რა ქონებას ფლობს დეპუტატი ელისო ბოლქვაძე

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცნობილი პიანისტის მოკრძალებული ქონებრივი დეკლარაცია

„ქალბატონო ელისო, პარიზში რა გინდათ? ეს ხომ აგენტების ქვეყანაა, თქვენ მოსკოვში უნდა წაბრძანდეთ იმიტომ, რომ მონა და მოღალატე ხართ“, - ასეთი შეძახილებით დახვდნენ საქართველოს პარლამენტის წევრს, ელისო ბოლქვაძეს პარიზის აეროპორტში ქართველი აქტივისტები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მან მხარი დაუჭირა კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი აქტივისტი იურისტ ანა დოლიძის და - ჯინო დოლინი გახლდათ... მოგვიანებით, სოციალურ ქსელში, ელისო ბოლქვაძემ დაწერა: „დღეს ეს ქალი დამესხა თავზე პარიზის აეროპორტში, კივილითა და შეძახილებით! თან ევროპა უნდათ და დემოკრატიას იცავენ თურმე!!! გეტყვით შემდეგს: - უსახურები და საცოდავები ხართ, მონები და უსამშობლოები, გამოგაჭენებთ მალე, სამაგალითოდ“.

„ვერსია“ ცნობილი პიანისტისა და ახლა უკვე დეპუტატის, ელისო ბოლქვაძის ქონებრივი დეკლარაციით დაინტერესდა, თუმცა მანამდე, მის ბიოგრაფიას გადავხედოთ.

 

დეპუტატის ბიოგრაფია

ქართველი პიანისტი, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი, ელისო ბოლქვაძე დაიბადა 1967 წლის 2 იანვარს, პოეტ ზაურ ბოლქვაძის ოჯახში. 7 წლის ასაკში, წარუძღვა პირველ კონცერტს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ამას მალევე მოჰყვა გამარჯვება მრავალ საერთაშორისო კონკურსებში.

ელისო ბოლქვაძე სწავლობდა თბილისის ნიჭიერთა ათწლედში, მოგვიანებით -თბილისის კონსერვატორიაში, პროფესორ თენგიზ ამირეჯიბის ხელმძღვანელობით. მონაწილეობდა მოსკოვში ჩატარებულ ტატიანა ნიკოლაევას მასტერ-კლასებში.

ელისო ბოლქვაძე არის მრავალი ცნობილი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია და სპეციალური პრიზი - „ქართული კულტურის ამაგდარი“.

2020 წლის 1 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა პროპორციული სიის 32-ე ნომრად. არის საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები, კერძოდ: 2018 წელს - ღირსების ორდენი; 2015 - იუნესკოს მშვიდობის არტისტის წოდება; 1995 - მარგარიტა ლონგის სახელობის საერთაშორისო კონკურსი; 1995 - ჟაკ ტიბოს სახელობის საერთაშორისო კონკურსი; 1994 - პრიზი ფრანგული მუსიკის საუკეთესო ინტერპრეტაციისათვის; 1993 - საქართველოს სახელმწიფო პრემია; 1989 - ვან კლიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (ქ. ფორტ-უერთი, აშშ); 1987 - მუსიკოს-შემსრულებელთა ვიანა დე მოტას სახელობის ლისაბონის (პორტუგალია) X საერთაშორისო კონკურსი, II პრემია; 1984 - მუსიკოს-შემსრულებელთა ბახის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (ლაიფციგი), VI პრემია.

 

ბოლქვაძის დეკლარაცია

ქონებრივი დეკლარაცია დეპუტატმა ბოლოს 2024 წლის 17 აპრილს შეავსო, საიდანაც ვიგებთ, რომ ცხოვრობს დედასთან - ნადეჟდა ბოლქვაძესთან ერთად. დეკლარაციის მიხედვით, ელისო ბოლქვაძის 100%-იან საკუთრებაშია 80 კვ. მეტრი ფართობის ბინა მამის სახელობის - ზაურ ბოლქვაძის ქუჩაზე. ეს ბინა 2019 წელს, მემკვიდრეობით მიუღია.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ელისო ბოლქვაძის, როგორც პიანისტისა და სოლისტის წლიური შემოსავალი შემოქმედებითი საქმიანობიდან 17 777.74 ევროა, ხოლო მისი, როგორც პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის წლიური შემოსავალი - 49 441.18 ლარი.

 ავტორი: მაკა რუხაძე