წელს, ჩინური BYD პირველ ელექტროპიკაპს წარადგენს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ელექტრომობილების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი, ჩინური BYD მიმდინარე წელს კომპანიის ისტორიაში პირველ ელექტროპიკაპს წარადგენს, რითაც ჩინურ კომპანიასა და მის ამერიკულ კონკურენტებს შორის არსებული კონკურენცია კიდევ უფრო გამწვავდება.

ჩინურ კომპანიაში ამბობენ, რომ ელექტროპიკაპი, რომლის შესახებ, ამ ეტაპზე, დიდად არაფერია ცნობილი, გარდა მისი ზოგადი შესახედაობისა, გლობალური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. კონკრეტულად რა ეღირება ეს ავტომობილი, ამ ეტაპზე, უცნობია.

თუმცა ფასის მიუხედავად, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ ერთი რამ - ჩინური BYD ამერიკულ ბაზარზე შესასვლელად და მის ასათვისებლად ემზადება. BYD-ის ელექტროპიკაპი, მართალია, გლობალურ ბაზარზე გაიყიდება, მაგრამ პიკაბის უდიდესი ბაზარი, ცხადია, ამერიკაა, სადაც ამერიკული გიგანტები - Ford-ი და Tesla დომინირებენ. ამრიგად, ჩინური კომპანიის მიერ შექმნილი ახალი ავტომობილი ისეთი მოდელების კონკურენტად შეგვიძლია ჩავთვალოთ, როგორიცაა Ford Ranger-ი, Ford F-150 Lightning-ი, Toyota Hilux-ი და Tesla Cybertruck-ი.

ჩინური BYD, როგორც ცნობილია, ავტომობილების მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა მსოფლიოში, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $80 მილიარდს აღემატება. ამ მაჩვენებლით, მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიების რეიტინგში ჩინური კომპანია მე-5 ადგილს იკავებს. BYD სხვადასხვა ტიპის ავტომობილებს აწარმოებს, ხოლო კომპანიის სამოდელო ხაზი $10,000-იანი ჰეჩბეკით, BYD Seagull-ით იწყება და $233,000-იანი სუპერქარით, BYD U9-თ მთავრდება. ჩინური კომპანიის აქციონერებს შორის უორენ ბაფეტის საერთაშორისო კონსორციუმს, Berkshire Hathaway-ის ვხვდებით.