არამიზნობრივად გაცემული სახელმწიფო გრანტები - აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აუდიტი

 

სახელმწიფო უწყებებში არაეკონომიურად გახარჯული საბიუჯეტო სახსრები!

 

მაკა რუხაძე

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო გრანტებით დაინტერესდა. აუდიტის ანგარიში, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტების ეფექტიანობას ეხება. აუდიტის მიზანი სისტემური ხასიათის ნაკლოვანებების გამოვლენა და შემდგომში მათი აღმოფხვრა გახლდათ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და ეს სახელმწიფო აუდიტორებმაც გამოავლინეს, რომ ხარვეზები დაფიქსირდა, როგორც გრანტების დაგეგმვის, ასევე, მათი გაცემის პროცესში. მეტიც, აუდიტის შედეგად ისიც კი გაირკვა, რომ სახელმწიფო გრანტის ათვისებისა და ხარჯვის მიზნობრივ მონიტორინგშიც სერიოზული ნაკლოვანებებია!

 

სახელმწიფო გრანტების შესახებ

ვიდრე სახელმწიფო აუდიტორების მიერ გამოვლენილ ხარვეზებს გაგაცნობთ, ვნახოთ, რა ოდენობის სახელმწიფო გრანტი გაიცა 2017-2020 წლებში და კონკრეტულად რომელმა უწყებებმა მიიღეს ეს გრანტები. საქართველოს მთავრობის მიერ, 2017-2020 წლებისთვის დამტკიცებული ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის თანახმად, შედგა რეფორმების ოთხ-პუნქტიანი გეგმა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კერძო სექტორის გაძლიერებაა. ამის შესასრულებლად, მთავრობამ გადაწყვეტილებების პაკეტი შეიმუშავა,  რომელმაც ქვეყანაში ბიზნესის წარმოება უფრო მიმზიდველი და მომგებიანი გახადა.

მთავრობა მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს ბიზნესის დაწყების ხელშეწყობაზე, სტარტაპების დაფინანსების ინსტრუმენტის სახით, რაც მიჩნეულია სწრაფი განვითარების ოთხ-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად. გეგმის მიხედვით, სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, განხორციელდება საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის, არსებული საწარმოების გაფართოება/გადაიარაღების ხელშეწყობა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და ტექნიკურ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის საშუალებით, მეწარმეობის ხელშეწყობა რეგიონებში და საქართველოში კინოწარმოების განვითარება.

გეგმის მიხედვით, განათლების სფეროში გასატარებელი ღონისძიებებით გათვალისწინებულია განათლების რეფორმის შედეგად, ადამიანური კაპიტალის განვითარება და მისი მაქსიმალური, ეფექტიანი ჩართვა ქვეყნის განვითარებაში, უმაღლესი განათლება დაეფუძნება ეკონომიკის საჭიროებებს და მოთხოვნებს, ხელი შეეწყობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და სამეცნიერო გრანტების დაფინანსებით ფუნდამენტური და გამოყენებით სამეცნიერო ტექნოლოგიური კვლევების ჩატარებას.

2017-2020 წლებში, სახელმწიფოს მიერ გრანტების სახით დაფინანსებულია: სოფლის მეურნეობა - 366 345 000 ლარით; განათლება - 122 378 000 ლარით; „აწარმოე საქართველოში“ - 90 352 000 ლარით; ინოვაციები და სტარტაპები - 6 552 000 ლარით.

 

ხარვეზები სახელმწიფო გრანტების დაგეგმვაში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ შემოწმებული რვა ორგანიზაციიდან ექვსში, განსაზღვრული გრანტის გაცემის მიზნები ზოგადი ხასიათისაა, არ არის ან არასათანადოდაა განსაზღვრული. შედეგების შეფასების ინდიკატორები. სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, სწორედ ეს ხარვეზი არ იძლევა შესაძლებლობას გაანალიზდეს, კონკრეტულად რა მოცულობით და როგორი ხარისხით შეუწყო ხელი 2017 2020 წლებში, გრანტის სახით დახარჯულმა საბიუჯეტო სახსრებმა საქართველოს მთავრობის მიერ, 2017-2020 წლებისთვის დამტკიცებული, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.

უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ სსიპ „რუსთაველის ფონდის“ მიერ გამოცხადებული სამეცნიერო გრანტების კონკურსის პირობებით, რომლითაც ფუნდამენტური კვლევები უნდა დაფინანსებულიყო, დასაფინანსებელი კვლევა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ყოფილიყო სოციალურ პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული ან/და ტექნიკური პროგრესის საფუძველი. სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის − „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის: უკეთესი უნარები წარმატებული მომავლისათვის“ მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის ისეთი ცოდნისა და კომპეტენციების განვითარების უზრუნველყოფა, რომელიც ხელს შეუწყობდა მათ შრომით ეფექტიანობას, კონკურენტუნარიანობას და დასაქმებას.

სსიპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ მიერ განხორციელებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის -„ქართული ჩაის“ ერთ-ერთი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის, მათ შორის, ბიო-ჩაის წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის ზრდა.

