ფინანსური დარღვევები ფინანსური მონიტორინგის სამსახურში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტორები ფინანსური მონიტორინგის სამსახურით დაინტერესდნენ. დასკვნა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, 2021-2022 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი კანონმდებლობით შექმნილი უწყებაა. თუმცა, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, სახელმწიფო აუდიტორებმა ამ უწყებაშიც კი გამოავლინეს ფინანსური დარღვევები, განსაკუთრებით, შრომით ხელშეკრულებებში, დანამატებსა და ავტოსატრანსპორტო ხარჯებში.

 

ზოგადი ინფორმაცია

ვიდრე უშუალოდ იმ ფინანსურ დარღვევებს გაგაცნობთ, რომლებიც სახელმწიფო აუდიტორებმა გამოავლინეს, თვალი გადავავლოთ ზოგად ინფორმაციას ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შესახებ.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური არის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს კანონითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.  სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. სამსახურის მიზანია, საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობა.

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, სამსახური ანგარიშვალდებული პირის მიერ, კანონისა და სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების საკითხებზე, გამოსცემს სახელმძღვანელო მითითებებს და შეიმუშავებს მეთოდურ რეკომენდაციებს, ადგენს საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების ფორმას; ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების, ასევე სხვა დანაშაულებრივი საქმიანობის ფაქტების გამოვლენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშვალდებული პირებისაგან მოითხოვს დამატებით ინფორმაციას და მათ ხელთ არსებულ დოკუმენტებს (ორიგინალი ან ასლი), მათ შორის, კონფიდენციალურს, ნებისმიერი გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ; საზედამხედველო ორგანოებს აწვდის ინფორმაციას შესაბამისი რეაგირებისათვის“, - ვკითხულობთ უწყების დებულებაში.  

გარდა ამისა, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს; სწავლობს საქართველოში და საზღვარგარეთ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ხერხებს და შეიმუშავებს საეჭვო გარიგების გამოვლენისას ანგარიშვალდებული პირისთვის სახელმძღვანელო, საყურადღებო ნიშნებს; მონაწილეობს საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში სამართლებრივი აქტებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შემუშავებასა და განხილვაში; უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოდან მოითხოვოს და მიიღოს კონფიდენციალური ინფორმაცია, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სამსახურისთვის პირდაპირ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ასეთი ინფორმაციის შემცველი მონაცემთა ბაზები, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია.

სამსახური ქმნის საინფორმაციო ქსელს, ახორციელებს მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციასა და ანალიზს, უზრუნველყოფს შესაბამის მონაცემთა აღრიცხვის ბაზის შექმნასა და ფუნქციონირებას; აანალიზებს ანგარიშვალდებული პირებისგან და სხვა წყაროებიდან მიღებულ ანგარიშგებებსა და სხვა ინფორმაციას (დოკუმენტს) და ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში, თავისი ანალიზის შედეგებს უგზავნის საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სსიპ შემოსავლების სამსახურს ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; უფლებამოსილია, საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი მათი მოადგილეების დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე წარუდგინოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მის ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია (დოკუმენტი), რომელიც აუცილებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე მიმდინარე გამოძიების მიზნების მისაღწევად; შეისწავლის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულების მდგომარეობას და, საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო წინადადებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს კანონის მიზნის მიღწევას; ახორციელებს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

„რაც მთავარია, წელიწადში ერთხელ, მომდევნო საანგარიშო წლის 1 მაისამდე, სამსახური საქართველოს მთავრობას წარუდგენს ანგარიშს, გაწეული საქმიანობის შესახებ. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ოთხი წლის ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სამსახურის საშტატო ნუსხასა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას, სამსახურის უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი“.

მოხელისთვის მოხელის კლასის მინიჭების მიზანია, მოხელის მოტივაციის ამაღლება, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფა. სამსახურს არ უსარგებლია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებით, რათა მოხელის შეფასების შედეგების მიხედვით, თანამშრომლებისთვის მიენიჭებინათ საკლასო ჩინი და შესაბამისად, სამსახურის თანამშრომლებს საანგარიშგებო პერიოდში არ მიუღიათ საკლასო დანამატი. სამსახურის მოხელის შრომის ანაზღაურების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საბანკო სისტემაში არსებულ შრომის ანაზღაურების დონეს.

სამსახურის დაფინანსების წყაროებია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სამსახურის მიმდინარე ხარჯებისთვის გათვალისწინებული სახსრების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით, დასაშვებია მხოლოდ სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით.

 

დარღვევები დანამატებში

ახლა ვნახოთ, რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, დანამატების გაცემის ნაწილში.

