რა ქონებას ფლობენ „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის ლიდერები

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ვერსია“ აგრძელებს პოლიტიკოსებისა და მაღალი თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების გაცნობას. ჩვენ უკვე გავეცანით განათლების ახალი და ჯანდაცვის მინისტრების დეკლარაციებს, ამჯერად ლევან ხაბეიშვილისა და ირაკლი კობახიძის ქონებით დავინტერესდით. ვფიქრობთ, მიზეზი მარტივია - ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხოლო ლევან ხაბეიშვილი - მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ჯერ კიდევ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გახლავთ. ჰოდა, ვნახოთ, რა ქონებას ფლობენ პოლიტიკოსები, რომლებიც საკმაოდ მრავალრიცხოვან პოლიტიკურ პარტიებს ხელმძღვანელობენ.

 

ლევან ხაბეიშვილის დეკლარაცია

ლევან ხაბეიშვილით დავიწყოთ, რომელიც 30 იანვრიდან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა. ხაბეიშვილი პროფესიით ეკონომისტია, დაიბადა 1987 წლის 7 მაისს, თბილისში. უმაღლესი განათლება ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციასთან არსებულ უნივერსიტეტში - „მცირე აკადემია“ მიიღო.

ვიდრე ქონებრივ დეკლარაციას გავეცნობით, ვნახოთ, როდის და სად მუშაობდა ლევან ხაბეიშვილი. კარიერა 2006 წლიდან, სოციალური კვლევის ინსტიტუტში - „ბი სი ჯი“ დაიწყო; 2012-2013 წლებში - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში, მთავარი სპეციალისტის პოზიციაზეა; 2013-2014 წლებში - თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო; 2017 წელს აირჩიეს თბილისის საკრებულოს დეპუტატად.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციური პარტიების ნაწილის საერთო კანდიდატი იყო სამგორის მაჟორიტარულ ოლქში. მან ხმების 39.14% (27 506 ხმა) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა. მეორე ტურში მონაწილეობასა და პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზე უარი განაცხადა, მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით. 2020 წლიდან, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია.

ახლა ხაბეიშვილის ქონებრივ დეკლარაციასაც გადავავლოთ თვალი, რომელიც 2021 წლის 10 თებერვალს შეავსო. ამ დოკუმენტის მიხედვით, ლევან ხაბეიშვილის საკუთრებაში უძრავი ქონება არ ფიქსირდება.

ენმ-ის ახალი თავმჯდომარის მოძრავ ქონებად ითვლება ავტომანქანა Toyota Higlander, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა 2020 წელს, 7 000 აშშ დოლარად შეიძინა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ლევან ხაბეიშვილმა, თბილისის საკრებულოს წევრის პოზიციაზე, 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე, შემოსავლის სახით, 30 873 ლარი მიიღო.

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ლევან ხაბეიშვილის ქონებრივ დეკლარაციას უკავშირდება, დარღვევებია, რის გამოც მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააჯარიმეს კიდეც. უფრო ზუსტად, ხაბეიშვილის გარდა, ქონებრივ დეკლარაციებში არსებული დარღვევების გამო, 2022 წელს შემოწმებულ თანამდებობის პირთა 36% დაჯარიმდა, - ვკითხულობთ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ამ ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში შემოწმებული 377 პირიდან, 39 მათგანი პარლამენტის წევრი იყო. მათგან, ექვსი დეპუტატის დეკლარაცია შეფასდა დადებითად, 27 - დაჯარიმდა, სამი დეპუტატი გააფრთხილეს, ხოლო სამი დეპუტატის დეკლარაციის მონიტორინგი შეწყდა.

