„საქართველოს ეროვნულ ბანკში კრიზისი არ არსებობს!“ - ნათია თურნავა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რევოლუციური სცენარი ფარცხალაძის ფაქტორით, ჩაიშალა. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა და რაც მთავარია, დარწმუნადა, რომ ოპოზიცია უსუსურია. მეტიც, მავნებლობასაც არ ერიდება და მზადაა, საკუთარი მიზნების მისაღწევად, ქართული ეკონომიკის ისეთი მდგრადი დარგის აყირავებაც კი სცადოს, როგორიც საბანკო-საფინანსო სექტორია. ქართული ეკონომიკის იმიტომ, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე, ბიზნესის თუ რომელიმე დარგი მუშაობს გამართულად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მყარად - ეს საბანკო სექტორია. დიახ, იმ შავ-ბნელ 90-იანებში, საბჭოთა მანეთის კუპონად გარდაქმნის, ამის შემდეგ კუპონის ჰიპერინფლაციისა და ნაწვიმარზე სოკოებივით მომრავლებული საეჭვო რეპუტაციის კომერციული ბანკების ფონზე, რომლებიც დომინოს პრინციპით, ხელის ერთი მოსმით ჩამოიშალნენ და თან გაიყოლეს ათასობით მოტყუებული ჩვენი მოქალაქეების ცოდვა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და სხვა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით, 90-იანების შუა წლებში შეიქმნა ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, შედეგად, ეროვნული ბანკიც წელში გაიმართა, საბანკო სექტორიც და გაუფასურებული კუპონიც ეროვნულმა ვალუტამ - ლარმა შეცვალა.

რაც შეეხება ორგანულ კანონს ეროვნული ბანკის შესახებ, ეს იმდენად სერიოზული დოკუმენტია, რომ საბანკო სექტორს ვერავინ ააყირავებს, მით უფრო, ვერ ჩამოშლის. ლარის კურსის ორდღიან, რამდენიმე პუნქტით გაუფასურებას კი გამოიწვევს, მაგრამ ნუ აღელდებით - ეროვნულ ბანკს ხელოვნური რყევების შეკავების რეგულაციებიც გააჩნია. მოკლედ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული, ექს-პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სანქციებისგან იქამდე „გაათავისუფლა“, ვიდრე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მას ქვეყნის მართლმსაჯულებაც დამნაშავედ არ სცნობს. ნათია თურნავას ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა პოლიტიკოსებისა და ცალკეული ექსპერტების კრიტიკა და მეტიც - რევოლუციის ანუ არეულობისა და დაპირისპირების მორიგი უშედეგო, არაფრისმთქმელი, უღიმღამო და უკვე აშკარად მოსაბეზრებელი მცდელობა. 

ამასობაში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, მაკა ცინცაძის საავტორო გადაცემაში „აქტუალური შაბათი“, დეტალურად ისაუბრა, რით იხელმძღვანელა ამ გადაწყვეტილების მიღებისას. განმარტა, დგანან თუ არა საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები რისკქვეშ და აზიანებს თუ არა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ქვეყნის რეპუტაციას.

 

დავიწყოთ იმით, რომ თავისი ბუნებით, სანქციები ერთგვარი პოლიტიკური ზომაა. შესაბამისად, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებას - გვარისა და სახელის მიუხედავად, დაეცვა საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, აუცილებლად მოჰყვებოდა კრიტიკა:

