"მეწყრულ უბანს არანაირი კავშირი არ აქვს ახალ მშენებლობასთან" - მინისტრი რიკოთზე

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რიკოთის უღელტეხილზე განვითარებული მეწყერის შესახებ გააკეთა განმარტება. მინისტრის მტკიცებით, მეწყერი, რომლის გამოც აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე რამდენიმე დღის განმავლობაში მოძრაობა შეზღუდული იყო, ახალი მშენებლობებით არ იყო განპირობებული

„მეწყრულ უბანს არანაირი კავშირი არ აქვს ახალ მშენებლობასთან, ნაპრალები გაჩნდა არსებული გზიდან 200 მეტრში, რაც შეიძლება მეწყრულ პროცესებში გადაზრდილიყო. დაიწყო შესაბამისი კვლევები იმისათვის, რომ გვქონოდა დეტალური ინფორმაცია, თუ რა გეოლოგიასთან გვქონდა საქმე. პარალელურად, აღნიშნულ უბანთან გზა იმდაგვარად გაფართოვდა, რომ რეალურად გაორმაგდა ე.წ. დამგროვებლის შესაძლებლობა. ყველას გვესმოდა, რომ ძალიან არაპოპულარულ ნაბიჯს ვდგამდით გზის დაკეტვით, მაგრამ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. 7 აპრილს მიღებული პირველადი კვლევების მონაცემების შესაბამის სისტემაში შეყვანით, მეწყერის გააქტიურებასთან დაკავშირებული რისკების ფონზე, გზის სპეციალური რეჟიმით გახსნა დასაშვებად იქნა მიჩნეული,-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ამასთან, ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, სამინისტრო დგამს ყველა შესაბამის ნაბიჯს, რათა მსგავსმა პროცესებმა მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილებას არ შეუქმნას საფრთხე.

„რიკოთის უღელტეხილზე, 149-ე კილომეტრზე, თოვლის დნობის შემდეგ, მონიტორინგის შედეგად, არსებული გზიდან 200 მეტრში დაფიქსირდა ნაპრალები. იმისათვის რომ გაგვეგო რასთან გვქონდა საქმე, გაგრძელდა მონიტორინგი და დაიგეგმა დამატებითი ღონისძიებები, კვლევების ჩათვლით. თუმცა, 29 მარტს ნაპრალების ზრდის გამო ვითარება სპეციალისტებისა და ექსპერტების მიერ შეფასდა მომეტებულ საფრთხედ. ამ პირველად მონაცემებზე დაყრდნობით, მიღებული იქნა რიკოთის მონაკვეთის დაკეტვის და მოძრაობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებაზე გადართვის გადაწყვეტილება. ეს იყო რიკოთის დაკეტვის პირველი შემთხვევა, რომელიც 29 მარტს 23:45 საათზე იქნა მიღებული“- ამბობს ქარსელაძე.

მინისტრის თქმით, გზის დაკეტვის გადაწყვეტილება იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ პოტენციური საფრთხის შეფასების და ამ საფრთხის თავიდან არიდების გამო იქნა მიღებული.

ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა იმაზეც, რომ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გზის დაკეტვიდან მეორე დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მედიასთან გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა საზოგადოებას სრული ინფორმაცია შექმნილ ვითარებაზე.

“ბუნება მბრძანებელია, ბუნება ჩვენი დედაა, როდესაც რაღაცას ვაკეთებთ ბუნებას კი არ ვერჩით, არამედ მეცნიერულად, შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით, ხდება შესაბამისი გადაწყვეტების და პროექტის გაკეთება. მათ შორის როდესაც არის მეწყერი, ხდება ამ მეწყერის შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტის პოვნა ხდება. შეიძლება ეს გადაწყვეტა რთული იყოს, ან არ იყოს მიზანშეწონილი გზის გაყვანა. მაშინ ხდება სხვანაირი გადაგეგმარება. ეს ყველაფერი ამ პროექტებში არის გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე არაფერი აპოკალიპტური არ ხდება მეგობრებო. გზები გვაქვს უსაფრთხო. ჩვენი თანამშრომლები, კონტრაქტორიც და საზედამხედველოც 24 საათი, მათ შორის გუშინ, გუშინწინ წინა დღეებშიც, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს. პროექტირება მიმდინარეობს პოტენციური მეწყრის უბანზე და შესაბამისი შეფასებები მზადდება,”- აცხადებს ქარსელაძე.