როგორ ამყარებს პუტინის რეჟიმი რუსულ რუბლს „გაზპრომის“ ანგარიშების საშუალებით - ცუღლუტობის რუსული სქემა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სოსო გალუმაშვილი: „24 თებერვლიდან რუსეთს თავს დაატყდა ეკონომიკური პრობლემების ტორნადო, რომელსაც ვერ უმკლავდება“

თითქმის 53 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და მოკავშირეებმა რუსეთს უმძიმესი ფინანსური სანქციები დააკისრეს. ზუსტად ერთი თვის წინ, „ჯეპრას“ უფროსმა კონსულტანტმა, სოსო გალუმაშვილმა „ვერსიასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ აშშ-სა და მისი მოკავშირეების სანქციებს რუსეთში დეფოლტი (კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის არშესრულება, გადახდა-ანგარიშსწორებაზე უარის თქმა, - ავტ.) მოჰყვებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკის ნავთობის რეზერვების სრულად გამოყენების განკარგულება გასცა, ოპეკის ქვეყნებმა „შავი ოქროს“ ფასი დასწიეს, თუმცა რუსულ ნავთობზე უარის თქმით, ოკუპანტი ქვეყანა საკმაოდ დიდ შემოსავალს კარგავს. მეტიც, მას შემდეგ, რაც ცივილიზებულმა მსოფლიომ რუსულ გაზზე უარი თქვა, პუტინის რუსეთი ყოველდღიურად 1 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო რუსულ ქვანახშირზე უარის თქმით - ყოველდღიურად 8 მილიარდ აშშ დოლარს კარგავს. ცხადია, ამ მდგომარეობას რუსეთის ეკონომიკა დიდხანს ვერ გაუძლებს, რასაც საერთაშორისო ვალდებულებების არშესრულება მოჰყვება და დეფოლტს ვერ ასცდება. ამ და სხვა საინტერესო თემებზე, „ვერსიას“ „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი, სოსო გალუმაშვილი ესაუბრება.

 

- სოსო, ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს აშშ-მა და მოკავშირეებმა უმძიმესი სანქციები დაუწესეს. რა ვითარებაა, ახლა, ომის დაწყებიდან 53-ე დღეს?

- რუსეთის პროპაგანდის აზრით, სანქციები არ მუშაობს და პირიქით, აცხადებენ, რომ ყველაფერი კარგადაა, არაფერი შეცვლილა, რუსული რუბლი 24 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდაო. სინამდვილეში, თუ ამ ვითარებას ღრმად გავანაალიზებთ, ვნახავთ, რომ უამრავი პრობლემა დაგროვდა, რომელსაც რუსეთის ეკონომიკა ვერ უმკლავდება. პირველი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, რუბლის დღევანდელი კურსია, რომლითაც რუსული პროპაგანდა ამაყობს, მაგრამ ეს რეალური კურსი არაა, ხელოვნურია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ექსპორტიდან მიღებული ვალუტის გადაცვლის ხარჯზე ნარჩუნდება.

მეორე მნიშვნელოვანი თემაა, მიზერული ამოცანების ვერშესრულება. ბოლო დროს, ხშირად გვესმის, რომ ოკუპანტების აზრით, ამ ეგრეთ წოდებული სპეცოპერაციის მიზანი უკრაინის დაპყრობა კი არა, თურმე, დონბასის გათავისუფლება ყოფილა, მაგრამ ასეც რომ იყოს, რუსეთს მაინც დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსები ეკარგება. აქედან გამომდინარე, პუტინის რეჟიმი გადაერთო ხანგრძლივვადიანი ომის პირობებზე, რადგან ხორბლისა და სხვა მარცვლეული კულტურების ექსპორტზე გატანის აკრძალვა ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი გახლავთ. რეალურად, რუსეთმა უარი განაცხადა მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტების ექსპორტზე, რომლითაც შეეძლო, ვალუტის შეტანა, კურსის რეგულირება და ინფლაციის მოთოკვა. ხორბლისა და მარცვლეული კულტურების ექსპორტზე უარის თქმა ნიშნავს, რომ რეალურად, რუსეთი ხვდება, ეკონომიკური მდგომარეობა ვერ დაუბრუნდება იმ ძველ წონასწორობის მაჩვენებელს, როგორიც 24 თებერვლამდე - უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო.

