330 000-ლარიანი სახლი და 3 000-ლარიანი იარაღი საჩუქრად - ზურაბ აზარაშვილის ქონებრივი დეკლარაცია

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მას შემდეგ, რაც განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი წარადგინა, გავრცელდა ხმა, რომ პრემიერ-მინისტრს ჯანდაცვის მინისტრიც უნდა შეეცვალა. თუმცა, გასულ კვირას, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა - მოკლედ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტს ისევ ხუთი შვილის მამა, 43 წლის ზურაბ აზარაშვილი ინარჩუნებს. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრობამდე, ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახლდათ, მანამდე კი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, სამხედრო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებს - „თბილავიამშენსა“ და „დელტას“ ხელმძღვანელობდა.

 

ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არ არის, ვნახოთ, რა ქონებას ფლობს ჯანდაცვის მინისტრი. „ვერსია“ 2021 წლის 17 აპრილსა და 2022 წლის 29 აპრილს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებს გაგაცნობთ. თუმცა, მანამდე გავეცნოთ, რა გამოცდილება აქვს ზურაბ აზარაშვილს ჯანდაცვის სექტორში. მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ESM-ის (მენეჯმენტის ევროპული სკოლა) ბაკალავრი და მაგისტრია. თავდაცვის სფეროში საქმიანობის დაწყებამდე ანუ 2000 წლიდან 2020 წლამდე, მხოლოდ საბანკო სფეროში ჰქონდა სამუშაო გამოცდილება. კერძოდ, სხვადასხვა წლებში, ზურაბ აზარაშვილი მუშაობდა ჯერ „თიბისი ბანკში“, შემდეგ „ქართუ ბანკში“, ამის შემდეგ „კორ სტანდარტ ბანკსა“ და სულ ბოლოს „ტერა ბანკში“, რომლის კომერციული დირექტორი გახლდათ. სწორედ „ტერა ბანკიდან“ გადაინაცვლა ჯერ „თბილავიამშენის“ გენერალურ დირექტორად, შემდეგ - „დელტას“ გენერალურ დირექტორად.

ზურაბ აზარაშვილის ჯანდაცვაში არასდროს უმუშავია, მაგრამ აუცილებლად უნდა გაგახსენოთ, რომ ორიოდე წლის წინ, მისი წარდგენისას, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მინისტრობის ახალი კანდიდატი ექიმების ოჯახში გაიზარდაო. პრემიერმა მაშინ ისიც თქვა, ზურაბ აზარაშვილს „ფინანსების მართვის დიდი გამოცდილება აქვს“ და ძალიან ძლიერი მენეჯერიაო.

ახლა ვნახოთ, რა ქონებას ფლობს ზურაბ აზარაშვილი და ჯერ 2021 წელს შევსებული დეკლარაცია განვიხილოთ: „დელტას“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე, 2020 წლის 10 მარტიდან 31 დეკემბრის პერიოდში, მან 58 362 ლარის შემოსავალი, ხოლო „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორის პოსტზე - 2020 წლის 24 აპრილიდან 31 დეკემბრის პერიოდში - 46 199 ლარის შემოსავალი მიიღო. ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია, რომ „ტერა ბანკის“ კომერციული დირექტორის პოსტზე - 2020 წლის 1 იანვრიდან 11 მარტის ჩათვლით, აზარაშვილმა 174 870 ლარი, ხოლო „დელტა ინტერნეიშენალის“ წარმომადგენლად მუშაობისას ანუ 2020 წლის 26 მარტიდან 31 დეკემბრამდე, 4 643 ლარი მიიღო.

ზურაბ აზარაშვილის სახელზეა რეგისტრირებული 500 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი თბილისში, ბერტა ფონ ზუტნერის ქუჩაზე და 123.9 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ამავე მისამართზე, რაც 2017 წელს შეუძენია. მიწის ნაკვეთი - 12 500 აშშ დოლარად, ხოლო სახლი - 27 500 აშშ დოლარად. გარდა ამისა, აზარაშვილის უფროსი შვილი, მარიამ აზარაშვილი თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ფლობს 133 კვ.მ. ფართობის ბინას, რომელიც 2019 წელს, მამამ აჩუქა. ქალიშვილის ბინაში, ზურაბ აზარაშვილმა 250 000 ლარი გადაიხადა.

დეკლარაციის შევსების მომენტში, აზარაშვილის საბანკო ანგარიშებზე იყო 6 480 ლარი, 24 907 ევრო და 1 860 აშშ დოლარი. ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 15 000 ლარი და 5 000 აშშ დოლარი ერიცხება, რაც ავტომობილის რეალიზაციიდან მიიღო. დეკლარაციის შევსების დროს, აზარაშვილის მეუღლესა და შვილებს საბანკო ანგარიშებზე ჯამში 3 114 ლარი და 650 აშშ დოლარი ჰქონდათ.

რაც შეეხება ავტომობილებს, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ აზარაშვილი ფლობს მსუბუქ ავტომანქანა „ტოიოტა კამრის“, რომელიც 2018 წელს, 55 000 აშშ დოლარად შეუძენია, ხოლო მისი უფროსი ქალიშვილის, მარიამის საკუთრებაშია „ტოიოტა პრადო“, რომელიც შვილს 2019 წელს აჩუქა და ეს საჩუქარი 54 000 აშშ დოლარი დაუჯდა.

2022 წლის 29 აპრილს შევსებული დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ ზურაბ აზარაშვილის მეუღლეს შორენა ქოქაშვილს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, 15.7 კვ.მ. ფართობის ავტოფარეხი 5 000 აშშ დოლარად შეუძენია. თავად მინისტრს, „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე 15 430 ევროს ოდენობის ანგარიში აქვს გახსნილი. ქონებრივი დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ მინისტრს სახლი გაუყიდია, რეალიზაციის შედეგად კი, მის ანგარიშზე ირიცება 40 000 ლარი და 17 000 აშშ დოლარი.

სს „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორის პოსტზე, 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 23 იანვრამდე პერიოდში (შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრად აზარაშვილი 2021 წლის დეკემბერში წარადგინა, შესაბამისად, 2021 წლის აპრილში შევსებულ დეკლარაციაში ეს პერიოდი ვერ აისახა, - ავტ.) 11 758 ლარის შემოსავალი მიუღია; ამავე პერიოდში, სსიპ „დელტას“ გენერალური დირექტორის პოსტზე - 12 539 ლარის შემოსავალი ფიქსირდება; თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე - 80 892 ლარი; ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, 2021 წლის 27 დეკემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში ანუ ოთხ დღეში - 436 ლარის შემოსავალი.

დეკლარაციიდან იმასაც ვიგებთ, რომ ზურაბ აზარაშვილს 45 000 და 120 000 ევროს ოდენობის სესხები ჰქონია „საქართველოს ბანკში“, ამასთან 330 000 ლარი გადაუხდია საცხოვრებელი სახლის შესაძენად. თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დროს, საჩუქრის სახით, 3 000-ლარიანი იარაღი მიუღია.

 

ავტორი-მაკა რუხაძე