რა ქონებას ფლობს თავდაცვის ახალი მინისტრი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

8 თებერვლიდან, საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს. სიმბოლურია, რომ ირაკლი ჩიქოვანის პოლიტიკური კარიერა 2001-2004 წლებში, სწორედ თავდაცვის სამინისტროდან იწყება. ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი, წერია მასზე „ვიკიპედიაში“, თუმცა საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გაიცნო, როგორც ირაკლი ალასანიას თანაგუნდელი. „ვერსია“ თავდაცვის ახალი მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ, თუმცა მანამდე, თვალი მის ბიოგრაფიას გადავავლოთ.

 

ირაკლი ჩიქოვანის ბიოგრაფია

დაიბადა ზუგდიდში, 1980 წლის 28 აგვისტოს. 2002 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

2001-2004 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურისკონსულტი, განყოფილების უფროსი; 2004-2005 წწ - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორი; 2005-2007წწ - მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, იყო დეპარტამენტის დირექტორი და გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე; 2007-2009 წწ - გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე; 2010-2016 წწ - პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრი, გენერალური მდივანი.

2012-2016 წლებში, ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრია, საარჩევნო ბლოკიდან - „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, პარტიული სიით; 2018-2019 წწ - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის მრჩეველია სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში; 2019-2020 წწ - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახლავთ საგარეო ურთიერთობების საკითხებში; 2020 წლიდან - საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია, საარჩევნო ბლოკიდან - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, მაჟორიტარული წესით; 2024 წლის 8 თებერვლიდან - საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ვიცე-პრემიერია.

ირაკლი ჩიქოვანის ბიოგრაფიში აღნიშნულია, რომ 2005 წლის თებერვალ-ივლისში, ნატოს თავდაცვის კოლეჯში სწავლობდა; იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.

დიპლომატიურ სამსახურში საქმიანობს ირაკლი ჩიქოვანის მეუღლე, დიანა ჟღენტი, რომელიც 2023 წლის დასაწყისიდან საქართველოს ელჩია პოლონეთში. მანამდე, წლების განმავლობაში, დიანა ჟღენტი საქართველოს გენერალური კონსული იყო აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში. უფრო ადრე, დიანა ჟღენტი ნიდერლანდების სამეფოში, საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს ხელმძღვანელობდა, ხოლო წლების განმავლობაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

 

რა ქონებას ფლობს ირაკლი ჩიქოვანი

სულ ბოლოს, ქონებრივი დეკლარაცია ირაკლი ჩიქოვანმა 2023 წლის 27 თებერვალს ჩააბარა, საიდანაც ირკვევა, რომ უფროსი ქალიშვილი, მარიამი - 2009 წელს, აშშ-ში, ნიუ-იორკში დაიბადა, ხოლო ვაჟი ნიკოლზი - 2011 წელს, საქართველოში.

ირაკლი ჩიქოვანის მეუღლე, დიანა ჟღენტი მცხეთაში, მუხათწყარო 2-ის ტერიტორიაზე ფლობს 158 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელიც 2013 წელს, მემკვიდრეობით მიუღია. იმავე ტერიტორიაზე, დიანა ჟღენტის 100%-იან საკუთრებაშია 600 კვ.მ. ფართობის აგარაკიც, რომელიც 2006 წელს, მემკვიდრეობით მიიღო.

ირაკლი ჩიქოვანი თბილისში, რ.ჯაფარიძის ქუჩაზე ფლობს 15.1 კვ.მ. ფართობის ავტოფარეხს, რომელიც 2015 წელს, 4 000 აშშ დოლარად იყიდა. გარდა ამისა, იგივე მისამართზე, მის საკუთრებაშია 217 კვ.მ. ფართობის ბინაც, რომელიც 2014 წელს, 130 000 აშშ დოლარად შეუძენია.

დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ დანაზოგის სახით, ირაკლი ჩიქოვანს - 20 000 ლარი, ხოლო მის მეუღლეს, დიანა ჟღენტს - 5 000 აშშ დოლარი ერიცხება. გარდა ამისა, საქართველოს ბანკში, დიანა ჟღენტს 150 000 ევროს ოდენობის იპოთეკური სესხიც ჰქონია.

როგორც საქართველოს გენერალურ კონსულს ნიუ-იორკში, 2022 წლის განმავლობაში, დიანა ჟღენტს 47 780 აშშ დოლარი მიუღია, ხოლო ირაკლი ჩიქოვანს, როგორც პარლამენტის წევრს, ამავე პერიოდში - 45 731 ლარი.

ავტორი: მაკა რუხაძე