მესამე მნიშვნელოვანი საკითხია თანამედროვე საწარმოებთან დაკავშირებული ანალიზი. ირკვევა, რომ ძირითადი საშუალებები, იგივე, მანქანა-დანადგარები და ელექტროტექნიკა რუსეთში ევროპის ქვეყნებიდან შედიოდა. მას შემდეგ, რაც რუსეთის ბაზარი თითქმის ყველა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა, პრობლემა გაჩნდა ამ მხრივ და აქ საუბარი არაა ერთ-ორ საწარმოზე, ფაქტობრივად, რუსეთის მთელ ტერიტორიაზე გაშლილ უამრავ საწარმოებს ვგულისხმობ, მათ შორის, ნავთობისა და ქვანახშირის მომპოვებელ და გადამამუშავებლებს. სწორედ ეს საწარმოები იყენებენ ევროპულ მანქანა-დანადგარებსა და ელექტროტექნიკას და სანქციების გამო, მათი მუშაობა შეფერხდა.

მეოთხე მნიშვნელოვანი პუნქტი ისაა, რომ რუსეთი არ არის საყოფაცხოვრებო დანიშნულების პროდუქტების მწარმოებელი. შესაბამისად, მხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების რუსეთის ბაზრიდან გასვლის შემდეგ, დეფიციტი შეიქმნა. ძალიან მარტივად რომ აგიხსნათ, დღეს უკვე, დაახლოებით, 60%-იანი დეფიციტი აქვთ, იგივე, საოფისე ქაღალდთან დაკავშირებით. თუმცა, სტომატოლოგიური და ჯანდაცვის სხვა დარგების მარაგ-ნაწილებიც კი დეფიციტშია, ასევე, პირველადი მოხმარების პროდუქტები - შაქარი, წიწიბურა და ასე შემდეგ.

აქედან გამომდინარე, რეალურად მივიღეთ სიტუაცია, როდესაც რუსეთი მხოლოდ ხელოვნურად იჭერს რუბლის კურსის კატასტროფულ ზრდას, რათა საფონდო ბირჟა სრულად არ ჩამოეშალოს. ამ ხელოვნურ შეკავებაში იგულისხმება მკაცრი ზომები, რომლებიც არა მარტო ვალუტის გადაცვლას, არამედ, ვალუტის საბანკო ანგარიშიდან გამოტანასაც უკავშირდება. არა მარტო საერთაშორისო ანალიტიკოსები, არამედ რუსეთში მოღვაწე დამოუკიდებელი ექსპერტებიც ვარაუდობენ, რომ ის მაჩვენებლები, რაც მსოფლიო ბანკმა გამოაცხადა - მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მინუს 10%-მდე შემცირდება, ალბათ, 10%-ზე მეტი იქნება. შესაძლოა, ბევრი ქვეყანა სანქციებზე შეერთებული არაა, მაგრამ ძალიან დიდ სიფრთხილეს იჩენენ რუსეთთან ურთიერთობისას. სხვათა შორის, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა მაშინ, როდესაც ჩინურმა კომპანიებმა რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს. უმსხვილესი ჩინური კომპანიები ჩართულები არიან მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროექტებში, თუმცა იმის შიშით, რომ ეს პროექტები არ დაკარგონ, რუსეთთან კონკრეტულ გარიგებებში აღარ ერთვებიან.

- რუსეთ-უკრაინის გამო, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი გაძვირდა, მაგრამ ჯო ბაიდენის განცხადების შემდეგ, „შავი ოქროს“ ფასი დასტაბილურდა. ეს პროცესი როგორ აისახება რუსეთზე?

- ისიც კი ვერ მოახერხა რუსეთმა, რომ დაეყოლიებინა დასავლეთი, რომელიც ძალიან დამოკიდებულია რუსულ გაზზე, ფასი რუბლებში გადაეხადა. მიუხედავად იმისა, რომ რუსი პროპაგანდისტები ძალიან ხშირად ატრიალებენ ამ ფრაზას, რუსული გაზი და ნავთობი რუბლებზე იყიდებაო, ეს მტკნარი სიცრუეა. უმსხვილეს ბანკებს, რომლებიც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე მუშაობენ, სანქციები არ შეხებია, სანქციები არ დაუწესებიათ არც „გაზპრომისთვის“ და ახლა აგიხსნით სქემას, რომლითაც კარგად ჩანს, როგორ ყიდის რუსულ გაზს და სანქციების გვერდის ავლით იღებს საფასურს.