ერთ-ერთი დეპუტატი, რომლის ქონებაც უარყოფითად შეფასდა და დაჯარიმდა, „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ და მაშინ ჯერ კიდევ  პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი გახლდათ. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებლი ანგარიშით, დაჯარიმების მიზეზი გახდა: ბიუროს მიერ მოთხოვნილი საბანკო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენა. ამასთან, მათი შეფასებით, დეკლარაციაში არ იყო მითითებული ინფორმაცია თანამდებობის პირის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

დეკლარაცია ლევან ხაბეიშვილს, როგორც პარლამენტის წევრს, 2022 წლის თებერვალში ჰქონდა შევსებული. დეკლარაციის შევსების მომენტში, ხაბეიშვილის სახელფასო ანგარიშზე 9 334 ლარი, ხოლო საკრედიტო ანგარიშზე, ჯამში - 2 179 ლარი ირიცხებოდა. ამასთან, მისმა პარლამენტის წევრის პოზიციაზე მისმა შემოსავალმა 42 412 ლარი, ხოლო თბილისის საკრებულოს წევრის პოზიციაზე 2021 წლის პირველ ხუთ თვეში - 12 864 ლარი შეადგინა. მასვე უფიქსირდება 23 500 ლარის მოცულობის სამომხმარებლო სესხი.

 

ირაკლი კობახიძე

ვიდრე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის ქონებრივ დეკლრაციას გაგაცნობთ, ჯერ მის ბიოგრაფიას გადავავლოთ თვალი. შეგახსნებთ, რომ ირაკლი კობახიძე 1978 წლის 25 სექტემბერს, თბილისში დაიბადა. 2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2005 წელს - ჰ. ჰაინეს სახელობის დიუსელდორფის უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრის ხარისხით; 2006 წელს - ჰ. ჰაინეს სახელობის დიუსელდორფის უნივერსიტეტი, სამართლის დოქტორის ხარისხით; 2000-2001 წლებში - შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო - USAID, საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორია; 2005-2012 წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორი გახლდათ; 2011-2014 წლებში - კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი იყო; 2011-2012 წლებში - ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრია; 2011-2012 წლებში - ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში, ექსპერტი გახლდათ სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში; 2006-2014 წლებში - გაეროს განვითარების პროგრამა UNDP, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტი და მენეჯერია; 2014 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი იყო; 2016 წლის 18 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

2015 წლიდან, ირაკლი კობახიძე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრია.

რაც შეეხება ქონებრივ დეკლარაციას, ირაკლი კობახიძემ დეკლარაცია ბოლოს 2022 წლის მიწურულს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ ირაკლი კობახიძის მეუღლე, ნატალია მოწონელიძე, რომელიც პროფესორია, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დაბადებულა. წყვილს ორი შვილი ჰყავს - 2011 წელს დაბადებული გიორგი და 2014 წელს დაბადებული ნიკო.

დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ წყნეთის გზატკეცილზე, ირაკლი კობახიძეს აჩუქეს 20 კვ.მ. ავტოფარეხი და  157.8 კვ.მ. ბინა. ორივე საჩუქარი მას 2016 წელს მიუღია.

ირაკლი კობახიძის საკუთრებაშია ავტომობილი Mercedes-Benz S Class - 2014, რომელიც 2020 წელს, 20 000 აშშ დოლარად შეუძენია.

დეკლარაციის მიხედვით ვიგებთ, რომ კობახიძის ოჯახი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს. ქონებრივი დეკლარაციის შევსების დროს, პოლიტიკოსის ანგარიშზე, თიბისი ბანკში, 60 ათასი აშშ დოლარი ირიცხებოდა, ხოლო საკრედიტო ბარათზე - 1 104  ლარი.

გარდა იმისა, რომ პარლამენტის წევრია, ირაკლი კობახიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. ამ საქმიანობაში, 2021 წელს, 13 989 ლარი მიიღო; პარლამენტში მუშაობის პერიოდში, ერთი წლის განმავლობაში - 63 580 ლარი.

რაც შეეხება შვილების სწავლის საფასურს, ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ უფროსი შვილის სწავლის გადასახადი 10 057 ლარი, ხოლო უმცროსი შვილის სწავლის გადასახადი - 8 398 ლარი ყოფილა.

როგორც აღვნიშნეთ, ირაკლი კობახიძის მეუღლე ნატალია მოწონელიძე პროფესორია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს. გასულ წელს, ამ საქმიანობაში მან 11 472 ლარი მიიღო. გარდა ამისა, ნატალია მოწონელიძე მუშაობს სსიპ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოში“, თავმჯდომარის მოადგილედ. გასულ წელს, ამ პოზიციაზე მოწონელიძეს 48 851 ლარი მიუღია.

 

 

 ავტორი-მაკა რუხაძე