„თუ შევხედავთ ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ვნახავთ, რომ საქართველოს არა მარტო მათ საშუალო მაჩვენებელზე უკეთესი პოზიცია აქვს, არამედ, მთელი რიგი მიმართულებით მოწინავე პოზიციაზეა“-ირაკლი ღარიბაშვილი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თითქმის სამსაუკუნოვანი ოცნების ასრულებასთან - გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი - ასე ახლოს საქართველო არასდროს ყოფილა. 2023 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა და შეგვიძლია უკვე თამამად ვთქვათ, რომ სულაც არ „უყიალია უგზო-უკვლოდ“ გულგატეხილ დიდ ელჩს - სულხან-საბა ორბელიანს, რადგან სწორედ ახლა იწყებს მუხა შემოსვას...

დიახ, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ეს ნიშნავს, რომ ევროპელმა პარტნიორებმა დააფასეს ის რეფორმები, რომლებიც ბოლო პერიოდში გატარდა. დააფასეს ქართველი ხალხის სწრაფვა დიდ ევროპულ ოჯახში ადგილის დასაკმვიდრებლად, დააფასეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური პროცესები. ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის დეტალური ანალიზი, რომელიც სრულყოფილად ასახავს ყველა იმ პროცესს, რაც საქართველოს ევროპეიზაციას უძღვოდა წინ. 

 

ორსაათიანი გამოსვლა, ქვეყნის პრემიერმა იმ პერიოდის შეხსენებით დაიწყო, როდესაც 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შედეგად, ხელისუფლება „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა - მწირი ბიუჯეტი და ტერიტორიების 20% ოკუპირებული. მეტიც, ირაკლი ღარიბაშვილმა ციფრებში, დეტალურად შეგვახსენა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), დაახლოებით, 27 მილიარდი ლარი იყო, თუმცა ახლა - 80 მილიარდი ლარია, 2024 წელს - 86 მილიარდი ლარი იქნება.

„ბოლო 11 წელიწადში, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა - 27 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდამდე; ბიუჯეტი 2012 წელს იყო 8 მილიარდზე მეტი, დაახლოებით, 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი, აქაც თითქმის გავასამმაგეთ ბიუჯეტი, 20 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში. ეს არის კონკრეტული შედეგი, რომელზეც მინდა ვისაუბრო დღეს თქვენთან ერთად, ასევე მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ბოლო სამ წელიწადში, გაიზარდა 30 მილიარდი ლარით მთელი ქვეყნის ეკონომიკა, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, წელს უკვე 8100 დოლარს შეადგენს მშპ და 2024 წელს, 8500 დოლარს გადააჭარბებს. ბოლო ორი წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა, წელსაც მიუხედავად ამ დიდი გამოწვევა-კატაკლიზმებისა, რომელიც ხდება ჩვენს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში მაშინ, როცა წამყვანი ქვეყნების ეკონომიკა მცირდება და ბევრგან ვარდნაა სერიოზული, ჩვენ მოვახერხეთ და ბოლო ორი წელი, 10%-ზე მეტით გაგვეზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, წელს 7%-ის ფარგლებში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ინფლაციის სრული, ასე ვთქვათ, კონტროლი მოვახერხეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობასა და ხელფასებს, პრემიერმა ეს ნაწილიც 2012 წელთან შეადარა. მისი თქმით, 2012 წელს, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო 750 ლარი. ბოლო 11 წელში კი, 1850 ლარამდე ანუ 2.5-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა საშუალო ხელფასი. ანალოგიურად, ბიზნესსექტორშიც, 2012 წელთან შედარებით, საშუალო ხელფასი 2.5-ჯერ - 780 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზარდა.

„მთავრობის ვალის მაჩვენებელი 38.2%-მდე ჩამოვიდა. მე შეგახსენეთ, რომ სამი წლის წინ, უკვე 60%-ს გადააჭარბა მთავრობის ვალმა და ჩვენ ეს ბოლო სამ წელიწადში, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში, შევძელით - მთავრობის ვალიმკვეთრად შემცირდა.

რა თქმა უნდა, ბიუჯეტის დაბალ დეფიციტს ვინარჩუნებთ - წელს იყო 2.8 %, გაისად იქნება 2.5 %.

