შეიძლება გაიზარდოს ფასი, თუმცა საწვავის დეფიციტი არ შეიქმნება - იმპორტიორთა კავშირი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთის მიერ ბენზინსა და დიზელზე ექსპორტის აკრძალვის მიუხედავად, საქართველოს საწვავის დეფიციტი არ ემუქრება,- ამის შესახებ "ბიზნეს ფორმულას" ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ვახტანგ იობაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მართალია დეფიციტის მოსალოდნელი არაა, თუმცა რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტის აკრძალვის შედეგად შესაძლოა, საქართველოში ფასები გაიზარდოს.

"რუსეთის პრემიერის განკარგულება ბენზინისა და დიზელის ექსპორტის აკრძალვაზე არის დროებითი. ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება და ფასები შემცირდება. თუმცა აქვე აღვნიშნავ, იმასაც, რომ არეული სიტუაცია რუსეთში დღეს და გუშინ არ დაწყებულა და ის უკვე თვეებია გრძელდება. ხოლო მისი გამოსწორებისთანავე მოხდება აკრძალვის გაუქმება. პირობას ვდებ, რომ საქართველოში აღნიშნული მოვლენების ფონზე ბენზინის დეფიციტი არ იქნება", - განაცხადა ვახტანგ იაკობაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დროებით აკრძალა. ამ ეტაპისთვის უცნობია, კონკრეტულად რომელ ქვეყნებზე გავრცელდება ან რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის რუსეთი საწვავის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. კერძოდ, ბენზინისა და დიზელის იმპორტის 80%-ზე მეტი სწორედ რუსეთიდან ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში საწვავის ფასი უკვე გაიზარდა, რასაც სექტორი რუსული საწვავის გაძვირებას უკავშირებს.