რამდენი ათასი ევრო გადაუხადეს დედამ და ბიძამ ესპანეთში, ქართველი ქალის მკვლელის ადვოკატს

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფემიციდი, ან ფემინიციდი - ქალებზე ძალადობის უკიდურესი გამოვლინება. ეს ტერმინი მე-19 საუკუნიდან მოდის და ლათინურად, ქალებისა და გოგონების მკვლელობას (Femi - ქალი, Cide - კვლა) აღნიშნავს. ყველაზე გავრცელებული განმარტების მიხედვით, ფემიციდი არის მამაკაცების მიერ ქალების მკვლელობა იმიტომ, რომ ისინი ქალები არიან...

 

სიმართლე გითხრათ, ძალიაან ძნელია იმის გაგება, თუ რატომ ჩერდებიან ქალები ისეთი მამაკაცების გვერდით, რომლებიც მათზე ძალადობენ? ხომ ადვილი მისახვედრია, რომ დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი პირუტყვი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად „ვერ მოზომავს“ და ყველაფერი დასრულდება ისე, როგორც უნდა დასრულდეს, თუ ამ მდგომარეობას არ გაექცევით და განერიდებით - სიკვდილით! ფემიციდი არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ის მსოფლიო პრობლემაა და განვითარებულ ქვეყნებში, ისეთში, როგორიც ჩვენ გვგგონია საკუთარი ქვეყანა, ან ევრკავშირის წევრ ქვეყნებსა და აშშ-ში, თითქოს, ქალთა უფლებები უფრო დაცული უნდა იყოს და ერთი შეხედვით, არის კიდეც, მაგრამ... ეს ერთი შეხედვით. მძიმე მდგომარეობაა აზიურ ქვეყნებში, სადაც ქალთა უფლებები ძალიან დაბალ დონეზეა, უფრო სწორედ, ისინი უუფლებონი არიან და ეს განსაკუთრებით ისლამურ ქვეყნებზე ითქმის. იქ ქალის სიცოცხლეს ფასი საერთოდ არ აქვს, მაგრამ... ჩვენთან აქვს კი?

2 ივნისის ღამეს, ბარსელონაში, ქართველი გოგონა მოკლეს. ჰო, მოკლეს, თუმცა ამ განცხადებით, უდანაშაულობის პრეზუმფციას არ ვარღვევ და ახლავე აგიხსნით, რატომ. სამართალდამცავებს ჰყავთ მოწმეები (და არა მოწმე), რომლებიც ამბობენ, რომ დაინახეს, თუ როგორ გადმოაგდო მამაკაცმა ქალი მეხუთე სართულიდან, გარკვეული პაუზის შემდეგ კი ეზოში თავადაც ჩავიდა, გარდაცვლილს არც შეხებია, უბრალოდ, დახედა და გაიქცა. ის იქვე მცხოვრები ბიძის (დეიდის ქმრის) სახლისკენ გარბოდა, თუმცა გზად ესპანელმა მოქალაქეებმა დააკავეს და პოლიციას გადასცეს. მანამდე კი... მანამდე, გარდაცვლილის დახმარებას ადგილობრივები ცდილობდნენ, უტარებდნენ გულის მასაჟს, ხელოვნურ სუნთქვას და ყველა თითით აჩვენებდა ერთ ქალზე, რომელიც იდგა და სიგარეტს ეწეოდა. ეს გარდაცვლილი ნ.გ.-ს დედამთილი გახლდათ, რომელიც იმ დროს სახლში იმყოფებოდა. მას რძლის დახმარება არც უცდია, არც კი შეხებია...

დაკავებიდან შვიდ საათში, მკვლელობაში ეჭვმიტანილ ბ.ი.-ს ბრალი სამი მუხლით - მკვლელობა, ფემიციდი და დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობა წაუყენეს. როგორც ბარსელონაში მცხოვრები ქართველები გვეუბნებიან, ბიძამ და დედამ მას საკმაოდ ძვირადღირებული ადვოკატი დაუქირავეს, რომელსაც პირველ ეტაპზე, 15 ათასი ევრო გადაუხადეს, ხოლო თუ ადვოკატი დაპირებას შეასრულებს, ერთ ამდენს კიდევ მიიღებს, მისი დაპირება კი ის გახლავთ, რომ ბრალდებულს ციხიდან, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ორი წლის შემდეგ გამოაშვებინებს.

