„როდესაც კითხვას სვამენ, როგორ აისახება ბიუჯეტი ხალხზე, აი, სწორედ ასე აისახება - ჯარისა და პოლიციის ქალაქებით, დაზღვევის კარგი პაკეტებით, ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამით, პენსიისა და ხელფასის ზრდით“ - ამირან სალუქვაძე

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

გასული წლის შეჯამება მარტივად, ერთი წინადადებითაც შეიძლება - თითქმის სამსაუკუნოვანი ოცნება ასრულდა და დიახ, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 18 დეკემბერს, მთავრობის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშისწარდგენა, სწორედ ამ გადაწყვეტილების მისალმებით დაიწყო. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა მოქმედი ხელისუფლების ძალისხმევას ომის თავიდან აცილების შესახებ და განაცხადა, რომ საქართველოს არ დაურღვევია საერთაშორისო სანქციები. ანგარიშში პრემიერმა ყურადღება გაამახვილაიმ სხვაობაზე ეკონომიკურ და თავდაცვის მაჩვენებლებში, რაც 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე არსებობდა.

„ვერსიასთან“ ინტერვიუში გასულ წლის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს პოლიტიკური ჭრილში აფასებს თავდაცვის გენერალი, ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე.

 

- ბატონო ამირან, როგორ შეაჯამებთ გასულ წელს ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის მთავარი აქცენტების გათვალისწინებით?

- მოდით, გლობალური პროცესები მოკლედ მიმოვიხილოთ და გავიხსენოთ, წარმოვიდგინოთ, თუ რა ვითარებაში გავატარეთ ჩვენ 2023 წელი და 2022-იც, რადგან მეტწილად, ერთი და იგივე პროცესები მიმდინარეობდა, თუ ყველაფერს რუსეთ-უკრაინის ომს დავუკავშირებთ და აქედან გამომდინარე, მძიმე პროცესებს, რაც მსოფლიოში წარიმართა. ალბათ, ცივი ომის დროსაც კი არ იყო ისეთი მძიმე დაპირისპირება მაშინდელ საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის, როგორიც არის ახლა რუსეთსა და დასავლეთს შორის. ისეთი რიტორიკა, როგორიც ახლაა და ასეთი მძლავრი სანქციები - 18 000-მდე სანქციაა დაწესებული ამ მოკლე ვადაში რუსეთის წინააღმდეგ - აქამდე არ ყოფილა. მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში რომ შევაჯამოთ, ვნახავთ, რამდენად რთული გამოწვევების წინაშე ვართ ჩვენ და რა გამოწვევების წინაშეა დღემდე მთელი მსოფლიო.

ამას დავამატოთ ის, რომ 2023 წელს იყო საკმაოდ მძაფრი პროცესები შორეულ აღმოსავლეთში, ვგულისხმო ჩინეთ-ამერიკის დაპირისპირებას ტაივანის ირგვლივ. 2023 წელს დაიძაბა ვითარება და დღემდე გრძელდება ისრაელი-ჰამასის დაპირისპირება ღაზას სექტორში. გარდა ამისა, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა ის საკითხები, რაც ირანს უკავშირდება. იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ კოალიცია იკრიბება და არავინ იცის, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, ცალკე შესაფასებელია ის, რომ სუეცის არხი მუდმივად დაბლოკილია და სავაჭრო ხომალდებს უწევთ აფრიკის შემოვლითი მარშრუტით სარგებლობა, რაც შესაძლოა, შემდგომში აისახოს ეკონომიკასა და ფასების მატებაზე. ფაქტობრივად, დუღს მსოფლიო, მაგრამ უკრაინას რომ დავუბრუნდეთკ, ვხედავთ, რამდენად მძიმე ვითარებაა - ათასობით ადამიანია დაღუპული ორივე მრიდან, კიდევ უფრო მეტი დაჭრილ-დასახიჩრებულია. ამ ომმა, როგორც შიდა, სიე გარე დაძაბულობები გამოიწვია ჩვენთვის, როგორც ევროინტეგრაციის გზაზე. საომარ მოქმედებებში ჩათრევის საკმაოდ მაღალი რისკი იყო, რომ აქაც დაძაბულიყო ვითარება. ამ ფონზე, შიდა პოლიტიკური პროცესები რომ დუღდა ამ ორი წლის მანძილზე, ვფიქრობ, მკითხველს შეხსენება არ სჭირდება.

