სკვერების, მიწისქვეშა გადასასვლელების, საგზაო ნიშნების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაზიანებაზე შესაძლოა 300 ლარიანი ჯარიმა დაწესდეს

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის დაზიანება-განადგურებაზე, შესაძლოა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდეს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ სპეციალური მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

იმავე ქმედების განმეორება კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით.

 

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო ქონების დაზიანება ან განადგურება პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება. თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს არ აღემატება, პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება, “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. ინიციატორთა განმარტებით, ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა ისეთი შემთხვევების რაოდენობა, როდესაც სხვადასხვა პირები საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილ ობიექტებს მიზანმიმართულად, განზრახ აზიანებენ.

“გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე სახელმწიფოს ქონებას. შესაბამისად, ვანდალიზმის ისეთი შემთხვევა, როგორიცაა საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის განზრახ დაზიანება ან განადგურება, რასაც ზემოაღნიშნული ოდენობის ზიანი არ გამოუწვევია, სათანადო რეაგირების გარეშე რჩება“, - აცხადებენ ინიციატივის ავტორები.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი, გიორგი ამილახვარი, მიხეილ სარჯველაძე და ნინო იობაშვილი.