მინდა, მოსახლეობას, ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ მათი შემოსავლების ზრდის მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის შემდეგი მონაცემი: მაგალითისთვის, 2012 წლის დეკემბერში, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები შეადგენდა 14.4 მილიარდ ლარს, ხოლო წელს, სექტემბერში - 75 მილიარდი ლარი იყო საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები. 14 მილიარდიდან 75 მილიარდამდე გაიზარდა, სულ რაღაც 11 წელიწადში. ეს არის 400%-ზე მეტი ზრდა, რა თქმა უნდა, კურსის ეფექტის ჩათვლით. ასევე, 2012 წლის დეკემბრისთვის, საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა, ეს ძალიან საინტერესო მონაცემებია, სხვათა შორის, ეროვნული ვალუტით შეადგენდა 2.8 მილიარდ ლარს, ხოლო უცხოური ვალუტით - 4.9 მილიარდ ლარს; წელს, ოქტომბერში -ეროვნული ვალუტით 24.7 მილიარდი ლარი და უცხოური ვალუტით 25 მილიარდი ლარით არის შეფასებული. დეპოზიტები ეროვნული ვალუტით 800%-ით არის გაზრდილი და უცხოური ვალუტით 400%-ით გაიზარდა - ჩვენი მოქალაქეების შემოსავლები და დეპოზიტები“.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი გზით, ქვეყნის ეკონომიკა იზრდება სწრაფად, ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა მდიდრდება. მეტიც, მაგალითად, 2003-2012 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წლიურად, საშუალოდ, 950 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ 2013-2022 წლებში, ეს რიცხვი 1.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და აქაც თითქმის 60%-იანი ზრდაა, ბოლო 11 წელიწადში.2022 წელს,2012 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდაორჯერ და 2.1 მილიარდი აშშ დოლარია.

რაც შეეხება უმუშევრობას, პრემიერის განცხადებით, 2012 წელს, უმუშევრობის დონე იყო 27%. შარშან, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე -17%-მდე შემცირდა, ასევე, შემცირდა სიღარიბე და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს - 15%-მდე ჩამოვიდა სიღარიბე. წელს, სამივე კვარტალში, უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია გაგრძელდა. მესამე კვარტლის მდგომარეობით, კვარტალურ ჭრილში რომ განვიხილოთ, დასაქმების მაქსიმალური მაჩვენებელი და უმუშევრობის მინიმალური დონე ფიქსირდება. უმუშევრობის დონე მცირდება სამუშაო ძალისა და დასაქმების ზრდის პარალელურად. წელს, მაგალითად, მესამე კვარტალში, უმუშევრობის დონე 15.6 % იყო, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ მილიონ 366 ათასს მიაღწია, რაც ასევე რეკორდულია.

„ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 2022 წელს, 2012 წელთან შედარებით, გაზრდილია 1.5-ჯერ - 245 ათასით.მესამე კვარტალში, ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა. მოქმედი ბიზნესსუბიექტების რაოდენობა 2022 წელს, 2012 წელთან შედარებით, 71%-ით არის გაზრდილი - 119 ათასიდან 205 ათასამდე.ახლადრეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა რაოდენობა შარშან, 2012 წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა - 40 ათასიდან 77 ათასამდე.ბიზნესსექტორის ბრუნვის მონაცემებიცუნდა გაგიზიაროთ: 2012 წელთან შედარებით,ოთხჯერ გაიზარდა ბიზნესსექტორის ბრუნვა - 42 მილიარდი ლარიდან 181 მილიარდ ლარამდე.ეს არის ბოლო 10-11 წლის მონაცემები, შედარება რომ გავაკეთოთ.ასევე, 2022 წელს, 2012 წელთან შედარებით, სამჯერ გაიზარდა ბიზნესსექტორის გამოშვება - 23 მილიარდი ლარიდან 71 მილიარდ ლარამდე.უკვე წელს, იანვარ-სექტემბერში, ბიზნესსექტორის ბრუნვა 12.6%-ით გაიზარდა - 143 მლრდ ლარი შეადგინა ბიზნესსექტორის ბრუნვამ, ხოლო ბიზნესსექტორის გამოშვებამ 54 მილიარდი ლარი“.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთი, საინტერესო მონაცემი გაგვიზიარა. 2012 წელს,დამატებითი ღირებულების გადასახადის(დღგ) ზედმეტობის სახით, ბიზნესს დაუბრუნდა 140 მილიონი ლარი მხოლოდ. წელს, დღგ-ს ზედმეტობის სახით,ბიზნესს უკვე დაუბრუნდა 2 მილიარდ 200 მილიონი ლარი. მომდევნო წელს, დაბრუნებული თანხა იქნება 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი. ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა.