ყველაფერი ეს გამოვიარეთ და ამ ფონზე, მაქსიმალურად ეფექტიანად წარმართა პროცესები ხელისუფლებამ, როგორც ეკონომიკის განვითარების კუთხთ, ისე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მრივ. მთავარი შიდა პოლიტიკური გამოწვევა იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება და ესეც წარმატებით დაგვირგვინდა.

- დიახ, ამ ხნის მანძილზე, გამუდმებით გვესმოდა, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ჰყავს, რომ უკრაინას სათანადოდ არ უჭერს მხარს, არადა, დახმარების ხელიც გავუწოდეთ და ლტოლვილებიც შევიფარეთ და მეტი რა უნდა ექნა ქვეყანას, რომლის 20% ოკუპირებულია? რა გამოვიდა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი „პრორუსული ხელისუფლების“ პირობებში მივიღეთ?

- მესმის თქვენი ირონია, მაგრამ მეტსაც გეტყვით, სასაცილოცაა ყველაფერი ეს. მესმის, რომ ოპოზიციას იარლიყების მიწებების გარდა, სხვა არაფერი დარჩენია, თუმცა თუ შევუტრიალებთ იქეთ - რაც ამ კოლექტიურმა ოპოზიციამ გაუკეთა რუსეთს, ალბათ, 200 წლის მანძილზე, ამდენი არავის გაუკეთებია. თუკი რამე სურვილი ჰქონდა პუტინს, მოკლე ვადებში, ყველაფერი მიიღო,ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით დაწყებული და ღრმა დეტალებში არ შევალ, უმრავი დასავლელი ლიდერის შეფასება არსებობს, რომ სააკაშვილის პოლიტიკა ომის წინ იყო უგუნურზე უგუნური... ომის შემდეგ, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღება, სადაც ერთადერთი, გადამწყვეტი ხმა იყო დარჩენილი, რომელიც საქართველოს ჰქონდა და ეს ხმაც რუსეთს მივეცით. უვიზო მიმოსვლის დაწესება 2010 წელს, ასევე, უგუნურება იყო და ვერაფრით მართლდება. სტრატეგიული ობიექტების გადაცემა ცალკე შეფასების საგანია! არ ვიცი, კიდევ ლმობიერად ექცევა დღევანდელი ხელისუფლება სააკაშვილს, რადგან ამ ქმედებების გამო, გაცილებით მკაცრი ზომები უნდა მიეღო ზოგადად, ნაციონალურ მოძრაობასთან და კონკრეტულ თანამდებობის პირებთან მიმართებაში.

ერთი, კონკრეტული მაგალითი განვიხილოთ - როდესაც სტრატეგიულ ობიექტებს ასხვისებ, სათანადო ეკონომიკური ეფექტი უნდა მიიღო. ეკონომიკაზე მუშაობ შენ და მგონი, არ ვცდები, როდესაც ჰიდროელექტროსადგურს ჰყიდი ოკუპანტ სახელმწიფოზე, რაღაც ხომ უნდა მოგიტანოს ამან? „ხრამჰესის“ გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი - 90 მილიონი დახარჯეს პარლამენტის შენობის მშენებლობაზე ქუთაისში. მსგავსი სისულელე, ვერ წარმომიდგენია! მხოლოდ ერთი რამ იკვეთება, რომ პარლამენტი ააშენა და ფული „მოტეხა“ - 360 მილიონი დაიხარჯა პარლამენტის შენობის მშენებლობაზე. დღეს, ის ხალხი საუბრობს ხელისუფლების პრორუსულობაზე, რომლებმაც რუსული რუბლებით ააშენეს პარლამენტის, საკანომდებლო ორგანოს შენობა! ეს იმიტომ, რომ სხვა არაფერი დარჩენიათ.

ადრე ვსაუბრობდი, რომ პოლიტიკური პროცესი მარგინალიზაციისკენ მიდიოდა, მაგრამ ახლა მთლიანად მარგინალიზებულია. მთელი ოპოზიცია მარგინალიზებულია - განულებულია მთლიანად! NDI-ის კვლევა, რომელსაც ხელისუფლება არ ენდობა და ახლა უკვე, არც ოპოზიცია ენდობა, არადა, ერთ დროს მათი მთავარი საყრდენი იყო. როდესაც NDI მეორე ადგილზე მყოფ პარტიას უწერს 4%-ს, ეს ხომ კატასტროფაა. გასაგებია, რეალურად, გაცილებით მეტს - 14-15%-ს აიღებენ, მაგრამ ესაა მეორე ადგილზე მყოფი პარტია. დანარჩენ ყველა პარტიას, ჯამში 12% აქვს, რაც კატასტროფაა. შეიძლება, არჩევნებზე ერთი ან ორი პარტია მიუახლოვდეს 5%-ს და გადალახოს, მაგრამ ესაა ჩვენი პოლიტიკა.

ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ჩვენ არ გვაქვს ნორმალური პოლიტიკური დებატები, დისკუსიები, რაც პირველ რიგში, ოპოზიციას უნდა სჭირდებოდეს, რომ საქმეზე ილაპარაკოს და საკუთარი თავი წარმოაჩინოს. ხელისუფლებას ეს არ სჭირდება, ხელისუფლება ქვეყნის მართვის სათავეშია, წარმართავს ბიუჯეტს, ეკონომიკას, სოციალურ პროცესებს და რეალურად მოქმედებს. რასაც პარტია წინასაარჩევნოდ პირდება მოსახლეობას, ასრულებს. რასაც აკეთებს, ამას მოსახლეობა ხედავს, შესაძლოა, ვიღაცას მოსწონს, ან პირიქით - არ მოსწონს, ზოგს - მეტად, ზოგს - ნაკლებად, ესაა სასაუბრო თემა და ზუსტად ამაზე უნდა საუბრობდეს ოპოზიცია. საქმეზე ლაპარაკის ნაცვლად, ვხედავთ დემაგოგიასა და საბოტაჟს. ამას მოსახლეობა ხედავს, ჩემი მოსაზრება ხომ არ არის, მხოლოდ? გაიარონ ქუჩებში და ხალხს ჰკითხონ, იგივე, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ხალხი ფიქრობს, რომ ოპოზიცია ჩასაფრებული იყო და საბოტაჟს აწყობდა.

- პირდაპირ სთხოვდნენ, თურმე, არ მისცეთ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსიო და ეს საბოტაჟი კი არა, საკუთარი ქვეყნის სიძულვილია!

- დიახ, ზუსტად ამას ვამბობ. იმის ნაცვლად, რომ დღეს ვიხილავდეთ სხვადასხვა პარტიების პოზიციებს, იგივე, ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებით, გვიწევს ცალმხრივად საუბარი - ხელისუფლების ქმედების შეფასება. მეორე მხარეს, საპირწონე რომ ავიღოთ და სასწორზე დავდოთ, არ არის. გარდა, ამ უაზრო ძიძგილაობისა და იარლიყებისა, რაც პრორუსულობასთან დაკავშირებით მკითხეთ. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ის შედეგი დადგა, რაც უნდა დამდგარიყო. ევროკავშირი და ნატო თუ ვერ ანსხვავებს, პრორუსულია ხელისუფლება, თუ - არა, მაშინ, არ ყოფილა მათი საქმე მთლად კარგად. ამიტომ, ოპოზიციის ეს ნარატივი აბსურდულია.

- ახლა მთავრობის წლიური ანგარიშის მთავარი აქცენტები შევაჯამოთ, რომლის მიხედვითაც 2023 წლის მთავარი ეკონომიკური საკითხების შეფასება ირაკლი ღარიბაშვილმა 2012 წელთან შედარებით დაიწყო ანუ რა ეკონომიკა გადაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ და რას მიაღწია განვლილი 11 წლის განმავლობაში. ციფრები მართლაც შთამბეჭდავია - გასამმაგებული ბიუჯეტი, ეფექტიანი პროგრამები ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, ინფრასტრუქტურული პროექტები. რა მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები გატარდა მიმდინარე წელს?

- პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდის ტემპების შენარჩუნება. ორი წლის მანძილზე, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. 2023 წელსაც ეს შენარჩუნდა და გვახსოვს, ოპოზიციის მუდმივი კიჟინი, განსაკუთრებით, ვიდრე სააკაშვილს დაიჭერდნენ, ევროპას რომ დავეწიოთ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდესო. როდესაც ეს რეალურად დაინახეს, ამ თემაზე დეტალებში შესვლა აღარ სურთ და ზედაპირულად, იარლიყების მიწებებას აგრძელებენ.