ესაა კონკრეტული მექანიზმი, უფრო ზუსტად, რუსული ცუღლუტობა. რუსული გაზის რეალიზაციასთან დაკავშირებული კონტრაქტები გაფორმებულია ევროში. ის ქვეყნები, რომლებიც რუსულ გაზს ყიდულობენ, მის საფასურს - ევროში, რიცხავენ „გაზპრომის“ ანგარიშზე. ამის შემდეგ, „გაზპრომი“ ახურდავებს ევროს რუბლებში და ანაწილებს გაზისა და ნავთობის კომპანიებზე. სწორედ ასეთი ტრანზაქციების შედეგად დგინდება რუბლის ფასი. რეალურად, ვინც ამ მექანიზმის გამო აგებს და დიდ თანხას კარგავს, სწორედ რუსული საწარმოები არიან, რომლებიც გამოიმუშავებენ გაზს, ჰყიდიან და შემდეგ იმაზე ბევრად ნაკლებ ფასს იღებენ, ვიდრე რეალურად შეიძლებოდა, მიეღოთ.

ყველაფერი ეს მაფიქრებინებს, რომ რუსეთი უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების წინაშეა და რასაკვირველია, ძალიან ახლოსაა დეფოლტთან. ამას კიდევ ერთი რამ მოწმობს - ესაა რუსეთის რკინიგზის მიერ გამოცხადებული ფაქტობრივი დეფოლტი, როდესაც ევროობლიგაციები ვერ გადაიხადა. მიუხედავად პუტინის რიხიანი განცხადებებისა, რუსეთი უმარტივეს პრობლემებს ვერ აგვარებს. რუსეთში, მხოლოდ საერთაშორისო კომპანიებში დასაქმებულები რომ ავიღოთ, სამსახურის გარეშე რჩება 200 000 ადამიანი.

მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში ეკონომიკური პრობლემები არ ჩანს, მაგრამ როდესაც სეზონიდან გამომდინარე, ევროპაში გაზის მიწოდება შეწყდება, მერე რაზე უნდა ჩამოეკიდოს რუსეთის ეკონომიკა?! ფაქტობრივად, რუსული რუბლის კურსს გაზის ფასი არეგულირებს. როდესაც გაზი აღარ გაიყიდება, ის შემოსავლები, რაც დღეში 1 მილიარდი აშშ დოლარია, საიდან უნდა მიიღოს?! აი, აქ უკვე პასუხები არ ჩანს.

რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რამაც, ფაქტობრივად, გააიფა ეს პროდუქტი, კიდევ უფრო მეტად ურტყამს რუსეთის ეკონომიკას. ფაქტობრივად, 24 თებერვლიდან დაწყებული, რუსეთს თავს დაატყდა ეკონომიკური პრობლემების ტორნადო, რომელსაც ვერ უმკლავდება! მხოლოდ დაპირებებით, შესაძლოა, ეკონომიკა ორი-სამი დღე, ერთი კვირა ან მაქსიმუმ, ერთი თვე მართო, მაგრამ მუდმივად დაპირებებით მართვა შეუძლებელია.

- სოსო, ვის ან რას შეეძლო მშპ-ს ვარდნის შეჩერება რუსეთში ან ეკონომიკის ამ უფსკრულიდან ამოყვანა თუ არის შესაძლებელი?

- ადამიანებს! დღეს, ვინც კი ქმნიდა გარკვეულ ახალ პროდუქტებს, ეკონომიკის ახალ მიმართულებებს, ფაქტობრივად, აღარ დარჩნენ რუსეთში. პირველ რიგში, ვგულისხმობ IT-სპეციალისტებს. ოფიციალური წყაროების მიხედვით დასტურდება, რომ ამ ერთ თვეში, რუსეთი 100 000-ზე მეტმა სპეციალისტმა დატოვა. აი, ეს არის ყველაზე დიდი დარტყმა, რაც სანქციებს მოჰყვა. შესაძლოა, ნავთობის ფასი აღდგეს, ბოლოს და ბოლოს, შემოდგომა დადგება და გაზის მიწოდებაც განახლდება, მაგრამ რა ეშველება იმ ინტელექტუალურ ნაწილს, რომელსაც უნდა შეექმნა რუსეთის ხვალინდელი ეკონომიკა? ფაქტობრივად, ეს აღარ არის და ვისაც კი, ოდესმე, სკოლკოვოში - რუსეთის უმსხვილეს ტექნოპარკში გაუვლია, არავინ აღარ ცხოვრობს რუსეთში, მათ შორის, არც სკოლკოვოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაწერა განცხადება წასვლის შესახებ.

