რა ქონებას ფლობს სერგეი ლავროვის ქალიშვილი ეკატერინა ლავროვა-ვინოკუროვა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთიდან საქართველოში უვიზო ავიამიმოსვლის სკანდალი სერგეი ლავროვის შვილის მაზლის საქართველოში დაგეგმილმა ქორწილმა გადაფარა. გასული კვირის ხმაურიან მოვლენადაც სწორედ ეს ამბავი, უფრო ზუსტად, ჩაშლილი და არშემდგარი ქორწილი იქცა. მართალია, საქართველოს არცერთი უწყება ოფიციალურად არ ადასტურებს, ბოლოს და ბოლოს, იყო თუ არა საქართველოში ეკატერინა ლავროვა, რომელიც მეუღლის გვარსაც ატარებს, მაგრამ იმის ალბათობაც კი, რომ დასავლეთის მიერ სანქცირებული პირები, შესაძლოა, საქართველოში ჩამოსულიყვნენ, უკვე სერიოზული ვნებათაღელვის საკმაოდ მყარი არგუმენტია. ამიტომ, არავის და, პირველ რიგში, ხელისუფლებას არ უნდა გაჰკვირვებოდა საზოგადოების რეაქცია. რეალურად, არც კი გაუკვირდებოდათ, რომ არა საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი ანუ ადგილი, სადაც ძაღლის თავი იყო დამარხული...

ამ სკანდალში ერთადერთი ჭეშმარიტება ის გახლდათ, რომ საქართველოში ქორწილს ეკატერინა ლავროვა-ვინოკუროვას მაზლი - მიკა ვინოკუროვი გეგმავდა, რომელმაც თავის რჩეულს ხელი ზიმბაბვეში სთხოვა, ქორწილი კი კახეთში დაგეგმა. არც მიკა ვინოკუროვი და არც მისი რჩეული სანქცირებულები არ არიან, მეტიც, მიკა ვინოკუროვი პუტინის პოლიტიკის კრიტიკით გამოირჩევა და ამას არც მალავს. არშემდგარი სკანდალის ძაღლის თავი კი იქ იყო დამარხული, რომ სანქცირებული ეკატერინა ვინოკუროვას ვითომდა საქართველოში ვიზიტი საზოგადოებას ელენე ხოშტარიამ ამცნო. იმ ელენე ხოშტარიამ, რომელმაც „მგიმო“ (საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი) დაამთავრა. დიახ, ის ინსტიტუტი, რომელიც ჯერ საბჭოთა კავშირის, ახლა კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების კადრების სამჭედლოდ ითვლება. კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რომ 2011 წელს - აგვისტოს ომიდან სამი წლის თავზე, პუტინთან დაახლოებული რეჟისორის, ნიკიტა მიხალკოვის შვილის ქორწილში, რომელიც საქართველოში გაიმართა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა...

მართალია, საქართველოში არ იყო, მისი არასანქცირებული მაზლის ქორწილი ჩაიშალა და სტუმრებმა ქვეყანა დატოვეს, მაგრამ „ვერსია“ გასული კვირის არშემდგარი სკანდალის მთავარი გმირის - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ერთადერთი ქალიშვილის, ეკატერინა ლავროვა-ვინოკუროვას ქონებრივ დეკლარაციას გთავაზობთ. თუმცა, მანამდე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეკატერინა ლავროვა, რომელიც ალექსანდრე ვინოკუროვის მეუღლეა, გაერთიანებულმა სამეფომ, აშშ-მა და და კანადამ დაასანქცირა.

გაგიკვირდებათ და, ეკატერინა ლავროვა-ვინოკუროვა აშშ-ს მოქალაქეა - 1982 წელს, ნიუ-იორკში დაიბადა. ეს იმიტომ, რომ სწორედ 80-იან წლებში, მამამისი - სერგეი ლავროვი გაეროში საბჭოთა კავშირის ოფიციალური წარმომადგენელი იყო და ნიუ-იორკში ცხოვრობდა. მოკლედ, ეკატერინას ამერიკის მოქალაქეობა აქვს. სწავლობდა მანჰეტენის საშუალო სკოლაში, ამის შემდეგ - კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე. საბოლოოდ, სწავლა დიდ ბრიტანეთში - ლონდონის უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე განაგრძო და მაგისტრის ხარისხიც მოიპოვა. 