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ერთ-ერთი მიზანია საართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ეფექტიანი გამოყენება მრავალწლიანი კულტურების გაშენების გზით, იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და საექსპორტო პოტენციალის ზრდა, გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობის გამარტივება და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

„სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მიერ გაცემული გრანტების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა. მიზნის მიღწევის შეფასების ინდიკატორებად განსაზღვრულია დასაფინანსებელ ბენეფიციართა რაოდენობა და გრანტების თანხობრივი მაჩვენებლები

სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ გაცემული გრანტების მიზანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში, საუნივერსიტეტო სივრცეში აკადემიური მოღვაწეობის მიზნით ინტეგრირების ხელშეწყობა. ასევე, საუნივერსიტეტო განვითარების პროგრამების პოპულარიზაცია კურსდამთავრებულთა შორის და მათთან თანამშრომლობის გზით პროფესიული ქსელის შექმნა“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

შემოწმებული რვა ორგანიზაციიდან ორში გამოვლინდა პროექტის დაგეგმვის ნაკლოვანებები, კერძოდ, სსიპ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში“, ბენეფიციართა მიერ წარდგენილ გრანტის ბიუჯეტში, სათანადოდ არ იყო გაანალიზებული შესასყიდი საქონლისა და მომსახურების რეალური მოცულობები, საბაზრო ფასები, თანამშრომელთა საჭირო რიცხოვნობა და საბაზრო პირობების შესაფერისი სახელფასო განაკვეთები. შედეგად, შერჩეული 19 ბენეფიციარიდან ხუთის მიერ, პროექტის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებებით, იჯარის, მარკეტინგისა და სხვა ხარჯების შემცირების შედეგად 71 562 ლარით გაზრდილია სახელფასო ფონდი! ამასთან, პროექტის მიმდინარეობისას შერჩეული 19 ბენეფიციარიდან ოთხმა, ბიუჯეტის მუხლებს შორის თანხები დაუსაბუთებლად გადაანაწილა და პროექტის ვადა უსაფუძვლოდ გაახანგრძლივა, რის გამოც გაიზარდა საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვის რისკები.

„სოფლის განვითარების სააგენტოს, პროექტის დაწყების ეტაპზე, არ გააჩნდა ინფორმაცია დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ (ჩაის წარმოების და გადამუშავების ფაქტობრივი მონაცემები). თავდაპირველად, პროგრამით გათვალისწინებული იყო გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის, აღჭურვისა და საწარმოში სურსათის ხარისხისა და უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემის - HACCP დანერგვის ვალდებულებები, რაც 35 ბენეფიციარიდან 19-მა ვერ შეასრულა. უფრო ზუსტად, ოთხ შემთხვევაში არ შესრულდა საწარმოს აშენების, აღჭურვისა და სტანდარტების დანერგვის ვალდებულება, 14 შემთხვევაში - საწარმოს აღჭურვისა და სტანდარტების დანერგვის ვალდებულება, ხოლო ერთ შემთხვევაში - სტანდარტის დანერგვის ვალდებულება“.

 

ხარვეზები გრანტების გაცემაში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ შემოწმებული რვა ორგანიზაციიდან სამის მიერ გამოცხადებული საგრანტო პირობები და დაფინანსების სქემა არ არის მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებული შესაბამისად, კომისიის მიერ პრეტენდენტთა შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცესში არ არის სათანადოდ დაცული გამჭვირვალობისა და თანასწორობის პრინციპები, რამაც შესაძლოა, გრანტის ხელმისაწვდომობა შეზღუდოს.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“, სსიპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა“ და სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ გამოცხადებული საგრანტო პირობები არ იყო მკაფიო, რაც იძლეოდა სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას და ვერ უზრუნველყოფდა ბენეფიციართა შერჩევისას თანასწორობის პრინციპის სრულყოფილ დაცვას.

„სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ შემუშავებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიღებული განაცხადების დამუშავებისა და თანადაფინანსების გაცემის დეტალური პროცედურის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები გაწერილია თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან - 36 თვეზე, რაც მოიცავს სამუშაოების დაწყებიდან პლანტაციის მსხმოიარობაში შესვლის პერიოდს. სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანადაფინანსება სრული ოდენობით გაიცემა პირველივე წელს, არადა, ამ სამუშაოების ჩატარების ვალდებულება გაწერილია 36 თვეზე. სამი წლის განმავლობაში ასათვისებელი თანხის პირველსავე წელს სრულად გაცემით, გრანტის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იზრდება საბიუჯეტო თანხების დანაკარგების რისკები“.

სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში – „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის: უკეთესი უნარები წარმატებული მომავლისათვის“, ბენეფიციართა შერჩევის საკონკურსო მოთხოვნებმა სათანადოდ ვერ უზრუნველყო გამჭვირვალობისა და სამართლიანი შერჩევის პრინციპების დაცვა. საკონკურსო კომისიამ, შერჩევის პირველ ეტაპზე, სხვადასხვა საფუძვლებით, საგრანტო კონკურსიდან განუხილველად დატოვა 23 ორგანიზაცია, ხოლო შვიდ ორგანიზაციას განაცხადში არსებული ხარვეზების გამოსწორებისათვის მისცა დამატებითი ვადა, თუმცა დოკუმენტურად არ არის დასაბუთებული 23 ორგანიზაციის დისკვალიფიკაციისა და შვიდის შერჩევის საფუძველი. ამასთან, არ არსებობს ინფორმაცია ბენეფიციართა მიმართ დადგენილი ხარვეზების გამოსწორების შესახებ.

სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ გამოცხადებული „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის“ ბენეფიციარის შერჩევის ერთ-ერთ პირობად განსაზღვრულია საზღვარგარეთ სწავლისთვის მენტალური და ფსიქოლოგიური, საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიურად პოპულარიზაციის ინტერესი და მზაობა, რომლის განსაზღვრა შეფასების კრიტერიუმების არარსებობის პირობებში, დამოკიდებულია სუბიექტურ მსჯელობაზე.

„შემოწმებული რვა ორგანიზაციიდან სამში, გრანტების გაცემის პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა სახის ნაკლოვანება, მაგალითად: სსიპ-მა „აწარმოე საქართველოში“, საგრანტო ხელშეკრულებები გააფორმა საგადასახადო ვალდებულების მქონე კომპანიებთან; სოფლის განვითარების სააგენტოში პოტენციურ ბენეფიციართა მიერ წარდგენილი საწარმოს შექმნის გეგმები არ შეიცავს მოთხოვნილ დეტალურ ინფორმაციას. ზემოაღნიშნული ნაკლოვანებები ვერ უზრუნველყოფს კონკურსანტების მიმართ სამართლიანი მიდგომისა და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს“.

 

ხარვეზები გრანტების ათვისება-ხარჯვაში

სახელმწიფო აუდიტორების მიერ შემოწმებული რვა ორგანიზაციიდან სამში, გრანტის ათვისებისა და მიზნობრივად ხარჯვის მონიტორინგის პროცესის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები გამოვლინდა. კერძოდ, სოფლის განვითარების სააგენტო 36-თვიანი პროექტის მონიტორინგს ატარებდა მხოლოდ პირველ წელს. ინოვაციების სააგენტოს მიერ არ ხორციელდებოდა პროექტის მიმდინარეობის ანგარიშების განხილვა დამტკიცება და დაფინანსებულ პროექტებში დამტკიცებული სახელფასო ხარჯები 335 040 ლარით აღემატება ინოვაციების სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად რეკომენდებულ ოდენობას. სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“-ს მხრიდან არასათანადო კონტროლის გამო, სალიზინგო კომპანიების მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებაში შეყვანილია კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი ხარჯები. ასევე, სესხის თანადაფინანსების კომპონენტში, სააგენტოს კონტროლის მექანიზმები სესხის მიზნობრივ ათვისებაზე, საპროცენტო თანხების სწორად განსაზღვრაზე და ბენეფიციართა მიერ საქმიანობის დაწყებასა და პროფილის შენარჩუნებაზე არადამაკმაყოფილებელია და დიდწილად დამოკიდებულია პროცესში ჩართულ მხარეთა კეთილსინდისიერებაზე, რასაც საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური და არაეფექტიანი ხარჯვა მოჰყვება.

„შემოწმებული რვა ორგანიზაციიდან ორში, გრანტის ათვისების, მიზნობრივად ხარჯვის მონიტორინგის პროცესისა და მასზე რეაგირების ხარვეზები გამოვლინდა. ახალგაზრდობის სააგენტოს, მონიტორინგით გამოვლენილ დარღვევებზე არ გამოუყენებია ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილება. კოოპერატივების სააგენტოში გამოვლინდა მონიტორინგის შედეგებზე რეაგირებისა და დოკუმენტირების ნაკლოვანებები. ყოველივე ეს, გაცემული გრანტების ათვისებასა და მიზნობრივად ხარჯვის კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს და აფერხებს  დასახული მიზნების სრულყოფილად მიღწევის შესაძლებლობას“.

შემოწმებული რვა ორგანიზაციიდან ორში გამოვლინდა, რომ გრანტების გაცემის პროცესში მოქმედი ნორმები ვერ უზრუნველყოფს სათანადო პრევენციული კონტროლის მექანიზმების დადგენას. კერძოდ, ინოვაციების სააგენტოს მიერ დადგენილი ზღვარი, შესყიდვების საკონკურსო წესით განხორციელებასთან დაკავშირებით, არაეფექტიანია. რიგ შემთხვევებში, შესყიდვები განხორციელდა კომპანიებისგან, მაგრამ საკონკურსო ვაჭრობის გარეშე.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ყოველივე ეს, ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრებით გაცემული გრანტების ეკონომიური, გამჭვირვალე და სამართლიანი განაწილების პრინციპების დაცვას.