რა ქონებას ფლობს პრემიერ-მინისტრი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ქართველი იურისტი, ლექტორი, პროფესორი და პოლიტიკოსი“ - ასეა დახასიათებული საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ქართულ „ვიკიპედიაში“. თუმცა, აუცილებელია მცირეოდენი შესწორება - კონსტიტუციონალისტი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, საქმიანობა 2019 წლის 21 ივნისს, მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სესიის ჩატარებისას, რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. ამის შემდეგ, ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად აირჩიეს. მოგვიანებით, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი და უმრავლესობის ლიდერი იყო, შემდეგ კი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე. სულ ორი-სამი თვეა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებმა მძლავრად იფეთქა. „კანონი გამჭვირვალობის შესახებ“ გახდა ის წყალგამყოფი, რამაც უამრავი ახალგაზრდა ქუჩაში გამოიყვანა...

 

პრემიერის ბიოგრაფია

ირაკლი კობახიძე დაიბადა 1978 წლის 25 სექტემბერს. იურიდიული განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1995-2000 წლებში, აგრეთვე გერმანიაში, დიუსელდორფის უნივერსიტეტში, 2002-2006 წლებში, სადაც მიენიჭა სამართლის მაგისტრისა და სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2000-2001 წლებში, იყო შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი; 2005-2012 წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; 2011-2014 წლებში - კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2011-2012 წლებში - ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი; 2011-2012 წლებში - ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში, ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში; 2006-2014 წლებში - გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტი და მენეჯერი; 2016-2020 წლებში - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, პარტიული სიით; 2020 წელს - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, პარტიული სიით.

2017 წელს, მიენიჭა ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება. ირაკლი კობახიძე სამართლის დოქტორია; 2014 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, ხოლო 2024 წლის 8 თებერვლიდან - საქართველოს პრემიერ მინისტრი.

ჰყავს მეუღლე - ნატალია მოწონელიძე და ორი შვილი - გიორგი და ნიკო.

 

კობახიძის ქონება

რაც შეეხება ქონებას, პრემიერ-მინისტრმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2024 წლის 25 მარტს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი კობახიძის საკუთრებაშია 157.8 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა წყნეთის გზატკეცილზე, რომელიც 2016 წელს უჩუქებიათ. ამავე მისამართზე, კობახიძის საკუთრებაშია 20 კვადრატული მეტრი ფართობის ავტოფარეხი და დეკლარაციის მიხედვით, ეს ავტოფარეხიც უჩუქებიათ.

ამავე დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ 2020 წელს, 20 000 აშშ დოლარად შეუძენია ავტომობილი Mercedes-Benz S Class, რომელიც 2014 წელს ყოფილა გამოშვებული.

ანაბრის სახით, ირაკლი კობახიძის სახელზე ფიქსირდება 49 500 აშშ დოლარი და დაახლოებით, 12 000 ლარი.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, წლის განმავლობაში, ირაკლი კობახიძემ, როგორც პარლამენტის წევრმა, ხელფასის სახით 61 168 ლარი მიიღო. თსუ-ში, როგორც სამართლის პროფესორის ხელფასი კი 13 989 ლარია.

დეკლარაციაში მითითებულია, რომ პრემიერის მეუღლე, ნატალია მოწონელიძე მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარეობდა“. თუმცა, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი გახდა, ნატალია მოწონელიძემ თანამდებობა დატოვა. მიუხედავად ამისა, დეკლარაციაში, რომელიც კობახიძემ 25 მარტს შეავსო, მითითებულია, რომ მისმა მეუღლემ, ვიდრე თანამდებობას დატოვებდა, ხელფასის სახით 77 616 ლარი მიიღო. პარალელურად, ნატალია მოწონელიძე თსუ-ს პროფესორიცაა, სადაც 11 472 ლარის შემოსავალი მიუღია.

ქონებრივი დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ შვილების სწავლის საფასურის სახით, წლის განმავლობაში, ირაკლი კობახიძემ 18 000 ლარზე მეტი გადაუხდია, ხოლო გიორგი კობახიძის ენის კურსის გადასახადი 2 860 ბრიტანული ფუნტი ყოფილა.

 

 

 

ავტორი: მაკა რუხაძე