ყველაფერ ამის ერთობლიობა - ადამიანური რესურსი, ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი ფაქტორები, დეფოლტი, მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ რეალურად, საქმე კიდევ უფრო მძიმედაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.  და კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი - ფასების ზრდაა, რომელსაც ვერაფერს უხერხებენ. მაგალითად, ცენტრალური ბანკის მმართველმა განაცხადა, რომ პროდუქტების ბევრ კატეგორიაზე, მეორე-მესამე კვარტალში, ფასები ძალიან სერიოზული პროცენტული მაჩვენებლებით გაიზრდებაო.

- საბოლოოდ, ყველას გვინდა, რომ რუსეთი სწორედ ასეთი წნეხის ქვეშ მოექცეს, მაგრამ მეორე მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. დომინოს პრინციპით, რუსული დეფოლტი და მით უმეტეს, ინფლაცია, ჩვენს ეკონომიკაზეც ხომ აისახება?

- რასაკვირველია და სწორედ ამიტომ ჰყავს ქვეყანას მთავრობა, რომ იმ მიმართულებებზე, სადაც მოსალოდნელია ყველაზე მძაფრი ზეგავლენა, კონკრეტული პროექტები განახორციელოს. სხვათა შორის, რამდენიმე პროექტი უკვე დაწყებულიცაა, მაგალითად, ყველაზე მნიშვნელოვანია მცირემიწიანი ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შეძენაში დახმარება, რაც ძალიან სწორი პროგრამაა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ერთწლიანი კულტურების დაფინანსებაში დახმარება. ეს ძალიან მიზანმიმართული პროექტია, რადგან ახლა, პრობლემები სწორედ ერთწლიანი კულტურების ნაწილში შეგვექმნება. რეალურად, სერიოზული პრობლემა გვაქვს ხორბლისა და სიმინდის მარაგებში, რადგან ამ მხრივ, იმპორტიორები ვართ ანუ სადაც შეიძლება, რომ დეფიციტი შეიქმნას, სწორედ იქ გვჭირდება კოორდინირებული და კონცენტრირებული დახმარება.

რა თქმა უნდა, პრობლემები იქნება, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ სწორედ ახლაა საჭირო მთავრობისა და ბიზნესის თანამშრომლობა, რადგან ეს პრობლემა დავძლიოთ. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთი არასანდო პარტნიორია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ თვითონვე ქმნის კრიზისებს, რომლებსაც ვერ უმკლავდება. რუსული დეფოლტი და ინფლაცია მთლიანი მასშტაბით ვერ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, რადგან გარკვეულწილად, სხვადასხვა მიმართულებებით, დივერსიფიცირება დაწყებულია, მაგრამ ფასებთან დაკავშირებით გავლენა აუცილებლად ექნება.

მეორე მხრივ, მთავრობის მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება, განსაზღვროს პროექტებისა და პროგრამების მიზანმიმართულობა, რომლებიც კონკრეტულად ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს ინფლაციაზე, ხოლო ბიზნესის ამოცანა იქნება, ქართული ატმის, ყურძნის, ციტრუსების, რომელთა ძირითადი კონტრაგენტიც რუსეთია, სერიოზული დივერსიფიკაცია დაიწყოს. ჩვენი ნებისმიერი სწორი დემარში ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ, გამოყენებული იქნება პოლიტიკურ ჭრილში, ჩვენს წინააღმდეგ და ერთ დღეს გაჩერდება ატმის ჩატანა, შემდეგ - ციტრუსის. ამიტომ, ბიზნესმა უნდა მოძებნოს ახალი ალტერნატიული გზები და ბაზრები ქართული პროდუქციის საექსპორტოდ.