ბავშვების 35% სკოლაში არასდროს იკვებება - კვლევა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის 2022 წლის კვლევის თანახმად, ბავშვების 27% სკოლის პერიოდში ყოველდღიურად იკვებება, ხოლო 35% არასდროს.

 

კვლევის მიხედვით, საკვების მიღების ბარიერები, ძირითადად, მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვებს შორისაა გავრცელებული.

 

„სასკოლო პერიოდში კვება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) სკოლაში საკვებს ყოველდღიურად იღებს, ხოლო 35% სკოლის პერიოდში არასდროს იკვებება. საკვების მიღების ბარიერები მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვებს შორის უფრო მეტადაა გავრცელებული (45%), ვიდრე ასეთი დანაკლისის არმქონე ბავშვებს შორის (28%). სკოლაში საკვების მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბარიერი სკოლის სიახლოვეს საკვები ობიექტის არარსებობაა (ეს მიზეზი დასახელდა შემთხვევების 36%-ში). ფინანსური ბარიერები ასევე მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების შემთხვევაშია დასახელებული, რომლებიც სასკოლო საათებში საერთოდ არ იკვებებიან“, - წერია კვლევაში.

 

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, ძირითადად ფინანსური მიზეზების გამო, ბავშვების 12%-მა საჭირო სამედიცინო მკურნალობა ვერ მიიღო (სრულად ან ნაწილობრივ), ხოლო 5%-მა საჭირო მედიკამენტები.

 

„ბავშვების 12%-მა საჭირო სამედიცინო მკურნალობა (სრულად ან ნაწილობრივ), ხოლო 5%-მა საჭირო მედიკამენტები ვერ მიიღო. ორივე შემთხვევაში ძირითადი ბარიერები ფინანსური იყო.

 

ბავშვების 62%-ის მშობლებმა/ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ბავშვების აღზრდის მხოლოდ არაძალადობრივ მეთოდებს იყენებენ. ფსიქოლოგიური აგრესია, როგორიცაა ყვირილი და ბავშვისთვის დამამცირებელი სახელების წოდება ბავშვების 29%-ის შემთხვევაში დაფიქსირდა, ხოლო ბავშვების 5% ფიზიკურ დასჯას დაექვემდებარა, როგორიცაა ცემა, სილის გაწნა, ყურის აწევა ან დარტყმა. სასტიკი ფიზიკური დასჯა, მაგალითად - მთელი ძალით ცემა, ბავშვების ერთ%-ზე ნაკლებს შეეხო“, - აღნიშნულია კვლევაში.

 

იხილეთ კვლევა სრულად: https://uni.cf/3mEQ8Al