„2022 წელს, საქართველოს ექსპორტმა 5.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა და 2012 წელთან შედარებით, ეს 135%-იანი ზრდაა. წელს, იანვარ-ნოემბერში, საქონლის ექსპორტი 11%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და შეადგინა 5.6 მილიარდი დოლარი, რაც ისტორიული, რეკორდული მაჩვენებელია და 2012 წელთან შედარებით, ეს არის თითქმის 2.5-ჯერ ზრდა“.

რაც შეეხება დასრულებულ მშენებლობებსა და უძრავი ქონების ფასს,ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2013 წლიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების საერთო ფართობმა 23.5 მილიონი კვ.მ შეადგინა, მათ შორის, დასრულებული საცხოვრებელი შენობების საერთო ფართობი - 15.1 მლნ კვ.მ-ია.

ბოლო 11 წელიწადში, საშუალოდ, წლიურად დასრულდა 2.1 მლნ კვ.მ ფართობის მშენებლობები, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2006-2012 წლებში ექსპლუატაციაში შესული შენობების საერთო ფართობის საშუალო მოცულობას - მაშინ მხოლოდ 0.8 მილიონი კვ.მ იყო.

2013-2022 წლებში, აჭარაში, საშუალოდ, წლიურად 307 ათასი კვ.მ შენობების მშენებლობა დასრულდა, რაც 3.5-ჯერ აღემატება 2006-2012 წლების საშუალო მაჩვენებელს. მაშინ იყო 90 ათასი კვ.მ, დღეს არის 300 000. ამასთან, 2013-2022 წლებში, საშუალოდ, 1.4 მილიონი კვ.მ ფართობის საცხოვრებელი შენობები იქნა მიღებული ექსპლუატაციაში, რაც 4.5-ჯერ აღემატება 2012 წლამდე საშუალო მაჩვენებელს - მაშინ 0.3 მილიონი კვ.მ. იყო.

პრემიერისვე განცხადებით, წელს, 2012 წელთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი გაორმაგებულია. სასოფლო-სამეურნეო მიწის საშუალო ფასები 3.5-ჯერ გაიზარდა.
„2012 წელს, მეგობრებო, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჰქონდა მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებსა და თურქეთთან. დღეს გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. ბაზრების მოცულობა 6.5-ჯერ გაიზარდა. ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, კარგად მოგეხსენებათ, რომ ევროპასთან გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობა და მოქმედებს ეს უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ბიზნესისთვის. ასევე ჩინეთთან, ბრიტანეთთან გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობა. შედეგად, ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გადის; ესაა მსოფლიოს 2.3-მილიარდიანი სამომხმარებლო ბაზარი.

ასევე, წელს გავაფორმეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ესეც დამატებით 10-მილიონიანი ბაზარია. ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კორეასთან, ისრაელთან და საქართველო რეგიონში დღეს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან და ჩინეთთან იმავდროულად. ეს, რა თქმა უნდა, მე ვიტყოდი, უნიკალური შესაძლებლობაა ჩვენი ბიზნესისთვის, რომ მათ გაიტანონ საკუთარი პროდუქცია საზღვარგარეთ და ჩვენ ბაზრების დივერსიფიკაციას მაქსიმალურად ვახდენთ და ვეხმარებით ჩვენს ბიზნესს.

ასევე, მინდა შევეხო წლევანდელ კიდევ ერთ აღიარებას. საქართველოს პროგრესზე მეტყველებს, ზოგადად, OECD-ის ბოლოდროინდელი კვლევა და გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც შეეხება „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსს“. საქართველო აქ კვლავაც ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. კვლევა აფასებს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა პასუხისმგებლობიანი მთავრობა, სამეწარმეო ადამიანისეული კაპიტალი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ბაზარზე წვდომა, ინოვაციები და ა.შ. ჩვენი ქვეყანა ლიდერობს 12-დან 11 მიმართულებაში“.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანას საშუალება მისცა აენაზღაურებინა პანდემიის დანაკარგი და ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად გაზრდილიყო. შედეგად, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის დონით, მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, წლიდან წლამდე მცირდება ევროკავშირის საშუალო დონესთან ჩამორჩენა. გაისად, ჩვენი შემოსავლები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 41%იქნება, ხოლო 2027 წლისთვის, მთავრობის პროგნოზის მიხედვით, 45%-მდე იზრდება.

„თუ თვალს გადავავლებთ ევროკავშირში ბოლოს გაწევრიანებული ქვეყნების მონაცემებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის რიგ ქვეყნებს, მათ შორის, ბულგარეთს, პოლონეთს, უნგრეთს, რუმინეთს გაწევრიანების მომენტში, დაახლოებით, მსგავსი მაჩვენებლები ჰქონდათ.თუ შევხედავთ ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ვნახავთ, რომ საქართველოს არამარტო მათ საშუალო მაჩვენებელზე უკეთესი პოზიცია აქვს, არამედ, მთელი რიგი მიმართულებით მოწინავე პოზიციაზეა უკვე დღეს.საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის;ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის;მთავრობის ვალის სიმცირის მიხედვით საქართველო მე-10 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის და უსწრებს 26 ქვეყანას;ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირის მიხედვით ჩვენი ქვეყანა მე-19 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის და უსწრებს 17 ქვეყანას“.

ამის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი იმ პროგრამებსაც შეეხო, რომლებიც ბოლო 11 წლის მანძილზე დაინერგა და ახლაც გრძელდება. მაგალითად, „აწარმოე საქართველოში“, რომელიც შეიქმნა 2014 წელს. დღემდე, სააგენტომ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 900 მილიონ ლარამდე მიმართა. ამ პროგრამის ამოქმედების დღიდან, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა 12 000-მდე პროექტი, შეიქმნა 70 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და გაიცა 400 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება.

რაც შეეხება მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამას, ჯამში დაფინანსებულია 12 000-ზე მეტი ბენეფიციარი და 9 000-ზე მეტი - ბიზნესპროექტი. ბენეფიციარების 43% ქალი მეწარმეა. წელს, პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა 1 140 პროექტი, მათი 50%-იც ქალი მეწარმეა. ჯამურად გაცემული გრანტების მოცულობა შეადგენს 116 მილიონ ლარს.

„2011 წელს, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების ბიუჯეტი, ერთობლივად, 100 მილიონ ლარს შეადგენდა. წელს, 600 მილიონზე მეტია და 2024 წელს, 688 მილიონი ლარი იქნება. თითქმის,შვიდჯერ გაიზარდა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი.ბოლო 11 წლის განმავლობაში, ქვეყანაში აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება 112%-ით გაიზარდა და შეადგინა 15 მილიარდ ლარზე მეტი. ბოლო ათი წლის განმავლობაში, თითქმის 100%-ით - 4 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება.

ჩვენ მიერ დაწყებული პროგრამის - „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, დაფინანსებულია 22 ათას ჰექტარზე მეტი ბაღების გაშენება და სარწყავი სისტემების მოწყობა. 22 ათასი ჰექტარი ახალი ბაღები გაშენდა ბოლო 11 წელიწადში.

2013 წლიდან დღემდე 46 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 5.9 მილიარდ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი; წლევანდელი 10 თვის მონაცემით, პროგრამით 7 700-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. გაცემული 890 მილიონ ლარზე მეტი სესხიდან, სახელმწიფო თანადაფინანსება 200 მილიონ ლარზე მეტია.

ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ფერმერებს, რომ განავითარონ პროდუქციის შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოები. ჯამში, დაფინანსებულია 240 საწარმოსა და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა. საწარმოების სრულად ამოქმედების შედეგად, ყოველწლიურად, 250 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია შეიქმნება; შემნახველი საწარმოების ტევადობა 140 000 ტონას მიაღწევს.

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით გაწეულ სამუშაოს, მთავრობის მხრიდან გამოიყო ათეულობით მილიონი. სულ რაღაც ბოლო ოთხ წელიწადში, 75 მილიონი ლარია გაცემული და 5 000-ზე მეტი ერთეული ტექნიკის შეძენაში დაეხმარა მთავრობა ჩვენს ფერმერებს ბოლო სამ-ოთხ წელიწადში“.

რაც შეეხება ექსპორტს, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 11 თვის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 16%-ით აღემატება გასული წლის პერიოდის მაჩვენებელს.

2012 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 465 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია, 2012 წელს და მიმდინარე წელს, უკვე ექსპორტირებულია 838 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია ანუ 180%-იანი ზრდა გვაქვს.

„2012 წელთან შედარებით, გაზრდილია ღვინის ექსპორტი 187 მილიონი აშშ დოლარით - 290%-ით, ბოლო 11 წელიწადში.განხორციელდა 140 მილიონი დოლარის ღირებულების სპირტიანი პროდუქციის ექსპორტი, აქაც გვაქვს დაახლოებით 75%-იანი ზრდა. ტენდენცია, რა თქმა უნდა, გრძელდება წელსაც - 11 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტმა მიაღწია უკვე 241 მილიონ აშშ დოლარს.

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, ევროკავშირში ღვინის ექსპორტი გაიზარდა130%-ით, ასევე ვითარდება თხილის წარმოება. მე მინდა გითხრათ, რომ მთავრობამ წელს, 21 მილიონი ლარი გამოუყო ფერმერებს და ჩვენ ამ მიმართულებას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ 2024 წელსაც. ექსპორტის 70% ევროკავშირში ხორციელდება და ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ჩვენს ფერმერებს, რომ კიდევ უფრო გაზარდონ თხილის წარმოება.

კიდევ ერთი მონაცემი, რაც მინდა გაგიზიაროთ, 2012 წელს, ღვინის საწარმოებისა და მარნების რაოდენობა ჯამში 40 იყო, დღეს 2500-ს აღწევს ღვინის საწარმოებისა და მარნების რაოდენობა, აი, ამხელა პროგრესი გვაქვს ბოლო 11 წელიწადში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვანვითარებთ და მაქსიმალურად მეტ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ მეტი მიწა გაწყლოვანდეს, სარწყავი წყლით უზრუნველყოფა იყო ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჩვენი მთავრობისა“.

პრემიერის განცხადებით, 2012 წელს, 45 000 ჰექტარი მიწა იყო გაწყლოვანებული. ეს ფართობი 163 000 ჰექტრამდე გაიზარდა ბოლო 11 წელიწადში. ამჟამად მიმდინარეობს 98 მილიონი ლარის ღირებულების 48 სამელიორაციო კაპიტალური ობიექტის რეაბილიტაცია.

„რაც შეეხება ტურიზმსა და ავიაციას, წელს ძალიან წარმატებული გამოფენა მოეწყო ბერლინში, სადაც მოგეხსენებათ, რომ მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი საქართველო. 200 ათასამდე სტუმარს 160-ზე მეტი ქვეყნიდან ჰქონდა საშუალება, რომ გასცნობოდა საქართველოს მიღწევებს ტურიზმის მიმართულებით. მინდა გითხრათ, რომ საქართველომ ძალიან წარმატებულად ჩაატარაეს გამოფენა.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ ტურიზმის მიმართულებით, ჩვენი პოლიტიკის შედეგად, 2012 წელთან შედარებით (1.4 მილიარდი დოლარი), გასულ წელს, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2.5-ჯერ გაიზარდა. ჩვენ შარშან გვქონდა 3.5 მილიარდი დოლარი პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან. წელს უკვე სამ კვარტალში გვაქვს 3.3 მილიარდი დოლარი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები ჯამურად მოემსახურა 1.4 მილიონ მგზავრს. წელს, არსებული გათვლებით, 6.6 მილიონ მოგზაურს ვუმასპინძლებთ და 4.4 მილიარდ დოლარის შემოსავალს მივიღებთ.

ასევე, შედარებისთვის, მეგობრებო, 2012 წელს, საქართველოს საავიაციო ბაზარზე საქმიანობდა 28 კომპანია, წელს 50 ავიაკომპანიაა შემოსული ქვეყანაში, რომლებიც 67 მიმართულებით ახორციელებენ ფრენებს“.

 

ავტორი-მაკა რუხაძე