„სხვადასხვა პოლიტიკოსი გვაკრიტიკებდა მანამდეც, ვიდრე ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული და მერეც გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ არაფერი ამდაგვარი ჩვენზე არ მოქმედებს. გვსიამოვნებს-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მშვიდად ვხვდებით ასეთ კრიტიკას. ისევე, როგორც შექება არ გვსიამოვნებს და არ გვჭირდება არავის დაცვა. ჩვენ ყველა კითხვაზე თავად გავცემთ პასუხს. აქედან გამომდინარე, ეს მეორე ფაქტიც არანაირად არ იყო გადამწყვეტი ჩვენ მიერ გადაწყვეტილების მიღებაში. თუმცა საყურადღებო იყო იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ ერთხელ დაგვანახა, ეს საკითხი ცხელია და პოლიტიკურად არის აჟიტირებული თემა. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იქნება და ვიდრე სანქციების აღსრულებისა და ადგილობრივი კანონმდებლობის ურთიერთშესაბამისობის შესახებ დისკუსია გასცდებოდა ცალკეულ გამოსვლას თუ განცხადებას, ჩვენ მივხვდით, რომ რაც შეიძლება, სწრაფად უნდა გვემოქმედა. გადაწყვეტილებით პრევენციაც გავაკეთეთ უფრო დიდი დისკუსიის გაჩენის და, ზოგადად, კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების, რამდენად სწორად ვიქცევით აღსრულების მექანიზმების დონეზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მას შემდეგ, რაც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს მოქალაქის უფლებები დაიცვა, ქვეყნის პრეზიდენტმა ჯერ თავადვე მოსთხოვა იუსტიციის სამინისტროს, ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვათ, მაგრამ როგორც კი იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი პროცედურები წამოიწყო, სალომე ზურაბიშვილმა მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ ჩამოართმევდა. სინამდვილეში, ნათია თურნავამ ფარცხალაძის, როგორც საქართველოს მოქალაქის უფლება დაიცვა, მაგრამ თუ სალომე ზურაბიშვილი მას მოქალაქეობას ჩამოართმევდა, საერთაშორისო სანქციები ავტომატურად ამოქმედდებოდა.

კითხვაზე, გამოჩნდა თუ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ის, რომ ფარცხალაძის დასანქცირება არ იყო მნიშვნელოვანი და ეს იყო არა სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეწყვეტით პრეზიდენტმა მას, ფაქტობრივად, მისცა სხვადასხვა ტიპის ოპერაციის თავისუფლად განხორციელების საშუალება, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ის საკითხს პოლიტიკურად არ შეაფასებს:

„ამას შეგნებულად არ გავაკეთებ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის ჩვენი მანდატი და ეს არ არის ეროვნული ბანკის საქმე. იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკოსის ქმედება და პოლიტიკური მანევრები, რომელზეც მე ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ. ერთადერთი, უბრალოდ, ვიტყვი: თავად ფაქტმა, რომ ეს პირველი გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქის სანქცირებასთან დაკავშირებით შეეხო ფარცხალაძეს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, გააართულა მუშაობა და დაამძიმა ფონი, მაგრამ ეს ხომ ბუნებრივია? სანქცირებულთა სიაში აუცილებლად მოხვდებოდა მსგავსი პიროვნება, რომელიც ცნობადია პოლიტიკურად, რომლის ირგვლივაც აუცილებლად იქნებოდა მითქმა-მოთქმა და სხვადასხვა პოლიტიკური ინსინუაცია. მე ვამბობ იმას, რომ თავად სანქციები თავისი ბუნებით არის პოლიტიკური ზომა და იქ გარკვეული პოლიტიკური შეხედულებებით, მათ შორის პოლიტიკური მოტივაციით, გარკვეული ჟღერადი ბრალდებებით ან მოტივებით ხვდება ადამიანი. ეს უკვე თავიდანვე განაპირობებს იმას, რომ საკითხი იქნება აუცილებლად სენსიტიური. აბა, ნობელის პრემიის ლაურეატი ხომ არ მოხვდება სანქცირებულების სიაში?! იქნება აუცილებლად ვიღაც, ვის ირგვლივაც იქნება ასეთი მძიმე აჟიტირებული ფონი“.

მისივე თქმით, „მძიმე და აჟიტირებული ფონის“ მიუხედავად, ეროვნული ბანკი არ უნდა შეშინდეს და არც დაბრკოლდეს. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო და დასძინა, საკითხების კიდევ უფრო სიღრმეში წასვლას არ დაელოდა:

„ჩვენ არ მოვერიდეთ სენსიტიურ თემას, ჟღერად სახელსა და გვარს და მივიღეთ გადაწყვეტილება არა კონკრეტული სახელისა და გვარისთვის, რომელიც არ გვაინტერესებს, არამედ, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც შეიძლება, როდესმე აღმოჩნდეს სანქცირებულების სიაში, რომ მის მიმართ სანქციების აღსრულების პროცესში, ასევე გარანტირებული იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის აღსრულება“.

