ჩეხეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ბრალი ედება აშშ-ში ირანული წარმოშობის ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის თანამშრომლებმა, ამერიკელ და ქართველ სპეციალისტებთან ერთად, იანვრის დასაწყისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

მათი დაკავების კადრები ჩეხეთის პოლიციამ გაავრცელა. ცნობაში არ არის ნახსენები დაკავებულთა ვინაობა. ნათქვამია, რომ ერთ-ერთი არის ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც აშშ-ის მიერ გაცემული საერთაშორისო ორდერის საფუძველზე დააკავეს აშშ-ის ტერიტორიაზე მის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის.

რადიო თავისუფლების წყაროს თანახმად, საქართველოს მოქალაქე პოლად ომაროვია, რომელიც მის დაცვის უფროსთან, ასევე საქართველოს მოქალაქესთან ერთად, ჩეხეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში დააკავეს.

პოლად ომაროვი არაერთი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის მიერ იძებნებოდა წითელი ცირკულარით. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, პოლად ომაროვი, ორ თანამზრახველთან რაფატ ამიროვთან და ხალიდ მეჰდიევთან ერთად თეირანის მიერ მხარდაჭერილი არშემდგარი შეკვეთილი მკვლელობის და ფულის გათეთრებისთვის არის ბრალდებული.

„მათი მსხვერპლია ბრუკლინში, ნიუ-იორკის შტატში მცხოვრები ჟურნალისტი, ავტორი და უფლებადამცველი, რომელმაც გაასაჯაროვა ირანის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის და პოლიტიკური პროტესტის გამოხატვის, მათ შორის, მთელ ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობის ფაქტები“, - განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.

აშშ-ის მედიის  თანახმად ეს ჟურნალისტია მასიჰ ალინეჯადი, რომლის გატაცებას ირანის რეჟიმის მიერ დაქირავებული პირები 2021 წელს გეგმავდნენ. თეირანი ამ ბრალდებას "უსაფუძვლოს" უწოდებს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, აშშ მოითხოვს 4 იანვარს ჩეხეთში დაკავებული 38 წლის ომაროვის ექსტრადიციას მის მიმართ წაყენებული ბრალდებების საფუძველზე. ხოლო 43 წლის ამიროვი და 24 წლის მეჰდიევი უკვე იმყოფებიან აშშ-ის საპატიმროში