ამერიკული და ევროპული განათლების მიღების შემდეგ, მეუღლესთან ერთად, ეკატერინა მოსკოვში დაბრუნდა. როგორც აღვნიშნე, სერგეი ლავროვის ერთადერთი ქალიშვილი დაქორწინებულია ალექსანდრე ვინოკუროვზე. წყვილმა ერთმანეთი 2008 წელს, ლონდონში, ასპირანტურაში სწავლის დროს გაიცნო და 2010 წელს იქორწინეს. იმავე წელს შეეძინათ ვაჟი - ლეონიდი და 2013 წელს - ქალიშვილი, რომლის სახელი რუსული მედიისთვისაც კი უცნობია.

ალექსანდრე ვინოკუროვი რუსია, უფრო ზუსტად, რუსი ებრაელია. ის მრავალი საინვესტიციო კომპანიის ტოპ მენეჯერია, კერძოდ, „მარათონ ჯგუფის“ (Marathon Group) საინვესტიციო კომპანიის მმართველი პარტნიორი და პრეზიდენტია. ალექსანდრე ვინოკუროვის საკუთრებაშია მთავარი რუსული ფარმაცევტული დისტრიბუტორი კომპანია - „SIA ჯგუფისა“ და სააფთიაქო ქსელის - „მეგა ფარმის“ აქციების საკონტროლო პაკეტები. სერგეი ლავროვის სიძემ კარიერა მამის - სემიონ ვინოკუროვის კავშირების საშუალებით აიწყო, რომელიც მოსკოვში, დიდი ხნის განმავლობაში, ფარმაცევტულ ბიზნესში საქმიანობდა. მამასთან ერთად, მას სიმამრის - სერგეი ლავროვის მხარდაჭერაც გამოადგა. ეკატერინა ლავროვა-ვინოკუროვას მეუღლეს, ალექსანდრე ვინოკუროვს რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეობა აქვს. ისრაელის მოქალაქეები არიან ლავროვის შვილიშვილებიც.

რუსული მედიის ინფორმაციით, ეკატერინა ლავროვა-ვინოკუროვას ქონებრივი მდგომარეობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, რუსი ჟურნალისტები ასკვნიან, რომ სერგეი ლავროვის ქალიშვილის საკუთრებაშია საკმაოდ ძვირადღირებული უძრავი ქონება - სახლები ნიუ-იორკში, ლონდონსა და მოსკოვში, თუმცა მათი მისამართები და ფოტოები მკაცრად გასაიდუმლოებულია.

ასეთი კონსპირაციულობის მიუხედავად, რუსულ პრესაში მაინც გაჟონა ინფორმაციამ, რომ ეკატერინა ლავროვა-ვინოკუროვა ბრიტანული აუქციონის სახლის - Chritie’s-ის რუსული ფილიალის დირექტორია, რომელიც ანტიკვარებსა და ხელოვნების ნიმუშებს ჰყიდის. 2015 წლიდან, ეკატერინამ საკუთარი ბიზნესი - Smart Art პროექტი წამოიწყო. რუსული მედიიც ცნობით, ამ კომპანიის მიზანია, როგორც ხელოვნების ნიმუშების პოპულარიზაცია, ასევე შუამავლობა კოლექციონერებსა და ხელოვანებს შორის.

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი - გაერთიანებულ სამეფოს, აშშ-სა და კანადას კიდევ ერთი ქვეყანა - იაპონიაც შეუერთდა, რომელმაც რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. CNN-ის ინფორმაციით, იაპონიამ გაყინა რუსეთის 398 მოქალაქის, მათ შორის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილების - კატერინასა და მარიას ქონება. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებიც, მეუღლე - მარია ლავროვა და ქალიშვილი - ეკატერინა ლავროვა-ვინოკუროვა.

ცნობისთვის, იაპონიამ რუსი პოლიტიკოსების, ოლიგარქებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციები შარშანაც დააწესა. სანქციები 25 ფიზიკურ და 81 იურიდიულ პირს დაუწესა, მათ შორის, პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის შვილებს; პუტინის ყოფილ თანაშემწეს იგორ შუვალოვსა და მის ოჯახს; რუს მილიარდერ ალექსეი მორდაშოვსა და სხვებს.

 

ავტორი: მაკა რუხაძე