რაც შეეხება ქვეყანას, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო იყო, არის და მომავალშიც იქნება საერთაშორისო სანქციების ერთგული. დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანა მიერთებულია აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებს. მისივე თქმით, სანქციების პრაქტიკა ახალი რეალობაა, ხვალ და ზეგ არ დასრულდება და უახლოესი წლების განმავლობაში იარსებებს, რაც შეიძლება, გაფართოვდეს, ან შეიცვალოს. სწორედ ამიტომ, სანქციების აღსრულების საკითხი თავშივე მოსაგვარებელია:

„დღეს სანქციების მიმღები არის ევროპული ქვეყნები, აშშ... თუმცა, თეორიული შანსი დავუშვათ, რომ ხვალ, რაღაც ახალი გეოპოლიტიკური მოვლენიდან, სხვა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, რომელიმე სხვა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ასევე მიიღებს სანქციებს, რომელსაც საქართველო გადაწყვეტს და მიუერთდება. პირობითად, ძალიან თეორიული მაგალითი ავიღოთ, რომ ინდოეთი ან თურქეთი მიიღებს სანქციებს და ხომ შეიძლება, ისე მოხდეს, მიზანშეწონილი იყოს, ამ სანქციებს ჩვენც მივუერთდეთ? წარმოიდგინეთ, ასეთ დროს რა ხდება. ჩვენ თუ გავაგრძელეთ სანქციის ეს ე.წ. ბლანკეტური ანუ მექანიკური, ავტომატური აღსრულება ისე, რომ ჩვენთან, ადგილზე არც მოკვლევა გაკეთდა, არც ჩვენი სამართალწარმოებით გათვალისწინებული პროცედურები ჩატარდა, არც დასაბუთება მოვიპოვეთ, არც სასამართლო განხორციელდა და ასე ავტომატურად აღვასრულეთ, როგორც აქამდე ხდებოდა, გამოდის, რომ სულ უფრო მეტი სახელმწიფოს მიმართ, პრაქტიკულად, უნდა დავთმოთ ჩვენი სამართალწარმოების სუვერენული უფლება. სხვა ქვეყნის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე გაკეთებულ დასკვნებზე დაყრდნობით, პრაქტიკულად, ბრმად უნდა მოვთხოვოთ ჩვენს საფინანსო სისტემას, რომ მან აღასრულოს ეს ისე, რომ ჩვენი კანონმდებლობა, პრაქტიკულად, განზე დარჩება ამ პროცესიდან. ეს ძალიან ბევრ კითხვას უკვე იწვევდა, ძალიან ბევრ კითხვას გამოიწვევდა მომავალში და ჩვენ ამის პრევენცია გავაკეთეთ“.

ნათია თურნავამ ისიც აღნიშნა, რომ სანქციების აღსრულების პრაქტიკა განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში, რაც უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ეს პროცესი ყველგან ავტომატურად, ერგვაროვნად, ან ერთდროულად ვერ და არ ხდება. ამასთან, თურნავამ ისიც დასძინა, რომ ვინაიდან სხვა ქვეყნები ახერხებენ კარგი ბალანსის პოვნას, საქართველომაც ამ ბალანსისკენ გადადგა ნაბიჯი. მისივე თქმით, არსებობს გამონაკლისი და ისეთი გადაწყვეტილებები, რომ ადამიანი, როგორი სანქცირებულიც არ უნდა იყოს, თუნდაც ჰუმანიტარული მოსაზრებით, არ უნდა იყოს ერთბაშად მოწყვეტილი ყველა საფინანსო სერვისიდან.

მას შემდეგ, რაც ნათია თურნავას გადაწყვეტილებამ სრულიად ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები შოკში ჩააგდო, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ისედაც 2023 წლის დეკემბერში ეწურებოდა. არჩილ მესტვირიშვილის გზას სებ-ის კიდევ ორი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძე გაუყვნენ - ერთმანეთის მიყოლებით, დაწერეს განცხადებები და პოსტები დატოვეს. თუმცა, მნიშვნელოვანია საზოგადოებას შევახსენოთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, უახლესი ორი თვის მანძილზე - ამ შემთხვევაში, 21 ნოემბრამდე, ისინი ავტომატურად ინარჩუნებენ ამ პოსტებს.  

