების პროცესში ვარ, ვაკვირდები ყველას და ყველაფერს, არა როგორც ჟურნალისტი, არამედ პოლიტიკოსიც, რადგან მინდა გავაგრძელო ეს საქმიანობა. უამრავი ადამიანი მწერს და გამოხატავს სურვილს, რომ დავრჩე პოლიტიკაში. თუმცა, მარტო სურვილი არ კმარა,  უნდა შევაფასო საკუთარი რესურსი, ნამდვილად გავუმართლებ თუ არა ამ ადამიანებს მოლოდინს. სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს ვაკვირდები და ვაფასებ. ალბათ, რომელიმეს გამოვარჩევ და გავაგრძელებ მათთან თანამშრომლობას.  ახლა ისევ ჟურნალისტი ვარ, ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო. არჩევნებიდან დიდი დრო არ გასულა, თითქოს შუა ზღვარზე ვარ, არ მინდა უარი ვთქვა პოლიტიკაზე. თუმცა, ვნახოთ, რა იქნება. იმის ამბიცია არ მაქვს, რომ მე შევქმნი რაიმე პარტიას, მაგრამ მინდა შევარჩიო ისეთი ძალა, რომლიდანაც ორ დღეში არ მომიწევს უკან გამოქცევა. ძალიან ვფრთხილობ და ვფიქრობ, რომ გავაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას.

 ავტორი: ია გრიგალაშვილი