მომხდარიდან მალევე, ეჭვმიტანილის დედამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისმა რძალმა თავი მოიკლა. ამის მიზეზი კი, თურმე, ეჭვიანობა გახლდათ. რძალი მის შვილზე ერთ-ერთ ბარში მომუშავე გოგოს გამო ეჭვიანობდა თურმე, სადაც მისი შვილი ხშირად დადიოდა. ერთი შეხედვით, ეს ვერსია რეალობას ჰგავდა და რაც მთავარია, პოლიციელებთან ზუსტად იგივე გაიმეორა შვილმაც, მეტიც, მან იგივე თქვა მაშინ, როცა კამერაში შეუშვეს და იქ სხვა ქართველი მსჯავრდებულები დახვდნენ, თუმცა ამაზე ქვემოთ.

პოსტის გავრცელების შემდეგ, დედას ბევრმა მიუსამძიმრა, გარდაცვლილი გოგონას მეგობრებმაც კი, მაგრამ ყველაფერი ეს, რამდენიმე საათს გაგრძელდა, მერე გაირკვა სიმართლე, მერე გამოჩდნენ თვითმხილველები და დედამ, ყველა ჯგუფსა თუ სოციალურ ქსელში დადებული სტატუსები, უბრალოდ, აიღო, გააქრო. არ გამოვიდა თვითმკვლელობის სცენის გათამაშება და რაც მთავარია, დედა-შვილმა ვერ გათვალა, რომ შესაძლებელი იყო, ამ ამბავს მოწმეც ჰყოლოდა.

ესპანური პოლიციის ცნობით, წყვილთან სამართალდამცავები პირველად, გასული წლის აგვისტოში, მეზობლებმა გამოიძახეს. მათ ჩხუბის ხმა შემოესმათ და ძალოვნებსაც ამიტომ უხმეს. იმის მიუხედავად, რომ პოლიციამ გოგონას სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება (სისხლჩაქცევები, სილურჯეები, ნაკაწრები) აღმოაჩნა, მან განცხადების დაწერაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ყველაფერი სანაპიროზე, ცურვის დროს დაემართა. ძლიერმა ტალღებმა ქვიან ნაპირს მიახეთქა, რაც სიმართლე არ იყო და ეს გახლდათ გოგონას უდიდესი შეცდომა. შემდეგ, პოლიციის გამოძახება მეზობლებს უკვე სექტემბერში დასჭირდათ, რაც კვლავ იგივე შედეგით დასრულდა - გოგონამ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და სილურჯეების მიზეზად ისევ ბუნებრივი მოვლენა დაასახელა. მეზობლები ჰყვებიან, რომ ამ ამბის შემდეგ, გოგო საცხოვრებლად ცალკე გადავიდა.

დაახლოებით, ერთი თვის წინ, წყვილი ისევ შერიგდა და ბიჭმა გოგოს ხელი ოფიციალურად სთხოვა. თითქოს, ყველაფერი დამშვიდდა, ორი-სამი კვირა ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ... შემდეგ, მოხდა ის, რასაც სავალალო შედეგი მოჰყვა და საუბედუროდ, ეს ამ ურთიერთობის ლოგიკური დასასრული იყო. ჰო, ლოგიკური, რადგან ერთხელ, ორჯერ თუ ათჯერ, დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული ადამიანი სწორედ ასე იქცევა. მას აღარ სჯერა, რომ დაიჭერენ, მას გოგო უკვე საკუთრებად მიაჩნია, თავის სათამაშოდ, რომელსაც როგორც სურს, ისე მოექცევა და აკი, მოექცა კიდეც. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მას სჯერა, ციხეს ძალიან მალე რომ დატოვებს და მორიგ მსხვერპლსაც მარტივად მოძებნის. ევროპა დიდია, არ გაუმართლებს ესპანეთში, სხვა ქვეყნაში გადავა, იქ, სადაც არავინ იცნობს, თუმცა ამისთვის ჯერ ციხიდან უნდა გამოვიდეს... ცოცხალი უნდა გამოვიდეს.

