გარდაიცვალა გადამდგარი პაპი ბენედიქტე XVI

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვატიკანში 2022 წლის ბოლო დღეს გარდაიცვალა გადამდგარი პაპი ბენედიქტე XVI. ამის შესახებ წმინდა საყდრის პრესსამსახური იტყობინება.

„მწუხარებით ვიტყობინებით, რომ პაპი ბენედიქტე XVI დღეს 9:34-ზე (თბილისის დროით 12:34 - რედ.) ვატიკანში, Mater Ecclesiae-ს მონასტერში გარდაიცვალა,“ ნათქვამია ცნობაში.

ბენედიქტე XVI 95 წლის იყო. ის რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პაპი იყო (თუმცა უკვე აღარ იყო მოქმედი პონტიფექსი).

საერო ცხოვრებაში ბენედიქტე XVI-ს ერქვა ალოიზ რატცინგერი. ის გერმანიაში იყო დაბადებული. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, რომლის შემდეგაც თეოლოგიას სწავლობდა. 1970-იან წლებში გახდა მიუნხენის არქიეპისკოპოსი, შემდგომ - კარდინალი. ცნობილია, როგორც თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოჩენილი თეოლოგი. პაპ იოანე პავლე II-ის დროს ის სათავეში ჩაუდგა რწმენის დოქტრინის კონგრეგაციას. ითვლებოდა ზომიერად კონსერვატიული შეხედულებების მქონე საეკლესიო მოღვაწედ.

პაპად ის აირჩიეს 2005 წელს, იოანე პავლე II-ის გარდაცვალების შემდეგ, და ის რიგით მეორე არაიტალიელი პაპი გახდა. ბენედიქტეს პონტიფიკატს ჩრდილი მიაყენა რამდენიმე სკანდალმა, რომლებიც დაკავშირებული იყო კათოლიკე მღვდლებს შორის პედოფილიის შემთხვევებთან. 2013 წლის თებერვალში ის გახდა ისტორიაში მესამე პაპი, რომელიც ნებაყოფლობით გადადგა. გადადგომის მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მისი მემკვიდრე გახდა ამჟამინდელი პაპი ფრანცისკე. გადადგომის შემდეგ ბენედიქტემ მიიღო ტიტული „გადამდგარი პაპი“. ის დასახლდა ვატიკანში, Mater Ecclesiae-ს („ეკლესიის დედა“) ყოფილ დედათა მონასტერში. ხალხში ის იშვიათადღა ჩნდებოდა.