მსოფლიოში განვითარებული მძიმე პროცესების ფონზე, ეკონომიკის ასეთი ტემპით ზრდას და ზოგადად, ამ შედეგს ბევრი ახსნა და შეფასება არ სჭირდება. ამ თემის „გაბითურებასაც“ ცდილობენ და მუდმივად გვესმის, დიახ, გაიზარდა, მაგრამ ხალხს - რა? მოდით, მაშინ ასე შევხედოთ, ეკონომიკური ზრდა რომ არ იყოს, რა მდგომარეობა გვექნებოდა ქვეყანაში? ბიუჯეტი რომ არ იზრდებოდეს ყოველწლიურად, როგორ სოციალურ პოლიტიკას გაატარებდა ხელისუფლება და როგორ აისახებოდა ეს მოსახლეობაზე? ახლა გვაქვს პენსიის ზრდა და მნიშვნელოვანი სოციალური პაკეტები, რასაც ხელისუფლება ახორციელებს.

რა ბიუჯეტიც არსებობდა 2012 წელს, დაახლოებით, 7 400 000 000 ლარი, ეს თანხა დღეს მხოლოდ ერთ - ჯანდაცვის სამინისტროში იხარჯება. მუდმივად საუბრობენ იმაზე, რატომ ადარებენ 2012 წელსო და ნებისმიერი ხელისუფლება ასე იზამდა. სააკაშვილი გამუდმებით შევარდნაძის მმართველობის პერიოდს ადარებდა, თუმცა მას ამის მორალური უფლება არ ჰქონია, რადგან თავად და მთელი ნაციონალური მოძრაობა იყვნენ მოქალაქეთა კავშირისა და შევარდნაძის მმართველობის შემადგენელი ნაწილი. როდესაც „ოცნება“ წავა და სხვა პარტია გაიმარჯვებს - თუმცა ამ ოპოზიციის ხელში, გარანტიას გაძლევთ, რომ ხელისუფლებაში მუდმივად „ოცნება“ იქნება! ვიდრე ეს ხალხი არ წავა პოლიტიკიდან და სხვა ხალხი არ შემოვა, „ოცნება“ იქნება სულ და ვინც შეცვლის, ისიც წინამორბედის მმართველობას შეადარებს საკუთარ მიღწევებს. ამიტომ, 2012 წელთან შედარების დროს, „ნაციონალური მოძრაობა“ არაფერ შუაშია, უბრალოდ, 2012-ში მოვიდნენ ხელისუფლებაში და იმას ადარებენ, რა ჩაიბარეს და რა გააკეთეს ამ 11 წლის განმავლობაში.

ავიღოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და განვიხილოთ, რამდენმა მოახერხა ათი წლის მანძილზე ბიუჯეტისა და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გასამმაგება. თუმცა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს სხვა რეალობა ჰქონდათ, ისინი საკმაოდ სწრაფად მოხვდნენ ევროკავშირსა და ნატო-ში. მე ვთვლი, რომ ამ დაძაბულ ფონზე, საკმაოდ წარმატებულია ხელისუფლება, მაგრამ როგორ აისახება მოსახლეობაზე, ესეც განვიხილოთ. პრემიერმა განაცხადა, რომ 11 წლის განმავლობაში, ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამაზე 9 მილიარდი ლარი დაიხარჯა. ამ პროგრამამ რეალურად, ძალიან ბევრი ადამიანი და ოჯახი გადაარჩინა. 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე 20%-ით მეტი მარტო საყოველთაო ჯანდაცვაზე დაიხარჯა ამ 11 წელში. 1 200 000 ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 2012 წელს, მაგრამ წელს 600 000-ია. დიახ, ეს 600 000 დიდი ციფრია, მაგრამ 1 200 000-ზე ნაკლებია და ესაა რეალობა. ეკონომიკის შემდგომმა განვითარებამ უნდა მოგვიტანოს ის, რომ ყოველწლიურად, უფრო და უფრო ნაკლებ ადამიანს გაუჭირდეს და ეს ციფრი უნდა შემცირდეს ყოველწლიურად. ამაზე უნდა ეკამათოს ოპოზიცია ხელისუფლებას, რაც სამწუხაროდ არ ხდება ჩვენთან. იმის ნაცვლად, რომ საკუთარი პროგრამები და ხედვები წარმოადგინონ, აბსურდულ იარლიყებს აწებებენ და პრორუსებს უწოდებენ...კოალიციებზე საუბრობენ, რა კოალიცია, ამ პოლიტიკური კულტურის პირობებში, როგორ შეიძლება კოალიციაზე საუბარი? კოალიციები იკრიბებიან რომელიმე პარტიის წინააღმდეგ კი არა, არამედ - ღირებულებების, პროგრამებისა და დაპირებების მიხედვით.

