„ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა - ირაკლი კობახიძე

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

8 თებერვლიდან, ქვეყნის მართვის სადავეები მთავრობის განახლებულმა გუნდმა გადაიბარა. ირაკლი კობახიძემ მხოლოდ ერთი მინისტრი შეცვალა, თუმცა ეკონომიკური გუნდი უცვლელი დატოვა. ვიდრე პარლამენტში ახალ პრემიერსა და მის გუნდს კენჭს უყრიდნენ, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელეს. ამ სხდომაზე ირაკლი კობახიძის ახალი სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ წარადგინეს.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის, ასევე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებმა, მათ მიერ მინისტრობის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და ხელახლა ნდობის გამოცხადების შემთხვევაში განსახორციელებელი სამომავლო გეგმები გააცნეს დეპუტატებს.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა საუბარი მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლებით დაიწყო.

მისი თქმით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა რეგიონის, ევროპისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის, რაც ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა სწორი და გამართლებულია.ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა პროგრამებზე, რომლებიც წარმატებით ხორციელდება.

მისივე თქმით,  2024 წელს, დაგეგმილია აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების პლატფორმის შექმნა, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს, საკუთარი აქტივები დამატებითი სასესხო რესურსების მოსაზიდად გამოიყენონ. პარალელურად,მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები გაგრძელდება. 

მინისტრობის კანდიდატმა დეტალურად ისაუბრა მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის, მეწარმეების ტრენინგებისა და მომზადების პროგრამებზე, გამოფენებში მონაწილეობისა და ახალ საექსპორტო ბაზრებზე შესვლის დაფინანსების შესაძლებლობაზე.მანვე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან საკანონმდებლო და  ინსტიტუციური დაახლოების მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე.  

ლევან დავითაშვილმა ისაუბრა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი ყველა მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ, როგორებიცაა ავიაცია, შავი ზღვის კაბელი, ტურიზმი, სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების ურბანული გეგმები.

„ყველა ეს რეფორმა, პროექტი თუ ღონისძიება არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის. თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და თანაბარი შესაძლებლობების შექმნის უზრუნველყოფა ჩვენი უპირველესი მიზანია. ვფიქრობ, ჩვენი სახელისუფლო გუნდისთვის ეს მიღწევადი ამოცანაა. რაც მთავარია, ჩვენი საქმიანობის მთავარი კურსი და ორიენტირი კვლავაც საქართველოს ევროკავშირთან სწრაფი და ყოვლისმომცველი სავაჭრო-ეკონომიკური ინტეგრაცია იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა  თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა მთავრობის ხედვაზე ქვეყნის ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის, სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის და ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნის მიმართულებით.

„ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებიდან გამომდინარე, საშუალოვადიან პერიოდში მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მომზადება ევროკავშირის წევრობისთვის. ამ ამოცანის შესასრულებლად, მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ქვეყნის სწრაფი ეკონომიკურიც ზრდისკენ, ევროკავშირთან ეკონომიკურ ურთიერთობების გაღრმავების, სიღარიბის შემცირებისა და ქვეყნის რეგიონალურ, ლოგისტიკურ და საინვესტიციო ჰაბად ჩამოყალიბების  მიმართულებაზე“, -აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, გასულ წლებში, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სხვადასხვა მიმართულებით. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზის მიხედვით, შემოსავლების დონე საქართველოში, მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, ერთ სულ მოსახლეზე 2024 წელს, ევროკავშირის მედიანური მაჩვენებლის 45%-მდე იქნება.

მისივე განცხადებით, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბოლო მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზით,ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს საქართვეო მთელი რიგი მიმართულებითარ ჩამოუვარდება. მეტიც, მოწინავე პოზიციაზეა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით, მთავრობის ვალის, ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირის, პანდემიის  შემდგომ მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების  აღდგენის სისწრაფის მიხედვით.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის, როგორც რეგიონული ჰაბისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარება.

მისი თქმით, ამ მიზნით, გაგრძელდება მაგისტრალური გზების მშენებლობა, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის, კახეთის მაგისტრალისა და სხვა მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად უზრუნველჰყოფს მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.ჯამურად, 2024 წელს, განხორციელდება არანაკლებ 400 კმ საერთაშორისო დაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, გაგრძელდება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ახალი, ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა. ეს გამშვები პუნქტი ხელს შეუწყობს ქვეყნების სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარებას და კიდევ უფრო გააძლიერებს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირებს.

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია უწყვეტი, ხარისხიანი სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების რეჟიმით მოსახლეობის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, 2025 წლის ბოლოსთვის, მიმდინარე პროექტების დასრულების შედეგად, უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ყველა ქალაქი. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, 2024 წელს, სხვადასხვა ეტაპზე მყოფი პროექტები ოც ქალაქში განხორციელდება“, -განმარტა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, 2024 წელს, რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვა-განხორციელების პროცესში, ევროკავშირის კარგი პრაქტიკის გამოყენება კვლავ გაგრძელდება.

„მომდევნო წლების განმავლობაში, ყურადღება დაეთმობა მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებას. გაგრძელდება მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სახელმწიფო სერვისების განვითარება. დაგეგმილია მთაში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო პირობების შექმნა, გაუმჯობესება და მაღალმთიანი რეგიონების საჭიროებებზე მორგებული საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარება“, - დასძინა ქარსელაძემ.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატ ოთარ შამუგიას მოუსმინეს, რომელმაც სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებსა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრა, როგორც აგრარული დარგის შემდგომი განვითარების, ასევე, გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმართულებით.

„ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტული მიმართულება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნვა გახლდათ და წლებია, ვახორციელებთ არაერთ პროგრამას  დარგის განვითარებისთვის, რის შედეგადაც გვაქვს ყოველწლიური სტაბილური ზრდა,  როგორც აგრობიზნესის გამოშვების, ასევე, ექსპორტის მიმართულებით. წინასწარი მონაცემებით,  ველოდებით, რომ 2023 წლის აგრობიზნესის გამოშვება, დაახლოებით, 16 მილიარდლარს გადააჭარბებს. რაც შეეხება ექსპორტს, 2023 წელს გვქონდა რეკორდული ექსპორტი - 1 მილიარდ 440 მილიონი დოლარის ფარგლებში, რაც  15%-იანი ზრდაა 2022 წელთან შეფარებით“, -აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მისი თქმით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში, გაგრძელდება ყველა მნიშვნელოვანი მიმდინარე პროგრამა. ასევე, დაიწყება პრიორიტეტული მიმართულებების მხარდამჭერიღონისძიებების განხორციელება. კერძოდ, ფინანსურ ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების ხელშეწყობის მიზნით, ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა და სხვა პროგრამები.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობის სააგენტო სულ მცირე 15 პროგრამას განახორციელებს სხვადასხვა მიმართულებების მხარდასაჭერად.რაც შეეხება ქვეყანაში გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს  რეფორმებს ამ მიმართულებით.

ამის შემდეგ, პარლამენტის გაერთიანებულლი კომიტეტების წევრებმა მხარი დაუჭირეს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას დაახალ სამთავრობო პროგრამას - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

 

ავტორი-მაკა რუხაძე