მისი დაკავების შემდეგ, ის წინასწარი იზოლატორიდან ციხეში მალე გადაიყვანეს. კამერაში შესულმა ქართველ პატიმრებს მოუყვა ის ვერსია, რომელიც დედასთან ერთად შეიმუშავა, თუმცა მეორე დღეს, საინფორმაციო საშუალებებმა და ქალების აქციებმა ბარსელონა წალეკეს. სიმართლე ყველამ გაიგო, გაიგეს დაკავებულის თანამოსაკნეებმაც, არც ზემდეგებს დაუმალავთ, რომ ახალი პატიმარი მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული. ჰოდა, ამის შემდეგ მოხდა ის, რაც ხდება ხოლმე - პატიმრები დაკავებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ და მან ტირილითა და ღრიალით, ზემდეგებს გააგებინა, რომ სხვა კამერაში სურდა გადასვლა. ზემდეგებმა სურვილი აუსრულეს, თუმცა იქაც ქართველები დახვდნენ და დაკავებული უკვე მეორედ გაილახა. მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ადვოკატთან ისაუბრა, რის შემდეგაც, ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე, ის სამარტოო საკანში გადაიყვანეს. უდიდესი ალბათობით, ძიების დასრულებამდე, სწორედ სამარტოო საკანში იქნება გამოკეტილი, მაგრამ მას შემდეგ, რაც სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, სამარტოო საკანში აღარავინ გააჩერებს და საერთო ტიპის დაწესებულებაში უკრავენ თავს. არავინ ამბობს, რომ მას აუცილებლად მოკლავენ, მაგრამ ქართველი პატიმრების ახლობლები გვიყვებიან, რომ მას უკვე აუკრძალეს საერთო მაგიდასთან დაჯდომა და საკვების მიღება, ეს მან კუთხეში, იატაკზე უნდა გააკეთოს, აუკრძალეს საერთო ნივთებით სარგებლობა და ეჭვი გვაქვს, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, ეს ყველა პროცედურა უფრო გამკაცრდება.

ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ ამ ამბის გაგრძელება აუცილებლად იქნება.

 

სოლიდარობის აქციები

ბოლო დღეებია, 32 წლის ქალის საცხოვრებელ სახლთან, ბარსელონაში, ჰორტა-გინარდოს რაიონში, ადგილობრივი მოსახლეობა სოლიდარობის აქციებს მართავს.

მის სახლთან მიაქვთ ყვავილები, პლაკატები. ფანჯრებსა და აივნებს იასამნისფერი ლენტები შეაბეს. ამ ფერს ქალთა მოძრაობები ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იყენებენ. როგორც გარდაცვლილი ქალის ახლობლები ამბობენ, იასამნისფერი იყო მისი საყვარელი ფერიც.

 

„ეს არ ყოფილა სუიციდი. ნასტია აქაა“, - წერია მეტროს სადგურის ჩასასვლელში.

“ეს არ იყო სუიციდი, ეს იყო ფემიციდი”...

 

„დღეს ქალებს გვართმევენ სიმშვიდეს, ჩვენში თესავენ შიშს, ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს ძლიერად, გვინდა სიცოცხლე, ვმღერით უშიშრად, ჩვენ გვინდა სამართლიანობა და ერთს თუ შეეხებით, ყველანი გაგცემთ პასუხს“, - წერია გარდაცვლილი ქალის სახლის კედლებზე

ესპანურენოვან პლაკატებთან ერთად, 6 ივნისს, 32 წლის ქალის სახლთან გაჩნდა ქართულენოვანი პლაკატიც - „არ მომკლა“.

 

50-მდე ქალი, ბარსელონაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, 6 ივნისს შეიკრიბნენ და ნასტიას (როგორც მას მოფერებით ეძახდნენ) სახლთან მიიტანეს პლაკატები, ყვავილები, იასამნისფერი ბუშტები.

7 ივნისს, ბარსელონის იმ რაიონში, სადაც გარდაცვლილი ქალი ცხოვრობდა, სახელმწიფო დაწესებულებებმა მის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

 

თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ, დარეკეთ ნომერზე 112 ან 116 006.

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე