„საქართველოში გვაქვს უნიკალური კაშხლები, მაგალითად, ენგურჰესი, სადაც დამონტაჟებულია უსაფრთხოების სისტემები, ასევე, ჟინვალჰესზე, დანარჩენ სადგურებზე მოვიკოჭლებთ“ -დავით მირცხულავა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფაქტია, რომ ჰიდრორესურსებით ისეთ მდიდარ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მაღალი ძაბვის ჰიდროელექტროსადგურებიც (ჰესი) გვჭირდება, ოღონდ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) სრული დოკუმენტაციით, კაშხლებიც და მცირე ჰესებიც. თუმცა თანამედროვე სამყაროს თავისი გამოწვევები აქვს, ჰიდროენერგეტიკაში ესაა ადაპტაცია ცვალებად სამყაროში, რაც ნიშნავს, რომ ამ ტიპის ნებისმიერი ნაგებობა უსაფრთხოების სისტემებით სრულად უზრუნველყოფილი უნდა იყოს.

საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნულმა კომიტეტმა - GNCOLD, 2023 წლის 7 ნოემბერს, სასტუმროში „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი ჭავჭავაძე“, საერთაშორისო კონფერენცია - „კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში“ ჩაატარა.

 

კონფერენცია საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დავით მირცხულავამ გახსნა. ამის შემდეგ, სიტყვით გამოვიდნენ საერთაშორისო სპიკერები - მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები იტალიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან.

„საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის  კონფერენცია - ეს არის საერთაშორისო თუ ადგილობრივი, სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების შეკრება, სადაც ჰიდროენერგეტიკის, მელიორაციული წყალსამეურნეო ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის  აქტუალური საკითხების გარშემო ხდება, როგორც ცოდნისა და გამოცდილების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება. დღევანდელი კონფერენციის მიზანია მაღალი კაშხლების მდგომარეობა დღევანდელ, ცვალებად სამყაროში. ყველა მომხსენებელმა, რომლებიც საუკეთესო უნივერსიტეტებებისა და კომპანიების წარმომადგენლები არიან უცხოეთიდან, აღნიშნეს, რომ კაშხლებს უდიდესი როლი აქვთ, რადგან მათ შეუძლიათ სარგებლის მოტანა. მეტიც, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, კაშხლებს ახალი ფუნქციაც გამოუჩნდათ - წყლის მოცულობების შენახვა. განახლებადი ენერგიების ინტეგრაციისთვის აუცილებელია ასეთი წყალსაცავებისა და მანევრული სადგურების არსებობა“, - განუცხადა „ვერსიას“ დავით მირცხულავამ.

მისივე თქმით, კონფერენციის ფარგლებში განიხილეს გეოდინამიური რისკები, განსაკუთრებით შოვის კატასტროფის შემდეგ. რამდენიმე საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელმა პირდაპირ განაცხადა, რომ მათი უსაფრთხოების სისტემები იძლევა, როგორც პროგნოზირების, ასევე დაკვირვებების საშუალებას, რათა არ გამოგვრჩეს მოსალოდნელი კატასტროფა და დაცული იყოს მოსახლეობა. „ვერსიასთან“ საუბრისას დავით მირცხულავამ ისიც აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი მაღალრისკიანი ადგილია, კონფერენციაზე წარდგენილი იყო წინასწარი შეტყობინების გამზომი სისტემები, რომლებიც განგაშის წინაპირობაა.

„ვერსიის“ კითხვაზე, რამდენად დაცულია საქართველოში კაშხლები და მაღალი ძაბვის ჰიდროელექტროსადგურები, დავით მირცხულავამ გვიპასუხა:

„რა თქმა უნდა, მოსახლეობას კაშხლებთან და ჰესებთან დაკავშირებით გარკვეული შიში აქვს და ეს ბუნებრივია. თუმცა, სწორედ უსაფრთხოების სისტემამ უნდა მისცეს საშუალება ადამიანებს, რათა დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში. მეტიც, კაშხლების უსაფრთხოების სისტემებთან დაკავშირებით, აუცილებელია საქართველოში კანონმდებლობის ცვლილება და რეგლამენტის დამუშავება. მინდა გითხრათ, რომ ენერგეტის მარეგულირებელი კომისია გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, გვაქვს დიდი მხარდაჭერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან და ვფიქრობ, საკანონმდებლო დონეზე აუცილებლად შევავსებთ იმ ნიშას, რომელიც გვჭირდება. საქართველოში გვაქვს უნიკალური კაშხლები, მაგალითად, ენგურჰესი, სადაც დამონტაჟებულია უსაფრთხოების სისტემები, ასევე, ჟინვალჰესზე, დანარჩენ სადგურებზე მოვიკოჭლებთ. არადა, უსაფრთხოების სისტემები ყველგან უნდა იყოს“.

საერთაშორისო კონფერენციის მსვლელობისას, ჩატარდა სამეცნიერო სესიები, სადაც სამეცნიერო და საინჟინრო სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში  მიმდინარე მნიშვნელოვანი მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო სესიაც, სადაც საინჟინრო უსაფრთხოებისა და ინსტრუმენტული მონიტორინგის სისტემების მწარმოებელმა კომპანიებმა უახლესი ტექნოლოგიები წარადგინეს.

რაც მთავარია, საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის კონფერენციის ფარგლებში, 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით, ცნობილმა ესპანურმა საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიამ - iPresas - Risk Analysis, ჩაატარა სამდღიანი ტრენინგი - „ჰიდროტექნიკური ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების საკითხების შესახებ“. კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ჰიდროენერგეტიკული ობიექტებისა და კაშხლების უსაფრთხო ოპერირებისთვის რისკების შეფასებასა და მართვაზე.

 

 ავტორი-მაკა რუხაძე