თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულდა

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულდა და ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დახურულია. ამის შესახებ BBC წერს.

მეორე ტურში კენჭს იყრიან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ. ორივე კანდიდატმა ბოლო წინასაარჩევნო მიტინგი სტამბოლში გამართა.

პრეზიდენტი ერდოღანი მოქალაქეებს არჩეული კურსის გაგრძელება და მსოფლიო ასპარეზზე თურქეთის პოზიციები განმტკიცებას ჰპირდება. ერდოღანი ოპოზიციას თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ „ქურთ მუშათა პარტიის“ მხარდაჭერაში სდებს ბრალს და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს. ის კამპანიის დროს აქცენტს თურქეთში მყოფი სირიელი პრობლემების გადაწყვეტაზე და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაზე აკეთებდა. თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი ოპოზიციას დასავლეთის მიერ მართულებს უწოდებს და ოპონენტს სიძულვილის ენით საუბრის გამო აკრიტიკებს.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ, კი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ისევ ქვეყნის ეკონომიკაზე საუბრობდა. ის ასევე გამოდიოდა ქვეყანაში მყოფი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების პირობით. მან ერდოღანი პირადად დაადანაშაულა თურქეთში მიგრანტების შემოშვებაში.

ქილიჩდაროღლუ აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში თურქეთში ერთპიროვნული მმართველობა დასრულდება და ქვეყანა სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკის ნაცვლად ისევ საპარლამენტო რესპუბლიკას იქცევა.

არჩევნების პირველ ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქემალ ქილიჩდაროღლუს დაახლოებით 2,5 მილიონი ხმით აჯობა.