რა ქონებას ფლობს მწერალთა სახლის ახალი ხელმძღვანელი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქეთევან დუმბაძის ქონებრივი დეკლარაცია

4 სექტემბრიდან, საქართველოს მწერალთა სახლს ქეთი დუმბაძე უხელმძღვანელებს.  გადაწყვეტილება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიიღო. დღემდე, მწერალთა სახლს ნატა ლომოური ხელმძღვანელობდა, რომელსაც აგვისტოს დასაწყისში, სამინისტროდან აცნობეს, რომ მისი საქმიანობის ვადა ამოიწურა. თეა წულუკიანის გადაწყვეტილებას, მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნის შესახებ, მწერლებისა და გამომცემლების პროტესტი მოყვა. ასამდე მწერალმა, მთარგმნელმა, გამომცემელმა და ლიტერატურის სფეროში დასაქმებულმა ადამიანმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც დაუმორჩილებლობას უცხადებენ კულტურის სამინისტროს პოლიტიკას.

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რომ 2023 წლის მარტის დასაწყისში, როგორც პარლამენტის დეპუტატმა, ქეთევან დუმბაძემ მხარი დაუჭირა ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონს, უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ. თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან კენჭისყრისგან თავი შეიკავა, თუმცა მოგვიანებით დაადასტურა, რომ კანონპროექტს მხარი დაუჭირა და ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს.

მოკლედ, „ვერსია“ გასული კვირის პოლიტიკურად აქტუალური და განხილვადი დეპუტატის, ქეთევან დუმბაძის ქონებრივ დეკლარაციას გთავაზობთ. თუმცა, ვიდრე მის დეკლარაციას გაგაცნობთ, თვალი მის ბიოგრაფიასაც გადავავლოთ.

ბიოგრაფია

ქეთევან დუმბაძე დაიბადა 1961 წლის 11 იანვარს, თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი - ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

1983-1993 წლებში იყო საქართველოს ტელე-რადიო კომიტეტის, მწერალთა კავშირის ლიტერატურული ურთიერთობისა და მხატვრული თარგმანის კოლეგიის რედაქტორი; 1983-1986 წწ - თბილისის №53-ე საშუალო სკოლის პედაგოგი; 1993-1995 წწ - საქართველოს ტელე-რადიო საინფორმაციო გადაცემა „ქვიშის საათის“ რედაქტორი; 1993-1995 წწ - სახელმწიფო კანცელარიის პრესსამსახურის სახელმწიფო მრჩეველი; 1995-1996 წწ - პრეზიდენტის პრესსამსახურის პრეს-რელიზის ჯგუფის ხელმძღვანელია; 1996-1999 წწ - ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ დირექტორია; 1996-1999 წწ - სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო მინისტრის პრესმდივანია; 1997-2011 წწ - „მზიურის“ დირექტორია; 2000-2002 წწ - ტელეკომპანია მე-9 არხის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა; 2002-2003 წწ - სტუდია აუდიენცია - „დიდების ზღაპრის“ ხელმძღვანელია; 2003-2004 წწ - სტუდია აუდიენცია - პროგრამების ხელმძღვანელი; 2004-2008 წწ - ტელეკომპანია „იმედი“, „იმედის დილას“ რედაქტორი; 2008-2010 წწ - საპატრიარქოს ტელეკომპანიის - „ერთსულოვნება“ მთავარი პროდიუსერი, გადაცემა „კვირიკეს“ ავტორი და ხელმძღვანელია; 2011-2013 წწ - ინფო 9-ს პროდიუსერია, სადაც ხელმძღვანელობდა გადაცემებს - „პრეს ზონა“, „კვირის ამბები“, „ქრონოგრაფი“, „რაკურსი“, „ყველა ტელევიზორში“, „ქვის სტუმარი“; 2011 წ - ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორის მოადგილეა; 2013-2015 წწ - კულტურის მინისტრის მრჩეველია; 2013 წწ - ტელეკომპანია მე-9 არხზე, საავტორო გადაცემების - „ჩემიანი“, „დილის იდილია“, „მიამბეთ თქვენზე“ პროდიუსერია; 2017 წლიდან - ნ. დუმბაძის გამომცემლობის დირექტორია; 2020 წ - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, საარჩევნო ფორმა - პარტიული სიით.

ქეთევან დუმბაძის ქონება

სულ ბოლოს, ქონებრივი დეკლარაცია, ქეთევან დუმბაძეს 2023 წლის 23 თებერვალს შეუვსია. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ცხოვრობს მეუღლესთან - გიორგი მაჭარაშვილთან ერთად. მეუღლე 100%-იანი მფლობელია 1205 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარეობს. დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ მიწის ეს ნაკვეთი გიორგი მაჭარაშვილისთვის 2008 წელს უჩუქებიათ. ქეთევან დუმბაძე 100%-იანი მფლობელია 153.17 კვ.მ. საცხოვრებელი სახლისა, რომელიც ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და რომელიც 2021 წელს, გაუცვლია.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, ქონებრივი დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ გიორგი მაჭარაშვილს, თიბისი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 69 494 აშშ დოლარი, ხოლო საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე - 14 049 აშშ დოლარი ერიცხება; ქეთი დოლიძეს „ქართუ ბანკში“ აქვს სახელფასო ანგარიში გახსნილი, რომელზეც დეკლარაციის შევსების მომენტში, 232 ლარი და 46 თეთრი ერიცხებოდა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ირკვევა, რომ გიორგი მაჭარაშვილინ შპს „კარკასის“ დირექტორია, საიდანაც წინა წელს, მთლიანობაში 124 922 ლარის შემოსავალი მიუღია. გარდა ამისა, ქეთევან დუმბაძის მეუღლის საკუთრებაშია შპს „აგროინდუსტრია 99“, რომელიც 20 წელზე მეტია, უმოქმედოა; მასვე ეკუთვნის შპს „აგროინდუსტრია საქართველო“, რომელიც ათ წელზე მეტია, უმოქმედოა და სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული შემოქმედებითი გაერთიანება შპს „მცხეთა -საქართველო“, რომელიც ათ წელზე მეტია, უმოქმედოა.

2022 წელს, ქეთევან დუმბაძეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაუმარჯვია. მისი პროექტი საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებთან შეხვედრებს ითვალისწინებდა და ამ საქმიანობაში, შემოსავლის სახით,  2 240 ლარი მიუღია. გარდა ამისა, ქეთევან დუმბაძე იყო პროექტ „ზურიკელას სკოლას“ ავტორი და ხელმძღვანელი. ეს პროექტი საზღვარგარეთ მოქმედ საკვირაო სკოლებთან ონლაინ-შეხვედრებს ითვალისწინებდა, საიდანაც შემოსავლის სახით, 2 890 ლარი მიუღია. ქონებრივი დეკლარაციიდან იმასაც ვიგებთ, რომ 2022 წელს, ქეთევან დუმბაძეს, ტექსტის რედაქტირებაში, ანაზღაურების სახით, 479 ლარი მიუღია, ხოლო მისი, როგორც პარლამენტის წევრის შემოსავალი 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 49 344 ლარი ყოფილა.

ავტორი: მაკა რუხაძე