კითხვაზე, რით იხელმძღვანელეს გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სამმა წევრმა და ერთმა მრჩეველმა, როდესაც მათ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადეს - პოლიტიკური მიზანშეწონილობით, თუ საკუთარი არგუმენტების სამართლებრივი დასაბუთებით, ნათია თურნავამ უპასუხა:

„ჩემს ყოფილ კოლეგებზე, მეგობრებზე მიჭირს საუბარი. შეიძლება, მქონდეს ჩემი, რაღაც მოსაზრებები და მოტივაციის გაგება ასევე მიჭირს. ეს არ იყო ჩვეულებრივი შემთხვევა. ამ შემთხვევამ საკმაოდ დიდი გავლენა იქონია თვითონ ჩვენი თანამშრომლობის მოტივაციაზე და, თავისთავად, გააჩინა კითხვები. იმიტომ, რომ სამი ვიცე-პრეზიდენტის ასე ერთად წასვლა ინსტიტუციიდან, რა თქმა უნდა, არის მძიმე ფაქტი, მაგრამ მე არ შევალ ამის პოლიტიკური საფუძვლების სპეკულაციაში. უბრალოდ, ვერ შევალ, სიმართლე გითხრათ. მეც მიჭირს ახლა ჩემს ყოფილ კოლეგებზე ასე საუბარი“.

საზოგადოებას აინტერესებს, ემუქრება თუ არა საფრთხე ეროვნული ბანკის საბჭოს ფუნქციონირებას და იყო თუ არა ერთგვარად პოლიტიზებული საბჭოს ახალი წევრების (ნანა ყეინიშვილი და თემურ ხომერიკი) დანიშვნის პროცესიც, რომლებიც პრეზიდენტმა ჯერ წარადგინა, შემდეგ კი გაწვევას აპირებდა და, გავრცელებული ინფორმაციით, არჩევის შემდეგ, ისინი პრეზიდენტმა დაიბარა და სთხოვა, აღნიშნული თანამდებობა არ დაეკავებინათ, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საბჭო არის ქმედუნარიანი, ხოლო პოლიტიკოსის ქმედებებში და მოტივაციაში შესვლა უჭირს:

„ეს მეც მსმენია მედიიდან. მე ჯერ არ მქონია ამ ადამიანებთან ურთიერთობა და როდესაც ისინი უკვე ფიზიკურად შემოგვიერთდებიან და სხდომები გვექნება, ალბათ, ამის შესახებ თვითონ მოჰყვებიან. თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი და, როგორც ჩანს, ჰქონდა, მე ძალიან მიჭირს ამის ახსნა, რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ნამდვილად არ ყოფილა არავის ჩართულობა და ჩარევა ამ ორი კანდიდატის შერჩევაში. ეს იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მან თავად შეარჩია და თავად ჩათვალა, რომ ეს ადამიანები შესაფერისი არიან, ჩვენი „ბორდის“ წევრები გამხდარიყვნენ. მიჭირს ამის ახსნა, ერთი თუ ორი კვირის წინ წარდგენილი ადამიანები უცებ რატომ გახდნენ უკან გასაწვევი, რისი უფლებაც, სხვათა შორის, არც ჰქონია პრეზიდენტს და, რა თქმა უნდა, ეს ასე არც მოხდებოდა, მაგრამ ფაქტია, ამ ადამიანების დამატებით, ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებებთან დაკავშირებით შესაძლო კითხვები, პრაქტიკულად, ჩავხურეთ. საბჭო არის ქმედუნარიანი. რთული მოცემულობის მიუხედავად, საქართველოს ეროვნულ ბანკში კრიზისი არ არსებობს! ყველა თავის საქმეს ასრულებს და ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზეა“.

კითხვაზე, როგორ აფასებს ბოლო დღეების განმავლობაში, ცალკეული ექსპერტებისა თუ პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და პროგნოზებს, რომ მოქალაქეები მნიშვნელოვნად დაზარალდებიან, რომ „სვიფტის“ სისტემიდან ჩაიხსნება ქართული ბანკები, მოქალაქეებს შეეზღუდებათ საკუთარ ანაბრებსა და დანაზოგებზე წვდომა, ვერ გამოიყენებენ პლასტიკურ ბარათებს, ვერ მიიღებდნენ გზავნილებს, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პროგნოზს ვერ დაარქმევს იმას, რა აპოკალიფსური სურათიც სხვადასხვა უპასუხისმგებლო ადამიანმა დახატა, რადგან ეს შეფასებები მთლიანად პოლიტიზებული იყო და არავითარი კავშირი არ ჰქონია რეალობასთან.

ავტორი: მაკა რუხაძე