მოქმედი კანონმდებლობით, მოხელეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისთვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, ეძლევა სახელფას დანამატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოხელის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაო სრულდება მხოლოდ მოხელის ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი დავალების საფუძველზე; ასევე, მოხელის ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი დავალება წარმოადგენს დასვენებისა და უქმე დღეებში მოხელისთვის მუშაობის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს.

„აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ 2021 წელს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებზე, დანამატის სახით გაიცა 196 817 ლარი, ხოლო 2022 წელს - 196 367 ლარი. სამსახურის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, თუ რა სახის ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება (ან საქმიანობა ღამის საათებსა და დასვენების/უქმე დღეებში) დაევალათ თანამშრომლებს; ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი ასეთი სახის სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აქედან გამომდინარე, ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, სახელმწიფო აუდიტორებმა შეიმუშავეს რეკომენდაცია, რომელიც ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს:

„სამსახურის თანამშრომლებისთვის დანამატის გაცემის დოკუმენტური საფუძვლების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ან ღამის საათებსა და დასვენების/უქმე დღეებში საქმიანობის დავალების დოკუმენტურ დადასტურებას“.

 

დარღვევები შრომით ხელშეკრულებებში

გაგიკვირდებათ, მაგრამ უწყებაში, რომელმაც ქვეყანაში ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსების ხელშეწყობა უნდა აღმოფხვრას, სახელმწიფო აუდიტორებმა დარღვევები შრომით ხელშეკრულებებშიც გამოავლინეს.

მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ეგზავნება საჯარო სამსახურის ბიუროს. 2021-2022 წლებში, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამარტივებული საჯარო კონკურსის გამოცხადების გარეშე გაფორმებული იყო შრომითი ხელშეკრულება ხუთ პირთან და ორ დამხმარე მოსამსახურესთან. აღნიშნული დოკუმენტები არ გადაეგზავნა საჯარო სამსახურის ბიუროს.

„კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მინიჭებული უნდა ჰქონდეს საჯარო დაწესებულების არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება, თუმცა ზემოთ აღნიშნული პირები დასაქმებულნი იყვნენ ხანგრძლივად, რაც შეუსაბამოა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოები დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. სამსახურის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირთა მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს და წარმოშობს ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე გაცემული ანაზღაურების პროცესის გამჭვირვალობის რისკებს“.

ამ ხარვეზის გამოსასწორებლად, სახელმწიფო აუდიტორების რეკომენდაცია ასეთია: შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე გაცემული ანაზღაურების პროცესის მეტი გამჭვირვალობისათვის, მნიშვნელოვანია, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება დოკუმენტურად დადასტურდეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სამსახურის ხელმძღვანელობამ განსაზღვროს დისტანციურად მუშაობისა და შესრულებული სამუშაოს შესაბამისი დოკუმენტირების წესები.

 

დარღვევები ავტოტრანსპორტის ხარჯებში

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურს ექსპლუატაციაში შეიძლება ჰყავდეს ერთი განპიროვნებული და საშტატო რიცხოვნობიდან გამომდინარე, ერთი სამორიგეო ავტომობილი. ფაქტობრივი მდგომარეობით, სამსახურის ბალანსზე ირიცხებოდა სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამორიგეო ავტომობილი განკუთვნილია ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა ყოველი კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განმარტებით, ფაქტობრივად, სამორიგეო ავტომობილით სარგებლობდა მხოლოდ ერთი თანამშრომელი. გამომდინარე იქიდან, რომ არ ხდებოდა ავტომობილზე კონტროლი, შეუძლებელი იყო მისი ყოველდღიური გადაადგილებისა და ლიმიტით განსაზღვრული საწვავის მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებისთვის ხარჯვის კონტროლის უზრუნველყოფა“, - დაასკვნეს სახელმწიფო აუდიტორებმა.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას - „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოს“, 2021 წლის 28 ივლისამდე იყენებდა ერთ-ერთი თანამშრომელი, რაც შეუსაბამოა მოქმედ კანონმდებლობასთან. მიღებული განმარტებით, თანამშრომელი საკუთარი სახსრებით სწევდა საწვავისა და შეკეთების ხარჯებს. შემდგომ პერიოდში კი, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოიყენებოდა განპიროვნებული ან სამორიგეო ავტომობილების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, თუმცა ამ ავტომობილისათვის საწვავის ხარჯვის ლიმიტი არ დადგენილა და არც ხარჯი გაწეულა.

რეკომენდაცია: ავტოპარკის არასამსახურებრივი გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, სამორიგეო ავტომობილის გამოყენება განხორციელდეს სამსახურის უფროსის, ან სხვა უფლებამოსილი პირის თანხმობით! ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სამსახურმა შეიმუშაოს სპეციალური ფორმა, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია სამორიგეო ავტომობილის გამოყენების საჭიროებისა და მისი გადაადგილების მარშრუტის შესახებ.

ავტორი: მაკა რუხაძე