პირველად დაწესდა ღარიბაშვილის პრემიერობის პირობებში, რომ პენსია ყოველწლიურად იზრდება, 20-30 ლარი ცოტაა, მაგრამ ყოველწლიურად იზრდება და უკვე თემაა. შესაძლოა, ერთი ან ორი წლის შემდეგ, ეკონომიკის ზრდამ მოიტანოს ის, რომ ყიველწლიური დანამატი კიდევ უფრო გაიზარდოს, მაგრამ ეს რეალურია და გათვლილია იმაზე, რომ პენსიის ზრდამ ინფლაცია და უკუპროცესი არ გამოიწვიოს.

სოციალურ პროექტებს რაც შეეხება, რაც ამ წლებში, ჯანდაცვის მხრივ კეთდება, სოციალურად ასე ორიენტირებული მთავრობა მსოფლიოში, ალბათ, ძალიან ცოტაა. დავიწყოთ С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, ბავშვთა ონკოლოგია, ღვიძლის გადანერგვის სრულად დაფინანსება... ყველას გვახსოვს, რომ აპენდიციტის ოპერაციის გამო, ხალხი სესხს იღებდა, მაგრამ დღეს ეს პრობლემა არ არის.

თავდაცვის ბიუჯეტი 1 400 000 000 ლარამდე ადის და გაცხადებული გვაქვს, რომ მშპ-ს 2%-მდე იქნება. როცა მშპ იზრდება, ეს აისახება თავდაცვის ბიუჯეტზე, რადგან თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანია ამ დაძაბულ ვითარებაში.

- მინდა, ჯარისა და პოლიციის ქალაქებზეც ვისაუბროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია.

- თავდაცვის ბიუჯეტის დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით, ჯერ ერთი, არ ვიცი და მეორეც - ყველაფერი არც უნდა განსაჯაროვდეს. რაც შეეხება სოციალურ ნაწილს, ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი რამ კეთდება - დაწყებული დაზღვევის კარგი პაკეტებით, დამთავრებული ხელფასის ზრდით. რაც შეეხება საბინაო ფონდს, ის,რ აც ბოლო წლების მანძილზე კეთდება ჯარისთვის, დამიჯერეთ, 30 წლის მანძილზე, სანატრელი და საოცნებო იყო ჩვენთვის კი არა, თანამდებობის პირებისთვის, არამედ, ოფიცრებისთვის, რომ მათ სტიმული ჰქონოდათ. წარმოიდგინეთ, რამხელა სტიმულია, როდესაც იცის ოფიცერმა, რომ ადრე თუ გვიან, ის ბინით დაკმაყოფილდება. იგივე ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა ძალოვან უწყებებში.

როდესაც კითხვას სვამენ, როგორ აისახება ბიუჯეტი ხალხზე, აი, სწორედ ასე აისახება - ჯარისა და პოლიციის ქალაქებით, დაზღვევის კარგი პაკეტებით, ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამით, პენსიისა და ხელფასის ზრდით...

ჩვენ ახლა ხელისუფლების საქმიანობის პოზიტიური შეფასება გვიწევს, თუმცა კრიტიკული შეფასება კი არ მიჭირს, პოლიტიკურ პროცესში არ ვარ. ამას უნდა აკეთებდეს ოპოზიცია. ჩვენ უნდა ვაფასებდეთ, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს ანუ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, აი, ეს იქნებოდა ნორმალური. შესაბამისად, კოჭლი პოლიტიკური პროცესი გვაქვს ჩვენ. იმხელა ანგარიში წარადგინა პრემიერმა, ორ საათზე მეტხანს ისაუბრა და სულ ციფრებით. არც მქონია მოლოდინი, რომ ოპოზიცია აიღებდა ამ ციფრებს და ამაზე ააგებდა თავის პოლიტიკას. აქ შეიძლებოდა ჩაყოლა, შეფასებები და თითოეული ციფრი უნდა გაეცამტვერებინა ოპოზიციას, თუ ამის შნო ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ვისურვებდი პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებას.

 

 ავტორი-მაკა რუხაძე