საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს 78-ე სესიაზე

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„მე წარმოვადგენ საქართველოს - ძლიერ ერს, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ისწრაფვის პროგრესისკენ მუდმივად ცვალებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში. როგორც მოგეხსენებათ, 2008 წელს, ჩემმა ქვეყანამ განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგრძელებს მის დესტრუქციულ შედეგებთან გამკლავებას. რუსეთის ფედერაციის მიერ, საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია და ასიათასობით ადამიანი სახლებიდან იძულებით არიან გადასახლებულნი“, - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში, გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს კარგად ესმის ომისა და მშვიდობის ფასი და დასძინა, რომ 2012 წლიდან, ჩვენმა მთავრობამ შექმნა და შეინარჩუნა მშვიდობისა და სტაბილურობის უწყვეტი ათწლეული. მისივე თქმით, ქვეყანა სრულად გრძნობს იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს: „ჩვენ მივუერთდით, მხარი დავუჭირეთ და ხელი მოვაწერეთ 500-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, არაერთხელ შეაქო ჩვენი შესაბამისობა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან“. სწორედ ამგვარი, პრაგმატული საგარეო პოლიტიკის შედეგად, განსაკუთრებით, ბოლო ათწლეულში, ქვეყანამ ეკონომიკური ზრდა შეინარჩუნა. „ვერსია“ ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ს 78-ე სესიაზე გამოსვლის ეკონომიკურ ნაწილს გთავაზობთ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ხოლო 2021-2022 წლებში, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპი 10%-ს აღემატება. ეს პოზიტიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2023 წელსაც და საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 7%-ს მიაღწია.

„ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა ჩემი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. 2012 წლიდან, მშპ ერთ სულ მოსახლეზე თითქმის გაორმაგდა. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც თითქმის 90%-იანი ზრდაა 2012 წელთან შედარებით. უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმზეა. World Justice პროექტის 2022 წლის კანონის უზენაესობის ინდექსით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში პირველ ადგილს იკავებს. Fraser Institute-ის 2022 წლის ანგარიშის - „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება“  - მიხედვით, საქართველო ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა 15 სახელმწიფოს შორის, ხოლო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო 21-ე ადგილს იკავებს ევროპაში, 2023 წლის მდგომარეობით და ევროკავშირის 11 წევრ სახელმწიფოს უსწრებს. 2023 წელს, Crime Index საქართველოს, მსოფლიოში ერთ-ერთ, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ასახელებს, რადგან გლობალურ ჭრილში - მე-18 ადგილზე, ხოლო ევროპის მასშტაბით - მე-8 ადგილზე ვართ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, 2022 წელს, მთავრობამ შეიმუშავა და დაამტკიცა „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია“, რომელიც პირველი, გრძელვადიანი პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტია. ის მოიცავს რეფორმების ყოვლისმომცველ კომპლექტს, რომელიც ისეთ სფეროებს ეხება, როგორებიცაა ეკონომიკა, სოციალური პროგრესი, ჯეროვანი მმართველობა, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებების დაცვა. ეს ჩარჩო დოკუმენტი 2030 წლამდე განხორციელდება.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხებით, „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის“ საფუძველზე, საქართველოს მთავრობა აცხადებს მზაობას, რათა ამ პროცესში ჩართონ კოლეგები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, რომ სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს.

ძვირფასო მეგობრებო, საქართველო ყალიბდება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად. ჩვენმა ფინანსურმა სექტორმა გლობალური აღიარება მოიპოვა და საერთაშორისო ინვესტორებს ვიზიდავთ, რასაც დამატებით კაპიტალი შემოაქვს ჩვენს ეკონომიკაში. ასევე, პრიორიტეტულად გვაქვს მიჩნეული ინვესტიციები ჩვენს ინფრასტრუქტურაში, რათა გაძლიერდეს დაკავშირებადობის უნარი, წარმატებით განვითარდეს ლოგისტიკური და ენერგეტიკული სექტორები. სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს ვავითარებთ აზიასა და ევროპას შორის გადამწყვეტი კავშირების დასამყარებლად. საქართველოს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივასა და ინფრასტრუქტურულ პროექტში აძლიერებს ამ კავშირს და ხელს უწყობს ვაჭრობას შავი ზღვის რეგიონში.

პრემიერმა აღნიშნა, რომ შუა დერეფანი გამოჩნდა, როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. საქართველომ ხელი მოაწერა სრულყოფილ საგზაო რუკებს აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, რათა აღმოიფხვრას დაბრკოლებები და გამყარდეს შუა დერეფანი 2022-2027 წლებში. ეს საგზაო რუკები ითვალისწინებს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, საოპერაციო ოპტიმიზაციასთან, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავებასთან, დერეფნის გაციფრულებასთან და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებასთან.

აღმოსავლეთის დასავლეთთან კავშირის გაძლიერების მიზნით, 2015 წელს, საქართველომ დააარსა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი და ასე შექმნა საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნეს-წრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის. წელს, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი26-27 ოქტომბერს გაიმართება და მასში, დაახლოებით, 2 000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები.

გაერო-ს 78-ე სესიაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, საქართველომ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება დაიწყო. მათ შორისაა, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომლის შედეგადაც, 2024 წლის ბოლოსთვის ანუ პროექტის დასრულების შემდეგ, სისტემის გამტარუნარიანობა გაორმაგდება. რაც შეეხება ანაკლიის ახალი, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, პრემიერ-მინისტრის თქმით, ის უხლოეს მომავალში დაიწყება და იქვე დასძინა, რომ ეს პროექტი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. მისივე თქმით, ეს მწვანე ველი მოიაზრება საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის პროექტად, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, თანამედროვე ღრმაწყლოვან პორტს შექმნის.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც განაცხადა, რომ მთავრობა აუმჯობესებს ქვეყნის საჰაერო დაკავშირებადობას და ამ მიზნით, თბილისში, ახალი საერთაშორისო აეროპორტი შენდება. პრემიერის განცხადებით, ახალი აეროპორტი მსოფლიო დონის სატრანსპორტო კვანძი იქნება, რომელიც განამტკიცებს საქართველოს, როგორც გლობალური ავიაციის გამორჩეული მოთამაშის სტატუსს.

გარდა ამისა, ამჟამად უკვე ხორციელდება ევროკავშირის ფლაგმანური, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ არის ინიციირებული. ეს პროექტი გულისხმობს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან, სამხრეთ კავკასიის რეგიონის დასაკავშირებლად. პროექტის განხორციელება გააძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ევროპასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ამ ორ რეგიონს შორის ტრანზიტისთვის.

ვაღიარებთ ენერგიაზე მზარდ მოთხოვნასაც და კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების საჭიროებას; აქტიურად ვახორციელებთ ახალ წამოწყებებს განახლებადი ენერგიის სფეროში, მათ შორის - წყლის, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროების ათვისებით. ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ ინვესტორები და ხელსაყრელი გარემო შევქმნათ ინოვაციური ელექტროსადგურების შესაქმნელად, ქვეყნის უხვი მწვანე ენერგიის პოტენციალის გამოყენებით.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა ეს ტრანსფორმაციული პროექტი ახალ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ ზრდასა და კეთილდღეობას მოუტანს, როგორც ხალხს, ასევე, რეგიონს. მისივე თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და დასძინა, რომ ქვეყანა მზადაა, გააძლიეროს საერთაშორისო პარტნიორობა და თანამშრომლობა უფრო მშვიდობიანი, მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად.

ავტორი: მაკა რუხაძე